კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 შხამიანი სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30(1021)

  ის დღე დილიდანვე ვერ აეწყო – ჯერ რძით სავსე ბოთლი გაუცურდა ხელიდან და გაუტყდა, მერე კვერცხს რომ წვავდა, ტაფაზე ზეთის მაგივრად ძმარი დაასხა. ქმრისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ შეშფოთდა, რა მემართება, თითქოს კარგად მეძინა და ყურადღება რატომ მეფანტებაო.
– დღეს სააგენტოში დარეკავ? – ჰკითხა რეზიმ ცოლს, – იცოდე, აღარ გადადო. ექიმთან როდის ჩაეწერები მიღებაზე?
– ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებ. ექიმთან როგორ წავიდე. ბავშვები ვის დავუტოვო?
– იქნებ, ისევ მარიშკასთვის გეთხოვა? კარგად გამოსდის მათთან ურთიერთობა ან დედაშენს გავუგზავნიდი მძღოლს. მე უკვე ვნერვიულობ შენი ჯანმრთელობის გამო.
– მარიშკას ჩემ გარდა სხვა საზრუნავიც აქვს, – გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა სოფიმ. კაცმა გაოცებით შეხედა. ცოლისგან იშვიათად ახსოვდა ასეთი ტონი.
– კარგი, მივალ სამსახურში, დავხედავ. მერე დედაშენს გამოვუვლი, მოვიყვან და ერთად წავიდეთ გამოკვლევებზე. მე გაგყვები. ქმარი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე დამისვი მძიმე დიაგნოზი და ახლა წუხხარ, ჩემზე ზრუნვა რომ გიწევს, – ქალს ხმა აუკანკალდა და თვალები ცრემლებით აევსო.
– სოფი, შენს ჯანმრთელობაზე რომ ვნერვიულობ, ეს ნორმალურია. ჰო, ვშფოთავ და ამისი საფუძველიც მაქვს. ოფისში როცა ვარ, სულ იმაზე ვფიქრობ, აქ როგორ ხართ. შენ ხომ არ გიჭირს რამე ან ბავშვებს.
– ბავშვებს არაფერს გავუჭირვებ. თუ იმას გულისხმობ, ნიტა პარკში რომ ლამის დამრჩა, ეს შეიძლება, ყველას დაემართოს.
რეზიმ პირთან მიტანილი ყავის ფინჯანი დადგა და ცოლს შიშით შეხედა.
– ეგ როდის იყო? სოფია მივდივართ გამოკვლევებზე. ყველა შეხვედრას გადავდებ. ზაზას ვეტყვი, შემენაცვლოს. მალე დავბრუნდები. შენ მოემზადე.
– მე მაინც ვფიქრობ, გადაღლილობის ბრალია. იცი, მარიშკას მოტანილი დამამშვიდებელი კარგად მაძინებს, მაგრამ ეს სისუსტე ცოტა ნერვებს მიშლის, – უხალისოდ დაეთანხმა სოფია ქმარს. ნაზი, ლამაზი სახე დაუსევდიანდა, ჭაობისფერი თვალები ცრემლებით აევსო.
რეზის გული შეეკუმშა, ცოლს აკოცა და ალერსით მიიხუტა.
– ყველაფერი კარგად იქნება. უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია და ეს იცი. ძალიან მიყვარხარ! ათი წელია, მთელი ოჯახის ტვირთი შენს მხრებზეა და არასოდეს დაგიწუწუნია.
– გული ამიჩუყე და ვერ დამამშვიდე. ამ ყველაფერს რატომ მელაპარაკები? კარგად ვარ, რეზი, კარგად. ეს მდგომარეობა გამივლის. ღამით უკეთესად მძინავს. ხომ გითხარი, მარიშკას მოტანილი დამამშვიდებელი აშკარად მომიხდა. აი, ნახავ, ექიმი იტყვის, რომ საერთოდ არაფერი მჭირს და უბრალოდ, გადავიღალე.
– თუ ასეა, ძიძა ძალიან წაგვეშველება. დასასვენებლადაც აუცილებლად წავალთ.
***
... კაცი ნერვიულად სცემდა ბოლთას და დროდადრო საათს დასცქეროდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, გააბოლა და მოახლოებული მანქანის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
– მეგონა, დღესაც არ მოხვიდოდი, – მიეგება მანქანიდან გადმოსულ ქალს და მოეხვია, – მაინტერესებს, ასეთი რა საქმეები გაქვს, რომ მთელი კვირაა, ერთხელ ვერ მოახერხე ჩემთან შეხვედრა.
მარიშკამ თავი გაითავისუფლა მისი მკლავებიდან და თმა შეისწორა.
– რაიმე მოხდა? რაღაც ხასიათზე არ ხარ, – შეშფოთებით ჰკითხა კაცმა.
– დავიღალე. ბევრი საქმე მაქვს, პრობლემაც და არ მინდა შენი საყვედურების მოსმენა. მინდა, გვერდით ისეთი კაცი მყავდეს, რომელიც გამართობს და ყოველდღიურობას გამიხალისებს. ზოგ ქალს ხომ აქვს მოთხოვნა, კაცმა ბრილიანტებით, ავტომობილებითა და ქურქებით გაანებივროს. მე ეს ყველაფერი ისედაც მაქვს, ამიტომაც ყურადღებას და მზრუნველობას დავჯერდები.
– მთელი კვირა თუ არ მნახავ, როგორ ვიზრუნებ შენზე?
– სერგი, საყვარელო, თუ ყოველდღე მნახავ, ცოლი გამოგაგდებს სახლიდან, შენ კი ამისთვის მზად არ ხარ.
კაცი შეიჭმუხნა.
– რატომ ცდილობ, ჩემს ყველაზე სუსტ წერტილში „დამარტყა“ და გამაბრაზო. ხომ გითხარი, ცოლისგან წამოსვლა გადაწყვეტილი მაქვს, უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება. ნიადაგი ხომ უნდა მოვამზადო.
ქალმა გაიცინა.
– როგორი უსუსური ხარ, როცა საქმე შენს ცოლს ეხება. კიდევ კარგი, შენი ოჯახის დანგრევა ჩემი თვითმიზანი არ არის. ჯერჯერობით სრულიად მაკმაყოფილებს ის ურთიერთობა, რომელიც გვაქვს.
– ანუ, არ გიყვარვარ? ამის თქმა გინდა?
– სერგი, ძალიან გთხოვ, სენტიმენტების დრო არ არის. წავიდეთ. შენი მანქანით თუ ჩემით? სასტუმროში ნომერი დაჯავშნილი მაქვს. კარგი აუზია და ცოტას დავისვენებთ კიდეც. ჰო, მართლა, მამაჩემს უნდოდა შენი გაცნობა. წარმოვიდგინე თქვენი შეხვედრა... გამეცინა.
კაცმა წელზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა.
– რატომ გაგეცინა მერე. მესმის მამაშენის. მის ადგილზე მეც მომინდებოდა იმ კაცის გაცნობა, ვისაც ჩემი ქალიშვილი ხვდება. მენდომებოდა, მეტი მცოდნოდა მის შესახებ.
– აბა, შენ იცი! – ირონიულად გაიცინა მარიშკამ, – დამნაშავეების რისხვა გამომძიებელი ჯერ კიდევ სტერეოტიპებისგან ვერ გათავისუფლებულა.
– ნუ დამცინი. იცი, რა დამოკიდებულება მაქვს შენ მიმართ, მიყვარხარ! დადგება დღე, როცა ჩემი ცოლი გახდები.
– როდისმე მითქვამს, რომ შენზე გათხოვება მინდა? – მხრები აიჩეჩა მარიშკამ, – რა უცნაურები ხართ ეს კაცები.
– უცნაურად შენ უფრო იქცევი. მე არ ვიცნობ ქალს, რომელსაც კაცი უყვარს და მასზე გათხოვება არ უნდა.
მარიშკამ ამოიოხრა.
– არ ამიხსნია შენთვის სიყვარული. მომწონს შენთან სექსი, კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. სულ ეს არის.
– მარიშკა, ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ? რასაც ახლა მეუბნები, საშინელი მოსასმენია. მე სერიოზულად ვფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე. ოჯახი, შვილები მინდა შენთან და პირდაპირ მეუბნები, რომ არ გიყვარვარ.
– არც არასოდეს დაგპირებივარ სიყვარულს, – გაიცინა ქალმა, – რა საჭიროა ეს სენტიმენტები.
– ანუ, მე თუ ცოლს გავშორდები, შენთვის ეს არაფრის მთქმელი იქნება.
– ჯერ ხომ არ გაშორებიხარ, წინასწარ რატომ მელაპარაკები.
– იმიტომ, რომ ვგრძნობ, ძალიან არასერიოზულად ეკიდები ჩვენს ურთიერთობას.
– გინდა, მოგატყუო და გითხრა, რომ მიყვარხარ? სერგი, რაში გჭირდება ასეთი ტყუილი?
– მე ტყუილი კი არა, შენ მჭირდები. ისევ იმ ტიპზე ფიქრობ, ხომ ასეა? მგონი, დროა, დაივიწყო.
– სერგი არ გინდა... ის ტიპი ჩემი მეგობარია. წარსულში მქონდა მის მიმართ გრძნობა, მაგრამ ყველაფერი დასრულდა.
– არ მჯერა. ხომ არ დაგავიწყდა, რომ გამომძიებელი ვარ. ზუსტად ვიცი, როდის ამბობს სიმართლეს ადამიანი და როდის ცდილობს, დაუძვრეს უსიამოვნო თემაზე საუბარს.
– მოდი, საერთოდ ნუ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ნამდვილად არ გვსიამოვნებს. რატომ ვკარგავთ ძვირფას დროს? ამისთვის შეგხვდი? ან რატომ ვუსწრებთ მოვლენებს? ისედაც იმდენი საზრუნავი გვაქვს.
– ჰო, საზრუნავი ნამდვილად გვაქვს. შენი საზრუნავი რაც არის, ვხედავ – სხვის ოჯახსა და სხვის შვილებზე ზრუნვა, – ამოიოხრა კაცმა.
– სერგი, – მარიშკამ სახე სულ ახლოს მიუტანა კაცს და ალერსიანი, შემპარავი ხმით გააგრძელა, – წავიდეთ... მომიყევი შენი სამსახურის საქმეები. ისე მიყვარს, როცა ჩემი შერლოკ ჰოლმსი ხდები. ძალიან სექსუალურია გამომძიებელთან ლოგინში წოლა. წავიდეთ, რა! შენი მანქანა აქ დავტოვოთ და ჩემით წავიდეთ.
– ჩემით რომ წავიდეთ? რა ჩვევა გაქვს, ბოლომდე არასდროს მენდობი.
– კარგი, წავიდეთ შენი მანქანით, – მხრები აიჩეჩა მარიშკამ, – თან რამდენიმეგან დასარეკი მაქვს. ბარემ დავრეკავ.
სერგიმ მანქანის კარი გაუღო, თვითონ საჭეს მიუჯდა.
– როგორ მინდა, დალაგდეს და მოგვარდეს ჩვენი ურთიერთობა.
– მშვენივრად არის მოგვარებული, – გაიცინა მარიშკამ, – მე თავს კარგად ვგრძნობ.
– ოჰ, რა ჯიუტი ხარ, – თავი გადააქნია კაცმა. იცოდა, არ ღირდა მარიშკასთან კამათი. სრულიად უსარგებლო იყო მისთვის ის სიტყვები, რომლებსაც სერგი ეუბნებოდა.
***
– რეზი აივანზე იდგა, სიგარეტს ეწეოდა და თვალებმოჭუტული სივრცეს გასცქეროდა. ზაზამ რამდენჯერმე გახედა. ხვდებოდა, მეგობარს რაღაც რომ აწუხებდა. ბოლო დროს სულ შფოთავდა. სიგარეტის მოწევაც უჩვეულო იყო მისგან. თითქოს ოფისის საქმეებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ცოტა ხანს კიდევ უყურა. მერე თავადაც აივანზე გავიდა.
– რეზი, შეიძლება, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც ხდება. იქნებ, მე შემიძლია, დაგეხმარო.
რეზიმ სიგარეტის ნამწვი მოისროლა და პარტნიორს შეხედა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ბოლომდე ვერც გააცნობიერა მისი ნათქვამი.
– არა, თუ რამე ოჯახურია.
– დასამალი არაფერი მაქვს, სოფიაზე ვნერვიულობ. ექიმი არ დარჩა, ვისთანაც არ მყავდა. ყველა გამოკვლევა ჩავუტარე, მეუბნებიან, რომ ჯანმრთელია. არაფერი სჭირს, გესმის? არაფერი.
– მერე, ამას რა სჯობია. გამოდის, ტყუილად ნერვიულობდი.
– არა, ტყუილად არა, – რეზიმ შუბლი მოისრისა, – ბიჭო, ვეღარ ვცნობ. თითქოს სხვაგან არის. ისეთ რამეებს აკეთებს, მასთან უკვე ბავშვების დატოვებისაც კი მეშინია. ძიძა ავიყვანე, რომ სახლში მარტო არ იყოს.
– ასე ცუდად არის საქმე? – გულწრფელად შეწუხდა ზაზა, – იქნებ, უბრალოდ, გადაიღალა. ამხელა ოჯახი, ბავშვები... დაასვენებ და ყველაფერი გამოსწორდება. ძალიან კარგი ცოლი გყავს. სოფია საოცარი გოგოა. რამდენი რამე გამოიარა ჩვენთან ერთად. მისი წვლილიც არის იმაში, რომ ახლა ასეთი წარმატებული კომპანია გვაქვს. ყოველთვის გვერდით გედგა.
– საქმეც მაგაშია. ამიტომ მაოცებს ახლა მისი ქცევები. თითქოს შეცვალეს, ვერ ვცნობ საკუთარ ცოლს და ძალიან მეშინია. სულ დაძაბული ვარ. ისე დავიღალე... რა გავაკეთო, აღარ ვიცი. კიდევ კარგი, რომ მარიშკა გვეხმარება.
– სოფიას მეგობარი რომ არის, იმ ქალზე ლაპარაკობ?
– მარტო სოფიასი – არა, ჩემი მეგობარიც არის. იმდენი წელია, ერთად ვართ. ახლა მაინც სულ ჩვენთან არის, ბავშვებს უვლის, ძიძას აკონტროლებს, სოფიას ეხმარება – აღარ შეიძლება მარტო მისი დატოვება.
– მაინც რას აკეთებს ისეთს? – შეწუხდა ზაზა, – ხომ თქვი, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვსო.
– ჰო, მაგრამ, სწორედ, ეს ართულებს სიტუაციას. რამე რომ აწუხებდეს, ვუმკურნალებდით. ახლა საერთოდ ვერ ვიგებ, რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე.
– შეგიძლია, მითხრა, რას აკეთებს სოფია?
რეზიმ ამოიოხრა და კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა.
– ფილმებში ზომბი გინახავს? პერიოდულად სწორედ ასეთი ზომბივით ხდება. არც ლაპარაკი ესმის. ის კი არა, ზოგჯერ მგონია, რომ ვერც გვხედავს. საშინელებაა მისი შუშის თვალების დანახვა.
– ვაჰ, რა ხდება, ასეთი უშველებელი რა არის? რეზი, ბიძაჩემს ხომ თავისი კლინიკა აქვს. გინდა, დავურეკო? იქნებ გვირჩიოს რამე?
– გეუბნები, კლინიკა აღარ დამრჩა. მარიშკა მეუბნება, რომ კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით მას რომელიმე კერძო პანსიონატში დავაწვენთო. უკვე სერიოზულად ვფიქრობ ამაზე.
– ვახ, ძალიან ცუდია, ძალიან... ჩემი იმედი გქონდეს. თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის მზად ვარ.
– ვიცი, ზაზა. მადლობელი ვარ. ცოტა ხანს ფირმაში შენ უნდა მიხედო საქმეს. ამდენს ვერ გავწვდები.
– რაზეა საუბარი? მესმის ყველაფერი...
***
სოფია აივანზე სარწეველა სავარძელში იჯდა და ერთი შეხედვით ბაღს გადაჰყურებდა, ყოველ შემთხვევაში მისი მზერა საგულდაგულოდ მოვლილი გაზონებისკენ და დეკორატიულად გაკრეჭილი ბუჩქებისკენ იყო მიმართული.
რეზიმ დიდი მისაღები გაიარა და ნავაჭრით სავსე ჩანთა სამზარეულოს იატაკზე დადო. მარიშკა გასარეცხ ჭურჭელს მანქანაში აწყობდა. ფეხის ხმაზე შემობრუნდა და კაცს გაუღიმა.
– ადრე მოხვედი. მაგრამ ბავშვები უკვე დავაწვინე დასაძინებლად. ზღაპარი ჩავურთე, მგონი, მოეწონათ.
– ზღაპარს ყოველთვის სოფია უკითხავდა ხოლმე, – ამოიოხრა რეზიმ და ცოლს გახედა, – დიდი ხანია, ასე ზის?
– ორი საათი იქნება. წვენი გავუტანე და უარი მითხრა. ხმა არ გაუცია. უბრალოდ, თავი გააქნია. მე რომ მოვედი, ჩვეულებრივად, კონტაქტური იყო. მერე უცებ, ტერასაზე გავიდა და ბავშვების დაძახილზეც კი არ ჰქონია რეაქცია, – მარიშკამ ისე გაუღიმა კაცს, თითქოს თავად იყო რაღაცაში დამნაშავე. სერგი ახლოს მივიდა და თავზე გადაუსვა ხელი.
– ისეთი მადლობელი ვარ შენი... გაქვს კი ამდენი დრო, ჩვენ რომ გვახარჯავ? შენც იმდენი საქმე გაქვს.
– რას ამბობ, უცხოები ხართ ჩემთვის? რეზი, შენ და სოფია ყოვლევის ჩემი ოჯახი იყავით და ხართ. ბავშვებიც საკუთარ შვილებად მიმაჩნია. ნუღარასოდეს მეტყვი მადლობას იმისთვის, რასაც ვაკეთებ. ახლა ამაზე კი არა, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც სოფიას თავს ხდება. გადაწყვიტე პანსიონატში მისი წაყვანის ამბავი.
– ვფიქრობ მაგაზე. სიმართლე გითხრა, მიჭირს. არ შემიძლია. რაღაც მაკავებს და მაშფოთებს.
– ეს კარგი პანსიონატია, რეაბილიტაციის ცენტრი, გამაჯანსაღებელი კლინიკა. იქ ყველა ვერ ხვდება. ელიტურია. სოფია იქ კარგად იქნება. დაისვენებს, ძალებს აღიდგენს და ყველაფერი ძველებურად თავის ადგილას დადგება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3