№31 უცნაური ქალი
ელენ ვუდსი
ახალგაზრდა კაცი, ფილიპ მაიკლი მოულოდნელად უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისმა ექიმმა შეშფოთებულმა მიმართა კერძო დეტექტივს და სთხოვა დახმარებოდა.
– ვშიშობ, ამ კეთილშობილ ახალგაზრდას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის განსვენებული უილიამ მაიკლის შვილია, უელსის გრაფის. ბოლო თერთმეტი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა. ბარონეტი ინგლისში მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა... ხუთი წლის წინ უილიამმა მეორედ იქორწინა. ახალი ლედი მაიკლი ეფექტური გარეგნობის, თუმცა, ძალიან უცნაური ქალია.
– რაში გამოიხატება მისი უცნაურობა?
– როგორ გითხრათ... – ექიმმა პენსნე მოიხსნა და უხერხულად შეიშმუშნა, – როცა მას ველაპარაკები და ვუყურებ, უცნაური, აუხსნელი შიში მიპყრობს, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ვარ.
– ახალგაზრდა ბარონეტზე მიამბეთ, – დეტექტივი მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და თვალები მოჭუტა.
– 21 წლის არის, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის, განათლებული, მდიდარი, ბრწყინვალე მომავლით. რომ იტყვიან, ინგლისის ნაღები საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელია. ულამაზესი საცოლეც ჰყავს და, უცებ, ერთ დილით ისე ხდება, რომ ვეღარ ცნობს ნაცნობ-ახლობლებს, ვერც ოჯახის წევრებს...
– ოჰო, საინტერესოა! თქვენ რა დასკვნა გააკეთეთ, ექიმო?
– ვერანაირი და პრობლემაც ესაა. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ვერც იმას ვიტყვი, რომ რამეს მალავს.
– ექიმო, ყოყმანს გატყობთ, რაღაცას არ მეუბნებით. ყველაფერი უნდა ვიცოდე.
– იცით, ეს თავად ბარონეტს არ ეხება. თვითონ სახლშია რაღაც მძიმე, იდუმალი ატმოსფერო და ამას ვერ ვხსნი. ამიტომაც მოვედი თქვენთან.
– მდაა, ასეთ სიტუაციებში, ათიდან ცხრა შემთხვევაში, საქმე თაღლითობასთან გვაქვს ხოლმე. მაგრამ, თქვენ ამბობთ, რომ ბარონეტს საფრთხე ემუქრება. თავი ვალდებულად მიმაჩნია, ინგლისის ნაღებ საზოგადოებას თვალსაჩინო წარმომადგენელი შევუნარჩუნო.
სასახლე ულამაზესი, საგულდაგულოდ მოვლილი ეზოს შუაგულში იდგა და თეთრად ქათქათებდა.
– აი, ეს არის სახლი, რომელშიც აშკარად რაღაც ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ახდით ფარდას ამ საიდუმლოს, – თქვა ექიმმა, – სახლში ოთხი წლის ბიჭუნაც არის. ლედი მაიკლს სერ უილიამისგან შეეძინა. მშვენიერი ბავშვია.
– ანუ, მეორე მემკვიდრეც გამოიკვეთა. კარგი, მოდი, ადგილზე ვნახოთ ყველაფერი.
– მომავალ თვეში ქორწილი უნდა ყოფილიყო, – განაგრძო ექიმმა - საწყალი მის ელისია ახლა აქ არის.
ლედი მაიკლი მართლაც ლამაზი, ორმოც წლამდე ასაკის ქალი აღმოჩნდა. ის ქედმაღლურად მიესალმა სტუმრებს.
– კარგია, რომ ჩამოხვედით, ექიმო. ძალიან შეწუხებულები ვართ. ფილიპის მდგომარეობა ფრიად დამძიმდა. მგონია, რომ პიროვნების გაორება სჭირს. ეს არსება ფილიპი არ არის და ელისიაც ამას ამბობს, – ლედი მაიკლმა თეატრალურად ამოიოხრა. იყო მის გამოხედვაში რაღაც ავბედითი.
– შეიძლება, ბარონეტს ველაპარაკო? – ჰკითხა დეტექტივმა.
– ვშიშობ, ვერ დაელაპარაკებით. იშვიათად გამოდის თავისი ოთახიდან. სადილზე ჩამოვა და სცადეთ.
სადილობამდე დეტექტივი ბარონეტის საცოლეს, მის ელისიას შეხვდა.
– ექიმო, როგორ მიხარია, თქვენი ნახვა. ძალიან ცუდად ვარ ფილიპის გამო. მგონი, ჩემს საქმროში კატის სული ჩასახლდა. ლედი მაიკლს კატა ჰყავდა. ციმბირული ჯიშის, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა, ლედი მაიკლი ამტკიცებს, რომ კატა არხში დაიხრჩო. ხოლო მისი მოხეტიალე სული ფილიპში ჩასახლდა. მას ხომ ჩვევად ჰქონდა საღამოობით არხის პირას სეირნობა. ღამით დგება და დახეტიალობს. რძეს სვამს და წუხელ სახლის პარაპეტზე ნახეს. ექიმო, თქვენ გსმენიათ მსგავსი შემთხვევის შესახებ?
ექიმმა მხრები აიჩეჩა.
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღამით დგებიან და დადიან, მაგრამ, ისინი ამას შეუცნობლად აკეთებენ, დღისით კი აბსოლუტურად ჩვეულებრივად ცხოვრობენ.
ფილიპი დეტექტივმა სადილობისას ნახა. ახალგაზრდა კაცმა სწრაფად, ხმის ამოუღებლად დახვრიპა რძე და მერე, მთელი საღამოს განმავლობაში, მალულად ათვალიერებდა ოთახში მყოფებს. მხოლოდ დედინაცვალს უმზერდა სხვანაირი, ალერსიანი მზერით. თავად ლედი მაიკლი თითქოს შეეცადა, სუფრასთან გამეფებული მძიმე ატმოსფერო გაენეიტრალებინა და რამდენჯერმე საუბრის წამოწყება სცადა. მოგვიანებით, დეტექტივმა ექიმს უთხრა:
– ლედი მაიკლის შესახებ რაც თქვით, მართალი იყავით. ოკულტისტურ ძალას უნდა ფლობდეს. თავს გვაჩვენებს, რომ შეწუხებულია გერის მდგომარეობით. თუ ფილიპი ცოცხალი და საღ გონებაზე დარჩება, მისი შვილი ვერც მამის ტიტულს ეღირსება და ვერც მემკვიდრეობას. მხოლოდ უმნიშვნელო ნარჩენებს უნდა დასჯერდეს... რას იტყვით, მოტივი გამოიკვეთა?
– გინდათ, მითხრათ, რომ ჯადოქარია, ბარონეტი მოაჯადოვა და თავისი მკვდარი კატის სული მასში ჩაასახლა? თქვენ ეს რეალობად მიგაჩნიათ?
– მეცნიერების თვალსაზრისით – არა. თუმცა, თუ ქალში ოკულტისტური შესაძლებლობებია და ჰიპნოზის უნარი...
– გინდათ, თქვათ, რომ ლედი მაიკლი გერს მოკლავს? კი მაგრამ, რანაირად?
დეტექტივმა გაიცინა.
– როდისმე გინახავთ, როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც ოპიუმშერეულ რძეს სვამს? თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ფილიპი ამ საშუალებით ჰყავს გაბრუებული, მერე კი – ჰიპნოზი. ამაღამ აქ უნდა დავრჩე და ვნახო, რა ხდება. წეღან მის ელისიას ვთხოვე და ფილიპის ოთახი დამათვალიერებინა. იქ სულ დგას გრაფინი რძით. ლედი მაიკლი ღამითაც ასმევს ოპიუმიან რძეს გერს. ჩვეულებრივ, ამ გზით მოწამლულებს წყურვილის დაუოკებელი სურვილი აქვთ. მერე მკვლელი ოპიუმის დოზას ნელ-ნელა გაზრდის. მერე ბარონეტი არხში ჩაიხრჩობა – უბედური შემთხვევების ფართო სპექტრია.
– ანუ, რა უნდა ვქნათ?
– ღამეს უნდა დაველოდოთ.
დეტექტივი მართალი აღმოჩნდა. ლედი მაიკლი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძლევამოსილებაში, რომ ელემენტარული სიფხიზლეც არ გამოუჩენია. სამართალდამცველები იმ დროს დაადგნენ თავზე, როდესაც გრაფინში მუქ სითხეს ასხამდა. ქალმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია – წიოდა. გრძელი ფრჩხილებით სახის დაკაწვრას ცდილობდა...
მიუხედავად იმისა, რომ ლედი მაიკლი გერის დაბინდულ გონებას სისტემატურად აპროგრამებდა – მაგალითად, ჩააგონა, რომ კატა იყო და ტკბებოდა მოსალოდნელი გამარჯვების განცდით, ბარონეტი მაინც გადარჩა. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კი მის ელისიაზეც იქორწინა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ