№31 როგორ აღწევდა სასურველ შედეგს სტალინი გლობალურ პოლიტიკაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მხოლოდ 1947 წელს „საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში“ ლენინისა და გამარჯვებული ჯარისკაცის 38 ათასი ძეგლი დაიდგა. რუსულ ენას კი თითქმის 100 მილიონი ადამიანი ეუფლებოდა.
1948 წელს, როდესაც მოლაყბე-მიმთითებლებმა სტალინის „იდეოლოგიური დესანტის“ რეალური სტატისტიკა შეიტყვეს, სასტიკად გაბრაზდნენ და საბჭოთა ბელადი უკიდურეს ანტიდემოკრატიულობაში დაადანაშაულეს. ჩერჩილმა კი ბრიტანეთის რადიოთი გამოსვლისას ამ აქციას „საბჭოური ძეგლომანია“ უწოდა, მკაცრად მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ძეგლების დადგმა და ბოლოში, დასკვნის სახით, განაცხადა: „ამას შესაძლოა, ჩვენთვის არასასურველი გაგრძელება მოჰყვეს – სტალინის მითითებით, რუსები ლენინისა და წითელარმიელის ძეგლებით მოადგნენ ალბიონს“... მეორე დღეს ჩერჩილის სიტყვების საპასუხოდ გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა საბჭოთა ბელადის სიტყვები, რომელმაც თქვა: „ფრანგებმა თავად დაუდგეს საბჭოთა მეომარს ძეგლები და ეს მხოლოდ მისასალმებელია. ხოლო თუკი ბრიტანელები ფეხს ითრევენ ამ საქმეში, მაშინ მზად ვართ, მათ დავეხმაროთ და ძველ მწყობრში დავაბრუნოთ“. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ სტალინის სიცოცხლეშივე „ცივი ომის“ დროს ბრიტანელებმა არა თუ საბჭოთა ჯარისკაცის რამდენიმე ძეგლი დადგეს თავის ქვეყანაში, მათ შორის ლონდონშიც, არამედ მემორიალური დაფა გაუკეთეს იმ ისტორიულ სახლს, სადაც ლონდონური მცირეხნიანი ემიგრაციის დროს ვლადიმერ ლენინი ცხოვრობდა... მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბრიტანელებმა ეს სტალინის შიშით გააკეთეს. არა, უბრალოდ, ჭკვიანი ალბიონელი პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ საბჭოთა ჯარისკაციც, ლენინიც და მსგავსი ატრიბუტიკა გლობალური მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის შემადგენელი ნაწილები იყო და რადგან ბრიტანელები თავს ამ ისტორიის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟებად მიიჩნევდნენ, არც სიმბოლურ ნაწილში დაიკნინეს თავი. ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ბრიტანული „კონსერვატიზმის სარკედ“ წოდებული ლორდი ჰალიფაქტი წერდა: მიუხედავად ჩვენ შორის უდიდესი დაპირისპირებისა და იდეოლოგიური უფსკრულისა, ბრიტანეთი და საბჭოეთი დიდი მოკავშირეები იყვნენ დიდ ომში. სტალინი კი – უდიდესი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეო.
როდესაც საბჭოთა ბელადი გარდაიცვალა, უინსტონ ჩერჩილმა ხმამაღლა განაცხადა: უსტალინოდ მსოფლიო პოლიტიკა საინტერესო არააო. ჩერჩილი უდიდესი ავტორიტეტი იყო პოლიტიკაში და მისი ეს სიტყვები სტალინის საუკეთესო შეფასებაა“.