№31 რა უნდა ვიცოდეთ ხალის შესახებ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
საზოგადოდ, თუ კოსმეტიკურ პრობლემას არ ქმნიან, ხალებს ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მათზე დაკვირვება აუცილებელია, რათა არ გამოგეპაროთ მათი მელანომად – კანის პიგმენტურ, ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება.
სპეციალისტები თვეში ერთხელ სხეულის შემოწმებას გირჩევენ. აღნიშნავენ ოქროს წესს, ნიშნების სიას, რომლითაც ავთვისებიანი ხალის განსაზღვრა შეიძლება:
* ასიმეტრია;
* კიდეები;
* შეფერილობა;
* ზომა;
* დინამიკა.
ხალი ერთფეროვანი, თანაბარი და სიმეტრიული კიდეების მქონე უნდა იყოს, ზომაში არა უმეტეს 1 სანტიმეტრი.. თუ მისი ცვლილება, სისხლდენა ან სხვა რამ შენიშნეთ, სპეციალისტს უნდა მიმართოთ – ეს შეიძლება, იყოს დერმატოლოგი ან დერმატოონკოლოგი.
ნევუსი (ხალის მეორე სახელი) შეიძლება ხალის დაზიანების ან ულტრაიისფერი დასხივების შედეგად მელანომად გარდაიქმნეს. კარგად უნდა შეამოწმოთ ხალი, რომელიც ახლახან შენიშნეთ.
რა იწვევს მელანომას? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც დიდ როლს ასრულებს მელანომის აღმოცენებაში. მაგალითად, მზის რადიაცია, ულტრაიისფერი სხივები კანის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. მელანომის განვითარებაში მზის რადიაციის დიდ როლს მოწმობს ის ფაქტიც, რომ დახურულ შენობაში მყოფ ადამიანებზე უფრო ხშირად დაავადება ღია ცის ქვეშ მომუშავე პირებს ემართებათ. ავსტრალიას, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მზიანი დღეა, მელანომით ავადობის მხრივ მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს. ის კი არა, ზოგიერთი ქვეყნის ეკვატორთან ახლოს მდებარე რეგიონში მელანომის სიხშირე ხუთჯერ მაღალია, ვიდრე იმავე ქვეყნის სხვა რეგიონებში.
ბევრი ხალის არსებობისას რუჯის მიღებაზე სჯობს საერთოდ უარი თქვათ. თუ მაინც მზეზე იმყოფებით, აუცილებლად მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ, რათა თავი დაიცვათ ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
პიგმენტური ნევუსის გაავთვისებიანებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრავმა. დიდ როლს ასრულებს მექანიკური ტრავმა: ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი კანზე, იმ ადგილას, სადაც წამოწეულია პიგმენტური წარმონაქმნი, ასევე, ამ უკანასკნელის გაკაწვრა, მოგლეჯა, სამართებლით დაზიანება და ასე შემდეგ. ამიტომ პიგმენტური ლაქა, რომელიც სხეულის ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც მისი ტრავმირება ხშირად ხდება, უნდა მოვიცილოთ, ხოლო თუ შემთხვევით დავიზიანეთ, სათანადო მკურნალობისთვის დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმ-ონკოლოგს. გარდა ამისა აუცილებელია ექიმთან მისვლა, თუ შეინიშნება:
* ხალის სწრაფი ზრდა, იმ ფონზე, როდესაც ის წლების განმავლობაში არ იცვლებოდა ან იცვლებოდა სხეულის ზრდის პროპორციულად;
* მისი გამკვრივება;
* ხალის პიგმენტაციის შეცვლა – თავდაპირველი ფერი მუქდება ან ნევუსის ერთ-ერთი უბანი უფერულდება;
* ქავილისა და დაჭიმულობის შეგრძნება ნევუსის არეში;
* მასზე წანაზარდებისა და ნახეთქების გაჩენა;
* სისხლდენა,
* თმის გაცვენა ნევუსის ზედაპირიდან.