№31 რატომ არის შეუძლებელი ადამიანის სულიერი ზრდა ტკივილის გარეშე
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
განსაცდელზე, უსიამოვნებაზე, ტრაგედიაზე ადამიანებს განსხვავებული რეაქცია აქვთ: ზოგი ღმერთში ეძებს ხსნას, ზოგიც, პირიქით, ღმერთზე განაწყენდება, რადგან მიაჩნია, რომ უსამართლოდ დაისაჯა. რატომ არ უნდა გაბოროტდეს ადამიანი რაოდენ დიდი ტრაგედიაც უნდა შეემთხვას და რატომ არის შეუძლებელი სულიერი ზრდა ტკივილის გარეშე? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) დაგვეხმარება.
– რატომ მოდის ტკივილი ადამიანის ცხოვრებაში?
– საოცრად თარგმნა მთაწმინდელმა „პარაკლინოტ“, ბერძნულად „სულიწმიდა“ – ნუგეშინისმცემელი. რა არის სიტყვა „ნუგეში“, თუ დაკვირვებულხართ?
– ნუ გეშინია.
– დიახ, შესაბამისად, სული წმიდა ვინ არის? ნუგეშინისმცემელი. რატომ გვჭირდება ნუგეში? როდესაც, რასაც ჩემი ადამიანური ცნობიერებით ვერ ვხედავ და მგონია, რომ დასრულდა ყველაფერი, შემოდის სული წმიდა. ეს ქრისტეს სულია, რომელმაც იცის ის სამყარო, მან იცის, რომ სიკვდილი გარდაცვალებაა და მოდის ნუგეშად, რომ ამ ტკივილში გულზე სულიერი წვეთოვანები დაგვიყენოს და არამიწიერი სიმშვიდით გაგვიწონასწოროს ტკივილი და გაგვიქარვოს. თან, ეს არის წუთისოფელი. ქრისტე გვეუბნება, წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ მე მიძლევია წუთისოფელიო. ამიტომ გამოსავალი არის რწმენა. რაც უნდა დიდი ტკივილი იყოს, არ არსებობს, ადამიანმა აქვე არ მიიღოს ნუგეში, თუ ის შეეცდება, ნუგეში იპოვოს უფალში და არ გასასტიკდება. სამწუხაროდ, ადამიანს საპირისპირო ემართება. ის ემდურის ღმერთს: რატომ დამემართა ეს? მე ამის ღირსი არ ვიყავი! როდესაც ჭურვი ეცემა ჩვენ მიერ აგებულ ციტადელს, ჩვენს მოწესრიგებულ ცხოვრებას, რომელშიც ჩვენ გვქონდა ოჯახი, გვქონდა კარგი სამსახური, კომფორტი (რაც განგებისთვის არაფერია, იმიტომ რომ ეს არ არის ნამდვილი ცხოვრება), იმ ნაპრალში, რომელიც ჭურვის დაცემით ჩნდება, შემოდის სიცოცხლის სხვაგვარი სხივი. და სად გადაწყდება ბოროტების პრობლემა? არა ღმერთის უარყოფაში, არა ცხოვრების უაზრობად ჩათვლაში, არამედ ისევ შუაგულში დგომაში, რომ გაუძლო ამ გრიგალებს.
– კონკრეტულ მაგალითზე რომ განვიხილოთ, როგორ უნდა დაიძლიოს ადამიანური, ამ წუთისოფლის ტკივილი?
– იობის მაგალითია ამის ბრწყინვალე ნიმუში. ვინ არის იობზე მრავალტანჯული?! როდესაც იობს ყველაფერი წაერთვა, შვილები, სახლ-კარი, ცხვარ-ძროხა, თავად კი ისე უყვარს სხეული, ვერავინ ეკარება და სრულად განადგურებულია, ის საოცარ სიტყვებს ამბობს: მეწია შიშის ზარი, რასაც ვუფრთხოდი. იობი ბავშობიდან იყო ღვთისმოსავი და ყველა სიკეთით შემკული, რა ტანჯავდა მაშინ იობს?! ის, რომ არ იცოდა, რატომ უყვარდა ღმერთი: იმ სიკეთის გამო, რაც ჰქონდა თუ იმიტომ, რომ ის, უბრალოდ, ღმერთია?! ჩვენ, ჩვეულებისამებრ, გვიყვარს კომფორტის ღმერთი, რომელიც უმეტესწილად ჩვენზეა მორგებული: ჯანმრთელად ვარ, კარგი სამსახური მაქვს, შვილი კარგად მყავს და მაცალე, ღმერთო, ყოფნა, შემარგე. მაგრამ, როგორც კი ჩვენს კომფორტს შეეხება რაღაც, მუყაოს სახლივით გვენგრევა ჩვენ მიერ აშენებული ხუხულა და თუმცა გვეგონა, რომ ცოცხალი რწმენა გვქონდა, თურმე, ეს ჩვენი წარმოდგენით შექმნილი ღმერთის მაკეტი ყოფილა, მატერიის ღმერთი, რომელიც აქ გვაძლევდა სიკეთეს. აი, ამას ურტყამს ღმერთი და არ დაგინდობს, რადგან მაშინ შენ დარჩები კერპის ტყვეობაში და სიკვდილის შემდეგ დაცარიელდები. ამიტომ მას ურჩევნია, როგორც მშობელს, რომელიც ნემსს უკეთებს ბავშვს და სტკენს, რომ გამოაჯანმრთელოს, დაგვარტყას, წაგვართვას თოჯინები, რომლებსაც ძალიან ვართ ჩაბღაუჭებულები, რომ შემდეგ სხვაგვარი რეალობა დავინახოთ, რომელიც ჩვენი სულისთვის უფრო მარგებელია. შებამისად, იობი ამ ტანჯვით, რაც უნდა გაგიკვირდეთ, გადაიყვანეს მაღალ კლასში. ეს რომ არ დამართნოდა იობს, მას არ დაებადებოდა კითხვა: თუ რატომ უყვარდა ღმერთი. მას გამოცდილებით არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. მას ყველაფერი აქვს და ეშინია, რამე რომ დაემართოთ ჩემს შვილებს, მეყვარება თუ არა ღმერთი?! და იობი გათავისუფლდა ამ შიშისგან. ერიხ ფრომს აქვს ნაშრომი: „ფლობა და ყოფნა“. იობს ჰქონდა ფლობის გამოცდილება, მას ჰქონდა ყველაფერი, ცხოვრობდა კარგად, იყო კეთილი, ღვთისმოშიში, შვილებმა იქნებ ფიქრებში შესცოდესო და ამის გამოც სთხოვდა შენდობას ღმერთს. მაგრამ ეს არის ფლობით ღვთისმოსაობა. მაშინ, როდესაც იესოს არაფერი აქვს და ჯვარზე გაკრულიც ღმერთს ადიდებს.
და რატომ მოაშორეს იობს ეს ფლობა?! წარმოიდგინეთ, ზღვაში ხართ მაშველი რგოლით და არ იხრჩობით, მაგრამ უცებ წაგართვეს ეს მაშველი რგოლი. გგონია, ვიღაც გღუპავს, მაგრამ, ვინც წაგართვა, მას უნდა, რომ ცურვა ისწავლო. ჩაყურყუმალავდები, ჩაგეყლაპება წყალი, მაგრამ, საბოლოოდ, ცურვას ისწავლი. იობმაც ყლაპა წყალი: დაიწყო ბუზღუნი, თავის მართლება, რაც სავსებით ბუნებრივია და ამასობაში გაცურა! იმიტომ რომ, სანამ მაშველი რგოლი გაქვს, შენ ცურვას ვერ ისწავლი. სანამ ჩაფრენილი ხარ მატერიალურ სამყაროს, შენ მატერიალური ადამიანი ხარ და ამ მატერიასთან ერთად გაიხწრნები. იობი ფლობიდან გადადის ყოფნაში და საიდან ჩანს ეს? ბოლოს, როდესაც გრიგალიდან დაელაპარაკა უფალი და რატომ წერია „გრიგალი“?! იმიტომ რომ გრიგალმა წარსტაცა ყველაფერი იობს. და ღმერთი განა პასუხებს აძლევს განძარცულ იობს, არამედ უსვამს კითხვებს: სად იყავი შენ, როდესაც მე ვარსკვლავებს ვქმნიდი, როდესაც მე მზეს, მთვარეს, გალაქტიკებს ვქმნიდი... ანუ ამით ეუბნება, შენ შემქმენი, როგორც შენი პატარა სამყაროს ღმერთი და ის სამყარო რომ წაგერთვა, ამბობ, რომ მე არ ვარ?! შერცხვა იობს, იმიტომ რომ მიხვდა, რა პატარაა თვითონ და მისი სამყარო. ესე იგი, თუ შენს ძროხას შეეხო რაღაც, ღმერთზე ამბობ, არა აქვს სამართალიო?! თუნდაც, შენს შვილს შეეხო რამე და ღმერთზე ბრაზობ?! იმიტომ რომ ის შენი შვილი არაა, ღმერთმა გაჩუქა. იობი ამბობს, აქამდე შენზე შორიდან მსმენოდა, ახლა კი პირისპირ ვიხილე ყველაფერი, ბაგეზე ხელებს ვიდებ და ვჩუმდებიო. გაჩუმება, იცი, რას ნიშნავს? იმ უსამართლობების მიღმა, რაც ამ წუთისოფელში ხდება, მე ვხედავ მზესავით მართალ ნათებას, რომელთანაც საქმე არ აქვს არაფერს, რაც აქ ხდება. კარგად დაარქვა ქართველმა – წუთისოფელი, დროებითი სადგომი.