№31 რატომ მიიღო შევარდნაძემ ერთპიროვნულად 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
„იმელის“ პარლამენტმა 1993 წლის 23 ივლისს 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება განიხილა, რის მიხედვითაც მხარეებს აფხაზეთში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა უნდა დაეშორიშორებინათ. იოლი მისახვედრი იყო, რომ ქართული მხარე ვერც მძიმე ტექნიკას გაიტანდა სამეგრელოში და ვერც ცოცხალ ძალას. ტექნიკა ფოთში გემებით უნდა გაეტანათ (როგორც თენგიზ სიგუა ამბობდა, ამ საქმისთვის ედუარდ შევარდნაძემ რუსული სამხედრო გემები გამოიყენა და მომსახურებაში ფულიც გადაუხადა), აფხაზები კი აფხაზეთისვე ტერიტორიაზე განათავსებდნენ და თავდასხმის შემთხვევაში ქართული მხარე განიარაღებული იქნებოდა. არსებობს 23 ივლისის ეგრეთ წოდებული „იმელის პარლამენტის“ სხდომის სტენოგრამა და, რადგან გადაწყვეტილება ვერ მიიღო პარლამენტმა (ბევრი იყო წინააღმდეგი), შევარდნაძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, საკითხს ვეტო დაადო და, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. ოღონდ დასძინა, რომ პასუხს აგებდა ამ გადაწყვეტილებაზე, თუ ხელშეკრულება დაირღვეოდა. ხელშეკრულება დაირღვა 1993 წლის 16 სექტემბერს, თუმცა იმ ამბის შემდეგ შევარდნაძე კიდევ 10 წელს მართავდა ქვეყანას და აღებული პასუხისმგებლობა არც თავად გახსენებია და ეს მისთვის არც არავის შეუხსენებია. აკაკი ასათიანი 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მასთან ერთად გავიხსენებთ იმ სხდომას და შევეცდებით გავარკვიოთ, რა მოტივი ამოძრავებდა ედუარდ შევარდნაძეს.
– 27 წელი გავიდა და უფრო ნათლად ჩანს, რა მოხდა სინამდვილეში. გამიზნულად განაიარაღა შევარდნაძემ ქართული მხარე? ვერ მიხვდა, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში აბსოლუტურად დაუცველები ვრჩებოდით თუ რის იმედით მოიქცა ასე?
– იმ სხდომაზე დიდი ამბავი იყო. კომიკური ეპიზოდიც მახსოვს ერთი: ჯაბა ამბობდა, „ატრეკია“ დაშორიშორების ადგილიო, ვეუბნებოდით, რუსულად კი ატრეკი წერია, მაგრამ ქართულად მდინარის აქეთ-იქით გამოდისო. გასაგები იყო, რაც ხდებოდა და ნახეს, რომ ჩავარდებოდა ეს საკითხი და მართლაც ჩავარდა, ამიტომ შევარდნაძემ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. მართალი ხართ, ამბობდა, მე ვაგებ პასუხსო და პასუხი მან მართლაც აგო ხალხთან და ისტორიასთან თავისი ჯერ გადაგდებით, ჩემი აზრით, სამარცხვინოდ გადააგდო ის ხალხმა და იმითაც, რომ არავის ახსოვს და თუ ვინმე იხსენიებს, მხოლოდ ლანძღვით. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ვერავინ იტანდა, მაგრამ ითვლებოდა, რომ ჭკვიანი და გამოცდილი იყო, სინამდვილეში კი არც ერთი იყო და არც მეორე. მას ჰქონდა ცეკას პირველი მდივნის გამოცდილება, ინტრიგანობის, მოსკოვთან მლიქვნელობის და ამის მეშვეობით პოლიტბიუროში შესვლის, საბჭოთა კავშირის გმირის ჯილდოს მოპოვების. საზღვრის დაცვა, არმიის შექმნა, საკუთარი ფულის მოჭრა, ეკონომიკური პოლიტიკის გატარება არ იცოდა. ნამდვილად ალღოიანი კაცი იყო, ინსტინქტი ჰქონდა, მაგრამ ამ ინსტინქტს იყენებდა მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნებისთვის. მძიმე ტექნიკის გამოყვანაც მისთვის იყო რუსებისთვის კოჭის გაგორება, იმიტომ რომ ისეთი იდიოტიც არ ყოფილა, ვერ მიმხვდარიყო, რა შეიძლებოდა, ამას მოჰყოლოდა. მაგას მერე უარესი მოაყოლა, სწავლა რომ დაიწყო.
– დიახ, ეს კიდევ ერთი საშინელება: იმ წელს მთელ საქართველოში სწავლა დიწყო 15 სექტემბერს, აფხაზეთში კი – 1-ელ სექტემბერს და „საქართველოს რესპუბლიკის“ იმ წლის ნომრებში უხვადაა დაბეჭდილი სახელმწიფოს მეთაურ შევარდნაძის მოწოდებები მოსახლეობისადმი, დაბრუნდით სოხუმში, მშვიდობა დამყარდაო.
– დიახ და არც ამ ზომის იდიოტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ რუსები „აწვებოდნენ“, ამიტომ მათ კოჭი გაუგორა და ამის საფასურად მიიღო შემდეგ ბალტინის დახმარება ელცინისგან გამსახურდიას წინააღმდეგ. იმ ომშიც ზვიადის ჯინაზე ჩაერთო და ატეხა კამპანია, აპარტეიდული საარჩევნო კანონიაო. არადა წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო აპარტეიდი. ისევე, როგორც გაზეთ „კომუნისტში“ რომ იბეჭდებოდა, აპარტეიდია სამხრეთ აფრიკაშო, კაციშვილმა არ იცოდა, რას ნიშნავდა. არადა „აპარტეიდი“ ნიშნავს დაცალკევებულ ცხოვრებას, ჩვენ კი აფხაზეთში ერთობლივი ცხოვრების კანონი მივიღეთ. ატეხა ეს კამპანია, მაგრამ ხედავდა, რომ ამ ომს აგებდა და ასეთი საშუალებებით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას. ის მოსკოვიდან გამოუშვეს საქართველოს დსთ-ში შესვლის პირობით. მაგრამ ხედავდა, რომ ეროვნული მოძრაობიდან გამოსული პარტიები წინააღმდეგნი იყვნენ და სხვებიც ვერ ბედავდნენ ამაზე ხმის ამოღებას. პირადად მე, რაც სწორად მიმაჩნდა, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც უნდა უსიამოვნება შემხვედროდა. მაგრამ მისთვის მთავარი იყო სხვების აზრი. სხვა ახსნა არ აქვს, იმიტომ რომ კრეტინი არ იყო, ვერ მიმხვდარიყო, რა საფრთხეს შეიცავდა 27 ივლისის ხელშეკრულება. საერთაშორისო პოლიტიკაც კი ალღოს დონეზე ესმოდა. მილსადენების გაყვანის აუცილებლობასაც გუმანით გრძნობდა, იმიტომ რომ ვიცი, ვინც უთხრა და მას თავიდან არ ეთანხმებოდა, ბოლოს მიხვდა. მაგალითად, ეშინოდა ფულის შემოღების, მე შევხვდი და ვუთხარი, მარქსს უწერია (მერე კი მივხვდი, რომ წაკითხული არ ჰქონდა „კაპიტალი“), რომ გაცვლის ეკვივალენტი უნდა არსებობდეს და ნუ გეშინია, იმუშავებს-მეთქი. ხელები უკანკალებდა, ისე ნერვიულობდა მაგ დროს. რუსეთმა არ მოგვცა რუბლი და კიდევ კარგი, არ მოგვცა – ეს გაიდარის გენიალური პოლიტიკა იყო და ამის წყალობით გამოყარა რუსული სივრციდან საბჭოთა რესპუბლიკები. დსთ-ში შესვლასაც ვერ ბედავდა, მაგრამ რომ დაეცა სოხუმი და დავკარგეთ აფხაზეთი, გოგუაძეს ათქმევინა. სწორედ ვახტანგ გოგუაძემ თქვა, სხვა გზა არ არის, უნდა შევიდეთ დსთ-შიო.
– მე მახსოვს პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დსთ-ში შესვლის საკითხი, ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა ასეთი რამ: იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, შევიდეთ თუ არა, არამედ იმის შესახებ, დაგვიანებული ხომ არ არის დსთ-ში ჩვენი შესვლაო.
– სწორად თქვა, მათთვის ეს საბჭოეთის აღდგენის შანსი იყო: ისინი კარგად იყვნენ იმ საბჭოეთში. საჯაროდ ვერ ბედავდნენ, მაგრამ კულუარებში მაგაზე ლაპარაკობდნენ, გიგუაძემ გაბედა საჯაროდ და 8 ხმით გავიდა ეს გადაწყვეტილება, 78 ვიყავით წინააღმდეგი. თავად შევარდნაძემ ბოლოს დაამატა თავისი ხმა, მას შემდეგ, რაც საკითხი გავიდა, თქვა, დამავიწყდა ხმის მიცემაო. ანუ თავისი ხმა გადაინახა იმისთვის, რომ, თუ ჩვენ ჩავაგდებდით ამ საკითხს, წინააღმდეგ მიეცა ხმა. მაჟორიტარები, ძირითადად, ყოფილი რაიკომის მდივნები იყვნენ და ტაშიც დასცხეს, საკითხი რომ გავიდა. საქმე ისაა, რომ დსთ იმთავითვე მკვდრადშობილი იყო. ელცინს სჭირდებოდა, რომ საბჭოეთის ილუზია შეენარჩუნებინა. მეტი ამოცანა მაშინ დსთ-ს არ ჰქონია. სწორედ იმიტომ, რომ ბევრს არაფერს ნიშნავდა და ამას, ალბათ, ხვდებოდა შევარდნაძე, მაშინ დროულად შესულიყო?! როგორც აღმოჩნდა, ბევრი ხვდებოდა, იმიტომ რომ ეს შემდეგ მას პრეტენზიად წაუყენეს. მაგრამ შევარდნაძემ აფხაზეთის ფასად, ხალხის გაუბედურებისა და გაღატაკების ფასად მართა კიდევ ათი წელი. თუმცა მხოლოდ მისი ბრალი არ იყო. ადამიანები, არც თუ ცოტა, ამბობდნენ, არამზადაა, მაგრამ რაღაცებს ჩამოგვიტანსო. რაც მოგვცეს, იმ 4 მილიარდიდან, ამერიკელებმა დაითვალეს, სამი მილიარდი შესანსლა მისმა გარემოცვამ. თავად საჯაროდაც თქვა სოხუმის დაცემის შემდეგ, ვეღარ შეიკავა თავი, დასავლეთზე იყო გაბოროტებული, ჩემი ოთხი მილიარდი მართებთო. მისცეს ის ოთხი მილიარდი, ოღონდ საქართველოს დაადეს ვალად, მაგრამ შევარდნაძემ ჩათვალა, რომ მისი იყო. თუ გახსოვთ, ხალხს ეუბნებოდა, ჩემს პურს ჭამთო.
– თქვენც თქვით, ისეთი უგუნურიც არ იყო, ვერ გაეთვალა, რა მოჰყვებოდა მძიმე ტექნიკის ფოთში გატანასო. ანუ გამიზნულად ჩააბარა აფხაზეთი?
– არა, მან გადააყოლა თავის თანამდებობას.
– რა მნიშვნელობა აქვს? ეს განზრახ ჩაბარება არ გამოდის მაინც?
– სხვათა შორის, თავს არ უხრიდა ტყვიებს. ძალიან თავისებური ტიპი იყო და რაღაც პატივისცემაც დამრჩა მისადმი. ნეტავ, საქართველო ჰყვარებოდა, თორემ... ერთმა მისმა ჩინოვნიკმა, ახლა რომ ბანკირობს და პოლიტიკოსობს, მითხრა, იცი, როგორ უყვარს საქართველოო... ალბათ, მაგრამ ძალიან კარგად მალავს-მეთქი. შევარდნაძე ბანქოს მოთამაშესავით იყო, რომელსაც ფული არ აქვს და თავის სიცოცხლეს ჩამოდის ფსონად. და მართლაც, ერთხელ ააფეთქეს, მეორედ ესროლეს, მაგრამ თამაშობდა თავისი სიცოცხლის ფასად. კონსტიტუციას რომ ვიღებდით, ვიღაცები ედავებოდნენ, ხმას მოგცემთ, ოღონდ დაგვნიშნე სხვადასხვა თანამდებობებზეო. და ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა: ჩვენ არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი, ჩვენი ოქრო და გაზი ეს არისო, ანუ დასავლეთის თვალში კონსტიტუციის მიღება იქნებოდა ყველაზე მომგებიანი რამ. სწორად თქვა და ჩვენც ასე გვესმოდა. მას ცოდნა-განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ალღოიანი იყო და ინტრიგების ხლართვის ნიჭიც ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფო ინტრიგებით არ შენდება. საქართველო იყო დიდი სახელმწიფოს პროვინცია. გამორჩეული, რომელიც ტოლს არ უდებდა მეტროპოლიას კულტურაში, მეცნიერებაში, სპორტში, მაგრამ მაინც პროვინცია იყო. მას და მის მიმდევრებს ისევ იქ უნდოდათ, იმიტომ რომ იქ კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ასეთია შინაური პირუტყვის მენტალობა. აი, მგელი მგელია, ნადირობს, მშიერი დაწანწალებს და ეძებს საკვებს. კადრები ვნახე, ორ უზარმაზარ დათვს სამი მგელი როგორ ართმევს ნადავლს. მორევით ხომ ვერ მოერევიან და, ერთი მგელი ერთ დათვს გაიტყუებს, მეორე დათვს – მეორე მგელი, მესამე მგელს კი მიაქვს ნადავლი. ოპერაციას ჩაატარებენ და დათვები რომ დაბრუნდებიან, არაფერი დახვდებათ. აი, ასე ცხოვრობენ მგლები, არ იწრთვნებიან, ცირკში ვერ გამოჰყავთ. ძაღლი კი ძალიან კარგი და საყვარელი ცხოველია, მაგრამ ოღონდ საკვები ჰქონდეს, სითბოში იყოს და, მერე რა, თუ თავში წამოარტყამენ. სხვათა შორის, შევარდნაძემ თვითონ მითხრა, ერთი კაცი არ მოსულა, რომ საქართველოზე რამე ეთქვა, სულ ვიღაცის დანიშვნა უნდათო. პრეზიდენტს რომ ეუბნები, შვილი საბაჟოზე დამინიშნეო, ეუბნები, მოაპარინეო, ხომ?! ოღონდ ამას შევარდნაძე, ზვიადისგან განსხვავებით, საჯაროდ არ ამბობდა. შევარდნაძე რომ დაამხეს, ეს კარის გადატრიალება იყო, უბრალოდ, რევოლუცია დაარქვეს. ბოლშევიკები, სანამ ნამუსი ჰყოფნიდათ, გასული საუკუნის 20-იან წლებში ოქტომბრის გადატრიალებას ამბობდნენ. საქართველოს დაკავებას ოკუპაციას უწოდებდნენ. ლენინს ასე უწერია, მაგრამ იოსებმა შეცვალა ეს ყველაფერი. ხრუშჩოვმა უთხრა სტალინს, საქართველოში ოკუპანტებს გვიწოდებენო და სტალინს უპასუხია, ოკუპანტი არ ხარ, თოფით შეხვედიო. ხომ იცით, ხრუშჩოვი მეთერთმეტე არმიაში მსახურობდა და 1921 წელს აქ შემოვიდა.
შევარდნაძესა და მის მიმდევრებს ასეთი ცნობიერება ჰქონდათ, ისევ იქ უნდოდათ, საბჭოეთში, ზვიადს კი უნდოდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ყოფილიყო მისი ქვეყანა, იმიტომ რომ ის ამას ისახურებს თავისი ისტორიით, კულტურითა და ხალხის მონაცემებით. მეც ასე ვფიქრობ და სანამ ასე არ იფიქრებს ყველა და სანამ ეს 30 წელი არ წაიშლება, რაც მოჰყვა ზვიადის გადატრიალებას და იმათი სახელებიც არ წაიშლება, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის სათავეში იყო, არაფერი გამოვა. ამიტომ, რაც გააკეთა შევარდნაძემ, გააკეთა მორჩილების ნიშნად და ამის საფასურიც მიიღო ბალტინის მიერ აღმოჩენილი დახმარების სახით.