№31 ას მტერზე მტერი?!
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ცხელთავიანები
ჯერჯერობით მთლად ფართომასშტაბიანში არ გადაზრდილა, მაგრამ ყარაბაღის ფრონტის ხაზზე სომხები და აზერბაიჯანელები ისევ ესვრიან ერთმანეთს, იმას გარდა, რომ ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.
და თუმცა რფ მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ცეცხლი, სამშვიდობო მისიისთვისაც გამოთქვამს მზადყოფნას. ან კი რატომ არ მოისურვებენ, როდესაც უჩნდებათ შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიაში დამატებით კიდევ ერთ ადგილას ჩააყენონ თავიანთი სამხედრო ძალა?!
იმედი მაქვს, აზერბაიჯანი მაინც ხვდება, რომ ამის გაკეთება არ ღირს, მანამდე კი რფ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნები დაიწყონ.
რუსული თავდაცვის უწყების მტკიცებით, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (ვითომ შიშობენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიები ან ორივე ერთად რუსეთს არ დაესხას თავს?!).
გვატყობინებენ, რომ წვრთნებში 150 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეული საავიაციო მოწყობილობა მიიღებს მონაწილეობას.
და თუმცა გასაგებია სომხეთისა და აზერბაიჯანის მოტივები, ის უფრო ნათელია, რომ სამხრეთ კავკასიელებს კარგა ხანია, საზარბაზნე ხორცად გვიყენებენ და ჩვენი ცხელთავიანობის გადამკიდე, იოლადაც გვმართავენ. აქედან გამომდინარე კი, რაც მალე გავიხსენებთ, რომ კავკასია ჩვენი სახლია, სხვებისთვის კი გავლენებისთვის ბრძოლის ასპარეზი, მით უკეთესი. თუ არადა, ამასობაში არც ისაა გამორიცხული, ამოვხოცოთ ერთმანეთი და მსურველებს ტერიტორიის განაწილება გავუადვილოთ. -