№30 რა გასაღებს იყენებს თათია შარანგია „წონიანი“ პირების გასახსნელად
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
არც თუ ისე ცოტა ხნის წინ თათია შარანგიამ ჟურნალისტის პროფესია მოირგო და ინტერნეტგადაცემა „სთორის“ ფარგლებში მაყურებელს უკვე ახალი ამპლუით შეაყვარა თავი. ამ გადაცემის ნახვა ახლა უკვე ტელეკომპანია „ფორმულაზეა“ შესაძლებელი.
თათია შარანგია: ეს ის ამპლუაა, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ, ლაღად, თავისუფლად. შეგნებულ ასაკში გაკეთებული ჩემი არჩევანია. ვამბობ, რომ „სთორი“ ჩემთვის მეოთხე შვილია, ფეხის ადგმაც რომ შენ უნდა ასწავლო, ბევრი ენერგია და შრომა ჩადო მასში და რომ გაიზრდება, იამაყო მისით.
– რა სირთულეებს უკავშირდებოდა კარანტინის პირობებში გადაცემაზე მუშაობა?
– კარანტინის პერიოდი რთული იყო, როგორც ყველასთვის. მაგრამ მან ჩემში ფსიქოლოგიური გარდატეხაც მოახდინა პოზიტივისკენ – მე ასე ვიტყოდი. აღვიქვი, რომ მცირედშია ბედნიერება. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, პანდემიის დასასრულის ლოდინი ჩემს პროფესიულ ზრდას შეაფერხებდა. გადავწყვიტე, „სთორი“ ლაივ-რეჟიმში გადამეტანა და ჩავწერე პოლიტიკოსები.
– როგორ შედგა „ფორმულასთან“ თანამშრომლობა?
– „ფორმულას“ მიმართ პირველივე დღიდან მქონდა განსაკუთრებული სიმპათია. რადგან მიმაჩნდა, რომ არ კვეთენ წითელ ხაზებს. პროფესიონალთა გუნდია შეკრებილი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, კრეატიულები, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ პირველივე შემოთავაზებას დიდი სიხარულით დავთანხმდი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის კომფორტული გარემო, რაც „ფორმულაზეა“.
– რით განსხვავდება უკვე მიღებული გამოცდილება სატელევიზიო შოუს ფორმატისგან?
– შრომა ყველგან ერთნაირად საჭიროა. „სთორის“ ჰყავს არაჩვეულებრივად შეკრული გუნდი. თუმცა მე ვერ წარმომიდგენია, გადაცემაში დავჯდე და რესპონდენტზე სრულ ინფორმაციას არ ვფლობდე, უბრალოდ, დავსვა სხვის მიერ მომზადებული კითხვები და ასე წავიყვანო გადაცემა. ყოველთვის თავად მოვიპოვებ ინფორმაციას, თავად ვესწრები მონტაჟსაც, მიუხედავად იმისა, რომ უპირობოდ ვენდობი ჩემს უმაგრეს გუნდს.
– რამდენად რთულია საკმაოდ „წონიანი პირების“ „გახსნა“ და საერთოდ, გულწრფელ ინტერვიუზე დათანხმება?
– ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გასაღები, რომელიც უნდა მოარგო. არ შეიძლება, ყველას ერთნაირად მიუდგე. ზოგს რა სჭირდება იმისთვის, რომ გამოგყვეს გულწრფელობაზე, ზოგს – რა. როცა შენ ხარ მათ მიმართ პოზიტიურად განწყობილი, გულწრფელი, იგივე მოდის საპასუხოდ. თუ გრძნობენ, რომ ცდილობ, მათში არსებული ნათელი სხივი გამოავლინო, ისინიც ენთუზიაზმით მოგყვებიან. მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგიის ცოდნა, რომელსაც 10 წელი ვსწავლობდი, ძალიან მეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გადაცემას სტუმრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პრინციპულად არ იძლევიან ინტერვიუს.
– მეუღლე რა დოზითაა ჩართული გადაცემის მომზადების პროცესში თუ მხოლოდ გულშემატკივრობით შემოიფარგლება?
– სანდროს ჩართულობა რომ არა, ეს პროექტი საერთოდ ვერ შედგებოდა. ჩართულია ყველა ასპექტში. პირველ რიგში, მისი დამსახურებით დავიჯერე, რომ შემეძლო ახალი პროფესიული ფურცელი გადამეშალა. მან შემაყვარა საკუთარი ხმა, რომელიც არ მიყვარდა. მას მუდმივად სჯეროდა ჩემი. მის რჩევას მუდმივად ვითვალისწინებ, რადგან ძალიან ვენდობი. მასზე დიდი გულშემატკივარი ამ პროექტს არ ჰყავს.
– სატელევიზიო ბადეში ზაფხულის სეზონზე გადავიდა გადაცემა, დასვენებას როდის გეგმავთ?
– ახლა ჩემს შვილებთან ერთად 5 დღით აჭარაში გამოვიპარე. ამ ზაფხულს მთლიანად ვუძღვნი ჩემს „სთორის“. ჩემი შვილების – ალექსანდრესა და ენდრიუს დაბადების დღე ივლისშია. ამ დღეებში მივცემ თავს დასვენების უფლებას. მით უფრო, გადატანილი რთული თვეების მერე, მაინც შეშინებული ვარ და ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებს ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდო.
– დედის როლი თქვენს ცხოვრებაში... და თავად როგორი დედა ხართ?
– ო... დედა, დედა – ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ყველაზე მწვავე კრიტიკოსი. არაფერია მისი შექების ფასი. სამივე ისე გაგვზარდა, რომ ქებით არ გავუნებივრებივართ. დღეს მადლობას ვუხდით. სამაგიეროდ, როცა გვაქებს, ვიცით, რომ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ. ყველაზე ამაყი ვარ ჩემი მშობლებით, რომლებმაც უთბილესი, ლაღი ბავშვობა მაჩუქეს. დღემდე, როცა მათთან ვარ, თავი სულ პატარა მგონია. ფუფუნებაა, გყავდეს მშობლები, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან. საიდუმლო არ მაქვს, რომელსაც პირველად დედა არ იგებს. ჩემი ოცნებაა, ვიყო ისეთი დედა, როგორიც დედაჩემია. რაც ასაკი მემატება, ვემსგავსები, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი.
– რთულია იყო სამი შვილის დედა, მეუღლე და გქონდეს წარმატებული კარიერა?
– რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა არაფერია ამაზე დიდი ბედნიერება. ძალიან ამაყი დედა ვარ, ყველაზე გამგები შვილები მყავს. ედუ და სანი, მორჩილად იტანდნენ, რომ დედა 8 საათი როიალთან იჯდა. დღემდე გული სწყდებათ, რომ აღარ იმართება ჩემი კონცერტები. ანდრუშა დღეს ისეთი ბედნიერია, როცა ეკრანზე მხედავს – კოცნის (იცინის). მგონია, ყველაზე მთავარი დროის სწორი განაწილებაა. და ის საქმე, რასაც აკეთებ, ჰობად უნდა აქციო.
– ცოტა ხნის წინ, პატარა ედუარდი ბულინგის მსხვერპლი გახდა. რას ეტყოდით საზოგადოებას, როგორც დედა?
– სიმართლე გითხრათ, ამ თემას აღარ მინდა შევეხო. ერთი, რასაც ვიტყვი – მსოფლიოში ყველა დედას უნდა, ჰყავდეს ბედნიერი შვილები და ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი.
– თქვენ და სანდრო შელია, ამდენი წლის შემდეგ, კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი ხართ, რისი დამსახურებაა ეს?
– პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემის, იმ მრავალწლიანი ისტორიით, რაც გვაკავშირებს. ზოგჯერ გვგონია, რომ მოგონება აღარ გვაქვს ერთმანეთის გარეშე. არ გვიჭირს დათმობა. ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ. როცა საფუძველი დიდი სიყვარულია, მეტი მოგვეთხოვება. ჩვენც ვცდილობთ, მოვუფრთხილდეთ და გავანებივროთ ეს ურთიერთობა. სხვათა შორის, სანდრომ დაასრულა წიგნის დაწერა. „ღამის რეისის“ წაკითხვა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. ის ფანტასტიკურად აღწერს თავის ამერიკულ და ქართულ თავგადასავლებს და ასევე, დეტალურად ყვება ჩვენი სიყვარულის ისტორიას.