კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვინ სთხოვს კრისტი ყიფშიძეს შვილის გაჩენას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მოდელი კრისტი ყიფშიძე, როგორც თავად ამბობს, მზის ადამიანია და ყოველ დილით ბედნიერების შეგრძნებით იღვიძებს. განსაკუთრებით უყვარს ზაფხულის სეზონი. ის ყოველთვის იდეალურ ფორმაშია, არასდროს მალავს ასაკს და უკვირს, როცა მის წლოვანებას ხაზს უსვამენ. როგორც ყველა ადამიანს, მასაც მოუხდა ცხოვრებაში რაღაც-რაღაცების გადაფასება და ნეგატიური ადამიანებისგან ცუდი ენერგიის ასხლეტა.
  კრისტი ყიფშიძე: ზაფხული ძალიან მიყვარს. ყველაზე კარგად ამ დროს ვგრძნობ თავს და სეზონისთვის განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე. ზოგადად, მიყვარს მოგზაურობა და ის ქვეყნები, სადაც სულ ზაფხული, მზე და სითბოა. სამწუხაროდ, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო მოგზაურობა ცოტა ხანს უნდა დავივიწყო. წელს ზაფხულს საქართველოში გავატარებ. მზე და წყალი ყველაზე მეტად მიყვარს, ასე რომ, ზაფხულის ადამიანი ვარ და ბედნიერი ვარ დიდი დოზით. წელიწადის ეს დრო, ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება. ჩემი დევიზია: ამ პერიოდში გადაიცვი ფრიალა სარაფანი, ღია ფეხსაცმელი მოირგე, მაკიაჟზე უარი თქვი და ისიამოვნე სითბოთი!
– წინასწარ თუ დაგეგმე წლევანდელი ზაფხული, სად აპირებ ცხელი დღეების გატარებას და ვისთან ერთად?
– წინასწარ არასოდეს ვგეგმავ. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ახლახან, ზუგდიდში  გახლდით,  მეგობართან ერთად. დიდი ხანია, მარტვილის კანიონის მონახულება მინდოდა. ეს კარანტინის მერე პირველი გასვლა იყო. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, არაჩვეულებრივი მასპინძლობა იციან ზუგდიდში. მიყვარს ეს მხარე შემდეგი გაჩერება კი, ვფიქრობ, ალბათ, ზღვის სანაპირო იქნება. ახლა თბილისში ვარ. მაქვს საკუთარი სახლი, ეზოში ულამაზესი ბაღით და ამ ჩემს საკუთარ „სამოთხეში“ თავს გადასარევად ვგრძნობ – ვირუჯები, ვისვენებ... ზოგადად, თუ საქმე არ მაქვს, სახლის ადამიანი ვარ. ჩემი რეჟიმი მაქვს და სახლშიც გადასარევად ვგრძნობ თავს, ხალხმრავალ ადგილებს ვერიდები.
– ასაკის მატებასთნ ერთად, თუ გადააფასე შენი განვლილი წლები. ნანობ რამეს?
–  ძირითადად, ურთიერთობების გადაფასება მოხდა. ადრე უფრო კონტაქტური ვიყავი, ბევრ ადამიანთან შემეძლო მეგობრობა და ურთიერთობა. ახლა კი ვერიდები. რამდენიმე ახლო მეგობარი მყავს და მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გადაფასება იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ინანო. სინანული ხასიათზე ცუდად აისახება, ამიტომ ასე ვუდგები ამ საკითხს: რაც მოხდა, ასე იყო საჭირო. ეს ბედისწერაა, უფლის ნება და სინანული ზედმეტია. არ უნდა იფიქრო ცუდზე და ნეგატივზე. მოკლედ, მე, არცერთ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ.
– ხშირად ქალები ასაკს მალავენ.
– მე არასოდეს ვმალავ ჩემს წლოვანებას. 42 წლის ვარ. ხშირად, მეუბნებიან: ვაიმე, ასაკი არ გემჩნევა, უბერებელი ხარო (იცინის). არ ვთვლი, რომ 42 წლის ქალი ასაკოვანია. ჩემი იდეალი ქალი საქართველოში ნანი ბრეგვაძეა, რომელიც ყოველთვის გადასარევად გამოიყურება. მხოლოდ გარეგნობა კი არ არის მთავარი, არამედ, იყო მოწესრიგებული და იცოდე შენი თავის ფასი. ნელ-ნელა მეც ვსწავლობ საკუთარი თავის ფასს და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას. ისეთი უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორიც ხარ. ეს ეგოიზმი არ არის. კარგთან ერთად ცუდი პერიოდები ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ, ამან არ უნდა
იმოქმედოს შენს თვითშეფასებაზე. პირადად მე ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ და სირთულეებს ადვილად ვუმკლავდები.
– რა გეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყო?
– ყველა ადამიანს თავისი საიდუმლოებები აქვს და მეც ჩემებური მიდგომა გამაჩნია, ვიცი, როგორ გამოვიყვანო ჩემი თავი რთული სიტუაციიდან. ამაში მეხმარება მედიტაცია. მთავარია, ადამიანი ჯანმრთელი იყოს, სხვა პრობლემა ადვილად გადასალახავია.
– ხშირად ყოფილხარ ჭორებისა და შურის მსხვერპლი. ეს არ მოქმედებს შენზე?
– საერთოდ  არ ვაქცევ ყურადღებას ჭორებს. არც ვუსმენ, არ მაინტერესებს. თუ ჭორაობენ, ესე იგი, საინტერესო ადამიანი ვარ და აინტერესებთ ჩემი პიროვნება. ჰოდა, იჭორაონ (იცინის). ვაღიარებ, მეც მიყვარს დაქალებთან ჭორაობა, ოღონდ უბოროტო.
– ხშირად დებ სოციალურ ქსელში თამამ ფოტოებს. ფიქრობ, რომ სანამ ახალგაზრდა ხარ, სხეული გიწყობს ხელს და ფორმაშიც ხარ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენო?
– მე მოდელი ვარ და თუ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გადავიღებ ფოტოს, რა გასაკვირია? წლების წინ, რეკლამაში გადამიღეს – ქუსლებზე შემდგარი მოვდივარ საცურაო კოსტიუმით ქუჩაში და ატყდა ერთი ამბავი. დღეს კი ყველა მოდელია, ყველას აქვს „ინსტაგრამი“ და საცურაო კოსტიუმშიც დებენ ფოტოს. ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს და ეს ჩვეულებრივად აღსაქმელია. სხვათა შორის, როცა ფოტოს ვდებ და ჩემს გვერდზე რაიმე ნეგატიური კომენტარი იდება, ვშლი. არ მინდა, ბოროტი ენერგეტიკა ჩემს სოციალურ ქსელში იყოს.
– ადამიანისგან წამოსულ ნეგატიურ ენერგიას როგორ ისხლიტავ?
– ნეგატიურ ენერგიას ადვილად ვისხლიტავ. მაგალითად, გამძაფრებული მაქვს ინტუიციური სენსორები, ადვილად ვგრძნობ, ვინ არის ჩემთვის ნეგატიური ადამიანი და მასთან კონტაქტს ვერიდები.
– ვიცი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა  და ბევრი კარგი შანსი გქონდა, გათხოვილიყავი და მეორე ოჯახი შეგექმნა, რატომ თქვი უარი და ახლა რა ხდება შენს პირადში?
– ეს ძალიან პირადული თემაა და ალბათ, ესეც ბედისწერაა, რომლისაც მე ძალიან მჯერა. შეგიძლია, ყოველდღე გათხოვდე და მეორე დღეს გამოთხოვდე, მაგრამ ეს სწორია? სანამ ადამიანთან ჰარმონიას არ ვიპოვი და არ მივხვდები, რომ ენერგეტიკულად ჩემია, ანუ ის არის, რაც მე მინდოდა, ისე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. ალბათ, ასეთი ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა და თან, ისე მივეჩვიე მარტო ყოფნას, თავს ასეც  ძალიან მშვიდად ვგრძნობ. თუმცა, ისეც არ არის, იჯდე და ბედს ელოდო, ცოტა შენც უნდა იაქტიურო. ჩემს გოგოს, ნატალიას უნდა, რომ გავთხოვდე და მეუბნება: არ მინდა, მარტო იყოო. თან, ორი ძმა ჰყავს და დაიკო უნდა. რამდენად ავუსრულებ ამ სურვილს, ვერ გეტყვით (იცინის). ნატალია ჩემგან განსხვავებულია, თავისებური ტიპია. ჩემთვის მთელი სამყაროა და მინდა, ძალიან ბედნიერი იყოს. ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ.
– თქვი, მივეჩვიე და მარტოც კარგად ვგრძნობ თავსო. ანუ ქალს რომ თვალები უბრწყინავდეს და ცხოვრებაში სტიმული ჰქონდეს, მამაკაცის გვერდით ყოლა აუცილებელი არ არის?
– არ არის აუცილებელი, ბედნიერი მხოლოდ მაშინ იყო, თუ კაცი გიდგას გვერდით. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს შვილი, მაქვს დიდი და არაჩვეულებრივი ოჯახი, და და დისშვილები. ისინიც ჩემი შვილები არიან და სულ ვამბობ: მე სამი შვილი მყავს-მეთქი. და, რაც მთავარია, მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც 25 წელია, ვემსახურები. ეს იმდენად ჩემია და იმდენად მიყვარს, ამის გარეშე მართლა ვერ გავძლებ. სანამ შევძლებ, ვიდგები პოდიუმზე. ანუ, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი. ზოგადად, ცხოვრებაში გამიმართლა და დილით რომ ვიღვიძებ, უკვე ბედნიერი ვარ. არ ვარ მეოცნებე ტიპი. არ მიყვარს ოცნება, უფრო სურვილები მაქვს და მის ახდენაზე ვარ ორიენტირებული. როცა ძალიან გულით მინდა, ის აუცილებლად მიხდება. ზოდიაქოთი, „სასწორი“ ვარ და ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გადაწყვეტილების მიღებაში ცოტა რთულები და მერყევები არიან. ორი კაბა რომ დამიდოთ წინ, ვერ მივხვდები, რომელი მინდა. თუ ერთი ავიღე, მერე ვნანობ და მეორე მომწონს. თუ ორივე ავიღე, მერე არცერთი აღარ მინდა (იცინის). ზოგადად, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად გავიაზრე რაღაც-რაღაცები, გლობალურად დავფიქრდი, მივხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში არ არის საჭირო ფუფუნების საგნები. კარგი ცხოვრება ის არის, როცა დილით გაიღვიძებ და სუფთა ჰაერს სუნთქავ, ბედნიერი ხარ და ჯანმრთელი. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერების შეგრძნებაა მთავარი და თუ რამე გინდა, შენი შრომით აუცილებლად გექნება.

скачать dle 11.3