№30 გია ბაღაშვილი: არ მესმის მათი, ვინც ამტკიცებს, რომ განვლილ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: გია.
გვარი: ბაღაშვილი.
პროფესია: მუსიკის მცოდნე, პროფესორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. საოცარი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი: ანსამბლ „ივერიის“ წევრები, თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის ფეხბურთელები – ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია... 1978 წელს, როცა თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, საზეიმო ბანკეტი გაიმართა. მაშინ 7 წლის ვიყავი. უზარმაზარი, საფეხბურთო სტადიონის ფორმის, ორმეტრიანი ტორტი საგანგებოდ დაამზადეს, ფეხბურთელებით, საფეხბურთო კარებითა და ყველა საჭირო საფეხბურთო ატრიბუტით. საკონდიტრო ხელოვნების ნამდვილი შედევრი იყო. მახსოვს, როგორ მომეწონა ტორტის ცენტრალური ნაჭერი, სადაც შავი და თეთრი შოკოლადის კრემისგან დამზადებული ფეხბურთის ბურთი იყო მოთავსებული. როგორც ჩანს, ალექსანდრე ჩივაძემ და ვიტალი დარასელიამ ჩემი რეაქცია შეამჩნიეს და ეს ნაჭერი ჩემთვის მოატანინეს. დღემდე მახსოვს საოცარი სიხარულის განცდა და იმ შოკოლადის ბურთის გემო.
– მშობლების როლი...
– მშობლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ სიცოცხლე მაჩუქეს, მათ მოახერხეს მთავარი – მე და ჩემი და, თეონა, სიყვარულის ატმოსფეროში გაგვზარდეს. ყველაფერს შეგონებების გარეშე, პირადი მაგალითით გვასწავლიდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ორივე ჯანმრთელად მყავს. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ მე და მამაჩემს საერთო საქმე გვაქვს და უკვე რამდენი წელია, ერთსაც და მეორესაც, სახელით ლამის აღარც მოგვმართავენ და ასე გვიწოდებენ – „მამა-შვილი ბაღაშვილი“.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– კარატისტი. წლების განმავლობაში სერიოზულად ვვარჯიშობდი კიდეც შოტოკან კარატე დო-ში და მაქვს პატივი, შავი ქამრისა და მესამე დანის მფლობელი ვიყო. თანაც, ჩემი აღმზრდელი გახლდათ ლეგენდარული პიროვნება, საქართველოში კარატეს სკოლის ფუძემდებელი, ბატონი ზურაბ ლეჟავა. ვინაიდან კარატეში ხელის ტრავმები ხშირია, მუსიკოსის პროფესია რომ არ დამეკარგა, იძულებული გავხდი, საბრძოლო ხელოვნების ამ არაჩვეულებრივი სახეობისთვის თავი დამენებებინა. თუმცა, თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ ჩემთვის. კარატე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
– პროფესიული ჩვევა...
– უკვე 30 წელია, ფილარმონიის სცენაზე, სანამ მაყურებელი დარბაზში შემოვა, კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როიალზე ერთსა და იმავე საფორტეპიანო სავარჯიშოს ვუკრავ.
– ადამიანში ვაფასებ...
– სულგრძელობას.
– წარმატებული ადამიანი არის...
– შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და რაც მთავარია, არაორდინარულად მოაზროვნე.
– მეშინია...
– ახლობელი ადამიანის გარდაცვალების.
– მწამს...
– რომ სამყარო შემთხვევით და უმიზნოდ არ შექმნილა.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი ჭეშმარიტება და სიყვარულია. ის ყველგანაა, მათ შორის შენში და მას მხოლოდ მაშინ შეიმეცნებ, როცა იწამებ. დაახლოებით, ისე, როგორც ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „...არის საგნები, თუ არ იწამე, ვერ დაინახავ“.
– მაკვირვებს...
– „რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა“...
– ბედისწერა...
– მწამს იმის, რომ ღმერთმა მოგვცა კეთილი ნება, გავაკეთოთ არჩევანი სიკეთესა და უკეთურობას შორის. ამის მიღმა არსებობს თუ არა ბედისწერა, რომელიც მოვლენებს წინასწარ განსაზღვრავს, ეს ღმერთმა უწყის.
– ადამიანის მთავარი მისია არის...
– შეიცნოს საკუთარი თავი.
– საკუთარ თავში მომწონს...
– შრომისმოყვარეობა, მაგრამ არ მომწონს არაპუნქტუალურობა.
– ფრაზა, რომელიც მიყვარს...
– „ყველა სიკეთე, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს, თესავს“ - ბერტოლდ ბრეხტი.
– ამქვეყნად ვეძებ...
– თანამოაზრეებს და ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს.
– ვერიდები...
– ადამიანის უსამართლოდ გულის ტკენას.
– სიყვარული – ეს არის...
– ღმერთის არსებობის ყველაზე მკაფიო დასტური.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარულის ცნობილ ამბავზე დროსთან მიმართებაში დაწერილ, მამაჩემის ერთ სტროფს გავიხსენებ, ანსამბლ „ივერიის“ მიუზიკლიდან „ფიროსმანი“:
„დროს ვერავინ შეაჩერებს,
დროს ვერავინ გაუძლებს,
ვაი მას, ვინც ჩამორჩება,
ვაი მას, ვინც გაუსწრებს.“
– იდეალური ქალი არის...
– კეთილშობილი.
– ქალს ალამაზებს...
– ინტელექტი.
– ის, რაც უპატიებელია...
– მუხანათობა.
– შემშურებია...
– მხოლოდ იმის, ვინც რასაც უნდა, როცა უნდა, შეუზღუდავად ჭამს, სვამს და წონაში არ იმატებს.
– არ მომწონს...
– როცა ადამიანი არ არის გულწრფელი. სიყალბე ერთნაირად გამაღიზიანებელია როგორც ცხოვრებაში, ისე – სცენაზე.
– ვიტყუები, როცა...
– ვაგვიანებ.
– ვნანობ...
– შეცდომებს, რომლებიც ცხოვრებაში დამიშვია. ამიტომაც არ მესმის მათი, ვინც ამტკიცებს, რომ საშუალება რომ ჰქონოდა, განვლილ ცხოვრებაში მაინც არაფერს შეცვლიდა.
– ვაგროვებ...
– საინტერესო მოგონებებს.
– ვზარმაცობ...
– თითქმის არასოდეს.
– არასოდეს დამავიწყდება...
– როგორ დამიძახეს ჩემმა ნინიმ, ლიზამ, მარიამმა და ანასტასიამ პირველად მამა.
– თავისუფლება არის...
– თავისუფლების მრავალი განმარტება არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ვეთანხმები იმას, რომ თავისუფლება, ესაა ხელმისაწვდომი არჩევნის სიმრავლე.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– 1989 წლის 9 აპრილის დილას, ჩემს მშობლიურ უბანში, ვაკის პარკის წინ, რუსული ტანკის დანახვამ... ამის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, შევიტყვე, რომ ქალები და ბავშვები დაგვიხოცეს. პირველად მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავდა სიმწრის ცრემლი.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რასაც შენ თავს არ უსურვებ.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– შევეცდებოდი, მეტი ადამიანი გამეხარებინა.