კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 არმენ ოგანესიანი: ჩემი სახლი თოჯინების მუზეუმია

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ზღაპრულ სამყაროში მოხვედრა და წუთიერად ბავშვობაში  დაბრუნება თუ გსურთ, არმენ ოგანესიანის მიერ შექმნილი თოჯინები უნდა ნახოთ. ეროვნებით სომეხი, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი მეთოჯინე, საოცარ არსებებს ქმნის. არმენი 32 წლისაა. ზუსტად არ ახსოვს, როდის შექმნა პირველი თოჯინა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ყოველთვის ამ საქმით იყო დაკავებული. მისი ჯადოსნური თოჯინები არაერთი უცხო ქვეყნის თეატრის სცენასა და კერძო კოლექციას ამშვენებს.
  არმენ ოგანესიანი: მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანში დავიბადე. საქართველოს შვილი ვარ, მაგრამ ეროვნებით სომეხი. უმაღლესი განათლება ერევანში მივიღე, პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, რადგან ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. დედასგან ვიცი, სულ პატარას, ერთი წლისას დამიწყია ხატვა. მეუბნება: როგორც კი ხელში ფანქარს ან კალამს დაიჭერდი, კედლებზე იწყებდი ლამაზთვალება, გრძელთმიანი ქალების ხატვასო. რაც თავი მახსოვს, ვხატავ, მაგრამ თოჯინები სულ სხვა სამყაროა.
– როდის და რატომ დაიწყე თოჯინების შექმნა?     
– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი თოჯინა, რადგან ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ ჩართული. მათგან მხოლოდ ერთი შემომრჩა – წითელი ყარაჩოღელი, რომელიც წლების წინ, ჩვეულებრივი გაჯით გავაკეთე – თიხა არ მქონდა. მარტო ხატვით არ ვიყავი კმაყოფილი, მინდოდა, კიდევ
რაღაც სხვა შემექმნა და გამეკეთებინა. თოჯინებთან ერთად ზღაპრებსაც ვწერ. გონებაში ჯერ თოჯინა, პერსონაჟი იქმნება და მერე მასზე იწერება ზღაპარი. თავად თოჯინა, ხომ, ისედაც ცოცხალი ზღაპარია? ადრე არ იყო ინტერნეტი და არ გვქონდა წვდომა გარკვეულ საკითხებთან, მაგალითად, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ თავად გვიწევდა ფიქრი. ახლა გაცილებით მარტივია – ვიდეოდან შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ. ალბათ, სწორედ, ნიჭის დამსახურებით, ინდივიდუალურად ვისწავლე თოჯინების გაკეთება.
– შენი თოჯინები გამოფენებსა და ფესტივალებზე იღებენ მონაწილეობას?
– ორი პერსონალური გამოფენა მქონდა, ერთი – თბილისში, მეორე – ერევანში. ახლა თბილისში მინდა, გავაკეთო თოჯინებისა და კოლაჟების პერსონალური გამოფენა. საქართველოსა და სომხეთში ეს თემა ჯერ არ არის იმდენად  პოპულარული, როგორც ევროპაში. ვქმნი კოლექციურ თოჯინებს, ასევე, თეატრებისთვისაც. თბილისში თავად დავაარსე სომხური თოჯინების თეატრი, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ენის შენარჩუნება შევძელი. თუმცა, ეს თეატრი არა მხოლოდ სომხებისთვის, ქართველებისთვისაცაა, რადგან ქართული კულტურის გამავრცელებელი იქნება. დიდი სურვილი მაქვს, ფიროსმანის ცხოვრებაზე შევქმნა ქართული ზღაპარი.
– როგორც ვიცი, კორონავირუსის თემაზეც შექმენი თოჯინები...
– დიახ, პანდემიის დროს ბევრი ნამუშევარი გავაკეთე. მარნეული ჩაკეტილი იყო და გასვლის საშუალება არ მქონდა.  კორონას თემატიკაზე შევქმენი თოჯინები: „ქალბატონი კორონა“, „კარანტინის შემდეგ“, „შეყვარებული წყვილი კარანტინის დროს“ –  ეს მძიმე თემა ცოტა რომ გამემხიარულებინა,  გიტარაზე გავაკეთე სახლი, სადაც თოჯინები კარანტინში არიან.
პირველ სართულზე მცხოვრებ ბიჭს შეუყვარდება მეორე სართულზე მცხოვრები გოგონა და მათი სიყვარული ჭორიკანა და მოთვალთვალე მეზობლების გარეშე ღვივდება (იცინის). მოკლედ, თითოეულ თოჯინას თავისი შექმნის ისტორია აქვს.
– რამდენად რთულია სამუშაო პროცესი? რა მასალით მუშაობ?
– რთულია, მარტივი არაა, მაგრამ გააჩნია ზომასა და თემატიკას. თოჯინის შექმნას მარტო ხატვა არ სჭირდება, უნდა იცოდე ქანდაკება, გეხერხებოდეს კერვა, გესმოდეს დიზაინი და ასე შემდეგ. ელემენტარული, ფეხსაცმელი, რომ შეუკერო, ამასაც მეწაღეობის პროფესიულ დონეზე ცოდნა სჭირდება. ერთი თოჯინის შექმნა სხვადასხვა პროფესიას აერთიანებს, რაც, რა თქმა უნდა, რთულია. ხელებსა და სახეს გერმანული თიხისგან ვამზადებ, რომელიც საქართველოში იშვიათად გვხვდება. სამოსის შეკერვაში დედა მეხმარება, ოღონდ ჩემი მითითებებით კერავს.
– თემატიკას რის მიხედვით არჩევ? გასხვისება არ გიჭირს?
– თუ მომეწონა, თემას ნებისმიერი ამბისგან ავიღებ, წიგნიდან, ბაზრიდან, ქუჩიდან და ასე შემდეგ. ყველა თოჯინას თავისი სახელი აქვს. არის პერსონალური თოჯინები, რომელსაც უშუალოდ პიროვნების ან
პერსონაჟის მიხედვით ვქმნი. შექმნის პროცესში თოჯინას ველაპარაკები და ვეუბნები: შენ ჩემი არ ხარ, შენ უნდა წახვიდე სხვასთან. მერე მიმარტივდება მისი გასხვისება. ასე საკუთარ თავზე ვმუშაობ.
– რამდენად არის საქართველოში თოჯინების მიმართ ინტერესი? შენი კოლექცია რამდენ თოჯინას მოიცავს?
– ინტერესი არის, მაგრამ ისე, რომ კოლექციონერები იყვნენ  – არა. თუმცა, საქართველოში ბევრად არიან დაინტერესებულები, ვიდრე სომხეთში. არ მახსოვს, ზუსტად რამდენი მაქვს, მაგრამ, თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ მთელი სახლი თოჯინების მუზეუმია. ჩემს ძმას არ უყვარს თოჯინები, ხელოვნებასთანაც არ აქვს შეხება და ხუმრობით მეუბნება ხოლმე: მე რომ მოვალ, ყველაფერი შეინახეო (იცინის).
– კერძო კოლექციონერები თუ იძენენ შენს თოჯინებს?
– თავიდან სხვადასხვა მაღაზიასთან ვთანამშრომლობდი, მერე მქონდა კერძო შეკვეთები „ფეისბუქით“. ასევე, ვმუშაობ სხვადასხვა თეატრში მეთოჯინედ. ჩემს თოჯინებს, ძირითადად, უცხოელ კერძო კოლექციონერებთან ნახავთ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში, ფილმებში. ერთ-ერთმა გერმანელმა რეჟისორმა ფარაჯანოვზე გადაიღო ფილმი და ჩემი თოჯინები როგორც მსახიობები, ისე მონაწილეობენ. ეს კარგია და მახარებს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, თოჯინები საქართველოში დარჩეს.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის იური მეჩითოვს.

скачать dle 11.3