№30 ვისი ზარი იყო მარიამ როინიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და როგორ გადადის ის წყნეთის ტყეში სხვა განზომილებაში
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
პოზიტიური, ენერგიული და ნიჭიერი მომღერალი მარიამ როინიშვილი, ბოლო დროს შექმნილი სიტუაციის გამო, თვეებია, სცენაზე არ მდგარა. არადა, ამბობს, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მსმენელის ოვაციისა და ენერეგეტიკის გარეშე, უჭირს. 25 ივლისს წყნეთის ტყეში, ამფითეატრში დაგეგმილია კონცერტი, სადაც მარიამი თავის მეგობარ კოლეგებთან ერთად იმღერებს და ამბობს, რომ ღია სივრცეში, უღრან ტყეში სიმღერას სხვა ემოცია მოაქვს.
მარიამ როინიშვილი: საკმაოდ დიდი ხანია, არც მე და არც ჩემი კოლეგები სცენაზე არ ვმდგარვართ და არ გვიმღერია. მატერიალურს რომ თავი დავანებოთ, სცენა მომღერლისთვის, მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადამიანი თუ არ იხარჯება იქ, სადაც მისი კომფორტის ზონაა, შეიძლება, ამან დიდი შემოქმედებითი უკუსვლა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ისევ ჩავდგებით იმ ფორმასა და რეალობაში, სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ. კიდევ ვამბობ, მართლა ძალიან ძნელია, როცა იცი, ჯერ კიდევ შეგწევს ძალა, დაიხარჯო, ახალგაზრდული სული გამოიყენო, ბევრს მიანიჭო სიამოვნება და ამისთვის რეალობა არ გიწყობს ხელს. როცა მსმენელი ტაშს გიკრავს, თითქოს სულს გიბერავს, ახალ სიცოცხლეს გძენს და ხვდები, რამდენად სჭირდება შენი შემოქმედება სხვებს.
– ეს „ახალი სიცოცხლეები“ გენატრება და გაკლია?
– როგორ არ მაკლია?! მსმენელის ენერგეტიკა და ოვაცია ყველა მომღერლისთვის მნიშვნელოვანია და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, ოთახში რომ შევიკეტები და ვმღერი, იქ მაქსიმალურად ვიხარჯები და ვაძლევ თავს უფლებას, მაყურებლისთვის არა, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვაკეთო ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ვდგავარ თუ არა სცენაზე, მაინც სულ ვმღერი. სახლშიც, სულ ღიღინ-ღიღინით ვაკეთებ საქმეს (იცინის). ამის გარეშე ჩემი იცხოვრება წარმოუდგენელია. სხვათა შორის, პანდემიის დროს, სახლში გამოკეტილმა, ისეთი არიების შესწავლას დავუთმე დრო, რომლისთვისაც ადრე ვერ ვიცლიდი. მოკლედ, დროის მეტი რა მქონდა, გადავშალე არიები და ჩავუჯექი (იცინის).
– 25 ივლისიდან წყნეთის ტყეში აგებულ ამფითეატრში ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტ არტის“ მიერ დაგეგმილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ათი კონცერტის სერია, სადაც შენს კოლეგებთან ერთად დადგები სცენაზე. თუ მოინახულე ის ადგილი და რა გრძნობაა შენთვის ტყეში, სუფთა ჰაერზე, დიდ და გაშლილ სივრცეში სიმღერა?
– დიახ, 25 ივლისს უღრან ტყეში მიწევს გამოსვლა და სიმღერა და ამისთვის საგულდაგულოდ ვემზადები. დამიკავშირდა არაჩვეულებრივი თეონა ჯორბენაძე, რომლის ზარიც გამოფხიზლებასავით იყო ჩემთვის (იცინის). როგორც კი ტელეფონმა დარეკა და ნომერს დავხედე, მივხვდი, კარგ ამბავზე მირეკავდა. მოკლედ, დავდგები წყნეთის ტყეში აგებულ ამფითეატრში სცენაზე, ჩემს უსაყვარლეს კონცერტმაისტერთან და კოლეგა-მეგობარ ოთარ ჯორჯიკიასთან, ნუცა ზაქაიძესთან, მარიამ ნაჭყებისთან, გიორგი გოდერძიშვილთან და ბესო კალანდაძესთან ერთად. სხვათა შორის, ოთოსთან გარდა მეგობრობისა, მირონიც გვაკავშირებს. ეს შემოთავაზება, მართლაც, როგორც საჩუქარი, ისე მივიღე, რადგან, ყველას გვენატრება სცენაზე დგომა. რაც შეეხება უღრან ტყეში სიმღერას, ისეთ ჰარონიაში მოდის იქ სიმღერა, სულ სხვა ემოცია მოაქვს და მსმენელისთვისაც დადებითი ემოციების მომტანი იქნება პაპანაქება სიცხის დროს ტყის სიგრილეში, მუსიკის ჰანგების მოსმენა. ასე რომ, ძალიან საინტერესო საღამო იქნება, ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს მათთვისაც და ჩვენთვის – შემსრულებლებისთვისაც. წინასწარ ვიყავი და ვნახე ამფითეატრი. მართლა იმდენად ჰარმონიულია ველურ ბუნებაში სიმღერა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. თითქოს სხვა განზომილებაში გადადიხარ.
– თქვი, პანდემიის პერიოდში, როცა სახლში მიწევდა იძულებით ყოფნა, მაქსიმალურად გამოვიყენე დროო. გარდა არიების შესწავლისა, კიდევ რას აკეთებდი?
– ჩემს შესაძლებლობებში არანაირი განსაკუთრებული ნიჭი არ აღმომიჩენია. უბრალოდ, მივხვდი, რომ თურმე, შემიძლია სამზარეულოში ტრიალი. ვერ ვიტყვი, გადასარევი კულინარი ვარ-მეთქი, თუმცა „უგემური“ ხელი ნამდვილად არ მაქვს (იცინის). თუ მოვინდომე, ყველაფერი გამომდის. თავადაც გურმანი ვარ და მაჩვენეთ ქართველი, ვისაც ჭამა არ უყვარს (იცინის). ასე რომ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი – ხან ვაცხობდი, ხან ვალაგებდი, ხან ბავშვს ვეთამაშებოდი. როგორც ყველა, მეც ისე გამყავდა დრო.
– სამზარეულოში ტრიალმა და ზედმეტმა თავისუფალმა დრომ თუ დაატყო ზედმეტი კილოგრამები შენს წონას?
– საბედნიეროდ, არა (იცინის).
– მარიამ, რამდენად გამართლებული ცხოვრება გაქვს?
– ვფიქრობ, არაფერი მაქვს საწუწუნო. ზოგადად, არც ვარ „მოწუწუნე“ ადამიანი. რასაკვირველია, პროფესიული კუთხით მეტი შემიძლია და იმედი მაქვს, თუ არ გავჩერდები და წინ და წინ გადავდგამ ნაბიჯებს, უფრო გამიმართლებს. ხომ ამბობენ, შრომა ყველას უფასდებაო? ჰოდა, მეც ასე მგონია. რაც მეტს ვიშრომებ, მით მეტად წარმატებული ცხოვრება მექნება. ახლა 25 ივლისის კონცერტზე ვარ გადართული და კიდევ ვამბობ, მჯერა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება.
– ესე იგი, კარიერაში ცხელი ზაფხულივით ცხელი დღეები გეწყება?
– არა მგონია, კარიერულად ცხელი დღეები ასე მალე დაიწყოს, თუმცა საინტერესო პერიოდი იწყება და ვნახოთ. მეც დიდი მოლოდინი მაქვს. როცა სცენაზე არ ვიდექი, ძალიან მაკლდა მაყურებლის თვალებიდან წამოსული ემოცია და მუხტი. არადა, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი მუხტია. ის ცოცხალი ენერგეტიკა, რაც დარბაზიდან მოდის, მარტო მე კი არა, ყველა ხელოვანს აკლია, ვინც სცენაზე დგას. სწორედ, ამ ენერგიის მონატრების შევსების მოლოდინში ვარ წყნეთის უღრან ტყეში მღერის დროს.
– როგორც ვიცი, ზოდიაქოთი „მშვილდოსანი“ ხარ და რამდენად კარგად გეხერხება მიზანში სროლა?
– დიახ, ზოდიაქოთი „მშვილდოსანი“ ვარ, თუმცა, რამდენად კარგი მსროლელი და მიზანში მომრტყმელი ვარ, ვერ გეტყვით (იცინის). ხშირად მქონია მიზანი ცხოვრებაში, მაგრამ არ გამომსვლია. ასე რომ, ყოველთვის, რასაც დავისახავ და „ვუმიზნებ“, არ გამოდის. თუმცა, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ნამდვილად ვარ.
– ამ ზაფხულს სად აპირებ დასვენებას და ვისთან ერთად?
– აგარაკზე ოჯახთან ერთად ვაპირებ ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარებას.