№30 ვერიკო ტურაშვილი: სტრესულ მდგომარეობაში სახლების ყიდვით ვირთობ ხოლმე თავს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
რამდენიმეთვიანი სახლში გამოკეტვის შემდეგ, ვერიკო ტურაშვილისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდი დაიწყო. წინ დიდი გეგმები აქვს და შესაბამისად, ბევრი საქმეც, რასაც ორი შვილის დედობასთან ერთად, თავს არაჩვეულებრივად ართმევს.
ვერიკო ტურაშვილი: ბოლო დროის, ჩემთვის ყველაზე საოცნებო პროექტის განხორციელება დავიწყე. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან მინდა, ჩემს მსმენელს სიურპრიზი გავუკეთო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ მუსიკოსთან ერთან გავაკეთე კოლაბორაცია და თუ ყველაფერი კარგად იქნება და ისევ სახლებში არ გამოგვკეტავენ, შემოდგომაზე ვგეგმავ ამ პროექტის ძალიან ხმაურიან პრეზენტაციას. თუმცა, მხოლოდ ეს არაა. ერთდროულად ბევრ რამეს ვაკეთებ. მე და ჩემი მეგობარი ვადგენთ ახალ საკონცერტო პროგრამას, სადაც მე და ჩემი კოლეგები შევასრულებთ არა მხოლოდ ჩვენს, განსხვავებულ რეპერტუარსაც. ძალიან ბრჭყვიალა და ასევე, ხმაურიანი პროექტი იქნება დიდ ბენდთან ერთად და პლუს ჩემი მუსიკალური სტუდია.
– ძალიან აქტიური ხარ. სამი პროექტი, პლუს მარტოხელა დედის სტატუსი და პასუხისმგებლობა ორი შვილის წინაშე. რა ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი?
– საერთოდ არაფერი არ არის რთული. ლიზა უკვე ისეთ ასაკშია, გარეთ რომ გავდივარ, მშვიდად ვუტოვებ უმცროს ქალიშვილს. რაც შეეხება მარტოხელა დედის სტატუსს, ქალები მარტოხელებიც რომ არ არიან და ქმარი ჰყავთ გვერდით, მამები მაინც ნაკლებად ითავსებენ ხოლმე შვილის დატოვებისა და მოვლის ფუნქციებს. ჩვენთან მამა უფრო გარეთაა გასული და დედა აგვარებს სახლურ ამბებს და შვილებთან ურთიერთობას. ამიტომ, მე არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. სულ სადღაც გავრბივარ, მერე სახლში მოვვარდები, უცებ რაღაცას გავაკეთებ და ისევ გავიქცევი, მაგრამ ეს ჩემზე ცუდად სულაც არ მოქმედებს, პირიქით, ძალიან მომწონს, ბევრი საქმე ენერგიას მმატებს.
– როცა რთული პერიოდი მაქვს, დეპრესიაში კი არ ვვარდები, გამოწვევების და რისკის წინაშე ვაყენებ საკუთარ თავს და ასე ვიყიდე რამდენიმე ბინაო, ნათქვამი გაქვს. როგორ ახერხებ?
– კი, მქონია ასეთი პერიოდები. მაგრამ ბოლო ორი წელია, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მოშვებული ვარ და აღარაფერი მიყიდია (იცინის). რა თქმა უნდა, ბანკის დახმარებით ვდგამ ამ ნაბიჯებს. ჯერ გამოწვევის წინაშე ვაყენებ საკუთარ თავს და მერე ვიწყებ იმაზე ფიქრს, როგორ მოვაგვარო ეს ყველაფერი. როცა ასეთ ნაბიჯს ვდგამ, საწყის ეტაპზე ჩემს ოჯახის წევრებს ვუმალავ ხოლმე. შეიძლება, გული წაუვიდეთ. წელიწადში ორჯერ გულისფანცქალით მეკითხებიან, კიდევ რამე ხომ არ ქენიო?! (იცინის) უფროსი შვილი ხასიათით მგავს და ცოტა მეშინია, მანაც ჩემი გზა არ გააგრძელოს. იმიტომ, რომ რეალურად, ასეთი რისკი მართლა ძალიან რთულია. ამას, პირველ რიგში, ჩემი და ჩემი შვილების დღევანდელი და სამომავლო კომფორტისთვის ვაკეთებ. მინდა, მათ არ ჰქონდეთ საფიქრალი ელემენტარულ რამეებზე, რომ მერე მშვიდად ისწავლონ, იმოგზაურონ და ის აკეთონ, რაც ენდომებათ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვდგამ ასეთ ნაბიჯს, თუ ნამდვილად ღირს გარისკვად. თუ კარგი ვარიანტი „ჩამივარდა ხელში“ მასზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. თორემ ვიცი, რომ ხვალ სასტუმროს ვერ ავაშენებ. თუმცა, შეიძლება, ავაშენო კიდეც. არც ეგაა გამორიცხული, ვფიქრობთ ამ თემაზე მე და ჩემი მეგობარი (იცინის). ასე ვიყიდე ერთი სახლი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ და მეორეც, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და როცა დამთავრდება, დიდი და ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი სახლი იქნება, რომელშიც შვილებთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას. მოკლედ, მქონია ცხოვრებაში სტრესული მდგომარეობა და ამით ვირთობ ხოლმე თავს (იცინის).
– ვიღაც რომ მიდის და თმას იჭრის, შენ სახლს ყიდულობ, არა?
– კი, ვიღაც თმას იჭრის და მე სახლებს ვყიდულობ (იცინის). ღმერთმა ყველას აშოროს რთული პერიოდები. თუმცა, სირთულესაც გააჩნია. რაღაცებზე, ამ გადმოსახედიდან, ძალიან მეცინება. მთავარია, გლობალური პრობლემის ან ტრაგედიის წინაშე არ დავდგეთ, თორემ ელემენტარული, ვიღაცასთან დაშორება ან ღალატი, უკვე იმდენად მსუბუქად მეჩვენება, მაგის გამო სახლებს ვეღარ ვიყიდი (იცინის).
– კაცებს რომ ძლიერი ქალების ეშინიათ, ამ აზრს, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ეთანხმები?
– გააჩნია ადამიანს. ვიღაცას მორჩილი ქალი ურჩევნია, ყველაფერზე რომ თვალებში შესციცინებს. სხვას – პირიქით, გვერდით ძლიერი და გონიერი ადამიანი უნდა. მაგალითად, ჩვენთან ხომ არაა პოპულარული მორჩილი კაცი, არ ითვლება სასურველად, მაგრამ არიან ქალები, ვისაც ასეთები ურჩევნიათ. ყველაფერი ინდივიდუალურია, ვისაც როგორი უნდა, ისეთი ჰყავდეს. ასეც ყოფილა, ისეც. ჩემი მყარი პოზიციები ვიღაცისთვის არ ყოფილა მოსაწონი, ესეც გამომიცდია. ახლა ისეთ ასაკში ვარ, ზუსტად ვიცი, რა მინდა, რისი დათმობა შემიძლია და რისი არა. არ ვამბობ, რომ მეომარი ქალი ვარ, უბრალოდ, ყველაფერს სურვილისამებრ ვაკეთებ და ვიცი, როგორი ადამიანია ჩემთვის სასურველი. თავისუფალი უნდა იყოს და ჩემი „გაშალაშინება“ და სათავისოდ გამოზრდა არ უნდა დააპიროს. ეს მიდგომა ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია.
– ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე რას ფიქრობ?
– არ ვთვლი, რომ ოჯახის შექმნა აუცილებელია, თუმცა რადიკალურად წინააღმდეგიც არ ვარ – როგორც ცხოვრება მოიტანს. რატომაც არა, თუ ისეთ ადამიანს ეხება საქმე, როგორთანაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ, მეც და ჩემი ძვირფასი ადამიანებიც, განსაკუთრებით ჩემი შვილები.
– შვილები როგორ რეაგირებენ მსგავს ამბებზე? მახსოვს, რომ უფროსი ცოტა ეჭვიანია.
– გაიზარდა, დიდი და გონიერი გოგოა, ჩვენ ვმეგობრობთ. სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე თუ დავდგები და იგრძნობს, რომ ეს ჩემი ბედნიერებისთვის აუცილებელია, არა მგონია, ლიზამ ფეხების ბაკუნი დაიწყოს. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჩემთვის მისი და ნატაშკას აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის George van de kamp-ს.