კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა საბედისწერო დამთხვევები მოხდა რეისზე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის სიცოცხლე ემსხვერპლა და როგორ მოხვდა ის იქ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  1953 წლის 14 ივნისს მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფ სხვა ადამიანებთან ერთად ქართული კინოს გამორჩეული სახის, ულამაზესი ნატო ვაჩნაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ისტორიის საინტერესო და საბედისწერო დეტალებზე მწერალი თეა ინასარიძე გვიყვება, ის ირაკლი ხახუტაშვილის შვილიშვილია – მფრინავის, რომელიც იმ დროს თვითმფრინავს მართავდა.
– 1953 წლის 14 ივნისი – საბედისწერო დღე, რომელმაც მთელი საქართველო დაამწუხრა, განსაკუთრებით კი თქვენი ოჯახი ბაბუის დაღუპვის გამო. როგორ იხსენებენ თქვენები ამ ტრაგედიას?
თეა ინასარიძე: ამ ისტორიის მოყოლას ძალიან ხშირად ვთხოვდი ნინა ბებიას, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. ბებიაჩემს პაპასთვის ცალკე ჰქონდა გაკეთებული დიდი ალბომი, სადაც მის ფოტოებს და ნახატებს ინახავდა. როდესაც პაპა ამ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ბებია 38 წლის იყო.  დედა – 12-ის, ბიძაჩემი, დათო კი – 14-ის. იმ დროს, ორივე ბანაკში ისვენებდა. დედა მიყვებოდა, რომ დილიდან ცუდ ხასიათზე ყოფილა. ოთახში დარჩენილა და უტირია. ეს კატასტროფა რომ მოხდა, საღამოს, ბებიაჩემის მეგობარი ჩასულა მანქანით და ბავშვები თბილისში წამოუყვანია, მაგრამ არ უთქვამს, რომ მათი მამა დაიღუპა. კატასტროფა მოხდა და მამა საავადმყოფოში დააწვინესო, ასე აუხსნია ბავშვებისთვის მდგომარეობა. ვერაზე ცხოვრობდნენ და როგორც კი მანქანიდან გადმოსულან, მთელი უბანი გარეთ ყოფილა შეგროვილი, ტიროდნენ, ირაკლი ჩამოვარდაო. ასე გაიგო დედამ მამის გარდაცვალების შესახებ. ბებია მიყვებოდა, რომ პაპას პანაშვიდები ტანსაცმლით გადაუხადეს. ნატო ვაჩნაძის მხოლოდ ხელი იპოვეს, რომელიც მისი ბეჭდით ამოიცნეს. მოგვიანებით, ბებია აეროპორტში დაიბარეს, სადაც ექვსი კუბო დაასვენეს (ეკიპაჟის წევრების). იყო ვერსია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნაში დამნაშავე ბერია იყო, რომელსაც ნატო უყვარდა და მისმა უარმა ძალიან გააბრაზა. როგორც ვიცით, იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო. პაპა ცდილობდა, დაკავშირებოდა სოხუმის აეროპორტის სადისპეტჩეროს, რომ დაჯდომის ნებართვა მიეცათ, მაგრამ კავშირზე არავინ გამოვიდა. არც თბილისის აეროპორტს მიუღია უსაფრთხოების ზომები. პაპა ცდილობდა მანევრირებას, მფრინავებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ელჭექის ღრუბლებში თვითმფრინავი ელვამ დააზიანა, უკონტროლო ფრენაზე გადავიდა და ფაქტობრივად, ჰაერშივე დაიშალა. ნაწილები დიდ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.
– მეორე ბაბუაც მფრინავი გყავდათ. თუ იცით მათი ურთიერთობის შესახებ?
– მეორე პაპას მოვესწარი, ვახტანგ ინასარიძეს. ის მიყვებოდა, რომ იცნობდნენ ერთმანეთს. ვახტანგს იმ რეისის შავი ყუთის ჩანაწერიც ჰქონდა მოსმენილი და მასაც ბევრი კითხვა ჰქონდა, უცნაური იყო სოხუმის ფრენების დირექტორის საქციელი, რატომ არ მიიღო საჭირო ზომები. მფრინავები ყველაფერს აკეთებდნენ გადასარჩენად, მაგრამ აუცილებელი იყო სადმე დაშვება.
– მოვუყვეთ მკითხველს ორივე ბაბუის საქმიანობისა და ინტერესების შესახებ.
– ირაკლი ხახუტაშვილი – ბაბუა, რომელიც ამ კატასტროფას შეეწირა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ყოფილა. ხატავდა, ლექსებს წერდა, ფორტეპიანოზეც უკრავდა. მისი რამდენიმე ნახატი შენახული გვაქვს. უცნაურია, რომ მას ნატო ვაჩნაძეც ჰყავდა დახატული. ბებიას გაცნობის ამბავი ლექსად დაწერა. ბებია მან თელავში, მეგობრის სახლში სტუმრობის დროს გაიცნო. ჯერ მისი ფოტო უნახავს და ძალიან დაინტერესებულა. რომ გაიგო, ბებია მატარებლით თბილისში მოდიოდა, გაქანებულ მატარებელს შეახტა და ვაგონში გამოეცხადა. როგორც ჩანს, მფრინავობაზე პატარაობიდანვე ოცნებობდა, რადგან სახლიდან დაუკითხავად გაიპარა. რამდენიმე დღე ეძებდნენ და მერე წერილი გაუგზავნა დედამისს, სადაც ბოდიშს უხდიდა და ატყობინებდა, რომ სამხედრო-საფრენოსნო სკოლაში ჩააბარა. ოდესაში სწავლობდა. მონაწილეობდა ომში, საავიაციო რგოლს ხელმძღვანელობდა. დაიჭრა კიდეც, კონტუზია მიიღო, მაგრამ მაინც სულ ცისკენ მიუწევდა გული. 2 000 პარაშუტისტი და მფრინავი მოამზადა. ბევრი სიგელი ჰქონდა მიღებული. ცაში  3 182 საათი გაატარა. რაც შეეხება ვახტანგს, ასზე მეტი საბრძოლო გაფრენის მონაწილე იყო და არაერთი მტრის თვითმფრინავი ჩამოუგდია. 4 მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი საბრძოლო და სამოქალაქო ავიაციაში. ბევრი ახალი თვითმფრინავის გამოცდაში  იღებდა მონაწილეობას. მანაც უამრავი მფრინავი მოამზადა. სხვათა შორის, ერთხელ შტორმშიც მოჰყვა.
– ბოლო, საბედისწერო ფრენა და შეცვლილი პილოტი...
– ირაკლი წესით ამ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის მეწყვილე პილოტს, ნიკალაი ბოჟენკოს ავეჯი უნდა ჩამოსვლოდა მატარებლით და ძალიან უნდოდა, სადგურში ჩამოესწრო. ამიტომ პაპას სთხოვა, რეისი გაეცვალათ. ამ თვითმფრინავით უნდა გამოფრენილიყო ვახტანგი. ესეც კიდევ ერთი საბედისწერო დამთხვევა, ჩემი ორი პაპიდან ერთ-ერთი ამ რეისზე მოხვდებოდა და დაიღუპებოდა. არც ნატო ვაჩნაძე უნდა მოხვედრილიყო ბორტზე, რადგან როდესაც ბილეთის საყიდლად მივიდა, ყველა ბილეთი გაყიდული დახვდა. 14 ივნისი მისი დაბადების დღე იყო. უცნობმა პოლკოვნიკმა თავისი ბილეთი დაუთმო მას. თვითმფრინავიც ნატოს სოფელთან ახლოს ჩამოვარდა...
– ოჯახის წინათგრძნობა...
– თითქმის ნახევარი ცხოვრება ცაში გაატარა პაპამ. იმდენად ხშირად დაფრინავდა, რომ არასოდეს გაუცილებია ოჯახს. მხოლოდ ამ ბოლო გაფრენის წინ გააცილეს. დედაჩემმა წითელი ფეხსაცმელები დააბარა. ბებია კი უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა. იმ ღამეს ცუდი სიზმარი ნახა – ვითომ შავ მიწაში ჩაყო ხელი და მთელი დღე ცუდს უგრძნობდა გული. მკითხავის ნათქვამი გახსენებია: ადრე მეგობარს გაჰყვა და მკითხავს უთქვამს, ქმარი ადრე მოგიკვდებაო. ბებია მაშინ გაბრაზებული წამოსულა... ნაშუადღევს მოულოდნელად ამოვარდნილა საშინელი ქარი, ჩამობნელებულა. ბებიას საათისთვის შეუხედავს, აინტერესებდა რა დრო იყო. საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, რა დროსაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
– ნატო ვაჩნაძე, 12 წლის გოგონა, მგზავრები, რომლებიც ამ რეისზე შემთხვევით მოხვდნენ...
– როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ბორტზე არალეგალურად ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთი იყო პატარა გოგონა, რომელიც მშობლებმა ნაცნობს გააყოლეს, თვითონ მატარებლით წავიდნენ და ბავშვი ამხელა გზაზე საწვალებლად შეეცოდათ. ასევე იყო კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც თავისი ნათესავის ნაცვლად მიემგზავრებოდა, მისი ბილეთით.
– როგორ გადაწყვიტეთ ამ კატასტროფის შესახებ წიგნის დაწერა და რა ინფორმაციას გაეცნობა მისი საშუალებით მკითხველი?
– მე სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე. მახსოვს, პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, ეს ისტორია მერაბ კოკოჩაშვილს მოვუყევი და მან მითხრა, რომ ამაზე საკურსო გადამეღო. ვფიქრობ, რომ ახლა უკვე მზად ვარ, ეს ამბავი დავწერო. ძალიან მინდა, იმ პერიოდის ატმოსფერო გავაცოცხლო. ამისთვის სულ არქივში ვეძებ რაღაცებს – მაშინ ხომ ყველაფერი სხვანაირი იყო?! თბილისიც – სულ სხვა... მაშინდელი ქალაქური ამბებიც მინდა ჩავრთო. მოკლედ, 40-50-იან წლებში ვიმოგზაურებთ. ამ მოთხრობას მივუძღვნი „ილ-12-ის“ ბორტზე მყოფ თვრამეტივე ადამიანს, დედას, ბებიას და ბიძაჩემი დათოს ხსოვნას, რომელიც სამწუხაროდ, ასევე, ადრე დაიღუპა.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის გიორგი ჟამერაშვილს.

скачать dle 11.3