№30 მესტია – განვითარებული ტურისტული რაიონი ქვეყნის მასშტაბით
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
მესტია ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრია, უმნიშვნელოვანესი ტურისტული ზონა ჩვენს ქვეყანაში. ვიზიტორების განსაკუთრებული მოთხოვნა, სწორედ, მესტიის ნახვაა, რადგან აქვს უნიკალური მდებარეობა, გამორჩეულია კლიმატით, სათხილამურო ზონებით, უძველესი ისტორიული ძეგლებით.
მესტია საქართველოში ტურისტების სიმრავლით ერთ-ერთი მოწინავეა. სვანეთს, როგორც დიდ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რეგიონს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს. ამიტომ ბევრი ტურისტისთვის ქვეყნის მონახულების მოტივაცია, სწორედ, სვანეთს უკავშირდება. შესაბამისად, ეს რეგიონი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდგრადი ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება, განსაკუთრებით კი მესტიის მერია ზრუნავს და მოთხოვნილების შესაბამისად ეტაპობრივად ახორციელებს ბევრ მნიშვნელოვან პროექტს. აღსანიშნავია, რომ როგორც ყველა მთიან რეგიონს, მასაც აქვს თავისი პრობლემები, რის აღმოფხვრასა და მოგვარებაში დიდი წვლილი შეიტანა მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ წლების განმავლობაში მესტიის რაიონი ვითარდება და ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია.
კაპიტონ ჟორჟოლიანი: აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი სახსრები 2013 წლიდან დღემდე 3 540 000 ლარიდან 16 907 895 ლარამდე არის გაზრდილი. ადგილობრივ თვითმმართველობას პირველად აქვს საშუალება, რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ადგილობრივი ბიუჯეტით მოაგვაროს.
სწორედ, ამან მოგვცა საშუალება მსოფლიო პანდემიის პერიოდში შეგვესყიდა საკუთარი სახსრებით 6 ერთეული სახნავი ტექნიკა. რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განსაზღვრას.
ასევე, ძირითადი პრიორიტეტი, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავთ, არის შიდა გზების, წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.
პრიორიტეტი
ერთ-ერთი პირველი, რაც გაკეთდა, იყო საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესწავლა. დასკვნამ აჩვენა, რომ ბაღების უმეტესობა იმდენად იყო მწყობრიდან გამოსული, რომ ბავშვებისთვის სახიფათო გარემოს წარმოადგენდა. მუნიციპალიტეტმა კი შეისყიდა თანამედროვე სტანდარტების 16 ბაღის შენობის პროექტი და დაიწყო მათი ეტაპობრივი განხორციელება. დღეისთვის დასრულებულია 7 თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბოლო წლებში კი გარემონტდა ყველა საბავშვო ბაღი, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ბაღების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება. განხორციელებული პროექტებიდან, ასევე, აღსანიშნავია ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზის მშენებლობა. წინა წელს დასრულდა ბეჩო-შიხრას 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომლის ფარგლებშიც დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი.
კულტურა და სპორტი
რაც შეეხება კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, წინა წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი. პროექტის ფარგლებში თეატრის არსებულ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რადგან მუნიციპალიტეტში მსგავსი კულტურის სახლი არ არსებობდა, ამ პროექტის განხორციელება არის ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენა მუნიციპალიტეტის ისტორიაში. რაც შეეხება სპორტის წახალისებას რეგიონში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდა, მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის მშენებლობა გახლავთ, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდობას სხვადასხვა სპორტის სახეობას სთავაზობს. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს მცირე ზომის სასტუმროსაც, რომელიც სპორტდარბაზს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების საშუალებას აძლევს. სპორტდარბაზები აშენდა სოფლებში: ხაიშში, ნაკრასა და ფარში. სოფელ ლენჯერში კი ძველი სპორტული დარბაზის დემონტაჟი და ახლის აშენების პირველი ეტაპი განხორციელდა.
P.S. მესტია ყოველთვის იყო და იქნება გამორჩეული ტურისტული ზონა და განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო მიმზიდველსა და კომფორტულს გახდის არა მარტო უცხოელი, არამედ ადგილობრივი ტურისტებისთვის.