№30 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი
დაფურ-ჩიტო-ოღლი – ქურდი, 1905 წელს თათრებსა და სომხებს შორის შეტაკებისას მეიდანზე ატეხილი სროლისას მოკლეს. როცა სიონის ქუჩაზე სამუილ აიზენბერგის საათების მაღაზიას ქურდავდა, ბარონ ბრიგენის პასაჟში მას „სოლოლაკის დამცველი“ რაზმელის ტყვია მოხვდა. მაშინ ავარდნილი ცეცხლით ნახევარი თათრის მეიდანი დაიწვა და ვორონცოვის ქუჩაზე უამრავი სახლი. გაიძარცვა და მიილეწ-მოილეწა ყველა აბანო გარდა თავად ორბელიანისა, რომელსაც ჯარი საგანგებოდ იცავდა და შიგ თავს თათრები აფარებდნენ. ამ შეტაკებისას რამდენიმე ასეული ადამიანი დაიჭრა და მოკვდა.
სელივან დვალი – ათი-თორმეტკაციანი ბანდის წევრი, 1908 წელს ოქროყანასთან, ხუცირევის დუქანთან ფოსტა რომ გაძარცვეს და 20 ათასი მანეთი გაიტაცეს. ჯერ სამი ბომბი ესროლეს და შემდეგ ცეცხლი მაუზერებიდან გახსნეს. ერთი ფოსტალიონი მოკლეს, მეორე – დაჭრეს, ოთხმა სტრაჟნიკმა კი, რომლებიც ფოსტას ახლდნენ, ხელი ვერ შეუშალეს ფულის წაღებაში, თუმცა გამოედევნენ და ერთი თავდამსხმელი მოკლეს. დვალი კი ამაღლების ქუჩის ბოლოში, ხრამში აღმოაჩინეს, საიდანაც კაზაკებს სროლა აუტეხა, მაგრამ მაინც დაიჭირეს. დააპატიმრეს ასევე მედუქნე ალექსანდრე ხურციევი და მეარღნე.
პეტო ორბელოვი – იგივე „შავი პეტო“, პირველად 1870 წელს წვრილ ქურდობაზე დაიჭირეს. მოიხადა ექვსთვიანი სასჯელი და მერე სოლომონ სარქისოვის დუქანში წაასწრეს და ისევ დაიჭირეს. წულუკიძის ციხიდან გამოქცევის შემდეგ ხვდება იმის ბანდაში. ერთად მოდიან სოლოლაკის უბანში, როცა დურგალ ტერ-ტომაზოვს გაძარცვავენ და წულუკიძის ნასროლი ტყვიით პოლიციელი დიუკანოვი კვდება. ორბელოვი პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან, კონდახსაზოვის დუქანში დაიჭერს ბინას და ბანდასაც აქ კრავს. მათე როსტევანოვი, ჯაბილოვი, ბიბილაშვილი, თაბუაშვილი, შაქრიშვილი, ჯეკაძე, ერაძე, კახელიშვილი ერთად მოუკრებია და ძარცვავენ იქაურობას. როცა მძვინვარებს 1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომი, პეტო თავის დამქაშებთან ერთად ოკოევის სახლში შევარდება, იმის მოურავს ხანჯლებით თავში და ფერდში დასჭრიან, მერე მოკვლას უპირებენ და ის იფიცებს, რომ ვერც ერთს ცნობს და აქედან ვერც გასცემს. ამად ინდობენ და მისდგებიან ოჯახის წევრებს, ოქოევის ცოლს ჩამოაცვამენ თავზე ტომარას, ქალიშვილს ხელში დასჭრიან, ოქოევსაც მიაყენებენ რამდენიმე ხანჯლის ჭრილობას და იქიდან ოცდახუთ ათას მანეთს წამოიღებენ, ფულად და ოქრო-ბრილიანტად. პოლიცმაისტერი განგაშს ატეხავს, გლებოვი მედუქნეებსა და კინტოებს დააწიოკებს და გაიგებს ბანდის ადგილსამყოფს, ან ვერაზე, სისოევის დუქანში, ანაც და კონდახსაზოვთან. ბანდა მანამდე კიდევ ასწრებს კასუმოვის ბინას დაეცეს, ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლებში და იქაც დასჭრის პატრონს. მათ გასცემს კონდახსაზოვის ხელის ბიჭი ტატო, ვინაც მანამდე ამათ ნაძარცვს მიწაში ფლავს, თუმცა პოლიციასაც აძლევს ნიშანს. ისინი დუქანში შეცვივდნენ და ბანდის ცხრა მონაწილეს აკავებენ. ორბელოვს სამხედრო კანონის მთელი სიმძიმით მიუსჯიან ჩამოხრჩობას, თუმცა გამოუცვლიან სამუდამო კატორღით და ნოვობორისოგლებსკის ციხეში უშვებენ.
სერგო შაროევი – იყო კულა გლდანელის გარშემო მოკრებილი ამფსონებიდან, სულ თან რომ დაჰყვებოდნენ და ჭიდაობის მერე ჩხუბსაც ატეხავდნენ. ის გაერია გლდანელის ამალაში ჯერ კიდევ როცა ის გოდფრუას ცირკში ჭიდაობდა და ასე გაიცნო ფართეთ ხალხმა და გაზათებმაც დაიწყეს მასზე წერა. ის ახლდა კულა გლდანელს, როცა ეჩმიაძინში გაემართნენ მირონის ხარშვაზე და უკან რომ ბრუნდებოდნენ, გზად ავაზაკები დაესხნენ და გაძარცვეს ისინი, საცვლების ამარა გამოუშვეს. ის ახლდა გლდანელს, როცა თათრულ სოფელში იმათი ფალავნები დასცეს და მერე კი აბობოქრებულ ხალხს გამოეპარნენ. ვორონცოვის ძეგლთან მოჭიდავე ესებუას ამალასთან ატეხილ ჩხუბშიც იყო, როცა რევოლვერიც კი გავარდა. ის იყო „იტალიის“ ბაღში, როცა სპარსელი და ბერძენი დაეჭიდნენ ერთმანეთს და ამას დიდი ჩხუბი მოჰყვა. ბლომად პოლიციელიც გაილახა და დანაც დატრიალდა და მარტო კაზაკების ჩარევამ ძლივს დააშოშმინა იქაურობა. მაშინ გიგო მატარებლიშვილი დაიჭირეს მაგ ჩხუბზე. მასთან ერთად ვანო გოგლიძე, ალექსი ვაშკარევი და მჭედელი სტეფანე მატარებლიშვილი. მერე „იტალიის“ ბაღში აკრძალეს ჭიდაობა და მას მერე ის ოდენ ცირკში ჩანს. აქედან მოყოლებული, ფრანგული ჭიდაობა იკიდებს მეტად ფართედ ფეხს ტფილისში და მერე და მერე ის დროც მოვა, როცა ესიკოვსკების ცირკში გამოჩნდებიან ზანგი ჩემბერს ციპსი, ჯემს-ჯექსონი, ივან პადდუბნი, „შავი ნიღაბი“, ხაჯი მურზუკ და სალვატორ ბამბულა. შაროევი კი ძარცვაშიც გაერეოდა და დროდადრო მედროგეებსა და მედუქნეებს ძარცვავდა. 1893 წელს ბულვარზე ბოგას-კიასან-სოლო-ოგანეზოვი გაძარცვა, ჯიბიდან გამოგლიჯა 1000 მანეთი და ამაზე დაიჭირეს.
ვასო კოშკელოვი – სამ სხვა დამქაშთან ერთად ესხმოდა გამვლელებს ერევნის ზასტავასთან 1900-იან წლებში. სხვა დანაშაულს შორის ასე არშაკა ჩოფურიშვილის დუქნიდან გამოვარდნილები ნესვებით დატვირთულ ურმების პატრონებს იუსუფ აბას-ოღლის და მამედ ალაჰვერდი-ოღლის ეცნენ, იუსუფს ცხვირი მოაჭამეს და 30 მანეთი წაართვეს.
ხუთი ადლი სუდარა
– გითხარით, მექისე ხალხი არაა, – თავის წითლად გაღებილ თითებს ატკაცუნებდა სეიდ-ასან-ფატა-ოღლი.
– ასე რაფერ შვლიპა სამივეს, – გიგო ზანდუკზე იჯდა, იქვე იყვნენ ნერსესოვი, დალი-აღა, შაო, ჯაფარიძე, პირ სიმონი და ორიოდე სხვაც. კედლიდან კი დაღეჭილი პურით მიწებებული შოთას აბაზიანი სურათი უყურებდათ.
ერთი პოლიციელი იქვე მომკვდარიყო, ორი დაჭრილი კი მიხეილის საავადმყოფოში გადაეყვანათ.
– აბა, ბაღდადიანცს იმაზე მეტი რა აქვს, რაც სხვა გილდიკუპეცს არ დაუმალავს? ამხელა გზაზე მისთვის ჩამოსულა, იერუსალიმია, მოილოცო? – ამბობდა ნერსესოვი.
– ისინი ემაგ საქმეზე ხელს არ აიღებენ, – ისევ თავისას ამბობდა სეიდი.
– ალდაშის საზამთროს ფუტკარი დაესიაო, – მაოს ერთი თვალი ჰქონდა. მეორე ბოშებს მოეპარათ.
– ან ამაღამ დაეცემიან, ან გაქრებიან, უბაშფორთოთ ვერ გაჩერდებიან, – დადიოდა ოთახში ნერსესოვი – სად უნდა დაიმალონ?
– გული მეუბნება, კაი ხურმა უნდა გამოიტანონ, – ჩაახველა დალი აღამ.
– ჰოდა, რო გამოვლენ, დავეცეთ, – თქვა ისევ ნერსესოვმა.
– არიფისთვის ლუკმის გატანება არამია! – წამოდგა სერგო შაროევი.
– ვალგუსტის სამკერვალო ხო პირდაპირაა? იქ გავჩერდეთ, თერთმეტი რო გახდება, ყველა იქ იყოს, – გადახედა ნერსესოვმა დამქაშებს.
– ასეთი რა აქვს ბაღდადიანცს, მზე და მთვარე? – იკითხა არჩილა ბლიაძემ, ხალიჩების ქურდმა.
ავეტიკ შარაბოვი – ცნობილი ჟულიკი, სპარსელი რაჰიმ-აღამუჰამედ-ოღლის მკვლელობისთვის იმალებოდა და თათარი სალთუნ-ოღლის დაჭრა და გაძარცვა მისი ხელის საქმეა. ჰქონდა ეპილეპსია. ასეთ დროს, როცა დაეცემოდა, იმის დამქაში დაარჭობდა მის თავთან მიწაში ყამას. მისთვის ტკივილი რომ შეემსუბუქებია, ასე იყო ქალაქში, ასე სჯეროდათ. სურბ-კარაპეტის აღმართზე, ყოჩების ჩხუბი სულ მისი მოწყობილი იყო. იქ მოჰყავდათ სხვადასხვა ფერად გადაღებილი ყოჩები და ერთმანეთს ატაკებდნენ. ეს იყო ყომარის ადგილი. აქ იყრებოდა ფული ქისებიდან და დანაც ტრიალებდა. 1885 წელს მნაცაკანოვის ხიდთან ნახეს მოკლული.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)