კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 დუბლი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #28-29(1020)

– საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ჩვენ შეიძლება, გვეგონოს, – თქვა ჯავახიამ და დაამატა, – ჩვენ ხომ ელექტრონულად გაკონტროლებდით, კუდზე გასხედით და ოპერატიული ჯგუფები სხვადასხვა ადგილებში გვყავდა ჩასაფრებული. ერთ-ერთი სწორედ მცხეთის აგარაკებთან. მოკლედ, შენ რომ ახმეტელი მგზავრები ჩამოსვი, აი, რა მოხდა, რაც ვიზუალურადაა დაფიქსირებული: კაპიუშონიანი და მისი თანმხლები მამაკაცი არცერთ აგარაკზე არ შესულან. ისინი მტკვრის ნაპირზე ჩავიდნენ, წინასწარ გამზადებულ კატერში ჩასხდნენ და თბილისისკენ გამოემართნენ. თანაც, „შმოტკები“, ანუ მთელი კომუფლიაჟი მდინარეში გადაყარეს. რას იტყვი ამაზე?
– რა უნდა ვთქვა, როგორც ეტყობა, არ უნდოდათ, გამეგო, უფრო სწორად კი, უნდოდათ, მგონებოდა, რომ ახმეტელი მგზავრები მცხეთის აგარაკებზე იმყოფებიან და იმ შემთხვევაში, თუ აგენტი აღმოვჩნდებოდი და ინფორმაციას მოგიტანდით შეცდომაში შეგიყვანდით. მაგრამ არ გამოუვიდათ, თქვა „ელვამ“.
– არა, კოტე. ამჯერად ცდები, – უთხრა „ელვას“ უჩა ჩხეტიამ და დაამატა, – ჯერ ერთი, რომ სინამდვილეს თავად გუბაზსაც უმალავენ და მას, უბრალოდ,  იყენებენ, ეს – ერთი. ეს კი საუბრების მოსმენიდან ვიცით. გუბაზმა შენ რომ მანქანაში დაგტოვა და სახლში შევიდა, იქ მას უთხრეს – „სტუმარი“ მცხეთაში, აგარაკებზე უნდა მივიყვანოთ და შენმა მძღოლმა რომ არ იცნოს, შენიღბული იქნება, თან იკვნესებს, ვითომ ფეხშია ტყვიით დაჭრილიო. შენც სწორედ ამიტომ მოგიყვა კონფლიქტის შესახებ. „სტუმარი“ კი, როგორც ეტყობა, „ბეცის“ კოდური სახელია გუბაზთან ურთიერთობისას.
– ესე იგი, „სტუმარი“, ანუ „ბეცი“, იგივე იორდანიელი ტერორისტი სალიმ-აბდულ ჯავადი გუბაზსაც „მოუტეხეს“ და სულ სხვაგან გადაიყვანეს? – თქვა „ელვამ“.
– მასე რომ იყოს, ჯანდაბას, – საუბარში მარვინ პირსი ჩაერია, – მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენ „მოგვიტეხეს“. ისინი ჩვენზე ბევრად ეშმაკები აღმოჩნდნენ და ჩვენმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმაც კი ვერ იმუშავა.
– კარგად ვერ გავიგე, – თქვა უკიდურესად მოქანცულმა კოტე ვეფხვაძემ, რომელიც 72 საათის უძინარი იყო და თავი ისე უგუგუნებდა, თითქოს უროებს ურტყამენო.
საუბარში მინისტრი ჩაერთო და „ელვას“ უთხრა:
– ვიცი, რომ დაღლილი ხარ, მაგრამ მთელი ძალები მოიკრიბე და მომისმინე. შენიღბული „პასაჟირის“ გამცილებელი მამაკაცი ოსტაპ რაზინია. თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს. ეს მხოლოდ „კრიშაა“. სინამდვილეში კი „გრუს“ თანამშრომელია მაიორის ჩინით. ის შენიღბული მკვნესავი „სტუმარი“ კი ელენა მალცევაა...
კოტესთვის იმდენად მოულოდნელი იყო გუბაზის მდივნის სახელის ხსენება, რომ ინსტინქტურად წამოიძახა:
– ლენკა?
– დიახ. სწორედ რომ, ლენკა, – დაადასტურა ჯავახიამ და დააყოლა, – ახლა ხვდები, თუ რატომ ვთქვი, მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე გვგონია-მეთქი?
– როგორც ეტყობა, მართლა მასეა, – თქვა „ელვამ“ და დაამატა, – „ბეცმა“ და მისმა გარემოცვამ სამმაგად დაიზღვიეს თავი. ივარაუდეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ კუდზე ვმსხდარიყავით და ძალიან ოსტატურად გაგვიშვეს ცრუ კვალზე. როგორც ეტყობა და ამის დიდი შანსია, რომ „ბეცი“ თბილისში შემოიყვანეს, მაგრამ სულ სხვა გზით. და, მის აღმოჩენასა და განეიტრალებას ასმაგი ძალისხმევა სჭირდება. მისი კვალი, ფაქტობრივად, დაკარგული გვაქვს და სანამ მას ვეძებთ, ღმერთმა უწყის, სად რას დააშავებენ, – თქვა კოტემ და თავი გააქნია. ისეთი სახე ჰქონდა, რომ მოქანცულობის ნასახიც არ ეტყობოდა.
– გეთანხმები, – თქვა ჯავახიამ და დაამატა, – აშკარაა, რომ ამ საქმეს რუსები თუ არ თავკაცობენ, თანამონაწილეები მაინც არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გუბაზი ბრმად გამოიყენეს, ეს – ერთი. მალცევა „გრუს“ აგენტია. გუბაზზეა მიჩენილი, მაგრამ გუბაზმა არ იცოდა, რომ „ფეხში დაჭრილი“ „სტუმარი“ მალცევა იყო, ეს – ორი. და, რომ „გრუს“ ოფიცერმა ოსტაპ რაზინმა საქმის სრული არსი არ იცის და ის, ისევე როგორც ლენკა და გუბაზი, გეგმის მხოლოდ ნაწილები არიან. ესეც – სამი. მოკლედ, მაგარი გაცურებულები ვართ და ისეთ ჩიხში შევედით, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.
– ბატონო გივი, შანსი მაინც გვაქვს. მართალია, მიზერული, მაგრამ შეიძლება, რაიმე ხელჩასაჭიდი მოვიპოვოთ და მას გავყვეთ, – უთხრა „ელვამ“ ჯავახიას.
– რა შანსი? – თქვა ჯავახიამ.
– ვიღაცამ ხომ უბრძანა გუბაზს, ლენკასა და რაზინს რომ ამ ოპერაციაში მიეღოთ მონაწილეობა. მე ახმეტა-თბილისის ვოიაჟს ვგულისხმობ, – თქვა კოტემ.
– მერე რა? – იკითხა მინისტრმა.
– რა, ბატონო გივი და ის, რომ ამ ყველაფერს უმარტივესად უნდა მივუდგეთ. სამივე ძალისმიერად უნდა დავკითხოთ და დიდი შანსია, რომ გაგვიმართლოს, – თქვა „ელვამ“.
– ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პარლამენტის წევრი, მისი აპარატის უფროსი და უცხოური ფირმის მენეჯერი წამებით გამოვტეხოთ იმაში, რაც შეიძლება, მათ არც კი იცოდნენ? – თქვა ჯავახიამ და დაამატა, – არა, ეს შეუძლებელია და სკანდალისა და უბედურების მეტს არაფერს მოგვიტანს.
– ბატონო მინისტრო, მე მგონი, ცუდი იდეა არ უნდა იყოს, – თქვა მარვინ პირსმა და დააყოლა, – მით უმეტეს, რომ სხვა გზა არ გვაქვს. უბედურება კი შესაძლოა, ძალიან დიდი მოხდეს. მით უმეტეს, რომ ზუსტად ვიცით, ეგ პარლამენტარი გუბაზი სახელმწიფოს მტერია. ჩვენთან, ამერიკაში კი სახელმწიფოს ყველა მტერს უსასტიკესად ვექცევით. საქართველო კი ხომ შტატების პარტნიორია და მოგვბაძეთ.
– გივი, რომ იცოდე, ეს იდეაა, – უთხრა მინისტრს უჩა ჩხეტიამ, – მარვინი მართალია და რატომ არ უნდა მივბაძოთ ჩვენს პარტნიორს?!
– მერე და გამოვა რამე? – თქვა ჯავახიამ.
– გამოვა, გამოვა, ბატონო გივი. გუბაზსა და ლენკას ჩემს თავზე ვიღებ. რაზინს კი, ალბათ, ჩვენი პარტნიორები მიხედავენ, – თქვა „ელვამ“ და პირსს შეხედა, რომელმაც კოტეს თავი დაუქნია და თქვა:
– ჩემს ბიჭებს შევკრებ. დრო არ ითმენს. მივხედოთ საქმეს!
***
გუბაზი, მალცევა და რაზინი წყნეთის კონსპირაციული აგარაკის სხვა უფანჯრო ოთახებში გამთენიისას მიიყვანეს ნიღბიანმა ათლეტებმა და ფოლადის სკამებზე მიაბეს. ოთახში მხოლოდ „ელვა“ იმყოფებოდა. მას ნიღაბი არ ეკეთა და დაკითხვას აწარმოებდა. ჯავახია, ჩხეტია და პირსი კი შენიღბული ოთახიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს ამ პროცესს.
თავდაპირველად გუბაზი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და კოტე ვეფხვაძე მოჩვენება ეგონა. ფიქრობდა – გადაღლილობისგან მეჩვენებაო, მაგრამ შემდეგ რეალობას დაუბრუნდა და გაჩუმდა. ოსტაპ რაზინი თავდაპირველად საშინლად იმუქრებოდა და ერთ-ორჯერ შეიგინა კიდეც, მაგრამ კოტეს მუშტი რომ იგემა, მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა და ისიც გაჩუმდა. მალცევამ კოტეს მოხიბვლა სცადა და სიყვარულს უხსნიდა. შემდეგ ისტერიკაში ჩავარდა, ბოლოს ხვეწნა-მუდარაზე გადავიდა, მაგრამ რომ არაფერმა გაჭრა და კოტე დაჟინებით ეკითხებოდა უფროსის ოპერაციაში ჩამრთველის ვინაობას, ლენკამ რაზინზე მიანიშნა და თქვა:
– აი, ეს მაძლევდა მითითებებს და ჯაშუშობას მაიძულებდა. მანვე ჩამითრია ახმეტურ ვოიაჟში და მას მოსთხოვე პასუხიო.
გუბაზმაც რაზინს დაადო ხელი და თქვა:
– აი, ამ ნაძირალამ დამავერბოვკა. ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი. მან საბუთები მომიტანა, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ ჩემი დახმარებით შემოიტანეს რუსეთიდან საქართველოში იარაღი და ასაფეთქებლები, რომლებიც თურქეთში ტერორისტ-მებრძოლებს მიაწოდეს და მათ კი იქ ორი დიდი ტერაქტი მოაწყვეს. მე მართლაც დავეხმარე კონტრაბანდის შემოტანაში, მაგრამ მეგონა, იქ ნარკოტიკები და თამბაქოს ნაწარმი იყო. ამის მერე, რაზინი რეგულარულად მაშანტაჟებდა და ხან თურქეთის უშიშროებით მაშინებდა, ხან – ჩვენი მთავრობით, ხან კი რუსეთის სპეცსამსახურებით. ახმეტაც მან განახორციელა და მითხრა, რომ თუკი „ბეცს“ თბილისში შემოვაყვანინებდი, სამუდამოდ ჩამომშორდებოდა.
რაზინმა ჯერ ყველაფერი იუარა, შემდგომ თავი გაისულელა. ბოლოს გაძლებაზე თამაში სცადა, მაგრამ „ელვამ“ მას რამდენიმე მტკივნეული ილეთი ჩაუტარა და ისიც გატყდა და თქვა:
– დავით აღმაშენებლის გამზირზე რომ არაბული რესტორანია, იქ ვინმე აბუ-ვარამი მუშაობს მენეჯერად. თუ იცის, სწორედ მას ეცოდინება ყველაფერი და დაამუშავეთ.
– რას ჰქვია, თუ იცის, მას ეცოდინება? – ჰკითხა კოტემ.
– მე მინდოდა, მეთქვა, – მაგან არ იცის, რომ მე ვიცი, თუ ვინაა და სად მუშაობს. მას ჰგონია, რომ მის შესახებ არაფერი ვიცი. მე კი მას ვუთვალთვალებდი და გავშიფრე. ჩემი კურატორი სხვა ვინმე იყო, მაგრამ არაბებმა ის მოკლეს, თავიდან მოიშორეს და მას შემდეგ მათგან დავალებას დაშიფრულად, ინტერნეტით ვიღებდი, ფულს კი ანგარიშზე მისვამდნენ. გასაგებია?
– იცოდე, თუ იტყუები, საშინელ დღეში ჩაგაგდებ, – დაემუქრა კოტე რაზინს.
„ელვას“ დაკითხვა ბოლომდე არც კი ჰქონდა დამთავრებული, რომ მარვინ პირსის ელიტური საიდუმლო ქვედანაყოფი ტერორისტების ასაყვანად მიემართებოდა.
***
„ცეერუს“ სპეცჯგუფმა აბუ-ვარამი, „ბეცი“ და კიდევ ექვსი ტერორისტი რესტორნის ქვეშ, სარდაფში მოწყობილ ბუნკერში აიყვანეს. ჩხრეკისას კი იქიდან დიდძალი ასაფეთქებელი მასალა, ცეცხლსასროლი იარაღი და რაც მთავარია, დაბალი ხარისხის რადიაციის პატარ-პატარა „წყაროები“ ამოიღეს. რვავე მათგანი ვაზიანიდან სპეციალური რეისით ვაშინგტონში გადააფრინეს და საგამოძიო მოქმედებები იქ გაგრძელდა. კოტე ვეფხვაძე კი ერთი კვირის შემდეგ მინისტრმა კაბინეტში დაიბარა. საიდუმლო-საზეიმო ვითარებაში ორდენი გადასცა და უთხრა:
– გილოცავ, ხვალიდან ვიცე-პოლკოვნიკის რანგში იქნები. განყოფილების უფროსი ხარ და შვებულებიდან რომ დაბრუნდები, ახალ საქმეს შეუდგები.
– გმადლობთ, ბატონო გივი. შეიძლება, გკითხოთ?
– ბრძანე.
– მაინც, რას გეგმავდნენ ტერორისტები?
– როგორც მე ვიცი, ჩვენთან, არაფერს. აქ, უბრალოდ, ჯგუფს ამზადებდნენ, რომელიც შემდგომ თურქეთში უნდა გადასულიყო და იქ სხვადასხვა აქცია ჩაეტარებინა.
– გასაგებია. შეიძლება, კიდევ ერთი კითხვა?
– მიდი.
– გუბაზზე რა გადაწყდა?
– დღეს ის თავს მოიკლავს და ეს საქმე ამით დაიხურება. მოკლედ, არ გაბაზრდება.
– კარგი. წავედი, ნახვამდის.
– ჰო, მართლა, კოტე ქუჩაში შავი „ჯიპი“ დგას და მძღოლი გელოდება. წადი, იჩქარე!
შენობიდან გასული „ელვა“ „ჯიპთან“ მივიდა, მაგრამ მძღოლი ვერ ნახა. შემდეგ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც კისერზე ელენა მალცევა ჩამოეკიდა და აკისკისდა.
– ლენკა, შენ? – აღმოხდა გაოგნებულ კოტეს.
– კი. მე ვარ. შენ, რა, მართლა რუსების შპიონი გეგონე. ყველაფერი ბატონმა უჩა ჩხეტიამ დაგეგმა და გუბაზს წყვილში ვაკონტროლებდით.
კოტე, რომელსაც მალცევა პირველივე ნახვით შეუყვარდა, მაგრამ შემდეგ მასზე გული აუცრუვდა, გაოგნებული იდგა. ხოლო, როდესაც გონებაში გოგონას სიტყვები გადახარშა, გული აუჩქარდა და გოგონა გულში ჩაიკრა.
დასასრული

скачать dle 11.3