კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 შხამიანი სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  სარკეში ჩაიხედა და საუკუთარ გამოსახულებას მიაშტერდა. სწორი, ლამაზი ცხვირი, მსხვილი, ვნებიანი ტუჩები, პატარა ნიკაპი, დაგრძელებული წამწამებით დაჩრდილული თვალები, გამომწვევი და თამამი გამოხედვა, მაღალი მკერდი, წვრილი წელი და გრძელი, ღონიერი ფეხები – ყველაფერი ჰქონდა ნებისმიერ მამაკაცს მასზე ჭკუა რომ დაეკარგა. კარგავდნენ კიდეც, გარდა იმ ერთისა.
  ამოიოხრა და სარკეს მოსცილდა. ძვირფასი ხალათი გაიხადა, საწოლზე მიაგდო და ნელა შეუდგა ჩაცმას. მკაცრი სტილის კოსტიუმი შეარჩია. მოკლე ქვედაკაბითა და ტანზე კარგად მომდგარი პიჯაკით, რომელიც საქმიანი ქალის იერსაც ანიჭებდა და იმავდროულად, საკმაოდ გამომწვევიც იყო.
ანამ შვილს აღფრთოვანებული მზერა შეავლო და წინ სურნელოვანი ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა.
– ნამცხვარს შეჭამ? შენი საყვარელი კენკრის ღვეზელი გამოვაცხვე.
– დედა, კენკრის ღვეზელი მამაჩემის საყვარელი ნამცხვარია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მეც სიამოვნებით შევჭამ. ჰო, მართლა, დღეს სახლში არ მოვალ და არ დამელოდოთ.
ქალი შეიჭმუხნა.
– როგორ არ მიყვარს, როცა სახლში არ რჩები. სერგის ხვდები? მერე შენს ბინაში უნდა ახვიდეთ? როდემდე უნდა იყო ასე. მოიყვანე, გააცანი მამაშენს, დაილაპარაკებენ... მერე იქნებ დაქორწინდეთ კიდეც.
– დედა! ამ თემაზე რამდენჯერ უნდა გელაპარაკოთ? არ ვაპირებ გათხოვებას. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. თანაც, სერგის ცოლი ჰყავს. ნუ... ფორმალურად, მაგრამ მაინც. ბავშვი ხომ აღარ ვარ, საკუთარი ცხოვრება მაქვს. მამაჩემმა ეს უკვე გაიგო და შეეგუა. აი, შენ კი ვერ ისვენებ.
– ოცდათოთხმეტი წლის ხარ, მარიშა, დროა, ოჯახი გქონდეს. ახლა იმას ვერ იტყვი, რომ ჯერ ცხოვრება უნდა აიწყო. წარმატებული კომპანია გაქვს, მამაშენის სამშენებლო ბიზნესიც შენი არ არის? თან ხომ არ წაიღებს. შენთვის არ უნდა? ყველაფერი გაქვს, ქმარი გჭირდება!
მარიშკამ მხრები აიჩეჩა.
– რისთვის? ოღონდ არ მითხრა, რომ ქმრის გარეშე ქალი ბედნიერი ვერ იქნება. მოძველდა, ვადა გაუვიდა მაგ სტერეოტიპს. მე მომწონს, როცა მამაკაცები უკან დამდევენ და ფეხქვეშ მეგებიან. რატომ უნდა ვეკუთვნოდე მხოლოდ ერთს და რატომ უნდა მივანიჭო ჩემზე კონტროლის უფლება.
– იმიტომ რომ ყოველთვის ახალგაზრდა ვერ იქნები. არ მინდა, როცა მამაშენი აღარ გეყოლება, სულ მარტო დარჩე. მით უმეტეს, რომ... – ქალს ხმა აუთრთოლდა და ცრემლები მოადგა.
– თქვი, სულ ერთია, მაგას უკვე შევეჩვიე – შვილიც არასოდეს მეყოლება.
– ამის თქმა არ მინდოდა. შენი შვილი შეიძლება, არ გეყოლოს, მაგრამ თუ გათხოვდები, ამასაც ეშველება. ფულის პრობლემა არ გვაქვს. კვერცხუჯრედის დონორს ვიშოვით, სუროგატსაც – თუ შენ ფეხმძიმობას ვერ შეძლებ ან არ მოგინდება.
– დედა! – ხმას აუწია მარიშკამ, – დაამთავრე ამაზე ლაპარაკი და გთხოვ, აღარასოდეს შემახსენო, რომ უშვილო ვარ. მე ეს საშინლად მაღიზიანებს. მოკლედ, მე დღეს რეზისთან და სოფისთან ვრჩები, მათ სახლში, ქალაქგარეთ. ქორწინების ათი წლისთავი აქვთ და ბავშვები უნდა დავიტოვო.
ქალმა ამოიოხრა და ორივე ხელი მუდარით გაიწოდა შვილისკენ.
– ისევ აგრძელებ შენსას? თავს რატომ იტანჯავ? ამდენი წელი გავიდა და ისევ გიყვარს ეგ კაცი, მზად ხარ მის შვილებს მოუარო. თავმოყვარეობა სად გაქვს?
მარიშკა გაწითლდა, თვალები ველური ცეცხლით აენთო და დედას შეუბღვირა.
– ჩემს თავმოყვარეობას მოეშვი. რეზი და სოფია ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან, ყველაზე ძვირფასი და საყვარელი. რეზო მიყვარდა, მაგრამ მე სოფიაც მიყვარს. მათი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა.
– სახიფათო თამაში წამოიწყე. არც იცი, რას აკეთებ ან იქნებ, იცი კიდეც. შვილო, სხვისი ბედნიერება სხვისი ბედნიერებაა. რეზოს რომ ჰყვარებოდი, შენ შეგირთავდა ცოლად, სოფის კი არა. მაინც რატომ ამჯობინა ეს გოგო – არც ნიჭი, არც გარეგნობა, არც ოჯახი...
– დედა, ასე რატომ ლაპარაკობ სოფიაზე? მე ხომ ვიცი, რომ გიყვარს. დებივით გავიზარდეთ. რამდენჯერ ჩაგიცმევია მისთვის ჩემი ტანსაცმელი და დაგივარცხნია თმა. აგარაკზე რამდენჯერ წამოგიყვანია ჩემთან ერთად.
– იმიტომ, რომ მეცოდებოდა. მის დედას არც საშუალება ჰქონდა ამ ყველაფრის და არც დრო, შვილზე ეზრუნა. თავისი კერვით საჭმლის ფულს ძლივს შოულობდა. აი, რეზი კი ყოველთვის მოსწონდა მამაშენს. ამბობდა, ასეთი სიძე მინდაო. ეწყინა, როცა სოფია მოიყვანა ცოლად. ნერვები მეშლება, როცა ის დღე მახსენდება, როცა აქ, ამ სახლში აუხსნა სიყვარული და ცოლობა სთხოვა. როგორი სულელი უნდა იყოს კაცი, შენნაირი ქალი გვერდით ჰყავდეს და სხვა შეირთოს ცოლად.
– საქმეც მაგაშია. სულელი ქმარი რაში მჭირდება? – ირონიულად გაიცინა მარიშკამ, – მაგრამ სულელი მეგობრის ყოლა ძალიანაც კომფორტულია.
ანამ შეშფოთებით შეხედა შვილს. იცოდა მისი უცნაური ხასიათის ამბავი – ჯიუტ, თავნება განებივრებულ მარიშკას ყოველთვის თავისი გაჰქონდა. არავის აზრს არასოდეს ითვალისწინებდა, საკუთარი მშობლებისასაც კი.
როცა სამნი მეგობრობენ და მათგან ორი ქალია, პრობლემები გარდაუვალია. როდის მიხვდა რეზი, რომ სოფია იყო მისი ცხოვრების სიყვარული და არა მარიშკა, ამას, ალბათ, ვერ იტყოდა. მაგრამ, როცა ამაში დარწმუნდა, ბევრი არ უფიქრია, სიყვარული აუხსნა და ცოლობა სთხოვა. რეზი ხვდებოდა, რომ მარიშკაც არ იყო გულგრილი მის მიმართ, მაგრამ ჯიუტად არ იმჩნევდა. სერიოზულად არ იღებდა მისი მხრიდან სიყვარულით სავსე გამოხედვას, გადაკრულ ფრაზებს ურთიერთობაზე, სამომავლო პერსპექტივაზე, რომელსაც მამამისი შეუქმნიდა, თუკი ერთად იქნებოდნენ. ერთხელ სახლშიც მიაკითხა და თითქმის შიშველი კალთაში ჩაუჯდა. მარიშკას სითამამე არ აკლდა, მაგრამ მაინც გაუჭირდა ამის გაკეთება. საკუთარ თავში მონახა ძალა, სიამაყისთვის ეჯობა და ბიჭის სიტყვებმა – მხოლოდ მეგობრობა შემიძლია, შემოგთავაზოო, გაანადგურა. შეიძლება, სწორედ იმ მომენტში ჩაესახა გონებაში შურისძიების გეგმა. ბუნდოვანი, არამკვეთრი შტრიხებით, თუმცა მტკიცე და ჩამოყალიბებული. რეზი მისი უნდა ყოფილიყო და გახდებოდა კიდეც, რა დროც უნდა გასულიყო.
***
მანქანა ლამაზ ჭიშკართან გაჩერდა. სარკეში ჩაიხედა და სადად დავარცხნილ თმაზე ხელი გადაისვა. ოფისში ტანსაცმლის გამოცვლა მოასწრო. აბრეშუმის სპორტულ კაბასა და საფირმო ბოტასში ოცი წლის ცელქ გოგოს ჰგავდა. მკერდი და ტუჩები მოწიფულ ქალს რომ ამსგავსებს და უხერხულობისგან წითლდება. უკანა სავარძლიდან ბავშვებისთვის ნაყიდი საჩუქრები აიღო. უკვე გადასვლას აპირებდა, რომ მობილურმა დარეკა. დახედა ეკრანს და შეიჭმუხნა. ტელეფონი ისევ რეკავდა.
– სერგი, ორი საათის წინ ხომ გითხარი, საღამოს არ მცალია-მეთქი. შენ ფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში რამე შეიცვალა? ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და ზედმეტად ნუ გამაღიზიანებ. ხვალ ვილაპარაკოთ. არა, არ მცალია... რას ნიშნავს, რა გააკეთო? ცოლი ხომ გყავს ჯერ კიდევ, წადი მასთან და ჩაი დალიე. ჰო, ასეთი ვარ და არ შევიცვლები, შეგიძლია, დამშორდე. მორჩა. ხვალ დამირეკე.
... რამდენიმე წუთი ღია კართან იდგა და ტუჩების კვნეტით შეჰყურებდა მაგიდის გარშემო მორბენალ, აჭყლოპინებულ ტყუპებს, რომლებიც მამის მოხელთებას ცდილობდნენ. სოფია ოთახში არ იყო. მარიშკას სახეზე ღიმილი გამოესახა. რაღაც წარმოიდგინა და ამან გააბედნიერა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით. სოფიას სიცილი გაიგონა და შემოტრიალდა.
– უკვე მზად ხარ? ხომ არ დავაგვიანე?
– არა, რას ამბობ?! ისეთი მადლობელი ვარ შენი, ბავშვებს რომ იტოვებ... ორი დღის წინ წავიდა ჩვენი ძიძა და ჯერ ახლის პოვნას თავი ვერ მოვაბი. დედაჩემიც ვერ ჩამოვიდა. ვეუბნებოდი რეზის, არაფერი გვინდა, სახლში აღვნიშნოთ-მეთქი, მაგრამ არ მეშვება – სიურპრიზი მაქვსო.
მარიშკამ ღიმილით დაუქნია თავი და რეზის გახედა.
– უყვარხარ ქმარს. ყოველთვის უყვარდი. დააფასე.
სოფიამ ალალად შესცინა მეგობარს და ლოყაზე აკოცა.
– მარიშკა, შენც გჭირდება ქმარი, რომელსაც ეყვარები.
– აჰ, სოფია, მე ვიცი, რა მჭირდება. ზუსტად ვიცი და ისიც ვიცი, როგორ მივაღწიო ჩემსაც, უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება.
– ჰო, მესმის. სერგის სჭირდება დრო, რომ ცოლს გაშორდეს. არ არის ეგ მარტივი ამბავი, მაგრამ თუ მართლა უყვარხარ, მოაბამს როგორმე თავს.
– სოფია, საყვარელო. შენ ჩემზე ნუ ინერვიულებ. ნურც სერგის ოჯახზე. ფერი კი ისევ ცუდი გაქვს. უცნაურად თეთრი ხარ და დაღლილი გამოხედვაც. რა თქმა უნდა, არც ექიმთან ყოფილხარ და არც სისხლის ანალიზი გაგიკეთებია. რეზი, გესმის? შენი ცოლი ისევ სუსტად გამოიყურება.
რეზიმ ერთი ტყუპისცალი ხელში აიტაცა, მეორეს მხარზე მოხვია ხელი და ქალებთან მივიდა. ცოლი ყურადღებით შეათვალიერა. ფერმკრთალი მოეჩვენა. ყოველთვის თეთრი, თითქმის გამჭვირვალე კანი ჰქონდა, ჭაობისფერი თვალები და ოდნავ წითური კულულები.
 – იღლება, სულ სახლშია და ბავშვებს დასდევს. ძიძა კი ეხმარებოდა, მაგრამ, სახლი დიდია, ეზოც... – რეზომ ცოლს ლოყაზე მოუსვა ხელი და აკოცა. – ჩემი მფარველი ანგელოზი.
მარიშკას შეაჟრჟოლა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოახერხა.
– მორჩა, შეყვარებულო წყვილო, გაიქეცით და იჟღურტულეთ. წინ მთელი საღამო და ღამე გაქვთ. ბავშვებს დეიდა მარიშკა მიხედავს. ბლინებს გამოუცხობს, ზღაპარს მოუყვება და დააძინებს.
– შეძლებ? ღამე არასოდეს დამიტოვებია.
– ყველაფერი კარგად იქნება, – ვიცი, ბავშვებს როგორ უნდა ველაპარაკო. აბა, ბავშვებო,  წავიდეთ ეზოში და სოკო მოვკრიფოთ.
სამი წლის ტყუპებმა ინტერესით შეხედეს მარიშკას და მისკენ გაიწიეს. მარიშკა ეზოში გაიქცა და პატარებიც გაიყოლა.
რეზიმ ცოლს გაუღიმა.
– არაჩვეულებრივი საღამო გვექნება. ვახშამი ძალიან მაგარ რესტორანში შევუკვეთე. ღამეს კი ტბაზე გავატარებთ. ახალი სასტუმროა. ძალიან მიქეს. იქ კიდევ რაღაც სიურპრიზი დაგხვდება.
– ძალიან მანებივრებ. მერჩივნა, მე, შენ და ბავშვები რამდენიმე დღით სადმე ერთად წავსულიყავით.
– აუცილებლად წავალთ. როგორც დაგპირდი, მაგრამ დრო მჭირდება. ახლა ფირმაში ძალიან ბევრი საქმე მაქვს. რამდენიმე დიდი შეკვეთა ავიღეთ.
სოფიამ თავი გადააქნია.
– ძალიან ბევრს მუშაობ. ყველაფერი გვაქვს. ათ წელიწადში იმდენი მოასწარი, ზოგიერთი მთელ ცხოვრებას ანდომებს.
რეზიმ მანქანა დაამუხრუჭა და ცოლს შეხედა. თვალწინ დაუდგა ყველაფერი, რაც ამ წლებში გამოიარეს.
– შენ რომ გვერდით არ მყოლოდი, წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა, რასაც მივაღწიე, მხოლოდ იმიტომ, რომ სტიმულს შენ მაძლევდი. ყველგან, ყველაფერში, ყოველთვის გვერდით მყავდი, მამხნევებდი, მარტო მე კი არა, ჩემს ბიჭებსაც. ფეხზე დაგვაყენე, ფირმაც შენი შვილია.
– ისე მაქებ, უკვე უხერხულობას ვგრძნობ. არ მომწონს მე ეს ამბავი.
– მე კი ის არ მომწონს, რომ მარიშკას არ უჯერებ და ანალიზებს არ იკეთებ. დამპირდი, რომ მიხვალ ექიმთან.
– უმნიშვნელო სისუსტე მაქვს. ეტყობა მართლა დავიღალე. კარგად ვარ. ასე ნუ მიყურებ. იცი, გუშინ რა სასაცილო ამბავი დამემართა?! ძალიან გაგამხიარულებს. მაცივარში საკარაქის ნაცვლად ჩემი მობილური შევდე და მერე იმდენი ვეძებე, კიდევ კარგი, დედაჩემმა დამირეკა.
რეზიმ თავი გადააქნია.
– არ მომწონს ეს ამბავი. უკვე მეორედ დაგემართა. ერთი კვირის წინ საყიდლებზე იყავი, პროდუქტი მარკეტში დატოვე და ისე დაბრუნდი, კიდევ კარგი, გამყიდველი გოგონა კარგად გიცნობს და კურიერს გამოატანა. საერთოდ არ გაგხსენებია.
– ჩემი შვილები და შენ ხართ მთავარი საფიქრალი. ამიტომაც ზოგჯერ რაღაცები მავიწყდება. გპირდები, ექიმთან აუცილებლად წავალ. ოჰ, ნეტავი მარიშკას არ გადარევდნენ ბავშვები.
– მარიშკა მაგარია, არც ისე ადვილია მისი დაჩაგვრა.
მარიშკას ბავშვები არ უყვარდა. ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა ექიმებმა საბოლოოდ დაუსვეს უნაყოფობის დიაგნოზი. ბავშვების სიცილიც კი აღიზიანებდა. გულში ყინულის ნატეხებად ესობოდა და აუტანელ ტკივილს გრძნობდა. ეს მისი საიდუმლო იყო, რომელსაც არავის უმხელდა. თავისი ხასიათის წყალობით კი მშვენივრად გამოსდიოდა ადამიანებს ისეთი მოსჩვენებოდა, როგორიც არ იყო. მოსწონდა საკუთარ თავში თამაშის უნარი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერასოდეს მოატყუებდა, დედამისი იყო.
***
ვახტანგმა ჩაი მოსვა და მოღუშულ ცოლს შეხედა. ანა ჩვეულებისამებრ არ შეჰფოფინებდა ქმარს. მისი საყვარელი მურაბის მიტანაც კი დაავიწყდა. რამდენჯერმე ისე ამოიოხრა, რომ კაცმა ფინჯანი დადო.
– ანა, ვხვდები, რაღაც არ გასვენებს და თქვი ბარემ.
– მარიშკა... ძალიან ვნერვიულობ მის გამო. ასეთი არ იყო. ვეღარ ვცნობ საკუთარ შვილს. გავთავდი დარდით.
– როგორც ყოველთვის, აზვიადებ. თუ პრობლემა მარტო ის არის, რომ აქამდე არ გათხოვდა, ეს მეც არ მომწონს, მაგრამ მე მგავს და როცა საჭიროდ მიიჩნევს, ამ ნაბიჯსაც გადადგამს. იმ ბიჭის სიყვარულმა შეუშალა ხელი.
– პრობლემაც მაგაშია. მე ვფიქრობ, ისევ უყვარს რეზი.
კაცმა გაიცინა და ცოლს თავზე გადაუსვა ხელი.
– ჩემი ფანტაზიორი... არ შეაწუხო ეჭვებით და არ გააბრაზო, თორემ იმ თავის კავალერს არ გაგვაცნობს. უცნაურია, რომ გამომძიებელი შეუყვარდა. ეს მის ხასიათს არ ჰგავს.
– გეუბნები, რეზი უყვარს-მეთქი. რატომ არ გჯერა?
– ანა, გეყოფა. რანაირად უყვარს, როცა შვილი მოუნათლა, სოფიასთან მეგობრობს, მათი ოჯახის წევრია.
– მერე, ეგ ნორმალურია?
ვახტანგმა მხრები აიჩეჩა.
– ნორმალურია, იმიტომ რომ გრძნობა აღარ აქვს. ამაზე იფიქრე და დამშვიდდი.
– იქნებ დალაპარაკებოდი? – სთხოვა ანამ.
– რაზე? ვკითხო, რეზი უყვარს თუ არა? – პატარა ბავშვი ხომ არ არის. ქალია უკვე და თავისი ცხოვრება აქვს.
– სერგი მოიყვანოს და გაგვაცნოს.
– თუ ეს დაგამშვიდებს, ვეტყვი. მაგრამ, მგონი, იმ კაცს ცოლი ჰყავს.
– ეგ არ უშლის ხელს ჩვენს შვილთან ჰქონდეს რომანი. ან ასე უნდა გადაწყდეს, ან ისე. დაელაპარაკე.
– დაველაპარაკები.
– იცი, რომ ღამეც იქ დარჩა? – ანა დაჯდა და ხელები მაგიდაზე დაალაგა. თითები ოდნავ უთრთოდა. კაცი მიხვდა, რომ ცოლი ჩვეულებრივზე მეტად ნერვიულობდა. გამამხნევებლად გაუღიმა.
– მარიშკა ჭკვიანი და სერიოზული გოგოა. პრინციპული, დამოუკიდებელი. ნახე, როგორ ააწყო თავისი საქმე? შეეძლო, ჩემს ხარჯზე უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მეც ვფიქრობ, რომ რეზი მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ყველაფერს ვერ დაგეგმავ.
– ვერ დაგეგმავ... ასეა, მაგრამ როგორც შენ თქვი, მარიშკა ჯიუტი და პრინციპულია.
– ამით რისი თქმა გინდა?
– არაფრის, – სევდიანად ჩაილაპარაკა ანამ და ამოიოხრა. ვახტანგი მიხვდა, რომ მისმა ცოლმა ბოლომდე არ თქვა სათქმელი, მაგრამ არ ჩაეძია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3