№30 ვის შეიძლება, დაემართოს კატარაქტა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს, ასევე, თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა, ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას:
* ასაკი 55 წლის შემდეგ;
* დიაბეტი;
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
* ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა);
* თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები;
* ჭარბი წონა;
* თამბაქოს მოხმარება;
* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
კატარაქტა წლების განმავლობაში ვითარდება. დაავადების საწყის ეტაპზე მხედველობის პრობლემები შეუმჩნეველია. კატარაქტა ხშირად ორივე თვალს მოიცავს, თუმცა მათი დაზიანება შესაძლოა, სხვადასხვა ხარისხის იყოს. კატარაქტას აქვს განვითარების რამდენიმე სტადია: საწყისი, მომწიფების, სიმწიფისა და გადამწიფების. კატარაქტაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია, თუ:
* პაციენტს აღენიშნება მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება;
* მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
* სათვალის დახმარებითაც უჭირს ნაბეჭდი ტექსტის კითხვა;
* უჭირს შორსმდებარე საგნების გარჩევა;
* ახლომდებარე საგნები თანდათან კარგავს მოხაზულობას და ბუნდოვანი ხდება;
* გუგის არეში შეიძლება, მოჩანდეს რუხი შეფერილობა.
კატარაქტა ერთი თვალიდან მეორეზე არ გადადის, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ერთ თვალში მის ჩამოყალიბებას განაპირობებს, თითქმის ყოველთვის იწვევს მეორე თვალის დაზიანებასაც.
კატარაქტის ოპერაციის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან. ოპერაციის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, არ აწიოს სიმძიმეები, მზის ძლიერი გამოსხივებისა და სინათლის პირობებში ატაროს დამცავი სათვალე. კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა რეკომენდებულია მხოლოდ კარგი განათების პირობებში, სიბნელეში ამგვარი მოქმედება იკრძალება.
არსებობს თანდაყოლილი კატარაქტაც, რომელიც ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. დაავადების მიზეზი შესაძლოა, იყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, მის მიერ სტეროიდული ჰორმონების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.