№30 კაცური ბედნიერება
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
„კაცური ბედნიერებაც“ არსებობს. ეს კი სწორედ ისაა, რასაც ქალების მთელი მოდგმა „ებრძვის” და ვერ ამარცხებს.
დავიწყოთ: წინდები! დიახ, მამაკაცის წინდები. კაცები მათ იქ ყრიან, სადაც მოუნდებათ, რაზეც ქალები მუდამ ბუზღუნებენ. ნუ დაუშლით მათ ამ უმტკივნეულო ანცობას, ყარონ ეს ოხერი წინდები, სადაც მოეხასიათებათ. ამით ხომ არაფერი შავდება! შეხედეთ ამას მსუბუქად და იუმორით და ნერვებიც აღარ მოგეშლებათ.
უფრო რთულადაა საქმე, როცა საუბარი ფეხბურთს ეხება. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა სპორტის ამ სახეობას ვერ იტანს. კარგი იქნებოდა, ამ დროს გაგვეხსენებინა, როგორი მორჩილებით ითმენს მამაკაცი ქალების საყვარელ სერიალებს, მეზობლებთან მათ ჭორაობას, დაქალების წუწუნს, როცა ისინი თავიანთ უბედობაზე ჩივიან და მთელ საკაცეთს ლანძღავენ.
ქალები – ყველა მამაკაცის სუსტი წერტილი. დიახ, ეს რეალობაა, რომელსაც ყველა ქალმა თვალი უნდა გაუსწოროს. სისულელეა მტკიცება: „ჩემი ქმარი ერთგულია“, „ქალები საერთოდ არ აინტერესებს“, „აი, დედას გეფიცები, არასდროს მიგრძნია, რომ „ბაბნიკია“, „მე ვერ გამომაპარებდა“, „არ არსებობს!“ დიახ, სავალდებულო არ არის, ყველა მამაკაცი სხვა ქალთან აღვირახსნილი ურთიერთობით იყოს დაკავებული და სახლში უწყინარი კრავის გამომეტყველებით ბრუნდებოდეს. ყველა კაცი მოღალატე არ არის! არსებობენ ერთგული მამაკაცებიც, მაგრამ მათთვისაც კი უმტკივნეულო და უწყინარი ფლირტი აუცილებელიც კია. ეს მათ ბედნიერებისა და თავისუფლების სრული შეგრძნებისთვის სჭირდებათ! ისინი ამ დროს თავს სამყაროს მფლობელებად და ჭეშმარიტ მამაკაცებად გრძნობენ. ამის განცდა მათთვის ისევე აუცილებელია, როგორც ქალისთვის – კომპლიმენტი. მინიმალური თავისუფლების მინიჭებით ცოლი ქმრისგან მაქსიმალურ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებს, ოღონდ ერთი პირობით – ეს ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასია და ყველას არ შეუძლია. სწორედ, ამისთვის თქვენ უფრო მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ – მიეცით მას საშუალება, თავისუფლად ისუნთქოს, ფრთები გაშალოს, იფრინოს ოცნებებში, ოღონდ მხოლოდ ოცნებებში. გაითავალისწინეთ, რომ ეს შეიძლება, სიგნალი იყოს. იქნებ, თქვენს საყვარელ მამაკაცს ახალი განცდები მოენატრა. ამიტომ უახლოეს მომავალში დაგეგმეთ ქალაქგარეთ გასეირნება, პიკნიკი ან რომანტიკული ვახშამი. გალამაზდით მისთვის, შეიცვალეთ ვარცხნილობა, ჩაიცვით მისი გემოვნებით და გაეკეკლუცეთ. თბილი და დამოუკიდებელი გახდით, რომ, საშიშროების შემთხვევაში, მან კარგად იგრძნოს, რა განძს გკარგავთ.
ოჯახი მამაკაცური ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და მყარი ატრიბუტია. სწორედ ამიტომ ეშინიათ ხოლმე მისი დანგრევის და ბოლო წუთამდე კბილებით იცავენ მის მთლიანობას. ამის გამო შეძლებისდაგვარად დიდხანს ნიღბავენ სასიყვარულო გატაცებებსა და გართობებს, ხშირად პარალელურად ამყარებენ სერიოზულ ურთიერთობებს, მაგრამ ოჯახიდან მაინც არ მიდიან... ჰოდა, გაითვალისწინეთ, ნუ გადაამლაშებთ! მიეცით თქვენს მამაკაცებს ზომიერი თავისუფლება, რომელიც თქვენი ყურადღებითა და გონიერებით იქნება შემოზღუდული. მიეცით პირადი სივრცე და ნუ შეეჩხირებით თვალში და პირში მაშინ, როცა ძალიან ცუდ ხასიათზეა და პრობლემაზე ფიქრობს: ნუ შეიკლავთ ხელში გაუთავებელი პრეტენზიებითა და კაპრიზებით. ხომ იცით, კაცებს ქალის ხასიათში „ტვინის ბურღვაზე” მეტად არაფერი ეჯავრებათ. ერთმა უცხოელმა ჭკვიანმა ქალმა თქვა: იცით, ქართველ ცოლებს ყველაზე მეტად რა გეშლებათ? ერთსა და იმავეს გაუთავებლად უმეორებთ ქმრებსო. ერთხელ წყნარად, მაგრამ კატეგორიულად თქვით და ეგრევე გაეცალეთ, ეს უფრო ეფექტური ხერხიაო.
და რაც მთავარზე მთავარია: ნუ გადააყოლებთ თქვენს სიყვარულს ოჯახისთვის ბრძოლას, თქვენ ერთად ყოფნა ბუნებრივად უნდა გინდოდეთ, თორემ ოჯახისგან მხოლოდ ფერფლი შეგრჩებათ. ფერფლიდან კი, მოგეხსენებათ, არაფერი აღსდგება.
რჩევები
ქალბატონებს
ორი საპირისპირო სქესი ყოველთვის ვერ უგებს კარგად ერთმანეთს. ეს შეუსაბამობა სასიყვარულო დუელის ნაწილია, რომელიც ურთიერთობას მხოლოდ სიმძაფრეს მატებს. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მამაკაცი უთანხმოებას ვერ ურიგდება და ქალთან ურთიერთობას ასრულებს.
მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, განსაკუთრებით დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა – ომი და ნადირობა – მათთვის უკვე უცხოა, ხოლო ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არ არის ბევრი. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა, რომელიც უარს არ იტყვის თამაშზე. მაგრამ თუ იგრძნობს, რომ მისით თამაშობენ, ძალიან გაბრაზდება. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმის ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს. ეს მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს. ამიტომ რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ფულის შოვნის უნარს.
კაცს არ სურს სხვის „დაკრულზე“ ცეკვა – საქმე ის არის, რომ მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის საშუალებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია. მაგრამ როცა მეთაურის რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი ამას აღიქვამს როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე. ამან შეიძლება სრულიად დაუკარგოს ასეთ ქალთან ურთიერთობის სურვილი. რჩევა ქალბატონებს – ეცადეთ, ამოუცნობი იყოთ.
მამაკაცები იშვიათად დადიან ექიმებთან, მიზეზი მარტივია – მათ ტკივილის ეშინიათ. ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები ნაკლებად არიან მზად. გარდა ამისა, სიბრალული, თანაგრძნობა და სხვა ამგვარი გრძნობები, რომლებიც მშვენიერ სქესს ზოგჯერ სიყვარულის სინონიმებად მიაჩნია, მამაკაცურ ბუნებას არ ახასიათებს. რჩევა ქალბატონებს – მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, თანაც მდგომარეობიდან მხოლოდ პოზიტიური გამოსავალი შესთავაზეთ. თუ მამაკაცი თქვენი თაყვანისმცემელია, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე არ ესაუბროთ.
გაითვალისწინეთ: მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. ამიტომაც ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ.