კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა კავშირი აქვს თურქეთის განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით ჰაგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებასთან

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ჰაგია სოფიას ტაძრის კვლავ მეჩეთად გადაკეთება მთლიანად დასავლეთისა და, უპირველესად, ალბათ, რუსეთის გამოწვევაცაა, რადგან ეს უკანასკნელი თავს მესამე რომად მიიჩნევს, თუმცა მისგან თურქეთის მისამართით ჯერჯერობით არანაირი მკაფიო განცხადება არ მოგვისმენია ამ ფაქტის გამო  (ლავროვმა მხოლოდ ის თქვა, რომ ეს თურქეთის საშინაო საქმეა). ევროკავშირის ორმა ქვეყანამ პროტესტი გამოთქვა, საფრანგეთმა და განსაკუთრებით – საბერძნეთმა, თუმცა უცნობია, რის გაკეთება შეუძლიათ მათ. ზოგადადაც, დგება საკითხი: ქრისტიანულ, დასავლურ ცივილიზაციას, საერთოდაც თუ შესწევს ძალა, რამე მოიმოქმედოს საპასუხოდ, იმას გარდა, რომ ჰქონდეს ღმერთის იმედი? – ამ არცთუ იოლ კითხვაზე პასუხის მიღებას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძისგან შევეცდებით.
– რაც თურქეთის პრეზიდენტმა მოიმოქმედა, იმისდა მიუხედავად, ეს არის თუ არა თურქეთის შიდა საქმე, არის თუ არა დასავლეთზე და, უპირველესად, რუსეთზე მიტანილი იერიში, იმის საჩვენებლად, თუ ვინაა რეგიონში მთავარი?
– თვითონ პრობლემა საკმაოდ რეზონანსური და გლობალურია. მოვლენა გაცილებით სიღრმისეული და არაორდინარულია და მას მხოლოდ პუტინს ვერ დავუკავშირებთ. ის უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ კონფესიური ურთიერთობის ჭრილში, არამედ გეოპოლიტიკის, რადგან ჰაგია სოფია არ არის მხოლოდ რუსულ-თურქული ურთიერთობის საკითხი. ერდოღანი და პუტინი ბოლო დროს ბევრ საკითხზე თანხმდებიან და ურთიერთდათმობების გზით მიდიან.
– თუმცა, რომ არა კორონავირუსის პანდემია, იდლიბის პროვინციაში, ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთი და თურქეთი უშუალოდ ესროდნენ ერთმანეთს. და მე არ გამომიყვია მხოლოდ პუტინი, ქრისტიანული სამყარო ვიგულისხმე.
– რა თქმა უნდა. ბოლო 5 წლის მონაკვეთში პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობაში დაპირისპირებას ცვლის დათმობა, განსაკუთრებით, სირიაში, რადგან ის განხეთქილების ვაშლია რუსეთსა და თურქეთს შორის. თუმცა ამ ორი ქვეყნის სტაბილურად მეგობრული ურთიერთობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმდენად, რამდენადაც მათ აქვთ ძალიან ბევრი შეხების წერტილი, მტკივნეული თემა, რომელთა გადაჭრა იოლი არ იქნება. გავიხსენოთ სულ ახლახან თურქული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ყირიმის შესახებ. თურქეთს ამ ეტაპზე, ახალი ისტორიის ამ მონაკვეთზე არანაირი კავშირი არ აქვს ყირიმთან. ყირიმის სახანო დიდი ხანია, აღარ არსებობს.
– ბოლო მფლობელი რუსეთის იმპერია იყო.
– რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში ის ხალხი გაასახლეს, შემდეგ დააბრუნეს და ყირიმი საბჭოთა უკრაინას გადასცეს. ახლახან თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ყირიმის მომავალი სულაც არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და თურქეთს აქვს თავისი პრეტენზიები, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე არა მარტო კულტურულად და პოლიტიკურად, არამედ სულიერადაც. ერდოღანის ბოლო პერიოდის პოლიტიკა მიმართულია ოსმალეთის იმპერიის აღორძინებისკენ. რა თქმა უნდა, ამას რეალური საფუძველი არ აქვს და დიდხანს არ ექნება, მაგრამ ამის გამოძახილს ვხედავთ თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რის ერთ-ერთი დადასტურებაა ჰაგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. რუსებმა გამოხატეს რეაქცია, პუტინმაც გააკეთა განცხადება, რუსული ტვინის ტრესტებიც ცხადად გამოხატავენ პოზიციას, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმდენად აქტიურად და აგრესიულად არა, რომ ამან ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაღაც შეცვალოს. მაინც ფრთხილობს კრემლი, თუმცა ამას ვერ ვიტყვით, მაგალითად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრზე. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საშინელი შეურაცხყოფა ბერძნებისთვის და ისინი  უპასუხებენ თურქეთის ამ ნაბიჯს. რა იქნება ეს პასუხი და რამდენად მწვავე, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ეს ფაქტორი რუსულ-თურქულ ურთიერთობებზე აისახება, მაგრამ წამოვა თუ არა წინა პლანზე და გახდება თუ არა რუსულ-თურქული ურთიერთობა კონფრონტაციული, ამასაც უახლოეს მომავალში ვნახავთ. პირადად მე არ მგონია, რომ არსებითად გამწვავდეს მათ შორის ურთიერთობა, იმდენად, რამდენადაც დღეს მსოფლიოს სულ სხვა პრობლემები აქვს: ახალი მსოფლიო წესრიგის დასასრული, გლობალიზაციის სერიოზული ჩიხი და კრიტიკული მდგომარეობა იმ სტრატეგიისა და პოლიტიკის, რომელსაც დასავლეთის ცივილიზაციის ლიდერები აწარმოებდნენ ბოლო პერიოდში და, მეორე მხრივ, არის პანდემია, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიო პოლიტიკაზე, გააჩერა რა ეკონომიკა და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და რა დგას ამის მიღმა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერდოღანმა საუკეთესო დრო შეარჩია ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რადგან ახლა თურქეთის ამ ნაბიჯზე მკვეთრი რეაქციისთვის არავის სცხელა. შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ზღვარზეა, მიმდინარეობს ამ ქვეყნის ისტორიისთვის ჯერ არნახული წინასაარჩევნო მარათონი. პოლარიზაცია ისეთი უნდა, დღეს რომ არის შეერთებულ შტატებში. ჩვენი დასავლელი მრჩევლები და მეგობრები მუდამ მიგვითითებენ პოლარიზაციის დაუშვებლობაზე, ამ დროს კი ჩვენ ვხედავთ პოლარიზაციის არნახულ დონეს თვით შეერთებულ შტატებში.
– სხვათა შორის, შემაძრწუნებელი ის არის, რომ ეს პოლარიზაცია აშშ-ში სახელმწიფო ინტერესების ხარჯზეა. ამას მათგან არ მოველოდი.
– რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემა დევს სასწორზე, შეერთებული შტატების მიერ ათწლეულების განმავლობაში შექმნილი იდეოლოგიის დარღვევის საფრთხე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ინტერესების ზღვარი წაიშალა. საერთოდაც, მანამდე არსებული ეროვნული ინტერესები ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში შეიცვალა ნაციონალური რადიკალიზმით, ეს არ არის ევროპული, ტრადიციული გაგებით, ნაციონალიზმი, მაგრამ აღარც ლიბერალური დემოკრატია არსებობს დღეს შტატებში ძველი, კლასიკური გაგებით. ამდენად, ახლა ერდოღანს ამისთვის პასუხს ვერავინ მოსთხოვს. მან ეს ჩანაფიქრი განახორციელა და ის დაელოდება მსოფლიოსგან რეაქციებს. მან არაერთი უმძიმესი პერიოდი გადაიტანა იმავე ევროკავშირთან ურთიერთობაში, შტატებთან ურთიერთობაში და ახლა ამ კრიტიკის ქარცეცხლსაც, ვფიქრობ, გაუძლებს. ის ამბობს, რომ მათ აღასრულეს ხალხის ნება და სურვილი და ჩვენ არაფერ შუაში ვართ.
– რეფერენდუმი ჩაატარეს, პლებისციტი თუ საიდან გაიგეს ხალხის აზრი?
– ეს არის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაც მოჰყვა ერდოღანის განკარგულება. საერთოდ, ჩვენ რატომ ვღელავთ, ზოგჯერ ესეც გაუგებარია.
– ჰაგია სოფიაზე რატომ ვღელავთ?
– დიახ.
– გეტყვით, პირადად მე რატომ ვღელავ.
– თქვენ უნდა ღელავდეთ, იმიტომ რომ ჩახედული ხართ ამ საქმეში, მაგრამ საზოგადოებისთვის რამდენადმე გაუგებარია. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი მეგობარი ქვეყანაა, შეერთებული შტატები კი მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოა, ჩვენთვის, გონიერი ადამიანებისთვის, არ უნდა იყოს ხელსაყრელი არანაირი დაპირისპირება მათ შორის, მაგრამ, რეალურად, ისინი თავიანთი გადმოსახედიდან ხედავენ თავიანთ ეროვნულსა და პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებში არ ჯდება ასეთი უღრუბლო ურთიერთობა. ამ შემთხვევაში უნდა ჩავიხედოთ წარსულში და შევახსენოთ, რომ, მართალია, ბოლო ოთხი საუკუნე ჰაგია სოფია მეჩეთი იყო, მაგრამ მანამდე ათასი წლის განმავლობაში ის წარმოადგენდა ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს სალოცავს და, საერთოდაც, რომში წმიდა პეტრეს ტაძრის აგებამდე იყო ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ღირსშესანიშნაობა  და ქრისტიანული მსოფლიოსთვის, მორწმუნე ქრისტიანებისთვის, სულაც, არ არის უმნიშვნელო, იქ ქრისტიანული წირვა-ლოცვა აღევლინება თუ მუსლიმანური სალოცავი იქნება, მიუხედავად ბოლო 4 საუკუნისა, 1935 წლამდე, სანამ მუსტაფა ქემალ ათა თურქი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ მუზეუმად გამოეცხადებინა ტაძარი, მანამდე მუსლიმანური წირვა-ლოცვა აღევლინებოდა და, სხვათა შორის, 2006 წლიდანაც ჰაგია სოფიას ერთ ნაწილში მუსლიმანური რიტუალები სრულდებოდა. იუსტინიანეს პერიოდიდან დაწყებული არსებობდა ქრისტიანული სალოცავი ჰაგია სოფიას ადგილას, მეექვსე საუკუნეში კი აღიმართა მასშტაბური ნაგებობა, რომელიც როგორც სულიერად, ისე თავისი არქიტექტურით, მოზაიკით, ფრესკებით დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებაა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებაზე, განსაკუთრებით, საქართველოზე და ჩვენ კარგად ვიცით ბიზანტიის გავლენა საქართველოზე.
– ჩვენი დასავლეთი მაშინ ბიზანტია იყო.
– დიახ და ბიზანტია იყო მოწინავე ციტადელი და ქართულ არქიტექტურაზეც მოახდინა გავლენა ჰაგია სოფიას ფორმებმა და ჯვარს მე პირადად ბიზანტიური არქიტექტურის გავლენის გამოხატულებად მივიჩნევ, თუმცა ჩვენი მეზობელი ერის აზრით, ის მათი არქიტექტორების მიერაა აგებული.
– სომხები ამბობენ ამას.
– არ მინდა დასახელება... ჯვარი არის ბიზანტიური გავლენით აგებული ტაძარი და ისიც მეექვსე საუკუნეში აიგო, როდესაც შენდებოდა დიდი ჰაგია სოფია. იუსტინიანე იყო იმ დროს იმპერატორი და მის მიერვე აიგო პეტრას ციხე, იმ პერიოდის ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ ეს მხოლოდ თურქი ხალხის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, იქნება ქრისტიანული თუ მუსლიმანური სალოცავი ან მუზეუმი, ვფიქრობ, მთლად წინდახედული პოზიცია არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა, ვინმემ მშვიდობის მტრედად წარმომიდგინოს, რეალურად, ჩვენი დღევანდელი ეროვნული ინტერნსებიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა, პარტნიორობა და კეთილმეზობლობა თურქეთთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-თან, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ისინი ამ ქვეყანას დათვურ სამსახურს უწევენ და დიდი საფრთხის წინაშე აყენებენ.

скачать dle 11.3