კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ გადაწყვიტეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის გალღობა, მაინცდამაინც, კორონაპანდემიისას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსი მძვინვარებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები განახლდა და, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს გაყინული კონფლიქტის გალღობას, ფაქტია, რომ ორივე ქვეყანაში გამოხმაურება ამჯერად უფრო აქტიურია. სომხეთმა მიმართა დსთ-ის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ პასუხად მშვიდობისკენ მოწოდება მიიღო. ამის მიუხედავადაც, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ორმხრივი სროლებისას დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის გენერალი და ბაქოში მიიჩნევენ (ოღონდ არაოფიციალურად), რომ აზერბაიჯანელი გენერლის კოორდინატების გადაცემა მხოლოდ რუსეთს შეეძლო ყარაბაღელებისთვის, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის წამომწყები რუსეთიც იყოს (ან ჩვეულ როლშია, როდესაც ორივე მხარეს აგულიანებს და აიარაღებს). მეორე მხრივ, არც ისაა საფუძველმოკლებული, რომ აზერბაიჯანის  ხელით თურქეთი მოქმედებდეს (ჰაგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების სცენარის მომდევნო სცენა პოლიგონის სწორედ სამხრეთ კავკასიაში გადმოტანას გულისხმობდეს). მით უფრო, რომ თურქეთის თავდაცვის უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა, ყველანაირად დაეხმაროს ბაქოს. ჩემი აზრით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელით რუსეთი და თურქეთი უპირისპირდებიან ერთმანეთს კავკასიაში ძალებისა და გავლენების მოსინჯვის მიზნით. სანახაობა საინტერესო იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ დაპირისპირების ხაზი საკმაოდ ახლოსაა ჩვენთან და, სხვათა შორის, ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ საერთაშორისო მილსადენებთან. ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ მოვლენათა შემდგომი განვითარების ვარიანტებს.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს საერთაშორისო მილსადენების სიახლოვეს, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტის განახლება რუსეთის ინტერესია, თუ ჰაგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ფაქტსა და კორონამდე რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირებას გავიხსენებთ, თურქეთის ინტერესი იკვეთება ომის რუსეთის საზღვრებთან გადატანის იმედით?
– დავიწყოთ იმით, რომ ყარაბაღის კონფლიქტის კონფიგურაცია, როდესაც ჩვენი ერთი მეზობელი მხარს უჭერს სომხეთს, მეორე – აზერბაიჯანს, წლების განმავლობაში არ შეცვლილა. განსხვავება ის არის, რომ ერთგვარ ტრადიციად იქცა ყოველ წელს სხვადასხვა მასშტაბის შეტაკებების განახლება. თან – არა მთელ ტერიტორიაზე, არამედ ყარაბაღის კონფლიქტის სხვადასხვა მონაკვეთზე. რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის მოწინააღმდეგის მიერ ერთგვარი ძალების მოსინჯვა ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის მხრიდან. თავისთავად, აზერბაიჯანი არ ეგუება იმას, რომ ყარაბაღი, მისი შეფასებით, ოკუპირებულია და, ამდენად, მისი რიტორიკა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოყოლებული, მიანიშნებს, რომ სამხედრო გზით ცდილობს ამ ტერიტორიის დაბრუნებას, რაც არ შეიძლება, ჩაითვალოს, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების მილიტარისტული განწყობა, არამედ სახის შენარჩუნების მცდელობა იმ კატასტროფული მარცხის ფონზე, რაც მათ გასული საუკუნის 90-ანებში განიცადეს.
– ცხადია, უცნაურია, მაშინ, რაში სჭირდება სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია, თუ ვერაფერში იყენებს?
– ბოლოდროინდელი შეტაკებები უფრო, მგონია, ძალების მოსინჯვა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ გადაკვეთა „წითელი ხაზები“.
– ანუ ვინ ისროლა პირველმა.
– დიახ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ეს არ არის ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის მთელ ხაზზე, ეს არის კონკრეტულ ადგილას შეტაკება. ჯერ სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია შეთანხმება, შემდეგ ბაქომ გამოაცხადა, რომ სომხურმა მხარემ დაარღვია. ეს იწილო-ბიწილოა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რატომ ხდება ეს დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში. ორივე მხარეს ესმის, რომ პანდემიის პირობებში მსოფლიო ეკონომიკა გაჩერებულია და ეს მდგომარეობა მძიმედ აისახება მათ ეკონომიკაზეც და სოციალურ ვითარებაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალების მოსინჯვაა და გეთანხმებით, რომ სხვა სახელმწიფოების დაპირისპირებაც შეიძლება იყოს. ეს კონფიგურაციაც იგივეა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოყოლებული: რუსეთი სომხეთის მხარესაა, თურქეთი – აზერბაიჯანის და ეს კონფლიქტი გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე ძლიერ მხარეს არ დააკმაყოფილებს მიღწეული შედეგი. ჯერჯერობით ძლიერ მხარედ ჩანს სომხეთი, იმიტომ რომ მას აქვს დაკავებული ეს ტერიტორია და მისი სამხედრო ნაწილები საკმაოდ ძლიერია. მეორე მხრივ, აზერბაიჯანიც არ ჩამოუვარდება, იმიტომ რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები სომხეთზე დიდია და ბოლო წლებში მან მნიშვნელოვნად განავითარა თავისი შეიარაღებული ძალები. თუმცა ორივე ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების დაწყება გარე მხარდაჭერის გარეშე განწირულია.
– რუსეთი მოზომილ განცხადებებს აკეთებს, მხარეებს მოუწოდებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანს, თუ აზერბაიჯანს ვინმე თავს დაესხმება, ანუ მონიშნა „წითელი ხაზი“.
– მე ვლაპარაკობ კარტბლანშის მიცემასა და მწვანე შუქის ანთებაზე. აზერბაიჯანსაც ესმის, რომ, როდესაც ის უტევს სომხეთს, ის უტევს რუსეთსაც. დიდი მარცხის შემთხვევაში ეს იმოქმედებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტეტზე, ამიტომ შეიძლება, აზერბაიჯანს უნდა კიდეც ომის დაწყება ტერიტორიის დასაბრუნებლად, მაგრამ მას უწევს არსებული რეალობის გათვალისწინება.
რაც შეეხება სომხეთს: ის იცავს იმ ტერიტორიას, რაც დაიკავა გასული საუკუნის 90-ან წლებში. მეტი მას არც სჭირდება და დამატებით საკუთრივ აზერბაიჯანის 7 რაიონი აქვს დაკავებული, რომელიც არ შედის ყარაბაღის ავტონომიაში. სომხეთის მოტივაცია, დაეწყო საომარი მოქმედებები, გაუგებარია, რადგან ისედაც აქვს დაკავებული ტერიტორია. აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, ვინ დაიწყო.
– თავი დავანებოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, თურქეთისთვის იყო უფრო ხელსაყრელი დროის ამ კონკრეტულ მომენტში ყარაბარში სროლის განახლება თუ რუსეთისთვის?
– მსგავსი შეფასების გაკეთება მიჭირს. თუ ეს ინციდენტი გაიწელება დროში და უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, მაშინ შეგვეძლება, ვთქვათ, რომ დაირღვა ის სტატუსქვო, რომელიც არსებობდა მანამდე. ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მასშტაბი, რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს ედავებიან.
– მაგრამ ხომ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ რუსეთმა და თურქეთმაც მოუსინჯეს ერთმანეთს რეაქცია?
– დიახ, ესეც ერთგვარად ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალებაა, რომ ამ კრიზისის, პანდემიის ფონზე რამდენად არის მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები მოტივირებული, შეასრულის თავისი ფუნქცია.
– პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრესო. ანუ?
– მე ეს ჩვეულებრივი კოორდინაცია მგონია, მხარეების დაინტერესებიდან გამომდინარე. თურქეთი ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაჯანის მხარეს დაიჭერს, მიუხედავად იმისა, რომ სირიაშიც და ლიბიაშიც ის ჩართულია სამხედრო კონფლიქტებში. მათ არ გამორჩებათ აზერბაიჯანის არც ერთი ნაბიჯი და, ჩემი აზრით, აზერბაიჯანის მოქმედებები შეთანხმებული იქნება თურქულ მხარესთან, მათი მრავალწლიანი ურთიერთობის გათვალისწინებით.
– შეთანხმებულში რას გულისხმობთ?
– მე არ ვამბობ, რომ ალიევმა დაურეკა ერდოღანს და მოახსენა, ამას და ამას ვაპირებთო, მაგრამ, თუ აზერბაიჯანი დააპირებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას, თურქეთს, სულ მცირე, გააგებინებს ამ ამბავს, რომ დაეხმაროს აზერბაიჯანს. აქედან გამომდინარე, თვითონ აზერბაიჯანი დაზარალდება, თუ არ შეათანხმებს თავის გადაწყვეტილებებს თურქეთთან. ერდოღანსა და პუტინს კი უფრო აქტუალურ თემებზეც აქვთ სასაუბრო, მაგალითად, სირიასა და ლიბიაზე.
– მაშინ ასე დავსვამ კითხვას: თუ არსებობს დაინტერესებული მხარე, რომელსაც უნდა საომარი მოქმედებების ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ კავკასიაში გავრცელებაც და პოლიგონად ქცევა?
– თეორიულად მსგავსი რამ ყოველთვის შეიძლება, მოიაზრებოდეს, გამომდინარე იქიდან, ვის რა ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის დამსახურებით დაამარცხა სომხეთმა თავის დროზე აზერბაიჯანი, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი სწორედ რუსების მიერაა ოკუპირებული.
– ანუ ახლა სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა რუსეთს აქვს?
– დიახ, მაგრამ მთელ კავკასიას მას არავინ დააკავებინებს, იმიტომ რომ რეგიონული მოთამაშეები უფრო მოძლიერდნენ. გამორიცხულია, თურქეთი ვერ შეეგუება ამას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მოსწყდება აზერბაიჯანს. რჩება ირანი – მათი აზრით, რუსეთმა წაართვა მათ კავკასია, ძირითადად, აზერბაიჯანი. ამდენად, მე ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ ფართომასშტაბიანი ომი ვინმესთვის იყოს ხელსაყრელი. ჩვენი ტერიტორიები აღიარებულია და ახალი კონფლიქტის წამოწყება აუცილებელი არ არის და ვერც ისეთ გეოპოლიტიკურ ძვრებს ვხედავ, რაც რუსეთს აიძულებს, დაიკავოს სამხრეთ კავკასია. ერთია რუსეთის სურვილები და მეორე – რეალობა.
– თურქეთის სურვილები როგორია? ჩრდილო კავკასიელებს ძალიან გაუხარდათ, სხვათა შორის, ჰაგია სოფიას მეჩეთად გადაკეთება.
– ფაქტია, რომ პროთურქული განწყობები არის ჩრდილო კავკასიაში. იმ შემთხვევაში, თუ სამომავლო პერსპექტივაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გაჩაღდება, რომ სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ჩაერთოს, თურქეთს აქვს საშუალება, სათავისოდ გამოიყენოს ეს ვითარება. ჩეჩნეთის ომშიც საკმარისად აქტიურობდნენ და თუ სამხრეთ კავაკასიაში მოირღვევა არსებული ბალანსი, ყველა მხარე შეეცდება, სათავისოდ გამოიყენოს ეს ვითარება. არიან ჩრდილო კავკასიაში ძალები, რომლებსაც რუსეთის პოლიტიკა გულზე არ ეხატებათ და თურქეთისკენ იხრებიან, როგორც მათთან უფრო ახლოს მყოფებთან, ბოლოს და ბოლოს, 100 წლის წინათაც ცდილობდა თურქეთი, რომ ოსმალეთის ომპერიის მიერ აღმოსავლეთში დაკარგული ტერიტორიების სანაცვლო მიეღო კავკასიაში. მაგრამ დღეს თურქეთის პოლიტიკურ ელიტაში ვერ ვხედავ ვერავის, რომ ამ მიმართულებით მოქმედებდეს.


скачать dle 11.3