№30 შენ – მათ, მე – შენ
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ პასუხი ისრაელურად
ლამის მეორე დღეს (სახელდობრ, ამა წლის 13 ივლისს), როდესაც თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა, რაც, საბოლოოდ, დაბეჭდა თურქეთის პრეზიდენტმა, თავისი განკარგულებით, ჰაგია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ბრძანეს, ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალ აქსას მეჩეთის აღმოსავლეთის კარი დაიკეტა.
იორდანიის მუსლიმანური ფონდის მმართველობა აცხადებს, რომ მათ მიიღეს წერილი ისრაელის პოლიციისგან, რის მეშვეობითაც შეიტყვეს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ჯერჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა შეგახსენებთ, რომ ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმანებისთვის მნიშვნელობით მესამე სალოცავია მსოფლიოში, ოღონდ ებრაელები მიიჩნევენ, რომ უძველეს დროში იმ ადგილას ორი ძველებრაული სალოცავი იყო აღმართული.
ჩვენ, ცხადია, არც მიზეზი ვიცით და არც ის, რა აქვს გადაწყვეტილი ისრაელის ხელისუფლებას – იქნებ ძველებრაული სალოცავების აღდგენაც?! მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – მაშინ, როდესაც ქრისტიანულმა სამყარომ მხოლოდ ჰაერი შეარხია მუშტებით, იმის პასუხად, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – ჰაგია სოფია – თვალსა და ხელს შუა მეჩეთად გადაკეთდება, ამ ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ ისრაელი სათავისოდ გამოიყენებს.
ვფიქრობ, ამიტომაც ახერხებენ 600-მილიონიან მტრულ გარემოცვაში გადარჩენას.