კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ვისი ენერგეტიკა და სიყვარული სჭირდება გამუდმებით დათუნა მგელაძეს და რის გამო ჰგონიათ ის ფულიანი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სიმპათიური, ნიჭიერი, უშუალო და თბილი ბუნების ადამიანის, მომღერალ დათუნა მგელაძის ცხოვრებაში, ახალი ეტაპი დადგა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან სიკვდილსაც ჩახედა თვალებში, მაგრამ გადარჩა, ბიზნესშიც წარმატებას მიაღწია და პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეებია.
  დათუნა მგელაძე:  2009 წლიდან ჩემს ცხოვრებაში წარმატების ეტაპი დაიწყო – ის, რაც მე მაკლდა, მჭირდებოდა და ჩემთვის ძვირფასი იყო. ბავშვობის ოცნება ავიხდინე, თითქოს ფილმში მოვხვდი – დავდექი დიდ სცენაზე და ხალხმა შემიყვარა. აღარ მინდა, გავიხსენო ის ავბედითი დღე და ავარია, როცა სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი, მაგრამ ხალხის სიყვარული და მათგან წამოსული ენერგეტიკა ჩემი გადარჩენისა და დეპრესიიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი იყო. ალბათ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და ამიტომაც გადავრჩი. დეპრესიას უსუსურობა და გულისტკენა იწვევს. იმ პერიოდში, იმ ყველაფრის ფონზე, როცა სხვა რაღაცებზე რომ არ ვისაუბროთ, შენი ფეხით ვერ დადიხარ ხელ-პირის დასაბანად, დეპრესიის დასაძლევად ყველაზე კარგი შანსი უცხო ადამიანების თანადგომა და სიყვარულია. მე, ამ მხრივ, გამიმართლა და დიდი მადლობა მათ, ვინც ერთი ღიმილი, „მე შენ მიყვარხარ“ თუ „შვილო, გენაცვალე“ გაიმეტა ჩემთვის.
– ზოგადად, რამდენად მებრძოლი და რისკიანი ხარ?
– ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება რისკია და ღმერთის წყალობით მიმართლებს.
– როგორც მივხვდი, ამ რისკში ბიზნესსაც გულისხმობ, რომელიც საქართველოში წამოიწყე და რომლის წინააღმდეგიც მამა იყო. ალბათ, ფიქრობდა, რომ არ გაამართლებდა. თუმცა, „სილამაზის სალონმა“ გაამართლა. როგორც ვიცი, იგივე ბიზნესი, მოსკოვშიც გქონდა.
– დიახ, იგივე ბიზნესი მქონდა მოსკოვშიც. მამა წინააღმდეგი იყო ჩემი ბიზნესის საქართველოში დაწყების. საკუთარი გამოცდილებიდან, ეშინოდა და მაფრთხილებდა: ყველა ნაბიჯი კარგად გათვალე, ყველა რისკზე დაფიქრდი და ნაჩქარევი გადაწყვეტილები არ მიიღოო. მამას  სურდა, მის შეცდომებზე მესწავლა და ამიტომ ეშინოდა. თუმცა, მე გამიმართლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმეს იწყებ, ვინ არის შენი პარტნიორი. ამ მხრივაც გამიმართლა – გვერდით ბადრი პევაძე დამიდგა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში მეგობრები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ასე რომ, რისკი იყო საქართელოში ბიზნესის წამოწყება, მაგრამ მე ვერ დავიწუწუნებ.
– ალბათ, ბევრს ფულიანი ჰგონიხარ. ხშირად გთხოვენ უცნობი ადამიანები დახმარებას?
– კი, ბევრს ფულიანი ვგონივარ და ბევრი  მთხოვს დახმარებას. ადამიანებს ეს უკვე ჩვევად ექცათ. როცა ცნობადი ხარ, შეძლებული ჰგონიხარ. ძნელია, ყველას ყველაფერი აუხსნა, რამდენი შრომა ჩადე და რა გიჯდება საქმის კეთება. მადლობა ღმერთს, მე სხვა საქმეც მაქვს და მხოლოდ სცენაზე დგომის შემოსავალზე დამოკიდებული არ ვარ. თუმცა, ჩემი მთავარი საქმე მაინც სიმღერაა  და მის გარეშე ცხოვრება ვერც წამომიდგენია.
– დამეთანხმები, უკვე იმ ასაკში ხარ, როცა ოჯახის შექმნაზე უნდა იფიქრო. გავიგე, ამ მხრივ, შენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებებია. შეყვარებული ხარ?
– კი, კი, შეყვარებული ვარ (იცინის). ზოგისთვის 32 წელი დაგვიანებულია,  მაგრამ, მე ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს დროც დადგა. არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი, ყოველთვის ვერიდები, თუმცა არ ვმალავ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში, ახალი ეტაპი დადგა და შეყვარებული ვარ. მეტს ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გიდგას, ეს ყველაზე დიდი სტიმულია, მით უმეტეს ხელოვანი ადამიანისთვის. კარგი გრძნობაა, როცა გიყვარს.  თუმცა, კიდევ ვამბობ, პირადი იმიტომ არის პირადი, რომ მხოლოდ შენია. ჩემზე ჭორებიც აგორებულა და ბევრიც მიცინია ამაზე, მაგრამ, არ ვაქცევ ყურადღებას.
– არ ჯობია, პირადზე თავად ისაუბრო და ჭორებს  თავი აარიდო?
–  ჩვენს სფეროში ჭორები ასატანია (იცინის).
– გასული ზაფხული უცხოეთში გაატარე და ემიგრანტებს არაერთი კონცერტი აჩუქე. წელს სად გეგმავ ცხელი დღეების გატარებას?
– დიახ, შარშან უცხოეთში ემიგრანტებისთვის კონცერტები გავმართე და თავადაც კმაყოფილი დავრჩი. წელს კი გავავსებ მანქანის ავზს ბენზინით, ჩავალაგებ ტანსაცმელს და ვიბოდიალებ, მოვივლი საქართველოს კუთხე-კუნჭულებს. ხან ერთი მეგობრის სოფელში წავალ, ხან – მეორის.
– მარტო აპირებ  წასვლას? შეყვარებული?
– რა თქმა უნდა, დიდ დროს საყვარელ ადამიანს დავუთმობ, თუმცა, სამეგობროსაც ჩამოვუვლი (იცინის). ადრე გვქონდა დაგეგმილი ერთმანეთის სოფლებში ჩასვლა, ვერ მოვახერხეთ და წელს ავიხდენთ. შანსი მოგვეცა, სუფთა გარემოში, ერთად მივუჯდეთ სუფრას და ამ ოცნებას ამ ზაფხულს ავიხდენთ.
– სუფრა ახსენე. ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ კარგი თამადა ხარ და ღვინოსაც კარაგად ირგებ. გიყვარს ქართული სუფრის ტრადიციები და თამადობა?
– სუფრა კარგი საშუალებაა, ადამიანმა ადამიანი კარგად გაიცნოს, ისაუბროს, იურთიერთოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს. მოკლედ, ქართული სუფრა იდეალური საშუალებაა ურთიერთობის ასაწყობად. რაც შეეხება სმას, ბევრს გაუკვირდება მაგრამ კარგად ვიტან.  არასოდეს დამითვლია, რამდენი დამილევია. ბავშვობაში ვაზით დავლიე და ის დღე არასოდეს დამავიწყდება (იცინის). რატომ ვაკეთებდი მსგავს სისულელეებს, ახლა ვერ ვხვდები. პატარა ბიჭმა რატომ უნდა დალიო ვაზიდან, როცა ერთი კვირის წინ წვეთოვანზე იყავი შეერთებული და სიკვდილს თვალებში ჩახედე? რატომ ვიგდებდი საფრთხეში თავს, ვერ ვხვდები. ყანწი და ვაზა რომ არ მოიყუდო, პატარა ჭიქებითაც კარგად შეზარხოშდები და ბახუსსაც  შეირგებ. სუფრასთან უნდა ისიამოვნო და არა ერთი ყანწი დალიო და გადავარდე. თუმცა, იყო დრო, ეს უფრო მხიბლავდა (იცინის). ალბათ, რომ ჩამოატარებდნენ, უარს ვერ ვამბობდი (იცინის).
– სიკვდილიც დაამარცხე, დეპრესიებიც გადალახე, უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინე და ახლა შეყვარებულიც ხარ. ანუ, რა ეტაპი დადგა შენს ცხოვრებაში?
– ჩემს ცხოვრებაში ტალღებად მოდის სიახლეები და ახლა, დგება ეტაპი, როცა უნდა გავასწრო იმ პერიოდს, წარმატებული რომ ვიყავი – უფრო მეტი გავაკეთო და ვიშრომო. ჩემს ცხოვრებაში ახალი ძვრები, მუზები და იდეებია და დროს უნდა გავასწრო.

скачать dle 11.3