№29 რატომ გადაწყვიტა თორნიკე შენგელიამ კარიერის რუსული არმიის კლუბში გაგრძელება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მისმა „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ დაამარცხა, ჩემპიონის თასი კი თორნიკე შენგელიამ დაიმსახურა, როგორც ამ გუნდის კაპიტანმა. ამ უდიდესი წარმატებიდან რამდენიმე დღეში დადასტურდა ინფორმაცია, რომ თორნიკემ რუსული არმიის კლუბ „ცსკა-ში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
ქეთი შენგელია (თორნიკე შენგელიას დედა): თუ პირადი ტიტულებით ვიმსჯელებთ, ეს არ იყო პირველი წარმატება თოკოსთვის, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ნამდვილად პირველად მიიღო. ჩემპიონობა და ჩემპიონი გუნდის კაპიტნობა ძალიან ამაღლებული გრძნობაა. ვერც გადმოგცემთ იმ ემოციებს, რომელიც ამ გამარჯვებამ მოგვიტანა. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო და პირველი თამაში თოკოს კარიერაში, რომლისთვისაც მე არ მიყურებია. ისეთ ემოციებში ვიყავი, ვერ შევძელი. მე და ჩემმა მეუღლემ თავიდანვე გადავწყვიტეთ, არ გვეყურებინა. ორივე კალათბურთელები ვართ, კარგად ვიცით, რა ემოციებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ამიტომ ორივე ცალ-ცალკე ოთახში ველოდით თამაშის დასრულებას, მაგრამ ტელეფონის მეშვეობით, ასე თუ ისე, თვალყურს ვადევნებდი სტატისტიკას და ვხვდებოდი, როგორი თამაში მიდიოდა.
– ესპანეთში ყოფნის შანსი რომ გქონოდათ, შეძლებდით თავის შეკავებას და თამაშს არ დაესწრებოდით?
– ვერასოდეს ვიკავებ თავს. მოედანზე თამაშს რომ ვუყურებ, როლებში ვიჭრები, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ ხოლმე და ზოგჯერ მრცხვენია კიდეც, ემოციებს ისე გამოვხატავ (იცინის). ბოლო წამებში რომ ჩავხედე ტელეფონს, ვნახე, რომ ანგარიში გათანაბრებული იყო. საშინლად დაძაბული ვიყავი. ლოცვა გავაგრძელე, ძალიან განვიცდიდი, ნერვიულობისგან აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი. რამდენიმე წამში ისევ დავხედე. თვალები ისე მქონდა აჭრელებული, დროს ვეღარც ვამჩნევდი, მაგრამ ანგარიში დავინახე – 67:69 იყო ჩვენ სასარგებლოდ. შემდეგ ისიც დავინახე, რომ დრო ამოიწურა და ფაქტი იყო, ჩვენ გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ რა მოხდა, უკვე კარგად აღარ მახსოვს. თუმცა, ის მახსოვს, რომ სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ვტიროდი, გამოვედი და მე და მეუღლე ერთმანეთს ვულოცავდით ამ გამარჯვებას. სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოგცემთ რა განცდაა მშობლისთვის შვილის ჩემპიონობა. ყველა ქართველ სპორტსმენს და მის მშობელს ვუსურვებ, ეს ბედნიერება გამოეცადოს.
– თქვენ ყველაზე კარგად იცით, რამხელა შრომის და სირთულეების გადალახვის ფასადაა მიღწეული ეს წარმატება...
– ვისაც კალათბურთი ესმის და თორნიკეს იცნობს, ყველა იტყვის, რომ ამ ტიტულს ის ნამდვილად იმსახურებდა. ექვსი წელი გაატარა „ბასკონიაში“ და ამ
დროის განმავლობაში კლუბის წარმომადგენლებიც მუდმივად აღნიშნავდნენ მისი დაუღალავი შრომის შესახებ. შრომის, საკუთარი საქმის სიყვარულისა და რაც მთავარია, ღვთის წყალობის შედეგია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა უფალს ამისთვის.
დროის განმავლობაში კლუბის წარმომადგენლებიც მუდმივად აღნიშნავდნენ მისი დაუღალავი შრომის შესახებ. შრომის, საკუთარი საქმის სიყვარულისა და რაც მთავარია, ღვთის წყალობის შედეგია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა უფალს ამისთვის.
ცხრა წლის იყო კალათბურთზე რომ მივიყვანეთ უნგრეთში, რადგან მაშინ ჩემი მეუღლე იქ თამაშობდა. რამდენიმე თვის შემდეგ მწვრთნელები გვეუბნებოდნენ, ეს ბიჭი დიდ კალათბურთს ითამაშებს და დიდ წარმატებებს მიაღწევსო. ორი-სამი წელია, აქ ბავშვები ვარჯიშობენ და ასეთი შედეგი არ აქვთ, ამას ეტყვი თუ არა, ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს და ზუსტად ისე აკეთებს, როგორც საჭიროაო. შემდეგ საქართველოში ნიკო ჩერქეზიშვილთან მივიყვანეთ. ხოლო, როცა ჩემმა მეუღლემ აქტიურ კალათბურთს დაანება თავი, თორნიკეს მწვრთნელობა საკუთარ თავზე მან აიღო. 90-იანებში, როცა არც სინათლე იყო და არც გათბობა, მისი ვარჯიშიც კი არ მაქვს გაცდენილი. გამყინვარებაში, მინებჩამტვრეულ დარბაზებში ვარჯიშობდნენ ბავშვები სიცივისაგან დალურჯებული ხელებით, სანამ სხეული გაუხურდებოდათ. ისეთი სანახაობითი იყო და ყოველ ჯერზე ისეთი ზრდა და განვითარება ეტყობოდა, მისი ვარჯიშის ყურებით ვტკბებოდი. ბავშვობა, რომელიც გართობასთან ასოცირდება, მისთვის არ არსებობდა. ვარჯიშზე დროზე ადრე მიდიოდა, რომ დაამთავრებდა, კიდევ რჩებოდა, სხვა მწვრთნელს სთხოვდა და სხვებთან ერთად ვარჯიშობდა. საღამოს უკვე ძალით აგდებდნენ – სახლში წადი, შვილოო (იცინის).
– ალბათ, რთული პერიოდები და გაჭირვებაც გამოგივლიათ.
– გვქონდა ეგ პერიოდი. ეკონომიურად ნამდვილად არ გვილხინდა, რამდენჯერმე ფეხით წამოვსულვართ სახლში. იყო ჩავარდნები, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თოკოსთვის მომავალი შეგვექმნა. თოკომაც შრომის სიყვარულისა და მიზანდასახულობა გამოიჩინა და უკან არ დაიხია. კარიერაშიც ჰქონდა რთული პერიოდები, თუნდაც, „ენბიეიში“ გატარებული ორი წლის განმავლობაში. თოკო მოედანზე მთელ სულსა და გულს დებს, ბოლომდე იხარჯება, რისი საშუალებაც „ენბიეიში“ არ მიეცა და ეს მისთვის ძალიან რთული იყო. საერთოდ,
ყველა ახალ კლუბში ძნელია თავიდან ადგილის დამკვიდრება, ფაქტობრივად, თავიდან იწყებ რაღაცების დამტკიცებას. ეს ფიზიკური ბრძოლაცაა და ფსიქოლოგიურიც. დიდი შრომისა და ჯანმრთელობის ფასად მოდის წარმატებები.
ყველა ახალ კლუბში ძნელია თავიდან ადგილის დამკვიდრება, ფაქტობრივად, თავიდან იწყებ რაღაცების დამტკიცებას. ეს ფიზიკური ბრძოლაცაა და ფსიქოლოგიურიც. დიდი შრომისა და ჯანმრთელობის ფასად მოდის წარმატებები.
– ამ გამარჯვების შემდეგ მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ახლახან რუსეთის არმიის კლუბში გადავიდა. მიუხედავად მისდამი ძალიან დიდი სიყვარულისა, რუსეთთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობის გამო ძალიან ბევრი კრიტიკა მოჰყვა ამ ნაბიჯს, სამშობლოს მოღალატედაც შერაცხეს და არასასიამოვნო შეფასებებიც არ დაიშურეს. თქვენი ოჯახის პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით? მისი მიღწევებიდან გამომდინარე, განებივრებულია საზოგადოების სიყვარულით და მისდამი ამდენი ნეგატიური დამოკიდებულება პირველად გაჩნდა.
– მე მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას, ეს ნამდვილად კარიერული წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯია. „ბასკონია“ არ არის ევროლიგის ჩემპიონობაზე ორიენტირებული. „ცსკას“ კი დიდი ამბიციები აქვს და თოკოს კარიერისა და ტიტულისთვის უმჯობესი იყო იქ გადასვლა. რაც შეეხება პატრიოტიზმს, ალბათ, ადამიანი, რომელიც თოკოს იცნობს, ნამდვილად არ იტყვის მსგავს რამეს. ყველას თავისი აზრი აქვს და მის გამოთქმას ვერავის აუკრძალავ. თუმცა თოკოს სამშობლოს სიყვარულში ვერავინ შეედრება. არ ვიცი, ალბათ, უნდა იცნობდე ადამიანს, რომ მის გადაწყვეტილებები გააკრიტიკო. რა თქმა უნდა, განვიცდით ამ ყველაფერს, მაგრამ მე ხომ ვიცი ჩემი შვილის დამოკიდებულება სამშობლოსადმი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თოკოს რომ იცნობდნენ, ასე აღარ გააკრიტიკებდნენ.
– გადავიდეთ ოჯახურ ცხოვრებაზე. ამ მიღწევების პარალელურად, სამი ბიჭის მამობას როგორ უმკლავდება?
– საოცრად მიხარია და თან მიკვირს, რომ ამ ყველაფერს ერთდროულად ართმევს თავს. არ არსებობს, რაც უნდა დაღლილი და მოუცლელი იყოს, აუცილებლად იპოვის ენერგიას და დროს შვილებზე ზრუნვისთვის. საუკეთესო მეუღლე, მამა, შვილი და მეგობარია თოკო. ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი ლამაზი და ტკბილი ოჯახი რომ აქვს. გადასარევი მეუღლე ჰყავს – ულამაზესი და უსაყვარლესი სალი. მეც ბედნიერი ვარ მათი ბედნიერების შემყურე.