№29 როგორ გაყიდა ქართველი „შპიონი“ კალათბურთის სიყვარულმა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მეკავშირე
– გისმენთ, – უპასუხა ზარს ჯემალ ნაზირიძემ.
– თუ არ ვცდები, დოცენტ კარიძის ბინაში ვრეკავ, თუ შეიძლება, ბატონ ხვიჩას სთხოვეთ, – მოესმა ნაზირიძეს მამაკაცის ხმა და პაუზის მერე უპასუხა:
– ცდებით, ამხანაგო, სხვაგან მოხვდით.
– ბოდიში, მაგრამ ეს ნომერი მომცეს და მითხრეს, რომ ბატონი დოცენტი აბიტურიენტებს ამზადებს, – თქვა მამაკაცმა. ნაზირიძემ კი მიუგო:
– არა, ამხანაგო, შეცდომაში შეგიყვანეს.
უცნობმა ტელეფონი გათიშა. ნაზირიძემ კი სავარძელში მჯდომ მამაკაცს უთხრა:
– ამ ერთი საათის განმავლობაში უნდა მოვიდეს. მოვემზადოთ.
ჯემალ ნაზირიძე პროფესიით შტურმანი იყო და შორეულ ნაოსნობებში დადიოდა. ის ერთ-ერთი ნაოსნობის დროს ნიუ-იორკის ბორდელს ეწვია და მომსახურებაში საკმაოდ მსხვილი თანხა გადაიხადა. იმავე საღამოს ნაზირიძეს ქუჩაში „ცეერუს“ ოფიცერი შეხვდა და მას ბორდელში გადაღებული ფირი უჩვენა. შემდგომ ერთ-ერთ ახლომდებარე კაფეში მიიპატიჟა და პირისპირ უთხრა:
– ვფიქრობ, თქვენი უფროსობა ნეგატიურად ეკიდება სქესობრივ აღვირახსნილობას, სავალუტო ოპერაციების წარმოება კი თქვენთან დასჯადია. ამიტომ, თუკი დაგვეხმარებით, მაშინ არც ჩვენ დაგაბეზღებთ უფროსობასთან და უზრუნველყოფილი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ. აბა, რას იტყვით?
„ცეერუს“ აგენტმა ჯემალ ნაზირიძეს უთხრა, რომ მასთან მეკავშირეს გაგზავნიან, რომელსაც უნდა დაეხმაროს. შემდეგ ჯემალს პაროლი შეასწავლა და ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თან 300 დოლარიც მისცა. ჯემალმა თანხმობა განაცხადა და სამშობლოში რომ დაბრუნდა, ყველაფერს კონტრდაზვერვას მოუყვა. „კაგებე“ კი მის სახლში ჩასაფრდა და თითქმის შვიდი თვე ელოდა, ეგრეთ წოდებულ, მეკავშირეს.
ტოტალური ძებნა
კონტრდაზვერვის მოლოდინის მიუხედავად, მეკავშირე ჯემალ ნაზირიძეს ახლოს არ გაჰკარებია.
– როგორც ეტყობა, რაღაც იყნოსა მეკავშირემ და არ გამოჩნდა, – სინანულით თქვა კონტრდაზვერვის პოდპოლკოვნიკმა ჯუმბერ ხმალაძემ, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
გენერალ ალექსი ინაურის ბრძანებით, უცნობი მეკავშირის ტოტალური ძებნა გაჩაღდა და კონტრდაზვერვა ფეხზე დადგა. მართალია, ძებნილის არც ვინაობა იცოდნენ და არც გარეგნობა, მაგრამ გამორიცხული არ იყო, რომ მეკავშირე რაღაც აქციისთვის იყო გამოგზავნილი, რომლის მიზანი უშიშროებამ არ იცოდა. ამიტომ, ხიფათის თავიდან ასაცილებლად და ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფარულმა ძებნამ ინტენსიური ხასიათი მიიღო.
შეტყობინება „ლენგლიდან“
გაღმელი მეკავშირის თბილისში გამოჩენიდან ერთი კვირის თავზე „ცეერუს“ შტაბ-ბინაში, „ლენგლიში“, სპეცოპერაციების განყოფილებაში მომუშავე საბჭოთა ჯაშუშისგან, „გრავიორისგან“ ლუბიანკაზე შეტყობინება მივიდა, რომელიც შემდგომ თბილისში გადმოაგზავნეს. მასში ეწერა: „მოგახსენებთ, რომ საბჭოეთში გადმოსროლილია აგენტი „ხოჭო“, რომლის მარშრუტი და მიზანი, აგრეთვე, გარეგნობა, უცნობია. მხოლოდ ის დავადგინე, რომ „ხოჭო“ ყოფილი საბჭოთა სამხედრო ოფიცერია, რომელიც ამ შვიდი წლის წინ საბჭოეთიდან გაიქცა. ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებულად საშიშია და „ხოჭოს“ სასწრაფოდ აღმოჩენა და განეიტრალება აუცილებელია. „გრავიორი“...“
„ცეერუს“ აგენტი „ხოჭო“ 40 წლის ყოფილი კაპიტანი ბაკურ სხილაძე იყო. ის 33 წლის ასაკში უნგრეთში, ბალატონის ტბაზე წარმოებული საერთაშორისო სამხედრო სწავლების დროს გაიქცა და „ცეერუს“ თანამშრომელი გახდა. „გრუ“ მასზე ნადირობდა, მაგრამ წარუმატებლად და ბოლოს მისი კვალიც დაკარგა. „კაგებეში“ ვარაუდობდნენ, რომ სხილაძეს გარეგნობა შეუცვალეს და მასზე მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მაღალი კლასის დივერსანტი იყო. უშიშროების აზრით, თბილისში ჩამოსული გაღმელი მეკავშირე სწორედ ის იყო და მთელი „კაგებე“ „ხოჭოს“ დასაჭერად იყო მობილიზებული.
ბინძური მიზანი
„ხოჭოს“ რომ ეძებდნენ, უშიშროებამ ბაკურ სხილაძის, ეგრეთ წოდებული, ცოცხალი დოსიე გულდასმით შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ „ხოჭო“ კალათბურთის უზომო ფანატი იყო. თბილისის „დინამოს“ თავგადაკლულ გულშემატკივარს საბჭოეთიდან გასვლამდე საყვარელი გუნდის არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია, თამაშის მერე ყოველთვის გასახდელში ჩადიოდა და მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძეს ხელს ართმევდა. მათ ის აღმერთებდა. ქართველმა კონტრმზვერავებმა გადაწყვიტეს, ამით ესარგებლათ და თუკი გაუმართლებდათ, „ხოჭო“ კალათბურთის მატჩზე დაეჭირათ. სწორედ, იმ პერიოდში თბილისში საბჭოთა კავშირის საკალათბურთო პირველობის ტური ტარდებოდა და ყველა საუკეთესო გუნდი საქართველოს დედაქალაქში იყო შეკრებილი. თამაშები სპორტის სასახლეში იმართებოდა. და, მართლაც, თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ცეესკას“ მატჩის შემდეგ, რომელიც „დინამომ“ მოიგო, კონტრმზვერავების ყურადღება ერთმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც „დინამოს“ გასახდელში ჩავიდა და ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს ქორქიასა და საკანდელიძეს მხურვალედ ულოცავდა წარმატებას. კალათბურთის ფანატი დააკავეს და ის ბაკურ სხილაძე, იგივე აგენტი „ხოჭო“ აღმოჩნდა. კონსპირაციულ ბინაში მას უამრავი ასაფეთქებელი მასალა აღმოუჩინეს. „ხოჭო“ გამოტყდა, რომ ნაზირიძის მეშვეობით საიდუმლო ნახაზების მოპოვება ჰქონდა განზრახული. „ხოჭოს“ თქმით, ნაზირიძის ბინაში რომ დარეკა, ინტუიციით იგრძნო, იქ „კაგებე“ იყო ჩასაფრებული და აღარ მივიდა“... „ხოჭო“ გაასამართლეს და 15 წლით ციხეში ჩასვეს.