კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 დუბლი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #28(1019)

  უფანჯრო ოთახი მწვანეში ჩაფლული, სამსართულიანი აგარაკის სარდაფში მდებარეობდა. აგარაკი წყნეთში იყო და უშიშროების სამინისტროს ეკუთვნოდა, რომელსაც განსაკუთრებულად გასაიდუმლოებული შეხვედრებისთვის იყენებდნენ. მარვინ პირსი, რომელმაც პირველმა დატოვა კონსპირაციული  შეხვედრა, „ცეერუს“ სპეცოპერაციების განყოფილების უფროსი იყო. მას კი საქართველოს წარმომადგენლები – უშიშროების მინისტრი გივი ჯავახია და კონტრდაზვერვის უფროსი უჩა ჩხეტია – ესაუბრებოდნენ. „ობიექტად“ მოხსენიებული პირი კი იორდანიელი ტერორისტი სალიმ-აბდულ ჯავადი იყო, რომელსაც მეტსახელად „ბეცს“ ეძახდნენ. ის ელამი იყო და ასეთი სახელი იმიტომ შეარქვეს. მას „ცეერუ“ თითქმის ათი წლის განმავლობაში ეძებდა და ამერიკის ერთ-ერთ მთავარ მტრად ითვლებოდა. მისი ორგანიზებული იყო რამდენიმე მსხვილი ტერორისტული აქტი, რომელმაც შეერთებული შტატების ასეულობით მოქალაქე შეიწირა. სალიმ-აბდულ ჯავადს ამერიკელები მთელ მსოფლიოში დასდევდნენ და რამდენიმეჯერ მის შეპყრობა-ლიკვიდაციასთან ახლოსაც კი იყვნენ. თუმცა, მდევარს ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა. ბოლოს „ბეცის“ კვალმა მდევრები კავკასიაში მოიყვანა და სავარაუდო იყო მისი საქართველოში გამოჩენაც. სწორედ, ამის გამო ჩამოფრინდა თბილისში მარვინ პირსი „ცეერუს“ საიდუმლო-ელიტურ ქვედანაყოფთან ერთად და იმედი ჰქონდა, რომ „ბეცი“, სწორედ, აქ დაასრულებდა თავის თარეშს.
ამერიკელი რომ წავიდა, ათი წუთის შემდეგ კონსპირაციული აგარაკი გივი ჯავახიამ და უჩა ჩხეტიამაც დატოვეს, რომლებიც დაბურულშუშებიანი მანქანით დაბრუნდნენ თბილისში.
***
აგენტი „ელვა“ წყნეთის კონსპირაციული აგარაკიდან დაბურულშუშებიანი მანქანით დააბრუნეს თბილისში და ვაკეში მიიყვანეს. კოტე თავის მანქანაში გადაჯდა და სახლისკენ აიღო გეზი. კვირა დღე იწურებოდა. შუაღამეს სულ რამდენიმე წუთი აკლდა და „ელვა“ ისე იყო დაქანცული, რომ საჭესთან ეძინებოდა. მან მანქანა გარაჟში დააყენა, ჩაკეტა და სახლში ავიდა. შემდეგ კომოდზე დატოვებული ტელეფონი ჩართო. ტანსაცმლიანად მიეგდო ლოგინზე და ის იყო ჩათვლიმა, რომ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. „ელვას“ თვალი არც გაუხელია, ისე უპასუხა:
– გისმენთ.
– ჩქარა ჩაიცვი და ჩემთან, სახლში მოდი. საქმე გამომიჩნდა, წასასვლელი ვარ.
– გასაგებია, ბატონო ვარლამ. ათ წუთში თქვენთან გავჩნდები, – მიუგო კოტე ვეფხვაძემ ვარლამ გუბაზს და ლოგინიდან წამოდგა.
სწორედ კოტე ვეფხვაძე იყო აგენტი „ელვა“, რომელიც „ბეცის“ დასაკავებელ ოპერაციაში მონაწილეობდა და სწორედ ის ჩანერგეს ვარლამ გუბაზთან, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ გუბაზი „ბეცთან“ იყო დაკავშირებული და სწორედ ეს უნდა გაერკვია მაიორ კოტე ვეფხვაძეს. თითქმის ერთი თვე იწურებოდა, რაც კოტე გუბაზთან მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში „ელვამ“ თითქმის ყველგან „ჟუკები“ დაუყენა გუბაზს – კაბინეტში, ავტომობილში, სახლში, აგარაკზე, ასე რომ ვარლამი ყოველმხრივ ისმინებოდა. სწორედ ამ გზით გაჩნდა იმის ვარაუდი, რომ გუბაზი „ბეცთან“ იყო დაკავშირებული. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო და მყარი ფაქტების გარეშე ვერც გუბაზის მხილება მოხდებოდა და ვერც „ბეცის“ განეიტრალება... საგულისხმო იყო ის, რომ ეგრეთ წოდებული, „ჟუკები“, ანუ  მოსასმენი მოწყობილობები ისეთი ტექნოლოგიებით იყო დამზადებული, რომ მათი ელექტრონულად აღმოჩენა შეუძლებელი იყო. მიკროზომისა და უმაღლესი კომუფლირების გამო მათ ვერც ვიზუალურად მიაგნებდა ვინმე. ფაქტობრივად, ისინი უნივერსალურ-საჯაშუშო მოწყობილობების უმაღლეს ნიმუშებს წარმოადგენდნენ და „ცეერუს“ ტექნიკური ლაბორატორიის უფროსი მარტინ ალექსანდერი ტყუილად როდი ამაყობდა მათი შექმნით. როდესაც ვაზიანში, სპეციალურ დახურულ ზონაში, კოტე ვეფხვაძეს ჩანერგვის ოპერაციისთვის ამზადებდნენ, თავად ალექსანდერი ჩამოფრინდა თბილისში და სპეცმოწყობილობებით სავსე ჩემოდანი ჩამოიტანა. მანვე ჩაუტარა ინსტრუქტაჟი „ელვას“ და თითოეული მოწყობილობის ფუნქცია და მოხმარების წესი შეასწავლა. ბოლოს კი უთხრა:
– როგორც კი ყველა მოწყობილობა ჩაირთვება, მათი სიგნალები „ცეერუს“ თანამგზავრს მიუვა და ინფორმაციის მიწოდება დაიწყება, იქნება, ეს აუდიო თუ აუდიო-ვიზუალური.
„ჟუკები“, ძირითადად, აუდიოფუნქციებით იყო აღჭურვილი. თუმცა ალექსანდერის მიერ ჩამოტანილ მოწყობილობებში ვიდეოფუნქციებით აღჭურვილი მიკროაპარატურაც იყო. მაგალითად, სხვადასხვა მწერებად შენიღბული მიკრომფრინავი გადამცემი, რომლებიც ბუზებივით ან კოღოებივით დაფრინავდნენ, ათი მეტრის რადიუში აუდიოვიზუალურად აფიქსირებდნენ ყველაფერს. მათი სამართავი მიკროპულტი კი კოტე ვეფხვაძეს ჰქონდა ჩამონტაჟებული მაჯის საათში და „ელვა“ ოსტატურად მართავდა მათ.
გუბაზმა რომ კოტეს დაურეკა და სასწრაფოდ იხმო, „ელვამ“ რამდენიმე მიკრომოწყობილობა ჯიბეში ჩაიდო, საათი გაასწორა და ვარლამისკენ გასწია.
– მადლობა ღმერთს, რომ მოხვედი, – უთხრა გაღიზიანებულმა ვარლამმა ახალმოსულ კოტეს და დაამატა, – იარაღი ხომ თან გაქვს?
– დიახ, ბატონო ვარლამ, მიუგო კოტემ და წელზე დაირტყა ხელი, სადაც პისტოლეტი ჰქონდა დამაგრებული.
– მხოლოდ ჩვენ ორნი მივემგზავრებით და საჭესთან შენ დაჯდები, – თქვა გუბაზმა.
– გასაგებია, ბატონო ვარლამ, – თავი დააქნია კოტემ და გუბაზს მანქანის გასაღები გამოართვა.
– კახეთში მივდივართ, ახმეტაში, – თქვა ვარლამმა, როდესაც მძღოლის გვერდით მოკალათდა, თან დააყოლა, – კონფიდენციალური შეხვედრა მაქვს ძველ მეგობართან და არაა სასურველი, ცნობისმოყვარე თვალმა დაინახოს. წავედით!
ადგილზე რომ ჩავიდნენ, მანქანა ერთ-ერთ ეზოში გააჩერეს და მხოლოდ გუბაზი გადავიდა. კოტე კი მანქანაში დატოვა და უთხრა:
– აქ დამელოდე. მალე მოვალ.
სანამ ვარლამი მანქანიდან გადავიდოდა, კოტემ მის სამოსზე კიდევ ერთი „ჟუკი“ მიაკრა. „ცეერუში“ ყველაფერს მოისმენდნენ და არც ის იყო გამორიცხული, რომ საჭიროების შემთხვევაში „ლენგლიდან“ „ელვასთვის“ სამოქმედო ინსტრუქცია გამოეგზავნათ, რომელიც ან მობილურზე, ან მაჯის საათზე მიუვიდოდა. კოტეს თავადაც შეეძლო საუბრის მოსმენა. ამისთვის საჭირო იყო სპეციალური ყურსასმენების საათზე ან მობილურზე შეერთება. „ელვამ“ დააპირა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ ვარლამი სახლდიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და კოტეს უთხრა:
– გეგმები შეიცვალა. ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდება და უარი ვერ ვუთხარი.
– ხომ მშვიდობაა, ბატონო ვარლამ? – იკითხა კოტემ.
– მოკლედ, ჩემი მეგობრის ძმისშვილს კონფლიქტი მოსვლია თანასოფლელთან. გაწევ-გამოწევაში ერთმანეთი დაუჭრიათ. ის მძიმედ ყოფილა და საავადმყოფოში წაუყვანიათ. ამას კი ფეხი აქვს „სკვაზნოი“ გახვრეტილი და თბილისში უნდა ჩავიყვანოთ. აქაურ საავადმყოფოში რომ მიიყვანონ, იმ ბიჭის ნათესავები მიადგებიან და სისხლისღვრა მოხდება. თბილისში კი ჩემს მეგობარს ერთი ახლობელი ექიმი ჰყავს და მასთან მივიყვანთ, ის მიხედავს.
კოტემ მანქანა დაძრა და როგორც გუბაზმა მიუთითა, სხვა ეზოსთან გააჩერა. იქიდან კი ორმა მამკაცმა ხელში აყვანილი ადამიანი გამოიყვანეს, რომელსაც კაპიუშონიანი მოსასხამი ეცვა და ისე ჰქონდა შეკრული, რომ სახე არ უჩანდა. ის ყრუდ კვნესოდა და ფეხზე იდებდა ხელს. ეტყობოდა, რომ ახალგაზრდა იყო და ის უკანა სავარძლებზე მოათავსეს. ერთ-ერთი მამაკაცი კაპიუშონიანს გვერდით მიუჯდა და გუბაზმა კოტეს ანიშნა, მანქანა დაძარიო. თბილისამდე ხმა არავის ამოუღია. ისანში რომ ჩავიდნენ, კოტემ გუბაზს ჰკითხა:
– საით წავიდე, ბატონო ვარლამ?
– მცხეთაში, – მიუგო გუბაზმა.
„ელვამ“ მცხეთისკენ აიღო გეზი და ერთ-ერთ აგარაკთან გაჩერდა. უკანა სავარძელზე მოკალათებულებმა უხმოდ დატოვეს მანქანა და გადავიდნენ. კოტე ცდილობდა, დაენახა, სად შევიდოდნენ ახმეტელი მგზავრები, მაგრამ გუბაზმა უთხრა:
– წადი, რაღას ელოდები!
კოტე ვეფხვაძე თბილისისკენ გამოემართა და გუბაზის ეზოში რომ შევიდა, მზეც ამოვიდა. ვარლამმა კოტეს ასდოლარებიანის შეკვრა გაუწოდა და უთხრა:
– აი, გამომართვი.
– ხელფასი ხომ გუშინწინ ავიღე, ბატონო ვარლამ, – უთხრა კოტემ.
– ეს პრემიაა. კარგად გაართვი თავი სამუშაოს და გეკუთვნის, – უთხრა გუბაზმა ვეფხვაძეს და დაამატა, – დღეს შეგიძლია, დაისვენო, „ვიხადნოია“. ხვალ დილით კი ჩვეულებრივად გელოდები.
– გმადლობთ, ბატონო ვარლამ, – უთხრა კოტემ გუბაზს და „ბეემვე“ გუბაზის ეზოდან გამოიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ „ელვა“ უკიდურესად დაღლილი იყო და საშინლად ეძინებოდა, ტელეფონი მოიმარჯვა, საიდუმლო ნომერზე დარეკა და მეკავშირეს დაშიფრულად ესაუბრა. ამ საუბრის შემდეგ კი კოტე ვეფხვაძე წყნეთის კონსპირაციულ აგარაკზე გაემგზავრა, რადგან იქ დაიბარეს. „ელვა“ ნახევარ საათში ადგილზე იყო, ჯერ არავინ ჩანდა. უფანჯრო ოთახში იჯდა და ელოდა. ათიოდე წუთის მერე კი ოთახში გივი ჯავახია, უჩა ჩხეტია და მარვინ პირსი ერთად შემოვიდნენ. კოტე სამივეს იცნობდა, მაგრამ მათ გამოჩენას არ ელოდა და ფეხზე წამოდგა.
– დაჯექი, – უთხრა ჯავახიამ კოტეს, თან ხელით ანიშნა, რომ დამჯდარიყო და როდესაც ახალმოსულები სავარძლებში დასხდნენ, მინისტრმა მას უთხრა:
– დღევანდელი ვოიაჟის შენებური აღწერა გვჭირდება კომენტარებით.
– ახმეტიდან ვიღაც შენიღბული ტიპი წამოვიყვანეთ. დიდი ალბათობით, ძალიან ახალგაზრდა. გუბაზმა მითხრა, ფეხში ტყვიითაა დაჭრილიო და ისიც დროგამოშვებით ყრუდ კვნესოდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ იტყუებოდა. ის და მისი თანმხლები პირი მცხეთაში, აგარაკებთან ჩამოვსვი, მაგრამ სანამ არ წამოვედით, ადგილიდან არ დაძრულან, სავარაუდოდ მე რომ ვერ დამენახა, სად შევიდოდნენ. ჩემი აზრით, ახმეტიდან მათ „ბეცი“ ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ აგარაკზე მალავენ, – თქვა კოტემ და მინისტრს მიაჩერდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3