№29 შვილის გამო გათხოვებაზე უარი ვთქვი და ძალიან ვნანობ
ალბათ, ეს ჭკუა რომ ათი წლის წინ მქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი, ცხოვრებას უკეთ ავიწყობდი და მეც სრულფასოვანი ოჯახი მექნებოდა. თუმცა, არავის არაფერს ვაბრალებ. როგორც ახლა ვარ, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, ვნანობ, რომ შვილის გამო ყველაფერზე უარი ვთქვი, არცერთ მამაკაცს არ გავეკარე და დღეს ყველა პრობლემის გადაჭრა მარტოს მიწევს, ყველაზე მეტად კი შვილის გაზრდა გამიჭირდა – ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, ესეც ჩემი არჩევანი იყო. ჩემი ქმარი ალკოჰოლიკი იყო, სვამდა, გვაწიოკებდა, გვამწარებდა... აღარც მინდა მის გვერდით გატარებული წლები გავიხსენო. არადა, რომ გავყევი, ძალიან კარგი ბიჭი იყო – თბილი, მოსიყვარულე, საქმიანი. მერე, ძმაკაცებს აჰყვა, სამსახურიც დაკარგა, ხასიათებიც შეეცვალა და დღე არ გამოუტოვებია დალევის გარეშე. დედისერთა ვარ, სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა, მაგრამ მის ხელში ეს ერთი შვილიც როგორ გავაჩინე და გავზარდე, არ ვიცი. მოკლედ, ზუკა 8 წლის იყო, როცა ქმარს გავშორდი. ბავშვსაც კი მობეზრებული ჰქონდა მისი უზნეო ქცევები. მამამისი სახლში რომ მოდიოდა, ბავშვი შიშისგან კანკალებდა, მეხუტებოდა, იცოდა ყვირილი და ჩხუბი გარდაუვალი იყო. მოკლედ, ამდენმა სტრესმა მასზეც იმოქმედა და ხასიათი საკმაოდ გაუფუჭდა. ახლა დიდი ბიჭია, მაგრამ ის სიმწარე არ დავიწყებია და მამის სახელის გაგონებაც კი არ უნდა. ქმარს რომ გავშორდი, ბევრი მთხოვნელი მყავდა. ვერ ვიტყვი, ყველა გადასარევი და ჩემი შესაფერისი იყო-მეთქი, თუმცა, რომ მომენდომებინა, კარგ ოჯახს შევქმნიდი. უბრალოდ, არ მინდოდა, შვილს ეეჭვიანა. თან, მამისგან რომ გამოცდილება ჰქონდა, კაცებს ვერ იტანდა. ვიფიქრე: უის გავეყარე, ვაის შევეყარე არ დამემართოს-მეთქი და რამდენჯერაც ვინმეზე დავფიქრდი, მალევე ამოვიგდე გონებიდან. თან, ვხვდებოდი, რაიონიდან და სოფლიდან ვინც იყო, ჩემს ბინაში ჩასახლება უნდოდა და ამიტომ მთხოვდა ცოლობას. ზოგი ცოლს განაშორები იყო და ზოგიც – ბანკის ვალების გამო, ქონება დაკარგული. რასაკვირველია, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ბინაც ჰქონდა და არც მხოლოდ ქონების გამო ვუნდოდი, მაგრამ ჩემი ქმრის მერე, ისე ვიყავი შეშინებული, არავის ვიკარებდი. დღეს კი, ჩემი შვილი უკვე დიდია, თავისი საძმაკაცო წრე და სამყარო აქვს. ისე გავა დღეები, არც კი დამელაპარაკება. მე კი დღე და ღამე ვმუშაობ, მის გამო წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ არაფერი მოაკლდეს. ღმერთმა გადმომხედა და მამამისს არ ჰგავს – არც სასმელი უყვარს და არც ჩხუბისთავია. მაგრამ ახლანდელი ახალგაზრდების უმეტესობას დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა და მითხრა კიდეც: ცოლს რომ მოვიყვან, მინდა, ცალკე ვიცხოვროო. ვხვდები, სიბერის მარტოობაში გატარება მომიწევს. აბა, მას რომ თავისი სახლი და ცოლ-შვილი ეყოლება, დიდი-დიდი ორ დღეში ერთხელ მომაკითხოს. არც მინდა, ჩემ გამო საკუთარ ბედნიერებაზე თქვას უარი. მე დავაშავე, რომ არ გავახილე თვალი და მეორედ არ გავთხოვდი, ამიტომ მინდა, ჩემი შვილი მაინც იყოს ბედნიერი იმის გვერდით, ვინც ეყვარება. ისე სწრაფად გაირბინა წლებმა, მოხედვაც ვერ მოვასწარი. არადა, რომ გავთხოვილიყავი, შვილებიც მეყოლებოდა და ჩემი შვილი, ჩემსავით დედისერთა არ იქნებოდა. სულ ვამბობ, არ მინდა წარსულში დაბრუნება-მეთქი, თუმცა, რომ დამაბრუნონ, ბევრ რამეს შევცვლიდი და ჩემს ცხოვრებას სხვანაირად წარვმართავდი. მხოლოდ იმის გამო გავთხოვდებოდი, რომ გვერდით სანდო მამაკაცი მყოლოდა და ბევრი შვილი გამეჩინა. ახლა ხომ დიდი ოჯახი მექნებოდა? თორემ, არც ლუკმა-პური მაკლია და არც ჩემი შვილით ვარ უკმაყოფილო. უბრალოდ, მეც მინდა, მქონდეს ის ბედნიერი გარემო, სადაც სულ ხმაური, სიხარული და სიყვარულია.
მაკა, 47 წლის.