№29 ვინ და რატომ გაანადგურა კინოფილმ „დავით აღმაშენებლის“ ერთსაათიანი ფირი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ულტრანაციონალიზმის „აშკარა დასტურია“ ის, რომ მისი წყალობით დაიწყო გადაღება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სუპერკოლისისა – „დავით აღმაშენებელი“.
ცნობილი კინოოპერატორი, კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი რომენ კარმენი ყვებოდა: „1952 წლის დეკემბრის მიწურულს, ახალი წლის წინა დღეებში (ზუსტად არ მახსოვს, 29-ში თუ 30-ში) ბერიასთან გამომიძახეს კრემლში. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა არ იყოს შიშმა შემიპყრო და ვიფიქრე, რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი. გონებაში გავატარე ყველა ის კადრი, რაც ოდესმე გადაღებული მქონდა, მაგრამ მათში, მაშინდელი გაგებით, დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოვაჩინე და ცოტა დავმშვიდდი. თითქმის სრულად კი მაშინ მომეშვა გულზე, როდესაც გავიაზრე, რომ თუკი ვინმეს ჩემი დაპატიმრება უნდოდა, ამას ბერიას კაბინეტში არ გააკეთებდნენ და კრემლისკენ ავიღე გეზი. ბერია კაბინეტის შუაგულში შემეგება. გამიღიმა, მხარზე ხელი მომხვია, მთხოვა, სავარძელში დაჯექიო, თავად კი ჩემ წინ მოკალათდა და მითხრა:
– ვფიქრობ, ოდნავ გაოცებულიც კი უნდა იყოთ, რომ აქ დაგიბარეთ, რომენ ლაზარევიჩ.
– დიახ, ამხანაგო ბერია. სიმართლე გითხრათ, დავიბენი კიდეც, რომ თქვენთან მიხმეს, – რაც შემეძლო, მშვიდად ვუპასუხე ბერიას.
ბერიას გაეცინა. დაბალ მაგიდაზე კონიაკი და ჭიქები ელაგა. მან ორი ჭიქა შეავსო. ასწია და მითხრა:
– დასაბნევი არაფერია, რომენ ლაზარევიჩ. თქვენს შემოქმედებას კარგად ვიცნობ. მასობრივი სცენების გადაღების ვირტუოზად მიმაჩნიხართ და მოდი, თქვენი გაცნობისა შევსვათ. მომიჭახუნეთ და გასინჯეთ კონიაკი.
მივუჭახუნე და დავლიე. ბერიამ ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა და მითხრა:
– რომენ ლაზარევიჩ, მიხეილ ჭიაურელი ახალი ფართოეკრანიანი, ფერადი ფილმის გადაღებას იწყებს ქართველ მეფეზე და თქვენს კოლეგა კოსმატოვთან ერთად თქვენი მიწვევა სურს. მან ეს ფუნქცია მე მომანდო, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა, უარი თქვათ და აქ ამიტომ მოგიწვიეთ. რას იტყვით, თანახმა ხართ, „დავით აღმაშენებლის“ ბატალური (საომარი) სცენები გადაიღოთ?
– თანახმა ვარ, – მივუგე ბერიას და სრულად, მხოლოდ ამის შემდეგ დავმშვიდდი.
ბერიამ მიხეილ ჭიაურელი გამაცნო. კინოოპერატორ ლეონიდ კოსმატოვს კარგად ვიცნობდი და 1953 წლის თებერვლის დასაწყისში „მოსფილმსა“ და „ქართულ ფილმში“ ოთხსერიანი (308 წუთიანი – 5 საათი და 8 წუთი) ფილმის გადაღება დაიწყო. მე დაბა მანგლისთან, დიდგორის ველზე კინოსინჯი გადავიღე, სადაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეომრები მონაწილეობდნენ და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩით. კადრები ბერიამ იხილა. ძალიან მოეწონა და შემაქო...“
ამ ხუთსაათიანი ფილმის სცენარის ავტორი იყო დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც შემდგომ დიდტანიანი რომანი „დავით აღმაშენებელი“ გამოაქვეყნა. ბერია პირადად კითხულობდა თითოეულ სცენას და ძალიან მოეწონა, ისევე, როგორც ფილმის რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ნამუშევარი. მთავარი როლის, მეფე დავით აღმაშენებლის როლს ცნობილი მსახიობი, სპარტაკ ბაღაშვილი ასრულებდა, რომელიც პირადად ბერიამ შეარჩია. ამ ფილმში ბევრი ცნობილი მსახიობი იყო დაკავებული, მათ შორის მიხეილ ჭიაურელის მეუღლე ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დედოფალ გურანდუხტს ასახიერებდა. 1953 წლის ივნისის მიწურულისთვის, ანუ ბერიას წინააღმდეგ ვერაგული შეთქმულების დღისთვის, უკვე ფილმის მეხუთედი გადაღებული იყო, მაგრამ 1953 წლის ივლისში გადაღება შეწყდა. ყველა გადაღებული ფირი ამოიღეს. შემოქმედებითი კოლექტივი სათითაოდ უშიშროებაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ფილმის შესახებ დაევიწყებინათ. მიხეილ ჭიაურელმა ირონიით უთხრა გენერალ ივანე სეროვს, რომ მის მიერ გადაღებული თითოეული კადრი მისი პირმშოა და პირმშოს დავიწყება არაადამიანობაა. ამ საქციელისთვის მოგვიანებით მიხეილ ჭიაურელი სვერდლოვსკში გადაასახლეს, ვითომდა სვერდლოვსკის კინოსტუდიის ასაღორძინებლად. სინამდვილეში კი ეს იყო სასჯელი. თუმცა, მან დაკისრებული დავალება დიდებულად შეასრულა. აი, ამით დასაჯეს შეთქმულებმა „ულტრანაციონალისტი“ ბერია და მისი „დამქაშები“ (როგორც ისინი უწოდებდნენ). დიდებულმა ფილმმა კი დღის სინათლე ვერ იხილა, რადგან ის ჩანასახშივე მოსპეს“.