№29 რა საფრთხის შემცველ მომენტებს ხატავდა ფიროსმანი და რა ვითარებაში გაიცნო მან ვაჟა-ფშაველა
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
ფიროსმანის ამ დღიურებში გიამბობთ მისი და ვაჟა-ფშაველას შემთხვევით შეხვედრაზე პოეტის უახლოს მეგობართან თბილისში, სადაც ჩვენდა გასაკვირად, ნიკო ფიროსმანაშვილი, თურმე, ჩვეულებრივ მოხელედ მუშაობდა და კიდევ ერთ მოხელესთან ერთად სასტუმრო ოთახებში რემონტს აკეთებდა. ეს ნიკალას ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია, იმ თვალსაზრისით, რომ ის აქ, „მალიარი“ იყო და არა მხატვარი, მეორეც, მაშინ გაიცნო პირადად ვაჟა-ფშაველა, გაუზიარა თავის განცდები, თუ რამდენი ცრემლი ღვარა, როდესაც მისი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წაიკითხა, მაშინ გადასცა ვაჟას მასპინძლის შვილისთვის ნაჩუქარი თავის ერთ-ერთი ტილო ან როგორ გამწარდა ნიკალა ძალიან, როცა შეატყობინეს, რომ მისი ნახატიდან ერთ უმნიშვნელოვანეს ფრაგმენტს რომელიღაც დუქნაში დანით ფხეკდნენ.
ვასილ ჩაჩანიძე: „ვაჟა თბილისში ჩამოსვლისას ხშირად მოდიოდა რიყეში, მიაკითხავდა მის პატივსცემელსა და მეგობარს ივანე ვასილის ძე აბაევს, რომელსაც რიყეში, 19 თებერვლის ქუჩაზე ნომერ 91 სახლში, გახსნილი ჰქონდა ღამის გასათევი ოთახები, ეგრეთ წოდებული „ვლადიკავკაზის ნომრები“. აბაევი დიდ პატივს სცემდა ვაჟას. მას ძმადნაფიცს ეძახდა. ახალგაზრდობაში ქორწილში მაყრად ყოფილიყვნენ და იქ გაეცნოთ ერთმანეთი. სწორედ იმ ხანებში ივანე აბაევს დაქირავებული ჰყავდა მუშები, რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ მღებავი მიხაკა (მიხეილ ღრუბელაძე) და „ნიკალა“ (ნიკო ფიროსმანაშვილი). ნიკომ ივანეს სასტუმროს აბრა მოხატა, შემდეგ კი, მიხაკასთან ერთად, სამღებრო საქმეს ეწეოდა. მიხაკას და ნიკოს სამუშაო დაემთავრებინათ და ხელფასისთვის მოაკითხეს ივანეს. საღებავებიანი ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ. „მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა“, – უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია. „კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღლებლივ და მუყაითად მუშაობდნენ ორივენი“, – თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკოს მიუბრუნდა: „სად ისწავლეთ ხელობა. სადაურები ხართ? – მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია“, – უპასუხა ნიკომ. „შენც თბილისელი არა ხარ? – წამოიწყო მიხაკამ, – თუმცა ეტაჟიანი სახლები არცერთს არ გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, – განაგრძო მიხაკამ, – ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება. ამას ბევრი რამეები აქვს დახატული. აი, ჩემი ბიჭისათვის საჩუქრად ფუნიკულიორი დახატა“, – მიხაკამ ვედროდან დაძველებული ქაღალდი ამოიღო, გაშალა და ვაჟას მიაწოდა. ვაჟამ გამოართვა, დაათვალიერა, ძლიერ მოეწონა ფიროსმანის ნახატი და თქვა:
– შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელი, რაღა მალარობას მისდევ?
– მა, რითა ჭამოს პური? სად არის ხატვის მუშტარი, შიმშილს მალარობა არა სჯობია? – უპასუხა ნაღვლიანად მიხაკამ.
– ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ, ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია, რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი, – უთხრა ფიროსმანმა ვაჟა-ფშაველას.
– რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმული, – ჩაიცინა ვაჟამ.
– ჰაი, დედასა, ეგ მარტო გლეხი ნუ გგონიათ, – ჩაერია ლაპარაკში ივანე აბაევი, – ეგ მწერალია, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიან, ეგ ის არის. ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას, სახე გაუბრწყინდა, წამოხტა ფეხზე და მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა.
– მე წავიკითხე შენი „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, – დაიწყო ნიკომ, – ძლიერ მომეწონა და განვიზრახე, დამეხატა კიდეც და, აი,
შარშან მომეცა ამის შემთხვევა მიხუას დუქანში. მიხომ მთხოვა, კარგი რამე დამეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამიხარდა და დავიწყე ხატვა. მიხას მოსწონდა დახატული ტყე, მთები, პატარა წყარო და მაქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ, როდესაც წითელი საღებავით შევაფერადე შვლის გამოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატი დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოხელებით.

– რად წაგაშლევინა? – ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს.
– მიხუამ მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის. მას დროსტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგეს, ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა, – მიუგო ნიკალამ ვაჟას.
– ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რა... – ამოიგმნია ვაჟამ. წასვლის წინ ნიკალამ სთხოვა მიხაკას მის მიერ დახატული ფუნიკულიორის სურათი და სახსოვრად უძღვნა ვაჟას. ვაჟამ მადლობა გადაუხადა და წამსვლელ-დამრჩომთა სადღეგრძელო შესვა.
მამაჩემის სახელოსნოში ყოფნისას ფიროსმანი ხშირად გვიამბობდა მის მიერ დახატული სურათების ისტორიას. აი, ერთი მისი ნაამბობი, რომელიც გამახსენა სურათმა „ქეიფი არღნით“. რიყეში, ზაქარია ჩიქოვანის სახლის სარდაფში (ახლანდელი კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა ნომერი 93), მოთავსებული იყო სასადილო, რომელსაც ერქვა „ბოლო კეთილია“. ის ორ ძმას, ძიბუაშვილებს ეკუთვნოდათ. მათ სასადილოში ჩასასვლელი კიბის თავზე ფიროსმანს დაახატვინეს კახელი გლეხის ეზო, რომლის შუა ადგილას დგას დიდულვაშებიანი, ჩოხა-ახალუხსა და ქალამნებში გამოწყობილი ოჯახის უფროსი, მასპინძელს ერთ ხელში ლამაზი თუნგი უჭირავს, ხოლო მეორეში – მოზრდილი ყანწი. ეს სურათი ისე იყო დახატული, თითქოს მასპინძელს სტუმრები უახლოვდებიან და იგი მზადაა, მათ ღვინით სავსე ყანწი
მიაწოდოსო. ფიროსმანმა ნახატს წააწერა: „ბოლო კეთილია, სასადილო“. სურათი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ხოლო შორს, ლაჟვარდ ცაზე – კავკასიონის პეიზაჟი. ფიროსმანმა ამ სარდაფს კედლებზე რამდენიმე სხვა სურათიც დახატა, რაზედაც ორი კვირის მანძილზე მუშაობდა... აი, ყველასთვის ცნობილი, წვერებაბურძგნული, თეფშის ტოლა მედალჩამოკიდებული „დვორნიკი“. ეს ხომ მირზოევის ქარვასლის მეეზოვე, იეზიდი რაშიდ ალმოევია! „ქეიფი ზურნით“ მაგონებს იმ სურათს, რომელიც ფიროსმანს ორთაჭალაში საქეიფო ბაღის პატრონმა ჩოფურაშვილმა დაახატვინა. სწორედ ამ სურათის გამო ფიროსმანი კინაღამ დააპატიმრეს. ორთაჭალის საქეიფო ბაღში თბილისელი ჰამქრის უსტაბაშები წელიწადში ერთხელ ჰამქრის „საღვთოს“ აწყობდნენ. ამ ქეიფს მთელი ჰამქარი (ხშირად 150-200 კაცი) ესწრებოდა. ქეიფის დაწყებამდე უსტაბაში ოსტატად დალოცავდა ქარგლებს და სპპეციალურ „ატესტატს“ გადასცემდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან „დალოცვილს“ უფლება ეძლეოდა დამოუკიდებლად ემუშავა. ეს „ატესტატი“ აუცილებლად შუშიან ჩარჩოში უნდა მოეთავსებინათ და სახელოსნოში, თვალსაჩინო ადგილას ჩამოეკიდათ. მიკიტანმა ჩოფურაშვილმა გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო ხალხი დაეხატვინებინა საქეიფო აივნის კედელზე და ამით სამუდამოდ მოეგო მათი გული. სწორედ ამ მიზნით დაიბარა ფიროსმანი და სთხოვა მისი ჩანაფიქრის განხორციელება. ფიროსმანმა დახატა ღია ბაღში, წითელი ვაშლებით დახუნძლული მსხმოიარე ხეების წინ გაშლილი მაგიდა, რომელსაც უსხედან რამდენიმე ჩოხოსანი მოქეიფე, ხოლო იქვე მეზურნეების დასტა დიდი ბაგრატას მონაწილეობით. სურათს კი გაუკეთა წარწერა – „უსტაბაშის ქეიფობა“ და ზურნის დასტის შემადგენლობის გვარები. ერთი დეტალი: ფიროსმანმა მოქეიფეთა უკან, წითელი ვაშლებით სავსე ხეზე მიყუდებული ნახევრად გაშლილი ჰამქრის ბაირაღი დახატა. ეს ბაირაღი, როგორც წესი, ცისფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნიკალამ იგი განგებ წითლად შეღება. წითელი ბაირაღი მაშინ სასტიკად აკრძალული იყო და ვისაც უპოვნიდნენ, ციმბირში ასახლებდნენ, თუკი სახრჩობელას გადარჩებოდა. ჩოფურაშვილმა ეს ვერ შენიშნა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა მოსადილემ ყურადღება მიაქცია, რომ ხეზე ჰამქრის ცისფერი დროშის ნაცვლად წითელი დროშააა დახატული, მას წამსვე უხმია მიკიტანი, გაულანძღავს იგი და დამუქრებია, რომ ამ ამბავს პოლიციას შეატყობინებდა. შეშინებულ ჩოფურაშვილს საკუჭნაოდან გამოუტანია დიდი დანა და მუშტრის თვალწინ ღრმად ამოუფხეკია დროშა. ჩოფურაშვილმა იცოდა, რომ ნიკალას „ბირჟა“ ჩვენი სახელოსნო იყო, და გვიამბო ზემოხსენებული ამბავი. თან გვითხრა, ფიროსმანი გაგვეგზავნა მასთან აფხეკილი ნახატის შესასწორებლად. მეორე დღეს ფიროსმანი მოვიდა და ვუამბეთ ყველაფერი. ნიკალამ გაიღიმა და გვითხრა: რაო, ახლა კედელზეც არ უნდათ წითელი ბაირაღი? მალე დადგება დრო, როდესაც მეფის სამფეროვანი ბაირაღი სამუდამოდ ამოიფხიკება ამ ქვეყანაზე, – აიღო საღებავებით აჭრელებული ხელის ჩანთა და გაემართა ჩოფურაშვილის დუქნისაკენ“.