№29 არის თუ არა გულწრფელი დე-ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტ“ ბჟანიას შეთავაზება თბილისისათვის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე აღიარების გარეშე ხელმოწერის შესახებ
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
დე-ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ კიდევ ერთხელ ახსენა თბილისი, კერძოდ, ის, რომ აღიარებას არ ითხოვს, მაგრამ თანახმაა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე (მანამდე მანვე განაცხადა, რომ თბილისთან ახალი ტიპის ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს). ამას გარდა, რაკი მოსკოვიდან ფულის გადმორიცხვა იგვიანებს, არადა წლის უკვე მეშვიდე თვე დაიწყო და ტურისტული სეზონიც უპირობოდ ჩავარდება, აფხაზ საზოგადოებაში თბილისისკენ გზის გაჭრაზე ალაპარაკდნენ ვაჭრობის მიზნით. მამუკა არეშიძისგან შევიტყობთ, გულწრფელობის რა პროცენტი ურევია ენგურს გაღმიდან მიღებულ გზავნილებში და, მიუხედავად პროცენტულობისა, რა შესაძლებლობებს უხსნის თბილისს კორონაპანდემიის გამო ბუნებრივადაც შეჭირვებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება.
– უკვე მეორედ მოიხსენია თბილისი ბჟანიამ, თბილისი არასდროს იყო წინააღმდეგი, რომ აფხაზებთან და ოსებთან გაეფორმებინა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, რა ფორმით გვთავაზობენ ახლა? შეთავაზებაა შეთავაზებისთვის? ანუ და რა დოზით ურევია მოსკოვის სურვილი, თუ ეს საკუთრივ აფხაზური ინიციატივაა?
– ბჟანიამ „პრეზიდენტობამდეც“ თქვა, „საპრეზიდენტო მარათონისასაც“, რომ თბილისთან ახალი დონის ურთიერთობებია საჭირო. ჩვენ შეიძლება, ვიგულისხმოთ, რომ ეს არის სერიოზული მიდგომა და ამის განმაპირობებელ ფაქტორებზე ვილაპარაკებთ და, ასევე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არის ჟესტი მოსკოვისთვის, იმიტომ რომ ვერაფრით დალაგდა აფხაზეთის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლებისა და მოსკოვის ურთიერთობები.
– მხოლოდ იმას გულისხმობთ, რომ დაპირებული თანხა არ მიუღიათ, თუ სხვა რამესაც?
– ფულსაც ვგულისხმობ და ზოგიერთ სხვა საკითხსაც. მოსკოვი საკმაოდ უცერემონიოდ იქცევა და ამის ნათელი მაგალითი იყო პანდემიის პირობებში ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ერთი ნაწილის შემოყვანა აფხაზეთში, რომელთა მიზანი ვითომ ადგილობრივი სამედიცინო პერსონალისთვის დახმარების გაწევა იყო პანდემიასთან ბრძოლაში. სინამდვილეში კი, თავისი პროფილიდან გამომდინარე, ეს სამხედრო ნაწილი ვერ დაეხმარებოდა ვერაფრით პანდემიასთან ბრძოლაში აფხაზებს. თუ ეს შეეძლოთ, თავიანთ ტერიტორიაზე დახმარებოდნენ ადგილობრივ ექიმებს, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიის სამედიცინო პერსონალს, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. პროფილი აქვთ უბრალოდ სხვა, ეს რომ სამედიცინო-სამხედრო კონტინგენტი ყოფილიყო, სხვა საქმეა, მაგრამ ეს არ არის ტიპური სამხედრო-სამედიცინო კონტინგენტი. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას, უბრალოდ, უთხრეს, რომ შემოდიოდნენ და ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა, რაც არ გამოჩენილა საჯაროდ. ერთი მაგალითი მოვიტანე, თორემ სხვა უამრავი მაგალითიცაა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა კაბინეტებში ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ მოსკოვი ცდილობს მათ დასჯას.
– ბჟანიას კანდიდატურაზე დათანხმება რომ მოუწია?
– ბჟანიაში არაა საქმე, იმის გამო, რომ ანგარიში არ გაუწიეს მოსკოვის მიდგომებს, როდესაც ხაჯიმბა დაამხეს. აფხაზები ცდილობენ, დამოუკიდებლად იმოქმედონ შიდა პოლიტიკურ პროცესებში და მოსკოვისკენ არ გაიხედონ. ისინი რაღაცას გააკეთებენ მოსკოვის დაუკითხავად, რის გამოც მოსკოვი იბუტება და შემდეგ ამათ უკვირთ, რატომ იბუტება მოსკოვი. არადა სწორედ მოსკოვი ხდის სიცოცხლისუნარიანს დღევანდელ სეპარატისტულ რეგიონს. თუ მოსკოვიდან არ შემოვიდა თანხა, რეგიონი იქნება მშიერი. მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ ხელს, რომელიც გაჭმევს, არ უნდა უკბინო. აფხაზები სხვანაირად ფიქრობენ: რასაკვირველია, მოსკოვი გვაჭმევს, მაგრამ ეს იმის საფასურია, რომ ჩვენ შევუნარჩუნეთ მათ სამხრეთ კავკასიაში დასაყრდენი და საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას გამოეცალა არგუმენტი, იმიტომ რომ აფხაზეთში იმყოფება რუსული სამხედრო კონტინგენტი. და, ამდენად, თავს არ მიიჩნევენ ვალდებულად რუსეთისადმი, თვლიან, რომ ვალდებულებები ორმხრივია. მოსკოვი კი სხვანაირად უყურებს ამ ამბავს და ამიტომ არ გამოვრიცხავ – რძალო, შენ გეუბნები, მულო, შენ გაიგონეო. ანუ თბილისთან ურთიერთობას დავათბობთ, თუ თქვენ განაგრძობთ ძველებურად მოქცევასო. ის მილიონი რუბლი, რომელიც მოსკოვიდან უნდა გადმოერიცხათ, გადმორიცხული არ არის, ამდენად, ახლა უკვე აფხაზეთში „ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელობამ, „ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა“, „ფინანსთა მინისტრმა“ დაიწყეს განცხადებების კეთება იმის შესახებ, რომ დააგვიანდება პენსიებს, ხელფასებს და ქამრის შემოჭერის დრო დგება. ამას ემატება ტურისტული სეზონის ჩავარდნა პანდემიის გამო, დე-ფაქტო აფხაზეთში მოსახლეობის 70 პროცენტი ტურისტების მომსახურებითაა დაკავებული და შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა. თუმცა რთულია, ზუსტად თქვა, მართლა ასე ფიქრობენ ბჟანია და მისი გუნდი, თუ ეს არის მანევრი მოსკოვისთვის.
– დავუშვათ, თბილისი დათანხმდა აფხაზურ მხარესთან ამ დოკუმენტის ხელმოწერას?
– საქმე მხოლოდ ის არ არის, მოვაწერთ თუ არა ხელს, მთავარი ისაა, როგორი იქნება ტექსტი. თუ იქ ეწერება აფხაზეთის რესპუბლიკა, მაშინ ქართული მხარე ამას ხელს არ მოაწერს. თბილისი თანახმაა, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, თუ იქ იქნება ნახსენები მხარეები. მაგრამ ეს აფხაზებისთვის არ არის ხელსაყრელი, ამდენად, რასაც ახლა ამბობს ბჟანია, ეს გარკვეულწილად თვალთმაქცობაა.
– მაგრამ როდესაც ამბობს, რომ არ ითხოვენ აღიარებას, ეს, პოლიტიკის ენაზე იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მხარეები უნდა იყოს ნახსენები და არა აფხაზეთი და საქართველო? არ ვიცი ბჟანიას ლოგიკა, მაგრამ, არისტოტელეს ლოგიკით, როგორც ვამბობ, ისეა.
– მართალი ხართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლომდე არ უნდა დავიჯეროთ, თუმცა ერთი რამ არის, ნებისმიერ ვარიანტში უნდა მოისინჯოს, რა ტიპის ურთიერთობებს გულისხმობს ბჟანია. არ არის აუცილებელი, ეს იყოს პირდაპირი კონტაქტი, შესაძლოა, მოისინჯოს საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით, შესაძლებელია, სხვა ფორმითაც მოხდეს. არის ამის საშუალება, მთავარია, სურვილი იყოს. ცუდი ის არის, რომ თბილისი ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს. არა მარტო ბჟანიას ამ კონკრეტული გამონათქვამიდან, არამედ სხვა დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მუშაობს მხოლოდ რეფერალური პროგრამა და სულ ესაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ, დღევანდელი კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე, თვითონ აფხაზები ალაპარაკდნენ იმ პროგრამის სრულად რეალიზაციაზე, რასაც ჰქვია „რვა ნაბიჯი – მომავლისთვის“.
– გავახსენოთ მკითხველს, რას გულისხმობს ეს პროგრამა.
– გულისხმობს ბიზნესურთიერთობების მრავალვექტორულობასა და გააქტიურებას. ნიშნავს საწარმოების შექმნას. ეს პროგრამა სახეცვლილებაა იმ პროგრამის, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს შეიქმნა, ოღონდ უფრო დახვეწილია, თუმცა აქვს მინუსები, რომლებიც მე არ მომწონს. მაგალითად, საწარმოს მესამე ქვეყანაში დარეგისტრირება და სხვა, რაც დასახვეწია, მაგრამ იდეაზეა ლაპარაკი. იდეა კი მისაღებია და ბიზნესინიციატივების განვითარება შეიძლება, შედეგიანი იყოს. ეს ხდებოდა 2006-2007 წლებში, ეგრეთ წოდებულ, „სამხრეთ ოსეთში“ და ჰქონდა შედეგი. უბრალოდ, მაშინდელი ხელისუფლება ერთი ხელით ამას აკეთებდა, მეორე ხელით კი მილიტარიზაციას ახდენდა და, საბოლოოდ, არაფერი გამოუვიდა. თუმცა რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, რამაც იმუშავა. გახსოვთ, რომ ბიზნესცენტრი გაიხსნა ცხინვალში, სადაც ჩადიოდნენ ჩვენი საფინანსო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, იყო ურთიერთობა და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მომზადდა მაშინ, ბუნებრივია, მოსკოვისთვის ეს არ იყო ხელსაყრელი და ქართულმა მხარემ იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ესარგებლა ამით, გადაიტანა აქცენტი სამხედრო რიტორიკაზე და იცით, რით დამთავრდა ეს 2008 წელს.
– ვიცი, რომ ქართველების არათუ დადებით, ნეიტრალურ კონტექსტში მოხსენიება აფხაზეთში ცუდ ტონად ითვლება. გაჭირვებამ გააბედინათ თუ უნდათ, რომ მაქსიმალური ხეირი მიიღონ ჩვენგანაც და რუსებისგანაც?
– დე-ფაქტო სამთავრობო დონეზე შესაძლებელია, მანევრირების ალბათობა დავუშვათ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ქვედა დონეზე მანევრის დრო აღარ არის.
– ქვედა, ანუ საზოგადოების დონეზე?
– დიახ. მოსახლეობას ვგულისხმობ. პანდემიის გამო იქაური ბიზნესსტრუქტურები სულს ღაფავენ და იმის გამოც, რომ სამოძრაო ფული იქ არ არის. ამიტომაც ჩნდება ისეთი სტატიები, რომლებიც ისეთ რაღაცებს წერენ, რაც ადრე მიუღებელი იყო. მაგალითად, წერენ, რომ აუცილებელია საზღვრის გახსნა, თუ რუსეთისკენ არა, თბილისისკენ მაინც და ამას ხსნიან იმით, რომ სოხუმსა და თბილისში პანდემიის შემოტევა სუსტია. იმის თქმა მინდა, რომ პანდემიამ აფხაზებს აჩვენა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში არ შეიძლება, რუსეთის იმედი ჰქონდეთ და ერთ ვექტორზე იყვნენ ჩამოკიდებული. გარდა რუსეთისა, ვაჭრობა გაჩერდა თურქეთთანაც.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ თურქეთი დე-ფაქტო აფხაზეთის ნომერ მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორია.
– რიგითი აფხაზი გულზე მჯიღს ირტყამდა და ამბობდა, მე შემიძლია, ეკონომიკური ურთიერთობა მქონდეს რუსეთთან და თურქეთთანო, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ჩაიკეტა და დარჩა მარტო თბილისის მიმართულება. დიდი სავაჭრო-ეკონომიკური რესურსი შეიძლება, არ გვქონდეს, მაგრამ პატარა აფხაზეთისთვის საკმარისია. წერენ, ჩვენი პროდუქცია უნდა შევიტანოთ საქართველოს ბაზარზეო. რთულად წარმომიდგენია, რა პროდუქცია უნდა შემოიტანონ, თხილის გარდა, რაც ისედაც შემოდის კონტრაბანდული გზებით, მაგრამ, თავისთავად, მაინც საყურადღებოა. რომ არ ვიცოდე იქაური ეკონომიკური მდგომარეობა და რა კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, ვიფიქრებდი, რომ აფხაზი საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც თვალთმაქცობენ. მაგრამ რეალობა მართლაც ისეთია, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სიტუაცია გამოვიყენოთ და ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც სამომავლოდ პოლიტიკის კეთებაში დაგვეხმარება.