№29 როგორ ამზადებს თურქეთი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებით კავკასიაში რუსეთის გავლენის ჩანაცვლებას
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
თურქეთის პრეზიდენტმა აია სოფიას, ქრისტიანული კულტურის უდიდესი და უპირველესი ძეგლის, მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო (ყოფილი კონსტანტინოპოლის ყველა დანარჩენ ბიზანტიურ ტაძარში მეჩეთია). მას უკვე დაეთანხმა თურქული სასამართლო, მათმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მაიკ პომპეოს მოწოდება, არ შეეცვალოს აია სოფიას სამუზეუმო სტატუსიო, თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევად შერაცხა. რა შეიძლება, გამხდარიყო ერდოღანის გადაწყვეტილების მიზეზი და რატომ არის ჩუმად რუსეთი, რომელიც თავს ბიზანტიის სამართალმემკვიდრედ და მეოთხე რომად მიიჩნევს? – ამ საკითხს ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– თურქეთმა, უბრალოდ, დრო იხელთა, რაკი ქრისტეს წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, კანის ფერის, ანუ ვითომ ანტირასიზმის საბაბით, თუ რა მიზნის მიღწევა უნდა ერდოღანს? აია სოფია მათთვის შემოსავლის წყაროცაა, 40 ლირა ღირდა შესვლა და მუდმივად ირეოდნენ ტურისტები.
– ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ სირიაში რაც მოხდა, მხოლოდ დასაწყისი იყო და რეგიონში დაპირისპირებამდე მივიდოდა საქმე. უმძიმესია, რაც აშშ-სა და ევროპაში ხდება ქრისტიანობის მიმართ. ვიღაცას ევროპასა და ამერიკაში ქრისტე ღმერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივისტი ჰგონია. საუბედუროდ, ევროპასა და ამერიკაში, მცირე ნაწილის გარდა, ქრისტიანობას არ განიხილავენ, როგორც მარადიული ღირებულებების სისტემას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებებიც, არატრადიციულების უფლებებიც, ქალებისაც, ღარიბებისაც... ათასი იდეოლოგია მოიგონეს, ხან სოციალ-დემოკრატია დაარქვეს, ხან – ქრისტიან-დემოკრატია, ხან – ლიბერალიზმი, ამ დროს ქრისტიანობა თავისთავად აერთიანებს ამ ყველაფერს, უბრალოდ, მისი იმ დოგმების შესრულება არ უნდათ, რაც მორალურ კატეგორიად ითვლება ქრისტიანობაში. ათი მცნებისა და ცხრა ნეტარების შესრულება ძალიან უჭირს ყველას და ურჩევნიათ, ქრისტიანობას მიმსგავსებული იდეოლოგიის აქტივისტები იყვნენ, ვიდრე თვითონ ქრისტიანობის. ქრისტიანობა, ხომ, უპირველესად, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში გარკვევას ასწავლის?! და აი, ეს არ უნდათ, რადგან ძალიან იოლია, სხვას დაარიგო ჭკუა და ამაში ფული აიღო, ძალიან იოლია, სხვა გაუშვა საომრად და ამაში ფული აიღო, მაშინ, როდესაც შენ იმაზე უფრო სალანძღავი ხარ, ცხოვრების წესით.
ძალიან მძიმე თემაა და, რა თქმა უნდა, ერდოღანი სარგებლობს შექმნილი არეულობით მთელ მსოფლიოში; რა თქმა უნდა, ერდოღანი სარგებლობს იმით, რომ რუსეთმა სამარცხვინოდ მოიჭრა თავი საქრისტიანო სამეზობლოში ყველასთან; რა თქმა უნდა, ერდოღანი საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს და ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენა თუ უნდა ძველ საზღვრებში, რა თქმა უნდა, მეჩეთად უნდა გადააკეთოს აია სოფია. მე ვეკითხები თქვენს მკითხველს – ვინ აღუდგა წინ? ვერავინ!
– პომპეომ მიმართა თხოვნით და შემდეგ მაკრონმა, რომ მიიღებენ ზომებს, თუ აია სოფია გადაკეთდება მეჩეთად, თუმცა ორივე ყურადღებას ამახვილებს აია სოფიაზე, როგორც კულტურის ძეგლზე.
– საქმეც ისაა, რომ კულტურის ძეგლი არაა, ის არის ქრისტიანული კულტურის, ადამიანად ყოფნის ყველაზე დიდი კონსტიტუციის – ქრისტიანობის, ერთ-ერთი აკვანი. იქ შესასვლელად 40 ლირას რომ იხდიდნენ, ცივილიზებული საზოგადოება მაშინ უნდა აღმდგარიყო და ეთქვა, რომ ეს ასე არ არის და ისეა, როგორც ისტორიაშია. ოსმალეთის იმპერიამ ქრისტიანული კულტურის ძეგლებიც მეჩეთებად გადააკეთა, ბიზანტიის საგადასახადო სისტემაც აიღო, ბიზანტიაში არსებული ცხოვრების წესიც გადაიღო, ანუ გამზადებული სახელმწიფო ჩაიგდო ხელში. არაფერი აუშენებია. ქართველების წინაპრებივით, თან, რომ მტერს ებრძოდნენ და თან, რომ ნულიდან სახელმწიფოს აშენებდნენ, ასე კი არ მოქცეულან?! გამზადებული ქვეყანა მიიღეს. ეს არავის არასდროს უთქვამს მისთვის, მაგრამ ახლა ნახეთ, როგორი ვითარებაა?! თურქეთმა სირიაში თავის ადგილზე დასვა რუსეთი და სირიაში რუსეთსა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ რეგიონში მოთამაშე თურქეთია და არა – რუსეთი. რუსეთი ხომ მხოლოდ ოთხმილიონიან საქართველოსა და მილიონ ორასიათასიან ჩეჩნეთს მოერია?! დიდებს ხომ ვერ ერევა?! ახლა უკრაინაზე აქვს გართულება, რადგან იცის, რომ 40-მილიონიანი უკრაინა არ შეარჩენს ყირიმს. რუსეთი ცხინვალსა და აფხაზეთში მავთულხლართების გავლებაზე, ყირიმის გამო უკრაინელების გაღიზიანებაზე, დნესტრისპირეთის მოლდოვასთვის წართმევასა და ბელორუსიელების მასხრად აგდებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე იმაზე, რომ რეგიონში ნელ-ნელა მის გავლენებს ანაცვლებს თურქეთის გავლენები. სირიის შემდეგ იყო ლიბია, სადაც, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ თურქეთის არმიამ იქაურ, ლიბიელ კიტოვანს, რუსების მიერ წაქეზებულ გენერალს, ყურები დაახია კოჭებამდე. სავსებით ბუნებრივია, როდესაც ორ ქვეყანაში მოუგო რუსეთს, რატომ კავკასიაში არ შემოვა?!
– მკაფიოდ ვიტყვი, ეს იმდენად არა დასავლეთის, არამედ რუსეთის გამოწვევაა, თუმცა რუსეთი არაფერს ამბობს, გაყუჩებულია.
– იმიტომ, რომ ეშინია. პირდაპირ ვამბობ: ეშინია! ახლა ერთი სული აქვს, როგორმე მოლაპარაკებაზე დაითანხმოს ერდოღანი და უთხრას, ჩრდილო კავკასიაში არ გადმოხვიდე და სამხრეთ კავკასიაში, რაც გინდა, ის გიქნიაო. ეს ჩვენი არ ეშინია, იმიტომ რომ ემოციური, უიარაღო ხალხი ვართ, ბევრი ნაძირალა იყიდა აქ რუსეთმა. საერთოდ, 144-მილიონიანი რუსეთი 4-მილიონიან საქართველოსაც რომ მოუგებს, ამითაც კმაყოფილი და ბედნიერია. თურქეთის კი ეშინია როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ფიზიკურად ეშინია, იმიტომ რომ ყველა ლოკალურ სამხედრო შეტაკებაში ლიბიასა და სირიაში თურქეთთან დამარცხდა. მორალურად იმიტომ ეშინია, რომ თურქი „პატრიოტები“, რომელთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება თურქეთში და არა მარტო თურქეთში, მთელ ისლამურ სამყაროში, დასვამენ შემდეგ კითხვებს: სირიაში, ლიბიაში, დნესტრისპირეთში, ყირიმში, აფხაზეთში, ცხინვალსა და ყარაბაღში რა ბედი ეწია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა და რას უპასუხებს კრემლი?! რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ დაბეჭდეთ ჩემი ნათქვამი – პუტინს ერდოღანის ეშინია და ვისიც ეშინია, იმას კუდს უქიცინებს. პუტინი და რუსეთი ერევიან მხოლოდ სუსტებს.
– მოდი ასე ვთქვათ, მცირერიცხოვნებს. „სუსტები“ გულზე მხვდება.
– დიახ, მცირერიცხოვნობას ვგულისხმობ სისუსტეში, თორემ 2008 წლის ომში 2 400-მა ქართველმა 12 600 რუსეთის ფედერაციის მერძოლს კუდით ქვა ასროლინა სამი დღე, სანამ ავიაცია არ აწია ჰაერში, წიოდნენ, გენშტაბში რეკავდნენ, გვიშველეთ, გადაგვიარესო.
– რუსულ პრესაშიც არის ეს ფაქტები აღნიშნული, დახმარებას რომ ითხოვდნენ ისტერიულად, მაქვს მე შენახული ლინქები და სქრინები.
– ხმელეთზე, კაცური ომი რასაც ჰქვია, სუფთად მოვუგეთ, მაგრამ ბომბებით მოგვერივნენ. ჩეჩნებმაც მოუგეს ხმელეთზე ომი, ამიტომაც გამოიყენა ქიმიური იარაღი და ისე ამოჟუჟა, ძაღლი, ღორი და ცხენი არ დატოვა, არათუ მხოლოდ ადამიანები. ამას იმიტომ ვამბობ, თქვენი ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები გადათარგმნიან და მიუტანონ, წააკითხონ. მართლმადიდებლობაზე აქვთ პრეტენზია, რომ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეები არიან და თითქოს ყველაზე დიდი და ძლიერი ქრისტიანული ქვეყანაა და ამ დროს მასხრად იგდებენ. თურქეთი ახლა კავკასიაში აპირებს შემოსვლას და მანამდე მორალურად ანადგურებს, ამასხარავებს.
– მაგრამ ჩვენთვის ვითომ კარგია, თუ თურქეთი კავკასიის დამორჩილებას აპირებს და დამშლელი არავინ იქნება?
– ჩვენთვის კარგი ის არის, რომ გონს უნდა მოეგონ ეს სტეპის მომთაბარეები. დაგვისხდნენ, მოგველაპარაკონ, ცხინვალი და აფხაზეთი დააბრუნონ და გამოაყოლონ დვალეთი, 1922 წელს ჩამორთმეული.
– ჩემი გვარია დვალეთიდან, ანუ მე ვარ იქიდან გამოძევებული დვალი.
– ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს კაცურად და დავილაპარაკოთ რეგიონის მომავალზე. ვიმეორებ – რეგიონის მომავალზე, რომელსაც რუსეთი 2-3 წელიწადში დაკარგავს და დაკარგავს ჩრდილო კავკასიასაც.
– ეს არ არის ჩვენთვის კარგი, ჯობია, რუსეთი იყოს ნორმალური პარტნიორი.
– ნორმალური პარტნიორი თუ არ იქნება, თავად იკითხონ. ჩვენ გამოსავალი გვაქვს. საერთოდ რომ აუკრძალავენ საერთაშორისო საბანკო სისტემაში მონაწილეობას და ფულის გარეშე დატოვებენ. თორემ ჩვენ შანსი გვაქვს – „ნატოს“ წევრობა და აშშ-თან პარტნიორობა. საქართველოს უფრო და უფრო მეტი ფასი ედება, უბრალოდ, რუსმა ვერ გაიგო ეს ფასი, პუტინმა ვერ დაინახა მხოლოდ. უფრო ზუსტად, დაინახა, მაგრამ ბოღმით აკეთებს ყველაფერს. ჩემთვის წარმოუდგენელია, საკუთარი ინტერესის საზიანოდ იქცეოდე.
– უნდა ვაღიაროთ, რომ აია სოფიას დაცვის ფიზიკური ძალა რეგიონში აქვს მხოლოდ რუსეთს.
– და რატომ არ იღებს ხმას?! იმიტომ რომ ერდოღანმა ცემა სირიასა და ლიბიაში, ძალა აჩვენა და ამიტომ გატრუნულია. ჩვენ რომ გვეტრაბახება და თითებს გვიქნევს ყველა გამოსვლაზე, აბა, ხმა ამოიღოს, თუ ვაჟკაცია.
– დიახ, ვერ ვიხსენებ პუტინის ისტორიულ წიაღსვლებს ბიზანტიისა და აია სოფიას წარსულის შესახებ.
– უაზრობები რომ ილაპარაკა აფხაზეთსა და ცხინვალზე. ყველაზე ბოროტ რუს შოვინისტსაც კი არ მოუვიდოდა თავში აზრად ასეთი სისულელის თქმა, თურმე, 1920 წელს ქართველებს გენოციდი მოუწყვიათ ოსებისთვის და 1764 წელს დაგვიპყრია აფხაზეთი და გაგვინადგურებია. ჰოდა, მოყვეს ახლა აია სოფიას ისტორია, როგორ დაიპყრეს ბიზანტიის იმპერია, რა საზოგადოებრივი და გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა ამის შემდეგ. ვიმეორებ – კავკასიას, მათ შორის, ჩრდილო კავკასიასაც რუსეთი ძალიან მალე დაკარგავს, თუ ენის მოჩლექით არ დაგველაპარაკება ქართველებს და წართმეულს არ დაგვიბრუნებს. ბოდიში არ გვინდა. კაცურად ჩამოვართვათ ხელი. ჩვენს ისტორიაში პუტინზე უარესი მტრებიც გვყოლია, მაგრამ შემდეგ დავლაგდით, ამიტომ ბოდიში არ გვჭირდება. დაგვიბრუნოს, რაც ჩვენია და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ რეგიონის ბედსა და მომავალზე.
– რა ზომების მიღება შეუძლია დასავლეთს?
– ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ცივილიზებული დასავლეთი. ჩვენი ღრმა რწმენით, ერდოღანის ეს განაცხადი არის, ერთი მხრივ, შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის და, მეორე, მასხრად რომ აიგდოს კავკასიაში რუსეთის გავლენები, რომ რუსეთის მიერ გამწარებულმა ქვეყნებმა თურქეთი მოიაზროს დამხმარედ და, მესამე, პირდაპირი ვაჭრობა ამერიკასთან, კიდევ რაღაც უნდა ერდოღანს. გამოჩნდება მალე, რაზეა ლაპარაკი. ჩვენი აზრით, სირიიდან და ლიბიიდან თურქეთის გავლით ნავთობის გამოტარებაზე იქნება ვაჭრობა.