№28 თამრიკო დათუაშვილი: ჩემი დევიზი იყო ცხოვრებაში, რომ ოჯახი არ დამნგრეოდა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მსახიობების – თამრიკო დათუაშვილისა და ზურაბ ცინცქილაძის, სიყვარული თითქმის 47 წელს ითვლის და წლების მატებასთან ერთად, უფრო მშვენიერი ხდება. ბატონი ზურაბი მეუღლეს ახლა თავიდან აყვარებს თავს, თუ რატომ – ამას ქალბატონი თამრიკოსგან შეიტყობთ.
თამრიკო დათუაშვილი: ბათუმში სერიალის – „ერთხელ ბათუმში“ გადაღებების გამო ჩამოვედით, რომელსაც „აჭარის ტელევიზია“ იღებს. მთავარ როლში ჩემი მეუღლე, ზურაბ ცინცქილაძეა – მილიონერი ბიზნესმენის როლს თამაშობს. აქ „დაგვეცა თავს“ ეს პანდემია და ჩვენც გავჩერდით. თუმცა კლასტერებად დავიყავით და რაღაც დოზით მაინც ვაგრძელებდით გადაღებას.
– ბატონი ზურაბი ხუმრობდა თქვენს როლთან დაკავშირებით: ამდენწლიანი ცოლქმრობის შემდეგ, როგორც იქნა, თამრიკომ მოახერხა და ჩემი საყვარელი გახდაო.
– მე საყვარელიც ვარ, ცოლიც, მეგობარიც და იმიტომაც ვართ ამდენი წელი ერთად, ერთად ყოფნის 50 წელს ბევრი აღარ გვიკლია (იცინის).
– ქმრის საყვარლის როლი რომ უნდა გეთამაშათ, რა რეაქცია გქონდათ?
– საყვარელი არაა. უბრალოდ, მე ვასრულებ ქალის როლს, რომლითაც დაინტერესდა ზურაბის პერსონაჟი, რადგან იეჭვა, ეს ხომ ის არაა, მე რომ ბავშვობიდან მომწონდა, რომლის სურათიც მარჯანიშვილზეც ეკიდაო. ეს ნუგზარ ერგემლიძემ, რომელიც სცენარის ავტორია, რეალური ამბიდან წამოიღო. ჩემი ფოტო წლების განმავლობაში ეკიდა მარჯანიშვილის მოედანზე ცნობილ ფოტოატელიეში. სკოლის მოსწავლე ვიყავი, 15 წლის, რომ გადავიღე. ეს ფოტო ზურასაც ჰქონდა ნანახი... შემდეგ მცენარეების სიყვარული დააახლოებს ჩვენს პერსონაჟებს. ამასობაში ამ კაცს ეს ქალი მოეწონება. ჯერ არაა დაგეგმილი, რომ მისი საყვარელი გახდება. თუმცა, სერიალია და წინასწარ არაფერი ვიცით.
– ამდენი წელი როგორ შეინარჩუნეთ ასეთი სიყვარული?
– რაც მეტი დრო გადის, მით უფრო კარგია. დროსთან ერთად ვიცვლებით და ვვითარდებით, შვილები, შვილიშვილები და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის ჩვენს ცხოვრებას. იმედზე კარგი ცხოვრებაში არაფერია და როცა ისეთი ადამიანი გყავს გვერდით, ვისი იმედიც შეგიძლია, გქონდეს, დიდი ბედნიერებაა. მე არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა, ხუთი წლიდან მეზობლები იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ. მაგრამ მათი საოცარი სიყვარული დაინგრა. მამა მოსკოვში წავიდა, მეორე ოჯახი შექმნა, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, დედამაც შექმნა მეორე ოჯახი და არაჩვეულებრივად იყვნენ ჩემთან, მაგრამ მათ გაშორებას მაინც განვიცდიდი. გამოცდილი მქონდა, ეს რამდენად ცუდია და ჩემი დევიზი იყო, რომ ოჯახი არ დამნგრეოდა. თუმცა, რამე ისეთი მიზეზი რომ ყოფილიყო, რომელსაც თავმოყვარე ადამიანი არ მოითმენს, ჩვენც დავშორდებოდით. მე და ზურას გაგვიმართლა ერთმანეთში. მე ძალიან კარგი ხასიათი მაქვს და იმას – რა ვიცი, აბა (იცინის).
– გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ?
– ძალიან მიყვარს წყალი, ზღვა, მზე. გამიმართლა მეც და ზურასაც, რომ ზურა ზღვისპირეთიდანაა წარმოშობით. სხვათა შორის, ჩვენს ურთიერთობაში ამანაც ითამაშა როლი (იცინის). მთელი ზამთარი აუზზე დავდივარ, ასეა მთელი ჩემი ცხოვრება. ცურვა და აკვააერობიკა ჩემთვის პირის დაბანასავითაა. გენეტიკისთვის ჩემი წინაპრების მადლობელი ვარ. გარდა ამისა, არ ვიბოღმები, არ ვეჭვიანობ, არ მშურს, ძალიან ბევრი რამ დავთმე იმისთვის, რომ არ მეჩხუბა, არ მეჭიდავა. როცა მომითმენია, მომიგია. იტყვიან ხოლმე, მაგას როგორ დავთმობ, როგორ შეიძლება მაგაზე გაჩუმებაო? მე არ მიყვარს ჩხუბით მოპოვებული, არც თეატრში და არც ცხოვრებისეულ ამბებში. არაერთი სირთულე შემხვედრია, მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, არ უნდა დაეცე, არ უნდა დაწვრილმანდე. სიამაყე უნდა შეინარჩუნო.
– სერიალში რომ თავს გაწონებთ და გაყვარებთ ბატონი ზურაბი, რეალურ ცხოვრებაში, უამრავი თაყვანისმცემლის ფონზე, როგორ მოახერხა ეს?
– 12 წლის ასაკში რომ ფილმში ვითამაშე, ეს ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან ხშირად აჩვენებდნენ. ყველას ვახსოვდი ამ ფილმიდან და რა თქმა უნდა, ზურასაც, შემდეგ ის ფოტოც ნახა მარჯანიშვილის მოედანზე. ბედისწერაცაა. დედამ რომ თეატრალურში მიმიყვანა, მეათეკლასელი ზურა უკვე პირველ კურსზე იყო. თემურ ჩხეიძის „გუშინდელნი“ იდგმებოდა. დედამ მეგობარ ლექტორთან მიმიყვანა თეატრალურში და ამ ქალბატონმა დედას უთხრა, შენ წადი, თამრიკო დარჩეს სპექტაკლზე და მერე მე გამოვაცილებო. დამთავრდა სპექტაკლი და მე და დედაჩემის მეგობარმა ოპერამდე გამოვისეირნეთ. ამ დროს გამოჩნდა ზურა, რომელიც მისი სტუდენტი ყოფილა. გამაცნო, ძალიან კარგი ბიჭიაო და ჩემი თავი ჩააბარა, შენკენ მოდის და გამოგაცილებსო. ზურას გაუხსენებია, რომ მე ის ვიყავი, ფოტოზე და ფილმში რომ ვყავდი ნანახი. შემდეგ მეც ჩავაბარე თეატრალურში. უკვე მესამე კურსზე რომ ვიყავი, ზღვიდან ჩამოვედი და ჩვენი ქორეოგრაფი იურა ზარეცკი მეუბნება: რამდენიმე გოგო და ბიჭი გვჭირდება ფილმში გადასაღებადო და რამდენიმე გოგო და ზურა აჭარაში გაგვიშვა კოლია სანიშვილის „ჩარირამას“ გადაღებებზე. მაშინ პირველად გამიშვა დედამ მარტო. ოპერასთან შეხვედრის შემდეგ ინსტიტუტში „გამარჯობით“ ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ ამ გადაღებებმა დაგვაახლოვა. იქიდან რომ ჩამოვედით, მე და ზურა კონცერტებზე გაგვიშვეს, როგორც თეატრალურის სახეები. იქ მთელი ათი დღე დავდიოდით და ურთიერთობის პატარა ნიუანსები ვითარდებოდა. მოკლედ, იმ პერიოდში დიდხანს მოგვიწია ერთად ყოფნა და ჩემმა თაყვანისმცემლებმა ვერ გაიგეს, რა ხდებოდა, რისთვის მივდიოდით და მოვდიოდით ერთად (იცინის). თავიდან კი ეს ყველაფერი ჩვენს პროფესიას უკავშირდებოდა, მაგრამ მერე ყველას გავაგებინე, რომ ზურა უკვე სერიოზული სასიძო იყო (იცინის). მე ბედისწერას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ეტყობა, ისე მოხდა, რომ ჩაქროლების საშუალება არ მივეცი (იცინის).
– თაყვანისმცემლებისგან განებივრებულმა, ბატონ ზურაბში განსაკუთრებული რა დაინახეთ?
– ადამიანს რომ ერთი სიყვარულის სწამს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განა იმას ვამბობ, რომ თუკი ოჯახში დიდი პრობლემებია და ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ვერ გამოდგება, ეს აუცილებლად უნდა მოითმინო, მაგრამ გააჩნია რაშია საქმე. ზოგჯერ ისეთ რაღაცაზე გეტყვიან: არ უნდა მოითმინოო, სასაცილოცაა და სატირალიც. რაღაცებს რომ მოითმენ, ეს უფრო განამტკიცებს ურთიერთობას და ოჯახის სიმყარეს. მაგრამ თუ რამე ძალიან პრობლემატურია და ეს შვილებისთვისაც ცუდია, რაღა საჭიროა მოთმენა.
– როგორი ბებია ხართ?
– მეგობარი ბებია ვარ, მეგობარი დედა, ვედაქალები შვილიშვილებს. მე ჩემს საქმეებს დავთმობ და ძალიან ბევრი დამითმია კიდეც ოჯახისთვის. ჩემს კარიერას საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ვზრდიდი, თუმცა შემდეგ პოლიტიკური ამბების გამო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო ოჯახის გამო, ძალიან დავაპაუზე კარიერა, იმიტომ, რომ ოჯახს უფრო ვჭირდებოდი. ან ერთი უნდა იყოს ან მეორე და დღემდე არ ვნანობ, რომ ოჯახი ავირჩიე. თუმცა ბევრი როლი დავკარგე. წლების წინ ძალიან წინა პლანზე ვიყავი, მაგრამ ეს იმ ბედნიერებას, რომელიც ოჯახმა მომანიჭა, ვერ შეედრება. ორივე ერთად არაჩვეულებრივია, მაგრამ არც პროფესიაზე მითქვამს უარი. „ჩემს ჭიას ვახარებ“ არაჩვეულებრივი წარსული მაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, მაშინ მცნობდნენ და ყველგან დამარბენინებდნენ (იცინის). ხუთი წლის რომ ვიყავი ხრუშჩოვმა ამიყვანა ხელში, სპორტის სასახლე მე და ხრუშჩოვმა გავხსენით (იცინის). იმ პერიოდში შეიძლება, მეტის მოლოდინი მქონდა კარიერაში და მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ სანაცვლოდ ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახი მივიღე.