№28 ნინო ოძელაშვილი: შემეცოდა და იმიტომ გავყევი ცოლად
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი ბოლო წლებია, ძალიან ცდილობს საკუთარი ფიზიკური ძალა სპორტის მიღმა არ გამოიყენოს და ემოციები მაქსიმალურად აკონტროლოს, თუმცა იყო დრო, როცა ბიჭებიც კი ნაცემი ჰყავდა.
ნინო ოძელაშვილი: ბავშვობიდან მოყოლებული, უკვე ოცი წელია, ვჭიდაობ. ჩემი პირადი მწვრთნელი მამაჩემია და ის არასოდეს მაძლევდა მოდუნების საშუალებას, რაც ჩემს შედეგებზეც აისახა.
სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი მწვრთნელებიც, რომლებსაც არ უნდოდათ ჩემთან მუშაობა, იმიტომ, რომ პირველი გოგო ვიყავი, რომელმაც ჭიდაობის სახეობაში ვცადე ბედი. დარბაზშიც კი არ უნდოდათ შევსულიყავი, მარტო იმიტომ, რომ გოგო ვიყავი. „ზბორებსა“ და შეჯიბრზე წაყვანასთან დაკავშირებით საუბარიც კი ზედმეტი იყო. მაგრამ მე ჩემს მიზანზე უარი არ ვთქვი.
– მამას არსენა უნდოდა ჰყოლოდა და დღემდე ვცდილობ, მისი მოლოდინი გავამართლოო, ყვებოდი.
– მამაჩემს არაფრის დიდებით არ უნდოდა გოგო, უნდოდა ბიჭი ჰყოლოდა და არსენა დაერქმია – არსენა ოძელაშვილი. მე სამი და ცხრაასი დავიბადე და ექიმს უთქვამს, ასგრამიანი დააკლდა, ძმაოო (იცინის). ბავშვობიდან ანაბაჯის მეძახდნენ, რადგან ძალიან ძლიერი ბავშვი ვიყავი. მამაჩემის ძმაკაცები არსენასაც მეძახდნენ. შესაბამისად, ბავშვობიდან მოყოლებული ვცდილობ, მართლა არსენა ვიყო, ძმები კი გაჩდნენ ჩემს შემდეგ, მაგრამ არცერთს არ ჰქვია არსენა და ვცდილობ, მე გავამართლო ეს სახელი (იცინის).
– როგორც ვიცი, როცა საპირისპირო სქესთან ძალის გამოჩენაა საჭირო, უკან არ იხევ.
– ხუთი წელია, სერიოზულად არ მიჩხუბია. ბავშვობაში ძალიან ახტაჯანა ვიყავი და არაერთი ჩხუბი მქონია სკოლაში. მაგრამ ახლაც თუ ძალიან გამომიყვანეს წყობიდან, შევეცდები, ძალა გამოვიყენო. თუმცა ძალიან ვერიდები. არ მიმაჩნია, რომ ქუჩაში ჩემი ძალის გამოყენება კარგია. თუმცა, როცა უსამართლობას ან ქალების მიმართ არასასურველ მოპყრობას ვხედავ, აუცილებლად გამოვესარჩლები. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც სპეციალურად გამოვყავარ მდგომარეობიდან, რომ მუშტი-კრივზე გადამიყვანონ. ამ დროს ვცდილობ, ჩემს თავში ემოციები დავაბალანსო. პროფესიას ჩემს ცხოვრებაში ღირსეული ადგილი უჭირავს. კიდევ ბევრს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ქალები ძლიერები ვართ და ბევრი რამ შეგვიძლია. ცემას არ მივესალმები, მაგრამ, სკოლაში ბიჭების ნახევარი ნაცემი მყავდა (იცინის). ახლა ვცდილობ, სიტყვით მოვაგვარო ყველაფერი.
– სპორტის ძალისმიერ სახეობაში ასპარეზობ, მაგრამ ქალური ამბებიც არ გავიწყდება. სულ ფორმაში ხარ და გაპრანჭული.
– სასიამოვნოა, რომ ამას ძალიან დადებითად ხვდებიან, რა ლამაზი ხარო, მეუბნებიან. შეიძლება, ყველას არა, მაგრამ უმეტესობას მოსწონს, რომ ძალისმიერ სპორტში ასპარეზობის მიუხედავად ქალურობას ვინარჩუნებ. მეც მომწონს, როდესაც სპორტსმენი ქალი მოვლილია. მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავის სტილი. თუ ძალიან გაპრანჭული ვარ, მაკიაჟითა და ქუსლებით, ბევრი ვერ ხვდება, რომ სპორტსმენი ვარ. თუმცა, სულ ქუსლი არაა აუცილებელი, სპორტულ ფორმაშიც შეიძლება, ძალიან ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდე. ზოგიერთ რეპლიკაზე კი ნერვები მეშლება, მაგალითად: „უჰ ეს გოგო... უჰ, ეხლა დიდი სიამოვნებით...“ ბევრი ასეთიც მომისმენია.
– რა არის ის, რასაც წყობიდან გამოჰყავხარ და რის გამოც შეიძლება, ჩხუბი დაიწყო?
– ვინმე თუ შემაგინებს ან ცუდად და უზრდელურად რამეს მეტყვის, შეიძლება, ამან გამომიყვანოს მდგომარეობიდან, მაგრამ ბოლო ხუთი წელი აღარავინ მიცემია. ხალხი ბოროტია და ყველა სიტყვაზე ვერ გამოვეკიდები. ბევრს არც სიამოვნებს შენი წარმატება, როცა თვითონ არაა შემდგარი. ლამაზ კაბაში გადაღებულ ფოტოს დადებ და – უი, ბოზიო, დაგიწერენ. ბევრი ნეგატივიც მოდის, მაგრამ ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.
– ერთ ბიჭს არ გაუმართლა, ძალიან ცუდად იქცეოდა, თან, ჩემი ყოფილი ქმარივით, ცისფერი თვალები ჰქონდაო.
– (იცინის) ის მართლა ძალიან ცუდი ადამიანი იყო, ძალიან შემაწუხა და მითითების მიუხედავად, რადგან გოგო ვიყავი, უფრო მეტად გააგრძელა. საერთოდ არ იცოდა, სპორტსმენი რომ ვარ. ეს ყველაფერი ავტობუსში ხდებოდა და ამ ადამიანმა მარტო მე კი არა, ვინც მის ახლოს იდგა, ყველა შეაწუხა. თან, მაშინ ვარჯიშიდან მოვდიოდი, დაღლილი, წონას ვიკლებდი და ამ პერიოდში სპორტსმენს ნერვები ისედაც დაძაბული აქვს. ასეთ მომენტში განმარტოება ყველაზე კარგია, მაგრამ გადაადგილება გვიწევს და ყველას არ ჰყავს საკუთარი მანქანა. მე ავტობუსით ვმგზავრობ ხოლმე, რომელსაც „ყვითელ ჯიპს“ ვეძახი (იცინის). მოკლედ, ამ ადამიანმა მართლა გამამწარა, უამრავჯერ მივუთითე, გვერდზე გაწეულიყო და უარესად იქცეოდა, რის შემდეგაც მეც ცუდად მოვექეცი, თუმცა ავტობუსში ასე მოქცევას ნამდვილად არ მივესალმები. დაბლა არ ჩამოვიდა, თორემ კიდევ უფრო სხვანაირად გავცემდი პასუხს (იცინის). არ გაუმართლა იმაშიც, რომ მართლა ჩემს ყოფილ ქმარს ჰგავდა – ასეთი გამაღიზიანებელი საქციელი ჰქონდა მასაც ბოლო წლებში. სახეზე რომ შევხედე, მეგონა, ის იყო და უცებ „დავაჯახე“ (იცინის).
– ხალხს რა რეაქცია ჰქონდა ავტობუსში, რომ დაინახეს, გოგო ბიჭს სცემდა?
– უსამართლობას ვერ ვეგუები, მეც ვყოფილვარ უსამართლობის მსხვერპლი და ვიცი, ეს რა მდგომარეობაცაა. მარტო მე არა, სხვა ქალბატონიც ძალიან შეაწუხა ამ ადამიანმა, მაგრამ ის ხმასაც ვერ იღებდა. მთვრალი არა, მაგრამ ნასვამი იყო და კიდევ გააგრძელა და გააგრძელა. ვინც სკამზე იჯდა და არ წუხდებოდა, მე მომიბრუნდნენ: შენ, ქალი ხარ? ქალი ასე როგორ უნდა იქცეოდეს?! შე ალქაჯო, რას აკეთებო. ქალბატონო, თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ, იმიტომ ბედავენ ასეთი კაცები ამდენს-მეთქი, – ვუთხარი და გავაჩუმე. მაგრამ ბევრმა მითხრა: შენ გენაცვალეო, ბიჭმაც და გოგომაც.
– არასასურველ თაყვანისმცემლებთან როგორი ხარ?
– გათხოვებამდე ლამის კბილი ჩამოვუღე ერთ ბიჭს. ძალიან ვცემე, იმიტომ რომ სამი წელი დამდევდა. არადა, ეს ადამიანი არ მომწონდა. ძლივს მოვიშორე – სანამ არ ვცემე, მანამდე ვერანაირად ვერ გავაგებინე, რომ თავი უნდა დაენებებინა ჩემთვის (იცინის).
– მეუღლესთან დაშორების შემდგომი პერიოდი, ალბათ, მარტივი არ იყო.
– უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ოფიციალურად დავშორდი, იმას სხვა ოჯახი აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მიხარია, რომ ეს ადამიანი საბოლოოდ ჩამოვიშორე. დაშორების შემდეგ ერთადერთ რამეს განვიცდიდი, რომ თავი გავასულელებინე იმას, ვინც მე არ შემეფერებოდა და სათანადოდ ვერ დამაფასა. რთული პერიოდის გადალახვაში ჩემი დაქალები დამეხმარნენ და რა თქმა უნდა, სპორტი, ვარჯიში. სპორტშიც უფრო მეტ წარმატებას მივაღწიე და ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი პერიოდი, ამაზე რომ ვფიქრობდი, ცოტა მძიმე იყო. მაგრამ ძლიერი ქალი ვარ და დეპრესიაში არ ჩავვარდები. პირიქით, მეტს ვშრომობდი, მეტისთვის რომ მიმეღწია და ასეც მოხდა. ტკივილისა და შეცდომების შემდეგ ქალი უფრო ძლიერდება, კაცი – იშვიათად, მე ასე მიმაჩნია.
– ახლა რა ხდება?
– ბევრი თაყვანისმცემელია, მაგრამ გულის კარი ვერავის გავუხსენი. მაშინ იმ დონემდე მივიღე სტრესი, რომ ურთიერთობის დაწყება მიჭირს. თუმცა, სასურველი იქნებოდა ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც ჩემსავით სპორტით იქნებოდა დაკავებული და შრომისა და მიღწევების ფასი ეცოდინებოდა. სამომავლოდ, ბავშვს რომ გავაჩენ, მინდა სპორტული ასპარეზობა ისევ გავაგრძელო და მეუღლე ამაში გვერდით დამიდგეს. ქართველი კაცისთვის ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ბოლო დროს ვხედავ ცვლილებებს, რასაც მივესალმები. ერთგულ, მშრომელ ადამიანს ველოდები, რომელსაც უნდა ვუყვარდე და მაფასებდეს, ანალოგიურს მიიღებს ჩემგანაც. მაგრამ ჯერ არ ჩანს ჰორიზონტზე ან არ ვუშვებ. მეუბნებიან, რომ ასეთი ჩაკეტილობა ცუდია, ცოტა გაიხსენიო, მაგრამ ალბათ, ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, მე რომ შემეფერება.
– რომანტიკული ხარ?
– შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არ გამომიცდია, მაგრამ შეიძლება, ვარ. რატომაც არა, მომწონს, როცა ვხედავ, წყვილები რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ. როცა დავქორწინდი, მაშინ არ მიყვარდა. შემეცოდა ჩემი ყოფილი ქმარი და იმიტომ გავყევი ცოლად. დამპირდა, სპორტში ყველანაირად შეგიწყობ ხელსო და გადავდგი ეს ნაბიჯი. პირველი ევროპის ჩემპიონობა გათხოვილმა მოვიპოვე და თავიდან მართლა მქონდა მისგან ხელშეწყობა, მაგრამ შემდეგ ეჭვიანობა დაიწყო. ქალი რომ წარმატებული ხდება და კაცი ვერაა იმ დონეზე შემდგარი, ეგოისტური მომენტები ეწყება. მე ბევრს ვუყვარდი, ბევრი მცნობდა და იმაზეც კი ეჭვიანობდა, ვინმე ბიჭი უბრალოდ რომ მომილოცავდა წარმატებას. ეჭვიან ადამიანთან ცხოვრება ძალიან ძნელია და ამ ყველაფერს დაძაბულობა მოჰყვა. აღარ მინდა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც სპორტთან შეხება არ აქვს და ასეთი შრომის ფასი არ იცის. თან არ მიყვარდა. მას ვუყვარდი და დაპირება, რომ ყველანაირად ხელს შემიწყობდა, ჩემთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ამიტომ მივეცი ამ ადამიანს შანსი, მაგრამ ქართველი კაცები ძნელად ეგუებიან ქალის სპორტში გაშვებას, მით უმეტეს, ძალისმიერში. თუმცა, ალბათ, საჭირო იყო, რომ ასე მომხდარიყო და იმედია, მომავალში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, როგორზეც ვისაუბრე.