№28 რის გამო ეძინა მალიბუ ტუღუშს ღამით პარკში და რატომ აბულინგებდნენ მას ბიჭები 13 წლის ასაკში
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
22 წლის მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ამის გამო ის ბულინგისა და ბევრი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. როგორც თავად ამბობს, მიზანდასახული ადამიანია, ცხოვრებაში არაფერს ნანობს, არც არაფერს შეცვლიდა და იმავე გზას სიამოვნებით გაივლიდა, თავისი რთული და ბულინგის შემცელი პერიოდებით.
მალიბუ ტუღუში: ზოგადად, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. 13 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო – ბათუმში ჯიხურში გამყიდვლად ვმუშაობდი. ასაკით პატარა კი ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ჯიხურშიც იმიტომ დავიწყე მუშობა, რომ მუსიკალური გეგმებისთვის თანხა მჭირდებოდა. ვიყავი ბულინგის მსხვერპლიც და 13 წლის ასაკიდან დღემდე ბევრი დაბრკოლების გადალახვაც მომიწია. ვერ დავიჯერებ, რომ რეალურად არსებობს ადამიანი, ვინც ამ ასაკიდან მუშაობს და არ არის ბულინგის მსხვერპლი. ადამიანები ასე არიან შექმნილები – აუცილებლად უნდა დაგამცირონ. მაგალითად, ჯიხურში რომ ვმუშაობდი, მოდიოდნენ სიმპათიური ბიჭები, იდგნენ და დამცინოდნენ: აქ როგორ მუშაობ? შენნაირი გოგო სხვაგან ვერც იქნებაო... არც კი მინდა გახსენება. მაშინ პატარა ვიყავი და მოქმედებდა ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი. თუმცა, ასეთი ხასიათი მაქვს – არც ზედმეტ სიხარულს ვაჩენ და არც ზედმეტ წყენას. კი, რთული იყო ბავშვისთვის ბულინგის ატანა იმის გამო, რომ ჯიხურში ვიდექი, მაგრამ ამას დედას ვერ მოვუყვებოდი, ვერ ვეტყოდი, მაბულინგებენ და მამცირებენ-მეთქი. ვიცი, ძალიან ინერვიულებდა, ეს რომ მეთქვა. სიმართლე გითხრათ, ეს დამცირება და ბულინგი საკმაოდ მარტივად გადავიტანე, თან მარტომ. ახლა კი მეცინება, რომ ვიხსენებ, მაგრამ როცა მაბულინგებდნენ, სულ იმაზე ვფიქრობდი, სადღაც მქონდა წაკითხული, რომ ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრება ბულინგით იწყებაო. ჩემს შემთხვევაშიც, ასე მოხდა (იცინის). ვამბობდი: ახლა ასეა, მაგრამ მომავალში ყველაფერი აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება, იმიტომ რომ მე მინდა ასე-მეთქი. მიზანდასახულიც ვარ და ხასიათიც ასეთი მაქვს. ზუსტად ვიცოდი, 16 წლის რომ გავხდებოდი, საცხოვრებლად თბილისში უნდა წამოვსულიყავი. მართალია, ბათუმში ყველგან მუსიკა ისმის, მაგრამ პატარა ქალაქია, ისეთ განსაკუთრებულ პერსპექტივას ვერ ვხედავდი, როგორსაც თბილისში. თუმცა, 14 წლის, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბათუმში კაფე-ბარში, ყოველდღიურად ვმღეროდი ოთხი საათი შეუსვენებლად. კონცერტებზეც გამოვდიოდი ერას მოედანზე. იქ დავიწყე მუსიკალური კარიერა.
– მართალია, რომ ოცნებების გარდა, არაფერი გაგაჩნდა, როცა 16 წლის გოგო, სრულიად მარტო ჩამოხვედი დედაქალაქში და იმის გამო რომ გასათევი არ გქონდა, სკვერებში გიწევდა ღამ-ღამობით ძილი. დავიჯერო, ნათესავი ან ნაცნობი მაინც არ გყავდა, რომ მასთან მისულიყავი?
– ოცნებები არა, მიზნები მქონდა. ოცნება არარეალურია, მიზანი კი - რეალური. სადაც მივედი, ბათუმში, რამდენ კონკურსზეც, ყველგან მეუბნებოდნენ: ახლა არა, ერთი წლის მერე მოდიო. ჩემი აზრით, ესეც, ბულინგია. მოკლედ, საბოლოოდ მივხვდი, ერთ ადგილს ვტკეპნიდი, რაც უნდა გამეკეთებინა, წინ ვერ მივდიოდი. დავიღლე და თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე. ღამის გათევაც მომიხდა პარკში, ჩანთებს ვეხუტებოდი, არ მომპარონ, არ წამართვან-მეთქი. თბილისში მყავს ნათესავები, მაგრამ იმდენად ამაყი ვარ, მერჩივნა, პარკში გამეთია ღამე. ვიცი, დაიწყებდნენ: აქ რა უნდა გააკეთო, გერჩივნა იქ დარჩენილიყავიო... ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი და სულ ვამბობ: უკან რომ დამაბრუნოთ, ამ გზას თავიდან გავივლიდი და არაფერს შევცვლიდი. არ დამავიწყდება, დედაჩემის სახე და ცრემლები, როცა მოვდიოდი. მეხვეწებოდა: არ წახვიდეო. იცოდა, რომ არცერთ ნათესავთან არ მივიდოდი და თავიდან მომიწევდა ცხოვრების დაწყება, მარტოს 16 წლის ასაკში. ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადო, ყველაფერზე წახვიდე, რაც იცი, რომ რეალურად გაგაბედნიერებს. ბევრი რამ გამიკეთებია, რაც არ გამომსვლია, თუმცა არ მინანია. რომ არ გამეკეთებინა, მერე უფრო ვინანებდი. მართლა არაფერს ვნანობ. თუმცა, არ არსებობს ადამიანი, ვინც ცხოვრებაში რაღაცებს არ შეცვლიდა და არც მე ვარ გამონაკლისი. აუცილებლად შევცვლიდი ბევრ რაღაცას, მაგრამ რა გზაც გამოვიარე, ჩემთვის საჭირო იყო, რომ ის დავმდგარიყავი, ვინც დღეს ვარ.
– „X ფაქტორში“ ერთი გამოჩენისთანავე გახდი პოპულარული და საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია შენს განსხვავებულ იმიჯს, ხმის ტემბრს და შესრულების მანერას. მითხარი, მინდოდა ცნობადი გავმხდარიყავი, ამიტომაც გავრისკე და ჩამოვედი თბილისშიო. ახლა, თუ გცნობენ ქუჩაში და თუ დაიმკვიდრე თავი დედაქალაქში?
– მარტო დედაქალაქში კი არა, მთელ საქართველოში და საზღვრებს გარეთაც კი. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ბევრ ქვეყანაში, ბარებიდან გამიგონია ჩემი სიმღერები. არცერთ პროექტში არ მივსულვარ იმის გამო, რომ მომეგო. მინდა, ხალხმა დამინახოს, მომისმინოს, შეიყვაროს ჩემი შემოქმედება. სხვათა შორის, „X ფაქტორიდან“ როგორც კი გამოვვარდი, ერთ თვეში ჩემი საკუთრი სიმღერა გამოვუშვი და გაჰიტდა. კარგია, მოიგო პროექტი, გახდე ბინის მფლობელი, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ჩემი სიმღერები ჰიტად ვაქციო. ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ცნობადობამ უფრო თავდაჯერებული გამხადა. ბევრად უფრო გამეზარდა ამბიციები და უფრო მყარი ადამიანი გავხდი. საკუთარი თავის უფრო მეტად მჯერა. ვიცი, ვინც ვარ და რა შემიძლია.
– დღეს გაქვს საკუთარი ბინა თუ ისევ ნაქირავებში ცხოვრობ?
– თბილისში ბინა არ მაქვს, ნაქირავებში ვარ. მინდა ვიყიდო, მაგრამ არ არის ასე მარტივი.
– სოციალურ ქსელში დაწერე: „თქვენი უხეში და ბულინგის შემცველი კომენტარები ვერაფერს მაკლებს, მარტო მაშინ ვკითხულობ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ბევრი მინდა, ვიცინოო“. ანუ, დღესაც ხარ ბულინგის მსხვერპლი?
– ჩემზე არ მოქმედებს, ვინ რას იტყვის. ერთადერთი რაზეც გავბრაზდი – ადრე დაწერეს აბსურდული, საშინელი სტატია ჩემს ორიენტაციაზე, მე არ მივაქციე ყურადღება, თუმცა დედამ ინერვიულა და ძალიან განიცადა. ურეკავდნენ, „აფეთქებდნენ“ და მხოლოდ ამის გამო ავღშფოთდი. ყველაზე კარგად დედა მიცნობს, რა უნდა გავაკეთო, რომ მან არ იცოდეს, მაგრამ მაინც განიცადა, შეწუხდა იმით, რაც მოხდა. თორემ, ჩემი ორიენტაცია დედაჩემზე კარგად არავინ იცის. თან, სოციალურ ქსელში ატრიალა ყველა საიტმა. შეიძლება, შეეხო ჩემს ცხოვრებას, არ არის პრობლემა, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს, თუნდაც, იმ ჭორსაც. ამას წინათ ფოტო დავდე, სადაც დეკოლტე მაისური მაცვია და ამას მთელი ამბები მოჰყვა. არადა, მიყვარს თამამი ფოტოების დადება და ვთვლი, რომ სხეული ჩემია და მთავარია, არ იყოს ვულგარული. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და თუ 22 წლის ასაკში ესთეტიკურად ლამაზ ფოტოს ვდებ სოციალურ ქსელში, რა პრობლემაა? მოკლედ, ამ ფოტოს მოჰყვა ბულინგის შემცველი კომენტარები. მე ძალიან ვიხალისე. რა ვქნა, თუ უნდათ იქექონ ჩემს ცხოვრებაში, ჭორებს მართლა არ ვაქცევ ყურადღებას. არ დამავიწყდება, მირეკავდნენ და მილოცავდნენ. ვიფიქრე, ნეტავ რას მილოცავენ-მეთქი და რომ მითხრეს, როდის ელოდებიო, მერე დავფიქრდი, ასეთი ნეტა რა გავსუქდი-მეთქი (იცინის). ასე რომ, ორსულობაც დამაბრალეს.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება, გამოჩნდა საყვარელი მამაკაცი?
– იმდენად კარიერისტი ვარ, თავს არ ვზოგავ და ამის გამო ჯერ პირადზე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, არ უნდა ვეძებო, როცა იქნება საჭირო, მაშინ აუცილებლად მოვა. ჯერ არც მინდა, შეყვარებული ვიყო. რომ ამბობენ, საყვარელი მამაკაცი ქალისთვის სტიმულიაო, ამას არ ვეთანხმები. სულაც არ მჭირდება მამაკაცი სტიმულად. მე საყვარელი მამაკაცი სტიმულად კი არა, იმისთვის მჭირდება, რომ გვერდით მყავდეს, მავსებდეს და ვიყო მშვიდად და კომფორტულად.
– მუსიკალურ კარიერაში რა სიახლეებია?
– ქართული მუსიკის მიქსი გავაკეთე, ჩემს მეგობარ ირაკლი თავხელიძესთან და გამოვუშვით. ახლა სოლო, საავტორო ქართული სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ. ცოტა რისკზე კი მივდივარ, მაგრამ ვიცი, ამაშიც გამიმართლებს.