კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ბორის ბედია: ქალისთვის თავი რომ მომეწონებინა, სისულელეები ჩამიდენია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  36 წლის მომღერალი ბორის ბედია სიყვარულს არასდროს ეძებს. ამბობს, რომ ყველაფერი წინ აქვს და როცა ღმერთი ინებებს, მაშინ გამოჩნდება მისი მეორე ნახევარი. ხოლო როგორი ქალია მისთვის მისაღები და ნანობს თუ არა მანდილოსნებთან ფლირტაობებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ბორის ბედია: ვერ ვიტყვი, ცხოვრებაში არ გამიმართლა-მეთქი. მარტო იმაში გამიმართლა, რომ დავიბადე და მადლობა ამისთვის ჩემს მშობლებს. სიყვარულში და კარიერაშიც, მეტწილად, გამართლებული ვარ. თუმცა, ასპროცენტიანი გამართლება არ არსებობს. რაღაცებში გვიმართლებს, რაღაცებში – არა. ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ასე რომ, ასი პროცენტით გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე და დანარჩენი ბევრი მაქვს ასახდენ-ასასრულებელი.
– ამბობ, ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად გამიმართლაო. ეს სიყვარულსაც ეხება?
– ვფიქრობ, ჯერ უნდა შემხვდეს ის, ვინც შესახვედრია და მერე გეტყვით, გამიმართლა თუ არა სიყვარულში (იცინის). კი ვარ 36 წლის, მაგრამ ეს სულაც არ არის დიდი ასაკი. ზოგი სულ რომ არ მოელოდებოდა, სწორედ მაშინ გამოუჩნდა ბედი და დღეს ბედნიერია. ჩემმა მეგობრებმა 45-50 წლის ასაკში მოიყვანეს ცოლები, სამი და ოთხი შვილი ჰყავთ და უბედნიერესები არიან. ზოგს კი 20 წლისას მოჰყავს ცოლი, მერე შორდება და ორ-სამ პირ ცოლ-შვილს იცვლის. მე ასე არც მინდოდა და არც მინდა. მირჩევნია, ერთი და მყარი ოჯახი მქონდეს.
– ქალებთან ფლირტაობა გიყვარს და ამის გამო ხომ არ დარჩი ამდენ ხანს ცოლის გარეშე?
– ქალის სილამაზე ისეთია, რომ არ გინდოდეს, შინაგანად გიზიდავს და მაინც ეფლირტავები. სასიამოვნო გრძნობაა ფლირტაობა (იცინის). ზღვაზე თუ ხარ ან მდინარეზე და მშვენიერი მანდილოსანი „ბიკინებშია“, იქ ფლირტი „მოსულა“, აბა რა! (იცინის) ზოგთან გამოსულა, ზოგთან – არა, ზოგს მოსწონხარ, ზოგს – არა. მეც ბევრი მანდილოსანი დამიწუნებია. გამძაფრებული ინტუიცია მაქვს და თუ ვხვდები, ქალი „სხვაგანაა“, მეც ჩემი ამბიცია მაქვს, პატივმოყვარე ვარ და ხვეწნას ვერ დავუწყებ. თუ არ ვუნდივარ, თავს არ დავიმცირებ – „პაშლა კ ჩორტუ“ (იცინის) არასოდეს მიმიყენებია ქალისთვის შეურაცხყოფა, თუმცა მისი ქცევის გამო დამიიგნორებია. ასე რომ, ინტუიციურად ვხვდები, ქალი ჩემია თუ არა და შორსაც არ შევტოპავ. ისე, ქალის ამოცნობა ძნელია და არც კაცები ვართ მარტივი ამოსახსენელები (იცინის). სიყვარულში იმედგაცრუებაც მქონია და გულისწყვეტებიც, მაგრამ, ალბათ, ასე იყო საჭირო. შეიძლება, მის გვერდით ვერ ვყოფილიყავი ბედნიერი და ღმერთმა ამაცილა. ვაღიარებ, ქალის კარგი გარეგნობა თავისას აკეთებს, თუმცა, ქალში მხოლოდ გარეგნობას არ ვაქცევ ყურადღებას. ბევრჯერ ყოფილა, დავლაპარაკებივარ ქალს და ვხვდები, ის სხვა ტიპია, მე სხვა გაგება და ღირებულებები გამაჩნია და ვშორდები.
– ყოფილა ისეთი ურთიერთობა, რომლის დასრულებასაც ნანობ?
– როგორ არა. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ რამდენიმე ქალთან დაშორება მინანია. მეგონა, სიყვარული იყო, მაგრამ არ განვითარდა, არ გადაიზარდა უფრო დიდ გრძნობაში და მივხვდი, ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ ვნებაზე აგებული ურთიერთობა იყო. ალბათ, ასე იყო საჭირო. კიდევ ვამბობ, ემოციური ადამიანი ვარ და მინანია ქალთან დაშორება, თუმცა, არასოდეს არავისთვის დამიბრალებია რამე. შეიძლება, მეც ვიყავი დამნაშავე.
– ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვი: „სიყვარული მშიაო“. ანუ, სიყვარულში შიმშილის გრძნობას განიცდი?
– შიმშილის გრძნობას სიყვარულში არ განვიცდი, მაგრამ ყველა ემოციურ და ჯანმრთელ ადამიანს სწყურია და უნდა სიყვარული. იმას რა ვუთხარი, ვისაც ოჯახი და სიყვარული არ უნდა, თორემ სიყვარული უნდა „გშიოდეს“, აბა, რა! იცი, სიყვარულის შიმშილი როგორია ჩემთვის? მინდა, ვიღაცისთვის ვიმღერო, სიკეთე ვაკეთო, დავიხარჯო, ვიცხოვრო.
– სულ, რამდენჯერ გყვარებია?
– რომ მყვარებოდა, სიყვარულს დღეს არ დავუწყებდი ძებნას. რახან ვეძებ, ესე იგი, ის ვნება იყო და სიყვარული ჯერ კიდევ წინაა. ბევრჯერ ყოფილა მომენტი, მქონდა ქალთან ურთიერთობა, მაგრამ სხვას ვეძებდი. ჯერ ჩემს ამოწურვამდე დიდი დროა, ამიტომ, სულ ძიებაში ვარ (იცინის). ზოგადად, ვფიქრობ, სიყვარული არ უნდა ამოეწუროს ადამიანს, მაგრამ მე ქალთან რომ „ამოვიწურო“, მასთან დიდი სიყვარული უნდა მაკავშირებდეს. თუ ქალთან სალაპარაკო აღარ დამრჩა, იქ გრძნობა იყინება და მხოლოდ ვნება რომ მაკავშირებს, ძალიან ცუდი მომენტია. თუმცა, გულს ვერ ვუბრძანებ, თავს ვერ დავაძალებ და თუ არ მიყვარს, ვერც სისულელეებს ჩავიდენ.
– დავიჯერო, სიყვარულის გამო სისულელეები არ ჩაგიდენია? რითი ხიბლავ და აწონებ ხოლმე ქალს თავს, თუ მოგეწონა, რა არის შენი მთავარი „ფიშკა“?
– იმის გამო, რომ ქალისთვის თავი მომეწონებინა, სისულელეები როგორ არ ჩამიდენია. თუმცა „ტუფლითა“ და ქოშებით სადღეგრძელოები არ დამილევია. არც ფანჯრებთან მიმღერია ქალისთვის, სუფრაზე კი – რამდენიც გინდათ. რა არის ჩემი მხრიდან ქალის მოხიბვლის მთავარი „ფიშკა“, არ ვიცი, იმათ ჰკითხეთ (იცინის). ბევრს უთქვამს, მიმზიდველი ხმა და აურა გაქვს, გულით მღერი და ამ ემოციით, შენი ნამღერით მოვიხიბლეთო.
– მეგრული მარიფათი ქალთან ურთიერთობაში თუ გშველის? რთული იქნება შენი ცოლობა?
– მეგრული მარიფათი, სიფიცხე და სიჯიუტე, როგორც ყველა მეგრელს, მეც მახასიათებს. ჩემი ცოლობა კი ვიღაცისთვის რთული იქნება, ვიღაცისთვის – მარტივი. გააჩნია, როგორ შევეწყობით ერთმანეთს. ქალმა რომ მომხიბლოს, გარეგნობას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა შინაგანადაც უნდა მიმიზიდოს. რომ ამბობენ, ბრილიანტის სული აქვსო, მარტო სული რად მინდა? ქალს რომ შეხედავ, ცხოვრებაც ხომ უნდა მოგინდეს? (იცინის) მზეთუნახავს არ ვამბობ, მაგრამ, თუ იქნება და პლუს ამას კარგი ხასიათის, ამას რა სჯობია? კიდევ ვამბობ: ძებნა არ არის საჭირო, ღმერთის ნებაა და ზოგი ადრე ოჯახდება, ზოგი – გვიან. როცა არ მოელი, მაშინ მოდის და ალბათ, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდება. დედას, ბებიას და ჩემს დას უნდათ, ცოლი მოვიყვანო, მაგრამ მათზე მეტად კი – მე, მაგრამ არ მინდა, ავჩქარდე და მერე ვინანო. სიყვარულში აჩქარება არ ვარგა. უშეცდომო არავინაა და მეც დამიშვია, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა და მთავარია, კაცის ცოდვა არ ჩამიდენია. უფრო უბედური ვიქნებოდით, სიყვარულის გარეშე რომ გვეცხოვრა ერთად ან გრძნობა ცალმხრივი ყოფილიყო. ცალმხრივი სიყვარული ჩემთვის მიუღებელია.
– ამ ზაფხულის გატარებას სად გეგმავ და ვისთან ერთად?
– უკვე გამოვერიდე დედაქალაქის ქაოსს, მარტვილში, ჩემს ნათესავებთან ვარ და ბუნებაში კარგად განვიტვირთე. ვვარჯიშობ, ვტკბები პოზიტიური გარემოთი და სტრესებითა და „კორონებით“ გადაღლილი გონებას ვასვენებ. კორონა და პოლიტიკა ცუდ ხასიათზე მაყენებს, ამიტომ, ტელევიზორსაც არ ვუყურებ. ასე რომ, გავერიდე ნეგატივს და ფსიქოპანდემიას.

скачать dle 11.3