№28 მაკა ჩიჩუა: პირველი ლედი რომ ვიყავი, მაღაზიაში დავდიოდი და რიგში ვიდექი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყოფილი პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა „მთავარ არხზე“ „შუადღის“ წამყვანია და როგორც თავად ამბობს, ტელევიზია ერთგვარი იარაღია, რომლის დახმარებითაც ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ხმამაღლა ლაპარაკი შეუძლია. ჩვენ კი მას ოჯახურ ცხოვრებაზე, პირველი ლედის სტატუსსა და არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
– ქალბატონო მაკა, თქვენი სახლური გარემო როგორია, დილიდან საღამომდე რით ხართ დაკავებული?
– წარმოიდგინეთ, ტყეში, აბსოლუტურად მარტო, განცალკევებით, მხოლოდ მე და ბავშვები – შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გვყავს დამხმარე ქალბატონი, რომელიც ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, მათ შორის ბავშვებთან ურთიერთობაში. ყველაფერს ერთად „ვეჭიდავები“: ხატვას, სახლის საქმეებს, გარეთ პატარა ვარდების ბაღი და ბოსტანი მაქვს. ბავშვები რომ გაიზრდებიან, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს საქმეს – ხატვას გაცილებით ბევრ დროს დავუთმობ.
– მეურნეობის ამბებიც გამოგდით?
– გქონდეს მიწა, მე ვთვლი, რომ ეს ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული ჯილდოა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს დიდი მეურნეობა, მაგრამ სეზონურად ყველაფერი გვაქვს. ძალიან მინდოდა, ჩვენი ქვეყანა აქტიურად განვითარებულიყო ამ მხრივ, რაც არ მოხერხდა და ძალიან მწყდება გული. ყოველდღე გიჟივით ვიმეორებ: როგორ შეიძლება, საქართველოში ვერ ვიყიდო ქართული ვაშლი და ყველაფერი თურქულ ვაშლს მიჰქონდეს?! სამარცხვინო არ არის?! ამ თემაზე რომ ვიწყებ ლაპარაკს, ვბრაზდები და მერე აგრესიული ვხდები (იცინის).
– თქვენ რა გაქვთ სახლში?
– კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, წელს ბროკოლიც დავთესე. დუშეთში მოდის ფანტასტიკური ლობიო, მწვანილი. ხომ იყო სასაცილო ჩვენი კარტოფილი და დღეს გაიხედეთ, აბა, როგორი მოდურია – ყველა ბოსტანს აკეთებს. იცით, რა მიკვირს? ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, კალათით დადიოდა, მთელი თეთრი სახლი გადათხარა და ბოსტანი გააკეთა. ეს იყო ძალიან მოდური და ტრენდული. როგორც ქვეყნის სახე დიდ პროპაგანდას უწევდა საკუთარი ბიოპროდუქტის წარმოებას. აქ გიორგიმ რომ კარტოფილი დათესა, ეს, რატომღაც, მასხრად ასაგდები თემა გახდა. სასაცილოა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც ამაში პრობლემას ხედავს. ხომ მახსოვს, როგორი ტონით ამბობდნენ – „ხახახა, პრეზიდენტს, თურმე, კარტოფილი მოჰყავს“. პრეზიდენტს, რომელიც ლექციებსაც კითხულობს, ისეთი განათლებულია, ჯიბეში ჩაისვამს მთელ პარლამენტს თუ მინისტრთა კაბინეტს, შეუძლია, კარტოფილიც დათესოს, სახლიც ააშენოს და ელექტრობაც გაიყვანოს, ეს არის იდეალური ვარიანტი. მაგრამ ამაზე ხომ იყო პოლიტიკური ელიტებიდან ხაზგასმით გადმოძახილი და ხითხითი? იყო, იმიტომ, რომ მდაბიო მდგომარეობაა, ჯერ ბოლომდე ვერ გაუცნობიერებიათ, რა არის მართლა ფასეული და ღირებული. როგორც კი ნამდვილ ღირებულებას გავაცნობიერებთ, მაშინ აქ ბავშვები აღარ იშიმშილებენ. ვერ გამოვედით იმ წარმოდგენებიდან, რომ „კაი ტიპი“ მაინცდამაინც სავარძელში უნდა იჯდეს, კაბინეტის იქით არ იხედებოდეს და ხელზე „როლექსის“ საათი უნდა ეკეთოს. თუმცა, ცოტა სასიკეთო ძვრებსაც ვხედავ, რაზეც პანდემიამაც იქონია გავლენა.
– ცხოვრება, პირველ ლედობამდე და ამ სტატუსის შემდეგ – რას ცვლის ეს მდგომარეობა?
– პირველი ლედი ვიყავი, დავდიოდი მაღაზიაში და ვიდექი რიგში... ზუსტად ასევე ვარ ახლაც. თუმცა იმ პერიოდში, მაინც პირველი პირის მეუღლე ვიყავი და რაღაც მომენტში შეიძლება, მეტად თავშეკავებული ვყოფილიყავი, ნაკლებად გამომეხატა აღშფოთება. თუმცა, მაშინაც, როცა ყველაზე რთული ამბები ხდებოდა, პირველ ხაზზე ვიდექი. მაგრამ მაინც არის რაღაც ჩარჩოები და ცდილობ, არ გასცდე, რომ ამ ინსტიტუტის პატივისცემა შეინარჩუნო. ბევრი არაფერი შეცვლილა. აქ ვცხოვრობდი მაშინაც, ზუსტად ისევე ვიკვებებოდი და ასევე ვიცვამდი, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო ვიზიტებს, რადგან იქ პროტოკოლს ვიცავდი.
– ყოველთვის ყველა ხაზს უსვამდა, თქვენს გამორჩეულ ჩაცმულობას. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ წერდნენ, როგორ აგათვალ-ჩაგათვალიერათ მელანია ტრამპმა და ამბობდნენ, რომ თავად იღებდით მონაწილეობას სამოსის შექმნაში.
– (იცინის) დათუნა სულიკაშვილთან ვთანამშრომლობდი ძალიან აქტიურად, რადგან ის ჩემთვის ესთეტიკურად ძალიან მისაღებ სამოსს მთავაზობდა. თუმცა, მე თვითონაც ვხატავდი და ჩვეულებრივ მკერავს ვაკერინებდი. ბუნებით ესთეტი ვარ, მაგრამ მარტო განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება, გამოვეწყო ასე.
– ეს სტატუსი რომ მიიღეთ, ცოტა არ შეგეშინდათ?
– არ შემშინებია. ერთადერთი, არ მინდოდა, იმედი გამცრუებოდა, მაგრამ გამიცრუვდა. სულ სხვა პროგრამები და ხედვები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდებოდა, რაც ვერ დავინახე. ისევ წრეზე ვტრიალებთ.
– ეს ყველაფერი რომ დასრულდა, გქონდათ შეგრძნება, რომ ქმარი დაიბრუნეთ?
– არანაირად, ჩემი ქმარი სულ ჩემ გვერდით იყო, არასოდეს მქონია გაუცხოება და განცდა, რომ სადღაც სხვაგანაა და დაკავებულია. ჩვეულებრივ ვაგრძელებდით ცხოვრებას. გიორგი სამსახურიდან რომ მოდიოდა, ჩვენც ისე ვიყავით, როგორც ყველა ოჯახში არიან. შეიძლება, ცოტა დაძაბულიც იყო, იმიტომ, რომ მერე ორივე მხრიდან წამოვიდა დარტყმა, ნაციონალებიდანაც და მმართველი გუნდიდანაც, ორივე ებრძოდა გიორგის. მაგრამ ყველაფერს ღირსეულად გაართვა თავი და ამიტომაცაა, რომ დღეს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გვხვდებიან. რაღაც მხრივ, ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ, აბა, რა ინტერესი აქვთ ამ ხალხს-მეთქი?!
– ბევრჯერ იყო კრიტიკა, ნეგატივი – თქვენი ქორწინების თემაც განხილვის საგნად იქცა. იმ პერიოდს როგორ იხსენებთ?
– ძალიან სწრაფად გავაცნობიერე, რომ როცა საზოგადოებაში ამდენად საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებ, იქ ყოველთვის იქნება ამ ტიპის თავდასხმები და ამას მოწმობს მსოფლიო გამოცდილება. არ მიფიქრია: ვაიმე, ეს რა დღეში ჩავვარდი-მეთქი, ყველაფერს გაგებით მოვეკიდე. გერმანიაში ვიყავი უმაღლესი ვიზიტით, პრეზიდენტი და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. როგორც წესია, პროტოკოლით პრეზიდენტები ცალკე საუბრობენ, მათი მეუღლეები ცალკე და აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, მაგრამ მათი პირველი ლედია და სხვათა შორის, ძალიან უყვართ, რადგან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა საკუთარი ქვეყნისთვის. არაერთი მაგალითი გვსმენია სხვა ქვეყნებიდანაც. მაგრამ ჩვენთან, კარტოფილის არ იყოს, ისიც, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვიყავით, საღლიცინო თემად გამოიყენეს. თითქოს ძალიან ღელავდნენ ტრადიციებზე, რეალურად კი ეს იყო სულელური თავდასხმის მცდელობები და ამიტომაც გაუსკდათ ყველაფერი საპნის ბუშტივით. ამის შემდეგ ხალხისგან უფრო მეტი დადებითი განწყობა წამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
– ორი პატარა ბიჭი გყავთ, როგორია დედობა ამ ასაკში და იმ ასაკს რა თავისებურებები ჰქონდა, როცა პირველი გოგონა შეგეძინათ?
– ძალიან მიხაროდა ეს ორი პატარა. მაშო პირველი შვილია და მასზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ მაშინ მარტო მაშო კი არა, მეც პატარა ვიყავი და ბავშვს, ფაქტობრივად, დედაჩემი ზრდიდა. ამათზე ბოლომდე მე ვარ ჩართული. სულ ვამბობდი, კიდევ მინდა შვილი-მეთქი და ახლა, რაც უფრო იზრდებიან და საქმეც იმატებს, ისეთი დაღლილი ვარ, ვფიქრობ ხოლმე: ვაიმე, ამ სიბერეში რა დღეში ჩავიგდე თავი-მეთქი (იცინის). მაგრამ, როგორი დაღლილიც უნდა იყო, პატარა რომ გამოიქცევა, ჩაგეხუტება და გეტყვის, დედა, მიყვარხარო, იქ ყველაფერი ბუშტივით სკდება. ღმერთმა ასეთი საჩუქარი მომცა ამ ასაკში. 46 წლის ვიყავი, როცა თომა გამიჩნდა და მალევე გავხდი 47-ის, მსგავსი რამ ძალიან იშვიათია და ღმერთის მადლობელი ვარ ამ საჩუქრის გამო.
– უფროსი ძალიან გგავთ გარეგნულად, ხასიათითაც?
– მაშო გარეგნულად ძალიან მგავს, მაგრამ ხასიათით საერთოდ სხვა ტიპია. მე ვიყავი მეამბოხე, ძალიან ენერგიული და ჯიუტი. მაშო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. მას უყვარს სახლში ყოფნა, მე სულ სადღაც გავრბოდი, ექსპერიმენტები მიზიდავდა, რაღაცას ვაპროტესტებდი. ორივე ძალიან პრონციპულები ვართ, მაგრამ ის ბევრად უფრო ქალური და ლოიალურია, მე უფრო ხისტი ვარ. არასოდეს ვზღუდავდი, პირიქით, მე ვეუბნებოდი, სადმე წასულიყო, გაბრაზების საშუალებასაც არ მაძლევდა. ძირითად დროს სულ სახლში ატარებდა. მე – არა, დედაჩემი კი სულ განიცდიდა ჩემ გამო: სად არის, რატომ არ მოდისო. მაშინ მობილურები არ იყო და მეძებდა ხოლმე. მოკლედ, სულ სადარდებელი ჰქონდა, რომ სადღაც ვარ გამქრალი, მაშოს არასოდეს მოუყენებია ჩემთვის მსგავსი ტრავმები (იცინის). რაც შეეხება გარეგნობას, ქუჩაშიც ბევრჯერ დაუძახიათ მაშოსთვის მაკაო და ახლოს რომ მისულან, მიმხვდარან, რომ ის გაცილებით ახალგაზრდაა. ის კი არა, ფოტოებს რომ ვუყურებ, ხანდახან მეც მეშლება, მე ვარ თუ მაშო (იცინის).
– პატარები ვის ჰგვანან?
– მაშოს იერი აქვს ჩემი. აი, უმცროსი – თომა ზუსტად ჩემი ბავშვობაა. თემო ორივეს გვგავს, თუმცა, უფრო მამას ამსგავსებენ. საინტერესო ტიპები არიან: თემოს ძალიან უყვარს მუსიკა, ჯერ კიდევ თვეებისამ გამოხატა მისდამი განსაკუთრებული ინტერესი. თომა ჯერჯერობით მშრომელად ყალიბდება – თოხითა და ბარით დადის აქეთ-იქით და პატარა დელფინს ვეძახით, წყლიდან ვერ ამომყავს (იცინის).
– მინდა, თემოსთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ მშობლებს, რისი ცოდნაა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი?
– პირველი რიგში, სამედიცინო სფერო უნდა იყოს ამ საკითხში ინფორმირებული. ბავშვი რომ იბადება, კი არ უნდა გითხრან „ვაი, ვაი, შე საწყალო, ეს რა მოგივიდა“ – რაც ხშირ შემთხვევებში ხდებოდა. უნდა მოგილოცონ და პროტოკოლის მიხედვით მართონ სიტუაცია. გითხრან, რა თანდაყოლილი პრობლემები შეიძლება, ჰქონდეს პატარას დაუნის სინდრომის დროს და ყველაფერი გამოიკვლიონ. ბავშვი სოციალურად აქტიური უნდა იყოს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა და მეუბნებიან, რომ დიდი როლი ვითამაშე ამაში, რადგან ხმამაღლა დავიწყე ყველაფერზე საუბარი. თვითონაც ბევრი ინფორმაცია მივიღე, საერთაშორისო ვიზიტებზეც რომ ჩავდიოდი, ყველგან მივდიოდი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრებში და ვსწავლობდი, განვითარებულ ქვეყნებში რა და როგორ ხდება.
– ბოლოს, რაც შეეხება თქვენი და ბატონი გიორგის ურთიერთობას, რა კონდიციამდე მიიყვანა ის ყველანაირმა გამოცდილებამ?
– რა თქმა უნდა, გაუგებრობაცაა, უთანხმოებაც, მაგრამ ძირითადი ღირებულებები საერთო გვაქვს. გიორგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანია, მოსაწყენი არაა. თავისი სირთულეებიც აქვს, იმიტომ რომ ძალიან პრინციპული და ჯიუტია. მაგრამ ბევრ რამეში ერთნაირი აზრი გვაქვს. მუდმივად არის ხოლმე უთანხმოების ტიპის რაღაც, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი სერიოზული – არა, რადგან ამდენხანს შემოვრჩით ერთმანეთს (იცინის). ათ წელზე მეტია, ერთად ვართ. კონფლიქტიც აცოცხლებს ურთიერთობას და ბავშვები ხომ – საერთოდ, ორმა პატარამ ძალიან შეკრა და მრავალფეროვანი გახადა ჩვენი ოჯახი.
P.S. ფოტოები ეკუთვნის ლელი ბლაგონრავოვას.