№28 როგორ გახდა მილიციის ქართველი კაპიტანი რუსეთის ცნობილი ბანკირი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ბარამიძის კარტოთეკა
სოსო ბარამიძე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროში მუშაობდა და გამორჩეული ოპერატიული თანამშრომელი იყო. ის ყველა ცნობილ საბჭოთა კრიმინალურ ავტორიტეტსა და მაღალი კვალიფიკაციის ყველა კრიმინალური დარგის პროფესიონალს პირადად იცნობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ბარამიძეს არაერთი ავტორიტეტი ჰყავდა გადაბირებული და იყენებდა, ამასთან, პოლკოვნიკ სოსო ბარამიძეს მათი სპეციალური კარტოთეკა ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა. ამ კარტოთეკაში იყო გადაბირებულთა პირადი ანკეტები და მათ წინააღმდეგ შეგროვილი კომპრომატები. ძირითადად, ეს კომპორმატები აუდიო, ვიდეო, ფოტო და ხელნაწერი დოკუმენტებისგან შედგებოდა. 52 წლის პოლკოვნიკი სოსო ბარამიძე 1993 წელს ინფარქტით გარდაიცვალა მოსკოვში. კოლეგებმა ის პატივით დაკრძალეს და მისი კარტოთეკა რომ მოიკითხეს, მიუხედავად საგულდაგულო ძებნისა, ვერსად იპოვეს.
მეტსახელად „ცხვირა“
კაპიტან ზაზა გუნიას დიდი ცხვირის გამო „ცხვირას“ ეძახდნენ. ის სოსო ბარამიძის ჯგუფში მუშაობდა და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან 32 წლის გუნიამ ბარამიძის დედისერთა ქალიშვილი, ეთერი შეირთო ცოლად. როდესაც მილიციის მაღალჩინოსნებმა სოსოს კარტოთეკა მოიძიეს, რა თქმა უნდა, ზაზასაც ესაუბრნენ. თუმცა, ზაზა, ეს ერთი შეხედვით კომიკური პიროვნება, ისეთი გაიძვერა იყო, რომ ეშმაკსაც მოატყუებდა. მან უფროსი კოლეგები დააჯერა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, სად წაიღო მისმა სიმამრმა კარტოთეკა.
– არაფერი ვიცი, ამხანაგებო. მე და ეთერი ცალკე ვცხოვრობთ და მის მშობლებს იშვიათად ვხვდებოდით. მეტიც, პოლკოვნიკთან დაძაბული ურთიერთობები მქონდა და მართალია, მის ჯგუფში ვმუშაობდი, მაგრამ თითქმის არ ვურთიერთობდით. კარტოთეკის ამბავი გაგონილი მქონდა, მაგრამ არც მიკითხავს მისთვის რაიმე ამის შესახებ და არც მას უთქვამს.
სინამდვილეში კი მას ჰქონდა დამალული აგარაკზე და იმ გეგმის განსახორციელებლად ემზადებოდა, რომელიც სიმამრთან ერთად ჰქონდა დამუშავებული.
ინდივიდუალური შანტაჟი
1961 წელს დაბადებული ზაზა გუნია წარმოშობით სამეგრელოდან იყო და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი გაქნილობით გაიკაფა გზა ცხოვრებაში. საბჭოთა კავშირის დაშლისა და სიმამრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ჯერ ორგანოდან წამოვიდა, თუმცა მოსკოვში დარჩა და ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა და ახარისხებდა სიმამრის კარტოთეკას. 1994 წლიდან კი უკვე სრულყოფილი გეგმით დაიწყო მოქმედება. „ცხვირა“ პირადად ხვდებოდა ისეთ კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვისაც ბევრი ფული ჰქონდა და მნიშვნელოვანი კრიმინალური არმია ჰყავდა. ამ ადამიანებს კომპრომატების ასლებს უჩვენებდა და იმ შემთხვევაში, თუკი მის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, მხილებით ემუქრებოდა. მოთხოვნა კი ფულის წილი იყო, რაზეც ყველა კრიმინალი უსიტყვოდ თანხმდებოდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ კომპრომატის გამჟღავნების შემთხვევაში კოლეგები სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. მოკლე ხანში „ცხვირა“ თითქმის მთელი მოსკოვის კრიმინალური ბიზნესის წილში იყო და იმდენი ფული იშოვა, რომ 1996 წელს, ანუ 35 წლის ასაკში რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი ბანკი გახსნა.
ოფიციალური მილიონერი
მილიციის ყოფილი კაპიტანი ზაზა გუნია პრეზიდენტ ბორის ელცინის კლანში აღმოჩნდა და ოფიციალური მილიონერი გახდა. გუნია „გოსდუმის“ დეპუტატიც იყო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობასაც გამოჰკრა ხელი. ელცინის გადადგომის შემდეგ გუნია ახალი სამთავრობო კლანის წევრი გახდა. მართალია, „გოსდუმაში“ აღარ შეუყვანიათ, მაგრამ მისი საბანკო ქსელი ძალიან განვითარდა და რუსეთის ათი მოწინავე ბანკის სიაში აღმოჩნდა. 2004 წელს ზაზა გუნიაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა – ბანკირის დაჯავშნილ „კადილაკს“ ნაღმტყორცნიდან ესროლეს. ეს ტერაქტი ლენინგრადის გზატკეცილზე მოხდა. თუმცა, გუნია მხოლოდ მარცხენა ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. თავდამსხმელები კი იმავე დღეს დააპატიმრა „ფეესბემ“. ცნობილი გახდა შემკვეთიც, ვინმე ანტონ კაცევსკი – ბანკირი, კონკურენტი, რომელიც გუნიამ, რომ იტყვიან, გადაყლაპა – მისი ბანკები შეიერთა. კაცევსკი ქართველ ბანკირს შურისძიების მიზნით კლავდა. კაცევსკი უკრაინაში იყო გაქცეული და იქიდან ჩამოიყვანეს, გაასამართლეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის დღესაც იხდის სასჯელს. ზაზა გუნია კი ახლაც მოსკოვში ცხოვრობს და ძველ საქმიანობას განაგრძობს. მის ვაჟს, თორნიკეს კი ცოლად ცნობილი ქართველი სპორტსმენის ქალიშვილი ჰყავს.