№28 მშობლების არჩეული საქმროს გამო წლებია, უსიყვარულოდ ვიტანჯები
ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. არაფერი მომკლებია, არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდნენ და არასდროს მიფიქრია, ოდესმე დედაქალაქში მეცხოვრა. დედა თბილისელი იყო, მაგრამ მამას რომ გაჰყვა ცოლად, სოფელში გააგრძელა ცხოვრება. მისგან ბავშვობიდან სულ ის მესმოდა, რომ აუცილებლად თბილისში უნდა გავთხოვილიყავი და სოფელში არ ჩავრჩენილიყავი. მის სიტყვებს არასდროს ვანიჭებდი დიდ ყურადღებას, თუმცა, არც ვეპასუხებოდი. ალბათ, ამიტომ ჩათვალა, რომ თანახმა ვიყავი და დამინგრია ცხოვრება. ჩემს კლასელ ბიჭზე ვიყავი შეყვარებული. წარმოდგენილი და დაგეგმილი გვქონდა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ დედაჩემმა მამაჩემიც აიყოლია, გამომიძებნეს საქმრო და სკოლა დავამთავრე თუ არა თბილისში გამათხოვეს. პატარა ვიყავი და ვერ გავუწიე წინააღმდეგობა. უსიყვარულოდ დავიწყე ცხოვრება უცხო გარემოში, ადამიანთან, რომელსაც ფაქტობრივად, სრულიად არ ვიცნობდი. მართალია, ჩემი ქმარიც ჩვენი სოფლიდანაა წარმოშობით, მაგრამ სოფელში ბიძასთან ჩამოდიოდა, თავად არ აქვს სახლი. მოკლედ, ქორწილიც გადამიხადეს, ზარ-ზეიმით გამომიშვეს დედაქალაქში საცხოვრებლად და დღესაც იმ კაცის ცოლი მქვია, ვისაც ვერაფრით შევეგუე, ვერც შევიყვარე და მტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ მეც შეიძლებოდა, ბედნიერი ვყოფილიყავი, თუნდაც, სოფელში, ჩემი შეყვარებულის გვერდით. ახლაც რომ ჩავდივარ და ვხედავ, გული მიჩქარდება, უცნაური გრძნობა მიჩნდება, მინდა ჩავეხუტო, პატიება ვთხოვო, რომ ვუღალატე და სხვაში გავცვალე, მაგრამ, რაღა დროსია... მანაც ცოლი მოიყვანა და ულამაზესი ოჯახი აქვს. მართალია, არ მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ მისი ღალატი ან ოჯახის დანგრევა არასდროს მიფიქრია. შვილების გამო ვცხოვრობ და ვარსებობ. გამოცდილებიდან გამომდინარე, არასოდეს ჩავერევი მათ პირად ცხოვრებაში, ვინც უნდათ, ის მოიყვანონ ცოლად. ზოგი იტყვის: ამდენი წელი გავიდა და ისევ, იმ პირველ შეყვარებულს მისტირიხარო? დამიჯერეთ, სწორედ, მაშინ ვიყავი ბედნიერი, ახლაც მახსენდება ის წამები, როცა მის გვერდით სიყვარულით სავსე და ლაღი ვიყავი და ის განცდა წლებია, არ გამნელებია. ამას წინათ სოფელში მომიწია ჩასვლა და რომ დავინახე ცოლთან ერთად, გული მეტკინა. ისე გავბრაზდი ჩემს თავზე, თავი ვერ შევიკავე და დედაჩემს ვეჩხუბე: როგორ დამაშორე საყვარელ ადამიანს, როგორ დამინგრიე მომავალი, როგორ ჩამიკალი იმედები-მეთქი. მთელი საღამო ვტიროდი. ვიცი, ახლა აზრი აღარ აქვს სინანულსა და ცრემლების ღვრას, მაგრამ მინდა, სხვებმაც არ დაუშვან შეცდომა და იმის გამო, რომ დედაქალაქში იცხოვრონ, საყვარელ ადამიანზე უარი არ თქვან. ჩემი ქმარიც ხვდება, რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია და ამის გამო სულ მეჩხუბება. მეუბნება: ქალაქში ჩამოგიყვანე, სოფლის ტალახს არ ზელ და ასფალტზე დადიხარ, იმის მაგივრად, რომ ყოველდღე ხელები მიკოცნო, ცხვირჩამოშვებული და უმადური ხარო. რა ვქნა, მერჩივნა, ის ტალახი მეზილა და სიყვარულში მეცხოვრა, ვიდრე კორპუსის ბინაში უსიყვარულოდ გამოვკეტილიყავი. ვნანობ, რომ საკუთარ ბედნიერებაზე იძულებით ვთქვი უარი და მშობლების ჭკუაზე გავიარე. ვიცი, ეს არ მოხდება, მაგრამ უკან რომ დამაბრუნონ, აუცილებლად ვიბრძოლებდი ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისთვის, მშობლებსაც შევეწინააღმდეგებოდი და საკუთარ თავს ბედნიერებაზე უარს არ ვეტყოდი.
თეა, 39 წლის.