კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 შვებულების არსი

ლორენ ბულოკი

  შვებულება მხოლოდ ვითარებისა და პირობების შესაცვლელადაა საჭირო და არა მართლა  დასასვენებლად. თორემ,  თუ დასვენება გინდა, საკმარისია, არ გახსნა საფოსოტო ყუთი, გათიშო ტელეფონი და დარჩე სახლში. ეს არის ნამდვილი დასვენება, ევროპაში მოგზაურობა კი არა. ტელევიზორის წინ, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ჯდომა  მართლა დასვენებაა, ნოტრდამის ორმოცდაორათას საფეხურზე ასვლა – მძიმე სამუშაო.
  თუ ჩვენ ქუჩაში არ მივაბიჯებდით და კიბეებზე არ ავდიოდით, მაშინ მუზეუმებს ვათვალიერებდით. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო ენდრიუმ პირდაპირ გამაოცა. ბოსტონის ხელოვნების მუზეუმი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ენდრიუს ახლოსაც ვერ მიიყვან. პარიზში კი ლუვრშიც შევიდა, როდენის მუზეუმშიც, იმ პატარა მუზეუმშიც, მე-16 კვარტალში რომ მდებარეობს და  სადაც მონეს ბრწყინვალე კოლექცია აქვთ. იგივე განმეორდა ლონდონში, ამსტერდამშიც. იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ მადრიდში ჩავედით, მუზეუმები უკვე ყელში მქონდა ამოსული. ვიცოდი, პრადოს არნახვა საშვილიშვილო ცოდვა იქნებოდა, მაგრამ თავი  მაინც ვერ ვაიძულე. ამიტომ მე და ჰარი ქალაქში ვსეირნობდით, ვიდრე ჩემს ქმარს სიუ ელ გრეკოს, გოიასა და ველასკესის დარბაზებში დაყავდა.
თქმა არ უნდა, მოგზაურობა ცვლის ადამიანს. ევროპაში რომ არ წავსულიყავით, ჰარის და სიუს ჩვენ ვერასდროს გავიცნობდით და მათთან ერთად ამდენ  დროსაც არასდროს გავატარებდით. ჯერ ერთი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერასდროს შევხვდებოდით, ყოველდღიური რუტინა მათ ბოსტონში არ მოახვედრებდა, ჩვენ კი – ენიდში, ოკლაჰომას შტატში არ აღმოვჩნდებოდით. თუმცა, მეზობელ ქუჩაზეც რომ ჰქონოდათ ბინა, ისინი ჩვენი ახლო მეგობრები მაშინაც ვერ გახდებოდნენ. უბრალოდ რომ ვთქვათ, ისინი ის ხალხი არაა, ვისთანაც ჩვენ საერთოდ გვაქვს ხოლმე ურთიერთობა.
ჩვენ დატნერებს ლონდონში პირველივე დღეს შევუთანხმდით, რომ სადილზე შევხვდებოდით, ხოლო დესერტის დროს, ოთხივე მდუმარე შეთანხმებამდე მივედით, რომ მთელი მოგზაურობა ერთად ვიქნებოდით. თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ყელში არ ამოუვიდოდით.
– მათში რაღაც არის, ასე არაა? – შევნიშნე მე.
– კარგი ხალხია, – დამეთანხმა ენდრიუ, – ჩვენი წრიდან არ არიან, მაგრამ განა ეს ასე მნიშვნელოვანია? ჩვენ ხომ ვმოგზაურობთ?!
– შენ ისინი მოგწონს, ასე არაა? – მკითხა მან ცოტა ხნის მერე.
– კი, რა თქმა უნდა. ბოსტონში მათთან ნაცნობობას არ გავაბამდი და არც სახლში დავპატიჟებდი, მაგრამ...
– ის კაცი მოგწონს?
– ჰარი? – ვხედავ, საითკენაც მიანიშნებ.
– მართალი ხარ.
– ქალიც სიმპათიურია. გიზიდავს?
– სახლში ორჯერაც არ შევხედავდი, მაგრამ აქ...
– შეგიძლია, არ გააგრძელო. მეც იმ კაცს ზუსტად ასე აღვიქვამ. შენ ათიანში მოარტყი.
– რა გავაკეთოთ?
– არ ვიცი. შენ გგონია, რომ ორი სართულით დაბლა ახლა მათ ზუსტად იგივე საუბარი აქვთ?
– არ გამიკვირდებოდა.
არ ვიცი, იმ საღამოს დატნერები იგივე თემაზე საუბრობდნენ თუ არა, მაგრამ ასეთი საუბარი მათ რომ ნამდვილად ჰქონდათ, მალევე დავრწმუნდით. ჩვენ შორის გაჩენილი ენერგეტიკული ველები სულ უფრო ძლიერდებოდა. ცოტაც და ჰაერში ნაპერწკლები გაიყრებოდა.
მადრიდიდან რომში გავფრინდით. დავიღალეთ. ამიტომ პირველ საღამოს გადავწყვიტეთ, ქალაქში არ წავსულიყავით და სასტუმროს რესტორანში გვესადილა. მზარეულებმა საჭმლის გაკეთება იცოდნენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე ჩვენგანს გაეხსენებინა, იმ დღეს რა ჭამა. ცოტა დავლიეთ. ბოლოს ჰარიმ ჭიქა ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა.
– კარგ მეგობრებს გაუმარჯოს! კარგ ადამიანებს შორის ახლო მეგობრობას გაუმარჯოს! როდესაც ყველამ დავლიეთ, დაამატა: – იცით, რამდენიმე დღეში ჩვენ ყველანი ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. სიუ და მე ოკლაჰომაში გავემგზავრებით, თქვენ – ბოსტონში, რომელიც მასაჩუსეტსშია. ენდი ისევ ინვესტიციებით დაკავდება, მე იმით – რასაც ვაკეთებ. ჩვენ ერთმანეთს მისამართებს და ტელეფონებს გავუცვლით; ვიტყვით, რომ ერთმანეთს არ დავივიწყებთ და შეიძლება, ასეც კი იყოს, შეიძლება – არა, მაგრამ ერთ რამეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული – როგორც კი კენედის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოვალთ, ეტლი კვახად გადაიქცევა, ხოლო ცხენები – თაგვებად. ხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ?! და, აი, მე და სიუმ რა ვიფიქრეთ. რომი უზარმაზარი ქალაქია, აქ უამრავი რესტორანი და ღირსშესანიშნაობაა. ვიფიქრეთ, სისულელე იქნება, ოთხივემ ერთსა და იმავე ადგილებში ვიაროთ, ერთი და იგივე ვნახოთ და სხვა ყველაფერი გამოგვრჩეს. რატომ არ შეიძლება, ხვალ საუზმის შემდეგ გავიყოთ და დღე ორ-ორმა გავატაროთ, – მას სუნთქვა შეეკრა, – ერთ გუნდში გაერთიანდებიან სიუ და ენდი, მეორეში – მე და ელეინი, – ჰარის შუბლზე ოფლის წვეთები გამოჩნდა, – მთელი დღე და საღამოც, სადილი... და შემდეგ...
სიჩუმე ჩამოვარდა, როგორც მომეჩვენა ხანმოკლე. შემდეგ ენდრიუმ თქვა, რომ იდეა კარგია. სიუც დაეთანხმა. მეც თავი დავაქნიე.
– შენ ხომ ხვდები, ეს ფანტაზიაა, – თქვა ენდრიუმ, როდესაც ჩვენს ნომერში ავედით, – არარეალური სამყარო. ჩვენ არც ბოსოტნში ვართ და არც ოკლაჰომაში. ჩვენ რომში ვართ. შენ არ გაგიგია გამოთქმა, როდესაც რომში ხარ, რომაელივით მოიქეციო?
– სწორედ ამას აკეთებენ რომაელები?
– როდესაც სტოკჰოლმში ჩადიან, ალბათ – კი, – მიპასუხა ენდრიუმ.
დილით დატნერებს საუზმეზე შევხვდით. შემდეგ სიტყვაც არ გვითქვამს, ზუსტად ისე მოვიქეცით, როგორც ჰარიმ შემოგვთავაზა. მე და მან ესპანეთის მოედნისკენ გავწიეთ, სადაც ხორბალი ვიყიდე და მტრედებს ვაჭამე. რის შემდეგაც... განა, ასე მნიშვნელოვანია, რა იყო შემდეგ, რომელი ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ?! აი, ღამე კი კარგად დავიმახსოვრე. ჩვენ სავსე ვიყავით სიყვარულითა და ვნებით და ჩვენ ემოციებს გზა გავუხსენით. იგი უფრო ნაზი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მე კი – უფრო თავშეკავებული. რომ მომენდომებინა, შემეძლო, ყველაფერი გამეხსენებინა, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, მაგრამ ამ საქმეში მარტო არ ვიყავი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ვიღაცის თავს ხდებოდა. მართლაც, იმ მომენტში მე ვიყავი ქალი, რომელიც საწოლს ჰარისთან იყოფდა, მაგრამ ეს ქალი არც ევროპაში მოგზაურობამდე არსებობდა და არც მის შემდეგ იარსებებდა.
ეს ამბავი მხოლოდ წინა კვირას გამახსენდა. ენდრიუ პოლ უელსთან და კიდევ ორ ბიჭთან ერთად ბანკს დაეცა ენიდში.  მასაჩუსეტსის შტატში. ერთ-ერთმა მოლარემ ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო და პოლიცია ზუსტად მაშინ მოვიდა, როდესაც ისინი ბანკიდან გამოდიოდნენ. სროლა ატყდა. პოლ უელსი დაიჭრა, ისევე როგორც ერთი პოლიციელი. მეორე პოლიციელი კი მოკლეს. მართალია, ენდრიუმ გაისროლა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ის პოლიციელი მისი ტყვიით არ იყო მკვდარი, თუმცა ვინ იცის, იქნებ, უბრალოდ, მას უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო. ჩვენ შემდეგ გაზეთებიდან შევიტყვეთ, რომ იმ პოლიციელს ჰარი დატნერი ერქვა.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3