№28 რით იყო აღსანიშნავი ბერიას ასდღიანი მმართველობა სტალინის სიკვდილის შემდეგ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მოდი, გავიხსენოთ, რა მოახერხა ბერიამ თავისი მმართველობის ას დღეში. პირველი და უმთავრესი ის იყო, რომ ლავრენტი ბერიას ძალისხმევით შეწყდა ომი კორეის ნახევარკუნძულზე და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, დაზავდნენ და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიეს. არა და კორეის ომს ისეთი პირი უჩანდა, რომ მესამე მსოფლიო ომში უნდა გადაზრდილიყო. იმ პერიოდისთვის კი უკვე არა მარტო ამერიკას, საბჭოეთსაც მნიშვნელოვანი ბირთვული პოტენციალი ჰქონდა. სამხრეთ კორეის უკან შტატები იდგა, ჩრდილოეთს კი საბჭოეთი უმაგრებდა ზურგს. ბერიამ შესანიშნავად იცოდა, რომ თუ კორეის ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, საბჭოთა ეკონომიკა ამას ვერ აიტანდა. შტატებს კი – პირიქით, ხელს აძლევდა ეს ომი. ბერიამ მოახერხა, შტატები მოლაპარაკებაზე დაითანხმა და ომი გააჩერეს. სხვათა შორის, ეს, თუ შეიძლება ითქვას, სპეცოპერაცია, სწრაფად, ეფექტურად ჩატარდა და ნიშანდობლივი ისაა, რომ პოლიტბიუროს მხოლოდ სამი წევრი – ბერია, მალენკოვი და მოლოტოვი – იყვნენ საქმის კურსში. დანარჩენები კი ფაქტის წინაშე დადგნენ... სხვათა შორის, როდესაც კორეის ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებები შეწყდა (1953 წლის 27 ივლისს), ბერია ხელისუფლებას უკვე ერთი თვის ჩამოშორებული იყო, მაგრამ შეთქმულებს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ, რომ ომი განეახლებინათ და ამით, პირველ რიგში, სამხედროები იყვნენ უკმაყოფილო, რადგან ისინი ომში დიდ თანხებს შოულობდნენ. ბერიამ კი მათ ეს შესაძლებლობა მოუსპო.
ბერიას ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ მან დიდი ნაბიჯი გადადგა იუგოსლავიასთან შესარიგებლად და მართალია, არაოფიციალური ვიზიტით, მაგრამ პირადად ესტუმრა იოზიპ ბროს ტიტოს და ორი დღის განმავლობაში მას, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ ესაუბრებოდა. საგულისხმო დეტალია (ამ ისტორიას სერგო ბერია მამამისის მონაყოლით იხსენებდა), რომ როდესაც ბერია და ტიტო ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, ტიტოს ბერიასთვის უთქვამს: იმედია, ჩემს გატაცებას აღარ აპირებთ. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, საგარეო სამოსში გამოვეწყვეო... საქმე ის იყო, რომ სტალინის ბრძანებით, ომის დამთავრების მერე ბერიას ხელქვეითებმა ურჩი ტიტო პირდაპირ საძინებლიდან ტრუსების ამარა მოიტაცეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. ბერიას კი ლათინური ანდაზით უპასუხია: იცვლება დრო და ვიცვლებით ჩვენცო. ამით ბერიამ ტიტოს მიანიშნა, რომ საბჭოეთში ახალი, ბევრად რეალური და მშვიდობიანი პოლიტიკა იწყებოდა. აღსანიშნავია, რომ ბერიას მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტიტოსთან ვიზიტიც იყო.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბერიამ მაო ძედუნს ატომური ტექნოლოგიების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა ხრუშჩოვი და კამპანია მზად იყვნენ, ეს გაეკეთებინათ. ჩინეთის ლიდერი მათ ატყუებდა, მაგრამ ბერიამ თავი არ გააბითურებინა მაოს და თავის ადგილზე დასვა.
ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლეს ძე ბერია რომ შეთქმულებს ასე ვერაგულად არ მოეკლათ და მას გვერდით დასდგომოდნენ, საბჭოთა კავშირი ჭეშმარიტად ყველა კომპონენტით გახდებოდა სუპერსახელმწიფო და არა მხოლოდ ყალბი სიტყვებით, რასაც დღემდე იმეორებენ რუსი შოვინისტები“.