№28 რატომ ცდილობდა სტალინი გერმანიის გაერთიანებას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
სტალინს არაერთ დანაშაულს აბრალებენ და რაც მთავარია, ამ შეთითხნილი ბრალდებების არცთუ ისე ცოტა ადამიანს სჯერა. მაგრამ საკმარისია, ღია, არასაიდუმლო წყაროებს ჩავხედოთ, რომ მსგავსი ბრალდების 95 პროცენტი საპნის ბუშტივით გასკდება... ისტორიკოს-პუბლიცისტი ანდრეი კრასინი წერს: „სტალინისთვის წაყენებული ბრალდებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ისტორიულ-პოლიტიკური“ ბრალდებაა გერმანიის შუაზე გახლეჩა. ეს კი იმდენად აბსურდულია, ისტორიულ დოკუმენტებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია, იმ პერიოდის მსოფლიო პრესას გადავავლოთ თვალი და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება. ყირიმისა და პოდსტამის კონფერენციებზე მიღებულ დოკუმენტებში შავით თეთრზე წერია ფუნდამენტური დებულებები, რაც ასე ჟღერს: „დამარცხებული ჰიტლერული გერმანია უნდა იქნეს დემილიტარიზებული, დეიდეოლოგიზირებული ფაშიზმისგან და გერმანელმა ხალხმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი მთავრობა და იცხოვროს ერთიან სახელმწიფოში...“ ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანია შუაზე არ უნდა გახლეჩილიყო და იქიდან ახალი სამხედრო აგრესია არ უნდა წამოსულიყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ოთხ საოკუპაციო ზონად დაყოფილი გერმანიის გაერთიანებასა და იქიდან საოკუპაციო ჯარების გამოყვანას, ყირიმისა და პოდსტამის კონფერენციებზე მიღებული დოკუმენტების შესრულებას ყველაზე აქტიურად სტალინი მოითხოვდა. ის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოუწოდებდა, რომ პროცესი ადგილიდან დაძრულიყო. თუმცა, ჩვენი მოკავშირეები ამას ყოველმხრივ აჭიანურებდნენ, დროს წელავდნენ და დიდი პროვოკაციისთვის ემზადებოდნენ. სტალინი ამბობდა: ანგლო-ამერიკელებს გერმანიის გაერთიანება იმ პრინციპებზე, რაც საერთაშორისო დოკუმენტში წერია, სულაც არ უნდათ და მიზეზს ეძებენ, რომ სიტუაცია გაამწვავონ, ვალდებულებები არ შეასრულონ და ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ, მაგრამ მათ ჩვენ ამ მიზეზს არ მივცემთ და პირველები არ გავამწვავებთ მდგომარეობასო. და, ყურადღება მიაქციეთ, ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა სტალინი. შეერთებულმა შტატებმა 1949 წლის 4 აპრილს, ჯერ „ნატოს“ სამხედრო ბლოკი ჩამოაყალიბა, შემდეგ კი სტალინს მოსთხოვეს, რომ სწორედ „ნატოს“ ძალებს განეხორციელებინა ყველა მოქმედება მთელ გერმანიაში. ანუ, ის დომინანტი ყოფილიყო. ამაზე, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, რადგან ეს აშკარა პროვოკაცია იყო. მეტიც – შეურაცხყოფა, რადგან საბჭოთა კავშირის არანაირი ყოფნა გერმანიაში საჭირო აღარ ხდებოდა. ზუსტად ორმოცდაათი დღის შემდეგ, ანუ 1949 წლის 23 მაისს დასავლეთ გერმანიის შექმნის შესახებ გამოცხადდა და მას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ეწოდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საოკუპაციო ზონებში განთავსდა. აშკარა იყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული და ძალიან სწრაფად განხორციელდა. იმავე დღეს „ნატოს“ ჯარებმა დაიკავეს, ეგრეთ წოდებული, საზღვრის მთელი პერიმეტრი და ჩვენ იძულებული გავხდით, იმავე ზომებისთვის მიგვემართა – ოდნავ მოგვიანებით, 1949 წლის 7 ოქტომბერს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოვაცხადეთ...“
იწყებდნენ რა ამ პროვოკაციას, ყოფილმა მოკავშირეებმა კარგად იცოდნენ, რომ ამაზე საბჭოეთს ვერ დაითანხმებდნენ. მათი მთავარი მიზანი იყო შუაგულ ევროპაში „ნატოს“ მძლავრი ბაზების განლაგება და ეს ამოცანა წარმატებით განახორციელეს. პარალელურად კი, მსოფლიო მედიაში აგორდა კარგად ორგანიზებული ანტისაბჭოური და ანტისტალინური კამპანია. იწერებოდა, რომ საბჭოეთმა და სტალინმა გახლიჩეს გერმანია, რათა მისი დეოკუპაცია არ მომხდარიყო და რომ საბჭოთა კავშირს შუაგულ ევროპაში ჯარი ჰყოლოდა. ანუ, პრესამ იმას ნაცვლად, რომ გაეშუქებინა, როგორ მოიქცნენ სინამდვილეში ამერიკა, ბრიტანეთი და საფრანგეთი, ყველაფერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შემოაბრუნა.
სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ბოლო მომენტამდე ცდილობდა, ამერიკელთა პროვოკაცია შეეჩერებინა, ეს არ მოხერხდა და თქვა: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი მოხდა და ანგლო-ამერიკელებმა პროვოკაციაში ჩაგვითრიესო...“
სტალინი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა თავს მოხვეული პროვოკაციიდან ამოსვლას და ყველაფერს აკეთებდა საამისოდ, თუმცა გერმანიის გაერთიანება და ფაქტობრივი დემილიტარიზაცია მაინც ვერ შეძლო. ანგლო-ამერიკელები ცოცხალი თავით არ წავიდოდნენ გერმანიიდან, „ნატოს“ უფრო გაფართოებას ცდილობდნენ და სტალინს უბიძგეს, რომ ვარშავის ხელშეკრულებისთვის ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ოფიციალურად უკვე მისი გარდაცვალების მერე, 1955 წლის 14 მაისს გაფორმდა“.