№28 რა კავშირი აქვს გენებს ამა თუ იმ დაავადებისადმი მდგრადობაში და როგორ გადაარჩევს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი ადამიანებს ბუნებრივად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
გენეტიკურ ტესტებს ბოლო წლებია, ადამიანები აქტიურად იტარებენ თავიანთი წარმომავლობის დასადგენად (ქართველები, ძირითადად, აშშ-ში) და ეს მასალა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ამა თუ იმ ეთნოსის განსახლების ადგილებიც და ისიც, არის თუ არა სიმართლე, როდესაც ესა თუ ის ხალხი ამა თუ იმ უძველესი ხალხის შთამომავლობასა და ტერიტორიას იჩემებენ. ამ კორონაპანდემიობისას შევიტყვეთ, რომ ჩვენებური გენეტიკური მასალა ჯანმოსაც ეგზავნება, ვლ. პუტინი კი, საერთოდაც, გენების ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა. კაცობრიობა კარგა ხანია, იკვლევს გენებს, თუმცა ეს სფერო მაინც მეტ-ნაკლები იდუმალებითაა მოცული (საბჭოთა დროს, მაგალითად, თითქმის აკრძალული იყო ამაზე საუბარი), თუ რატომ და რა საიდუმლოსა და შესაძლებლობას მალავს ჩვენი გენები, ამას ევოლუციური ბიოლოგისგან, დავით თარხნიშვილისგან შევიტყობთ.
– რისთვის შეიძლება, გამოიყენოს ამა თუ იმ სახელმწიფომ ამა თუ იმ ხალხის გენეტიკური მასალა?
– ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, სადაც სახელმწიფო დონეზე ითქვა, რომ არის ასეთი პროგრამა, რასაც მე სერიოზულად არ აღვიქვამ. საქმე ისაა, რომ გენეტიკური კვლევები ტარდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დნმ-ლაბორატორიაში. ანალოგიური კვლევები ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში: ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, აღმოსავლეთშიც. ეს არის ფუნდამენტური მეცნიერება, რის მეშვეობითაც ადამიანების გადაადგილებების აღდგენაა შესაძლებელი.
– ამ კვლევებს სუფთა მეცნიერული დატვირთვა აქვს?
– ზოგიერთ შემთხვევაში, მათ აქვთ პრაქტიკული დატვირთვა. მაგალითად, სამედიცინო გენეტიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ის რისკები, რომლებიც ადამიანს ელის სიცოცხლის განმავლობაში. ვიცით, რომ ბევრი დაავადებაა დამოკიდებული ადამიანის გენომზე და უცხოეთში ყოველდღიურად ტარდება კვლევები, რომ დადგინდეს კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ამა თუ იმ დაავადებას. მეცნიერები ცდილობენ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირონ და ამის საფუძველზე კეთდება თანამედროვე გენეტიკური დიაგნოსტიკა. გენეტიკური კვლევებით შესაძლებელია, დაადგინო რისკები და გადაარჩინო ადამიანის სისცოცხლე. მეორე მიმართულებაა პოპულაციური გენეტიკა, რასაც ჩვენ ვიკვლევთ და ეს შეიძლება, იყოს სუფთა ფუნდამენტური. მაგალითად, სამხრეთ ან ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა როდის დამკვიდრდა აქ, რომელი რეგიონებიდან შემოვიდა ხალხი და სად გავიდა პრეისტორიულ პერიოდში. ამას გარდა, პოპულაციური გენეტიკის ინფორმაციით შეიძლება, დავადგინოთ, რომ გარკვეულ პოპულაციებში ნამდვილად არსებობს გარკვეული დაავადებებისადმი მდგრადობა. კლასიკური მაგალითია მალარიისადმი რეზისტენტულობა და ვიცით, რომ იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც არის ტროპიკული კლიმატი და მალარიით დაავადების მაჩვენებელი მაღალია (მოგეხსენებათ, რომ დღეს მალარია არის ადამიანის სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი მსოფლიოში), იქ ადამიანები მაინც გადარჩებიან სწორედ ამ რეზისტენტობის გამო.
– როგორ გადარჩებიან? ბუნებრივი გადარჩევით? გადარჩება ძლიერი ორგანიზმი, ანუ როგორ გამოიმუშავებს ორგანიზმი მდგრადობას იმავე მალარიისადმი?
– ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი გადარჩევა. ნაკლებად რეზისტენტული ადამიანები, გენეტიკურად უფრო მოწყვლადები არიან, დიდია ალბათობა, რომ ისინი ვერ გადარჩებიან და ვერ დატოვებენ შთამომავლობას. შესაბამისად, იქაურ პოპულაციებში მეტ ადამიანს აქვს ეს გამძლეობა. არის სხვა დაავადებები, მაგალითად, რომელიც გადააქვს ბუზ ცეცეს და ამიტომაც იყო რთული ევროპელების დასახლება ცენტრალურ აფრიკაში: სიკვდილიანობის მაღალი რისკი არსებობდა. ეს დიდწილად განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით.
– გამოდის, ადამიანები ვსახლობთ დედამიწის იმ ადგილებსა და კლიმატურ პირობებში, რასაც ვართ შეგუებულები და ჩვენს გენებს გამომუშავებული აქვს მდგრადობა იქ არსებული საფრთხეებისადმი, მათ შორის, დაავადებებისადმიც. ბუნებამ გადაგვარჩია? ეს აქ გაუძლებს, ის – იქ?
– მე ამას არ განვაზოგადებდი. ყველაფერი შედარებითია, ყველა კლიმატურ პირობებში შეიძლება, აღმოჩნდეს უფრო რეზისტენტული და ნაკლებად რეზისტენტული. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ანდებში ადამიანები ზღვის დონიდან ძალიან დიდ სიმაღლეზე სახლობენ, შესაბამისად, იქ ევროპელისთვის ან ახლო აღმოსავლელისთვის, თუნდაც, დაბლობის სამხრეთ ამერიკელისთვის ძნელია შეგუება გამოხშირული ჟანგბადის გარემოსთან. მათ აქვთ ფილტვების განსხვავებული მოცულობა და ესეც გენეტიკურია. მოგეხსენებათ, რომ ტროპიკულ ქვეყნებში ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ მუქი კანი, ვიდრე ჩრდილოეთში და ესეც გარკვეული დამცავი მექანიზმი მზის ჭარბი გამოსხივებისგან.
– სამხრეთელების გრძელი ცხვირებიც მზეს უკავშირდება, როგორც ვიცი.
– დიახ. ასე მარტივადაც არ ავხსნიდი, ბევრი ფაქტორია, არის სქესობრივი გადარჩევა, არის გადარჩევა, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ პირობებში გადარჩენას. ეს მიზეზები ერთად მუშაობს და ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან რეგიონების მიხედვით, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არის ერთი სახეობის წარმომადგენელი, ამიტომ გენების მიმოცვლა თავისუფალია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის.
– არის მოსაზრება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ გენეტიკურ იარაღზე. წავიკითხე, რომ შესაძლოა, არსებობდეს გენეტიკური იარაღი, რომელიც დაგეშილია ამა თუ იმ ეთნოსის მიერ მოხმარებულ სპეციფიკურ პროდუქტზე და, შესაბამისად, გამოყვანილი ვირუსი თუ ბაქტერია ეძებს იმ კონკრეტულსაკვებიან ორგანიზმებს. ლოგიკურად მეჩვენა მოსაზრება. შესაძლებელია, რომ გენეტიკურ მასალებს ამ მიზნებითაც აგროვებდნენ?
– მე მიმაჩნია, რომ ეს ფსევდომეცნიერებაა. რა თქმა უნდა, განსხვავებები არსებობს სხვადასხვა რეგიონსა და ხალხს შორის, თუმცა ეს განსხვავებები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გამოვკვეთოთ რაღაც იარაღი, რომელსაც გამოიყენებ ერთ რეგიონში მცხოვრები ადამიანების მიმართ და ის იქნება უვნებელი სხვა რეგიონების ადამიანებისადმი. ამას გარდა, ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანებს შორის ხშირად აჭარბებს იმ განსხვავებებს, რომლებიც არსებობს რეგიონებსა და ერებს შორის. მესამე – ადამიანების გენეტიკური მსგავსება უკავშირდება გეოგრაფიულ მდებარეობას. მაგალითად, ჩვენი მეზობლები: რუსები, თურქები, სომხები, აზერბაიჯანელები გენეტიკურად ჩვენთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ნებისმიერი ხალხი, რომელიც უფრო დაშორებული გეოგრაფიული რეგიონიდანაა. მაგალითად, ევროპელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან გენეტიკურად. რაც პუტინმა ილაპარაკა, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკელებმა შექმნეს რაღაც გენეტიკური იარაღი, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ, არის აბსურდი, უპირველესად, იმიტომ რომ ის იარაღი ამერიკაში მცხოვრებ ხალხზეც იმოქმედებს და ევროპელებზეც, იმიტომ რომ მათ შორის არ არის დიდი გენეტიკური განსხვავება. მეტიც, ჩვენი ცოდნა ადამიანის გენომის შესახებ არ არის იმდენად დიდი, რომ შევძლოთ ადამიანების ინდივიდუალურად გარჩევა. თუ ხალხები დიდხანს, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ მეზობლად, ისინი ემსგავსებიან ერთმანეთს, თუმცა არის ადგილები, სადავ მკვეთრია გამიჯვნა მოსახლეობის ჯგუფებს შორის.
– ჯერჯერობით არ არსებობს დაკვირვების შედეგი, რა გავლენას მოახდენს გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ორგანიზმზე. ამისთვის მათი გამოყენებიდან 20-30 წელი უნდა გავიდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ყინვაგამძლეობისთვის პომიდორს რომ თეთრი დათვის გენს უმატებენ, ეს უვნებელია ვითომ?
– უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც მან სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელი 9 000-10 000 წლის წინათ, იყო ახალი ჯიშების გამოყვანა. ძაღლი არის მოშინაურებული მგელი, მაგრამ წარმოიდგენთ, რომ დღევანდელი ჯიშის ძაღლები მგლის შთამომავლები არიან?! ან რომ სიმინდის წინაპარი არის მცენარე, პატარა ბალახი, რომლის ფესვის ზომაა ერთი მილიმეტრი?! ეს ყველაფერი მოხდა შემთხვევითი მუტაციებით, რაც ბუნებრივად ხდება ორგანიზმში. რას აკეთებს გენმოდიფიკაცია? ის, ფაქტობრივად, აჩქარებს იმ პროცესს, რაც ხდება ბუნებრივად. პრინციპულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მუტაციური პროცესისგან. გარკვეულ გენზეა დამოკიდებული, მაგალითად, ზრდის სისწრაფე, თუ დღემდე ასეულობით წელი სჭირდებოდა სწრაფად მზარდი ინდივიდების გადარჩევას, რომ გამოეყვანათ ქათმის ჯიში, რომელიც სწრაფად იზრდება, გენმოდიფიკაციით ადამიანმა მიაგნო იმ გენს, რომელზეცაა დამოკიდებული ზრდის სიჩქარე და ხელოვნურად ცვლის ამ გენს. მიზანმიმართული მუტაციის შედეგად სელექცია შესაძლებელია, მოხდეს მოკლე პერიოდში.
– და ჩვენ ცხვრის ხელა ქათმები მივიღოთ.
– ისეთივე ფარგლებში შეიძლება, შეიცვალოს ორგანიზმი, როგორც ჩვეულებრივი სელექციისას იცვლება.
– ძალიან დიდბარკლებიანი, გასიებული ქათმებიც, ასევე, უვნებელია?
– მე ასეთი დავისას ყოველთვის ვარ უფრო მაღალი ტექნოლოგიის მომხრე და ამ შემთხვევაში, უფრო მაღალი ტექნოლოგიაა გენმოდიფიკაცია. იმიტომ რომ ერთი თაობით უკანა მეთოდები, მაგალითად, იგივე ჰორმონები, გარკვეული საკვები, ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა. იგივე ითქმის აზოტის სასუქებზეც, რომლებიც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ჯობია, იყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, რომელიც სწრაფად გაიზრდება და შეებრძოლება თავის მავნებელ მწერებს გენეტიკის და არა დამატებითი ნივთიერებების მეშვეობით. ერთადერთი უარყოფითი, რაც შეიძლება, მოჰყვეს გენმოდიფიკაციას, ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია. როდესაც არის რაღაც მცენარის გენმოდიფიცირებული თესლი და მისი გამრავლება შეუძლებელია, იმიტომ რომ კონკრეტულ კომპანიებს გამოჰყავთ, მათ შეიძლება, დაიტოვონ მონოპოლია ამ მცენარეების თესლის გამოყვანაზე.