კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გადაარჩინა თემო ნაცვლიშვილმა უამრავი ხალხი სიკვდილს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თეიმურაზ-თემო ნაცვილიშვილი, რომელიც არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი გახლავთ, მათ შორის: „ქარი გიმღერის ნანასა...“, „ყაყაჩოს ღვინო სალხინო“, საზოგადოების უმეტესი ნაწილი იცნობდა, როგორც ისტორიკოსს, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის საბავშვო გადაცემათა მთავარ რედაქტორს, „ქართული ტელეფილმის“ დირექტორს... მიუხედავად ამ თანამდებობებისა, მუსიკას მის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ანა კალანდაძის ლექსები აამღერა. უფრო დაწვრილებით, თემო ნაცვლიშვილის ცხოვრების შესახებ მისი ქალიშვილი, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი გვესაუბრა, რომელიც ცნობილი მსახიობისა და წამყვანის, დუტა სხირტლაძის მეუღლეა.
  მარინა ნაცვლიშვილი: ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა: ბებია, ბაბუა, მამიდები... მამასაც ჰქონდა მუსიკალური ნიჭი, რაღაც განკუთრებული ხმა. ერთი პერიოდი ბებიას უნდოდა, რომ მამას კონსერვატორიაში ჩაებარებინა, მაგრამ მან საბოლოოდ ისტორიულზე გააკეთა არჩევანი. წერდა სიმღერებს და თან, მღეროდა. ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრები და აწყობდნენ ლამაზ საღამოებს. 19 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სტუდენტმა, დაწერა პირველი მელოდია – „ქარი გიმღერის ნანასა...“. მაშინ ანა კალანდაძის ლექსები მხოლოდ ხელნაწერის სახით მოიპოვებოდა, დაბეჭდილიც კი არ იყო, არც მამა იცნობდა ანას. მათ გამართულ საღამოებზე ხშირად იწვევდნენ მსახიობებს. ერთხელაც სერგო ზაქარიაძე მოუპატიჟებიათ. მამას წაუღიღინებია მელოდია, სერგო ზაქარიაძეს თან ჰქონია ანას ლექსები და კითხვა დაუწყია, ზუსტად ჩამჯდარა მელოდიაში „ქარი გიმღერის ნანასა...“. ასე შეიქმნა ამ მელოდიის ტექსტი. ამის მერე მამამ თავად ანა კალანდაძე გაიცნო და მასთან ძალიან მეგობრული, თბილი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ დაიწერა სიმღერები მუხრან მაჭავარიანისა და სხვა პოეტების ლექსებზე. აღნიშნულ საღამოებზე ჩვენთან იკრიბებოდნენ გოგი დოლიძე, ნიაზ დიასამიძე, თემიკო ჩირგაძე, რამდენჯერმე ლიანა ასათიანიც გვსტუმრობდა.
– მამასთან ერთად თავად თუ მღეროდით და როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– ჩვენს ოჯახში ყველა ვმღერით, მეც და ჩემი შვილებიც. მე და მამაც ვმღეროდით ხოლმე ერთად. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, თვითონ იყო საოცრად ლოიალური და თბილი ადამიანი. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. საერთოდ არ იყო მკაცრი. სიმკაცრით დედა უფრო
გამოირჩეოდა და როცა რაიმე მჭირდებოდა, მამასთან მივრბოდი ხოლმე. არ მახსოვს, ხმამაღლა დაელაპარაკა ან რაიმე მსგავსი. ძალიან ძლიერი პიროვნება გახლდათ. ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ტელევიზიაში მუშაობისას გადახდა თავს. მაშინ ფუნიკულიორიდან მაუწყებლობდნენ და საბაგიროთი გადაადგილდებოდნენ. ერთ დღესაც საშინელი ქარი ამოვარდნილა, შუა გზაში ვაგონი რელსიდან გადაუგდია და ცალ ბაგირზე დაკიდებულა. გამცილებელს ხის ფეხი ჰქონია და ამოვარდნილი გორგოლაჭი უკან რომ ჩაესვა, ვაგონის კიბეზე ვერ ასულა. მამას რომ გადაუხედია ვაგონისთვის, ბავშვებით და ქალებით ყოფილა სავსე. თავად ამძვრალა ვაგონის კიბეზე, ხალხით სავსე კაბინა აუწევია და გორგოლაჭი თავის ადგილზე დაუბრუნებია. ეს ამბავი მაშინდელ პრესაში გავრცელებულა და დაუწერიათ, რომ თემო ნაცვლიშვილმა გმირობა ჩაიდინა და ამდენი ხალხი სიკვდილს გადაარჩინაო. მახსოვს, ამ ამბავს რომ ყვებოდა, თქვა: ვაგონიდან ჩამოსვლის შემდეგ გავიაზრე, რაც მოხდა და სულ ამაკანკალაო. მერე, ნერვიულობის ფონზე, დიაბეტი დაემართა, ბოლო ორი წელი ვეღარ ხედავდა და 64 წლის ასაკში გარდაიცვალა...
– ქალბატონო მარინა, მუსიკალურ ნიჭთან ერთად, ულამაზეს სამკაულებს ქმნით. ახალ კოლექციაზე ხომ არ მუშოაბთ?
– დიახ, ახალი კოლექცია მაქვს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოფენის გაკეთება რთულადაა შესაძლებელი. თუ ეს მდგომარეობა გამოსწორდება, მერე ვნახოთ, ოღონდ ნამუშევრების დაგროვებას რამდენად შევძლებ, არ ვიცი – დაიტაცებენ ხოლმე და მერე თავის მოყრა მიჭირს (იცინის).
– ამჯერად რა თემატიკაზეა ახალი კოლექცია?
– საერთოდ, ჩემი თემატიკა ბუნების ირგვლივ ტრიალებს და ამ შემთხვევაშიც არ არის ახალი. ბუნებასთან კავშირი ყველა ჩემს ნამუშევარში იგრძნობა. მაქვს ფრინველების, ყვავილების ფორმის ნამუშევრები.
– თქვენი სიმბოლო ჩიტია. რატომ?
– დიახ, ასეა. ჩიტი თითქმის ყველა კოლექციაში მაქვს, მაგრამ არის სხვა სტილიც, მათ შორის ცხოველებიც. გააჩნია, რას როგორ ვხედავ. როცა ქვებს ვუყურებ, ინსპირაცია მომდის და მერე ვიწყებ აწყობას. ჩიტი თავისუფლების სიმბოლოა და ასევე, თავად ფორმა მომწონს, რომელიც შეგიძლია, სხვადასხვანაირად მოქარგო. ჩემი ჩიტებიც განსხვავებულებია.
– იმეორებთ მოდელებს? როგორმა ქალმა უნდა ატაროს თქვენი სამკაული?
– არა. მხოლოდ ერთხელ ვაკეთებ თითოეულ ნივთს და არასდროს ვიმეორებ. ყველა ნამუშევარი არის ერთი. ჩემი სამკაული უფრო გაბედული, თავისუფალი ადამიანებისთვის არის. ყველასთვის – არა. ასე რომ იყოს, მაშინ ბევრს გავაკეთებდი. ვქმნი მათთვის, ვინც გაბედავს და ატარებს, ვისაც აქვს ამის თავისუფლება.
– დიდი ზომის ნამუშევრები გაქვთ, რამდენად რთულია მათზე მუშაობა? ძირითადად, რომელი მასალით ქმნით მათ?
– ნამდვილად რთულია. რაც უფრო დიდია ნამუშევარი, სირთულეც უფრო მეტია. ყველა ნამუშევარი ვერცხლისაა. ოქროც მაქვს, უბრალოდ ოქროს, ძირითადად, დაკვეთით ვაკეთებ, რადგან დიდი რაოდენობით სჭირდება. რაც შეეხება ქვებს, ყველა ბუნებრივი და ნატურალურია.
P.S. სტატიაში და ყდაზე გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი ცაავას.

скачать dle 11.3