№27 ეს საინტერესოა
ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „გაგანია კომუნისტების პერიოდია. ჩამოვფრინდით საზღვარგარეთული გასტროლებიდან და საბაჟოზე ვდგავართ მთელი სამოცი კაცი. ჩვენი მომღერალი გენო მუჯირი კი ყველაზე ბოლოა. მაშინდელი შემოწმება ისეთი სკურპულოზური იყო, რომ დიდი დრო სჭირდებოდა. უცებ ვხედავ, გენოს მებაჟეებმა დაუძახეს. შეამოწმეს და – გაუშვეს... რომ იტყვიან – ის „ურიგოდ“ გაძვრა. პროცედურები რომ დასრულდა და მეც „გამათავისუფლეს“, გენოსთან მივედი და ვეკითხები:
– ბიჭო, ბოლო იყავი და პირველი როგორ გახვედი-მეთქი?
გენოს გაეცინა და მითხრა:
– რიგში რომ ვიდექი, მებაჟეს თვალებში ვუყურებდი. რომ შემომხედავდა, თვალებს დამნაშავესავით ძირს ვხრიდი. ხომ იცი, რა ეჭვიანი ხალხია მებაჟეები. იფიქრა, ალბათ, რაღაც აკრძალული შემოაქვს, დამნაშავეა და თვალებსაც ამიტომ ხრისო. ჰოდა, დამიძახა, შემამოწმა და ურიგოდაც ასე გავძვერიო.“
ნიკა ლაშაური