კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  მაგდუსი მნაცაკანოვი – ოთხჯერ იჯდა ციხეში და იქიდან გამოსულს ისევ მიესაჯა რვა თვე ეგიევის დაჭრისთვის. იძებნებოდა, ასევე, ვიზიროვზე თავდასხმისთვის და ბოქაულის დაჭრის გამო. 1894 წელს სალდათის ბაზარში კუკუჯანოვის დუქანში ატეხა ჩხუბი და გამოდევნებულ პოლიციელებს, თავის დამქაშ კაზაროვთან ერთად, ტყვია ესროლა. ჯერ ღამის გუშაგ როსტომოვს ესროლეს სამჯერ და ხანჯალიც დაჰკრეს მუცელში და ზედაც დალაქი გიგო ტერ-ავეტისოვიც დაჭრეს. შემდეგ სროლა არ შეუწყვეტიათ და კიდევ ერთი ორი პოლიციელი დაჭრეს. ბოლოს გარადოვოი ლუდვიგ ბუდარი ჩაერია, გრაფის ქუჩაზე, ძეხვის დუქანთან, შავ და თეთრ ჩოხაში ჩაცმული, ორი კაცი რომ შენიშნა, თან რომ გარბოდნენ, ისროდნენ და ხელში ხანჯლებიც ჰქონდათ. ისინი ჯერ სემინარიის შესახვევით გავარდნენ, პუშკინის ქუჩა გადაკვეთეს და ციციანოვისა და პოლიციის ქუჩაზე სცადეს მიმალვა. გარადავოიმ აქ ესროლა და დაჭრა ჯერ შავჩოხიანი, მერე კი – თეთრჩოხიანი, რომელიც საპოლიციო განყოფილებაში წაათრიეს. იქ მან თქვა, რომ არის სპარსეთის ქვეშევრდომი ნიკოგოს პეტროსოვი, მაგრამ შემდეგ დაკითხვაზე აღიარა, რომ მაგდუსი მნაცაკანოვია. მისი დამქაში კაზაროვი ნაპოვნი იქნა მძიმედ დაჭრილი საკუთარ ბინაზე და ის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მნაცაკანოვს მიესაჯა 12 წელი კატორღა დალაქი ტერ-ავეტისოვის მკვლელობისა და პოლიციელების დაჭრისთვის.
  „მუკა“, იგივე არშაკ ტერ-გალუსტოვი – იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ჯიბის ქურდების თავი, ასე იხსენიებს მას საპოლიციო დავთარი. 1905 წელს იქნა ნაპოვნი მოკლული ნავთლუღში, ქალაქის საყასბოს იქით, მამუკას სოფელთან, სხეულზე ექვსი დანის ჭრილობით. ჯიბგირი ბლომად დაეხეტებოდა ტფილისში და ათვისებული ჰქონდათ ბორანიც, სადაც ოჰანეს იგიტიანცი ქურდავდა და იქვე დაეჭირათ მებაყლე ჰუსეინ-ჰასან-ოღლის ჯიბიდან პორტმანეს ამოცლისას; კონკაც, როგორც დავუშვათ კაოპ დავიდიანცი, რიყეზე რომ დაჭრეს; ვანო ჯანბეკოვი სოლოლაკში დაეხეტებოდა; გაბო ნონიკაშვილი და მისი დამქაში მიხო თორთლაძე, სალდათის ბაზრის ქურდები იყვნენ. ჯიბის ქურდობა იყო ბლომად და ყოველ ნაბიჯზე.
  ბაგრატ მუნტოევი – ყალბი ფულის მომჭრელი. ბოქაულმა გლებოვმა გაიგო 1898 წელს თავისი საიდუმლო აგენტ მეშადი-ალი-ბაირამ-ოღლისგან, რომ ნიკოლოზის ქუჩაზე, ნავთის გამყიდველი სოლომონ ერემოვი ყალბ ბანკნოტებს ყიდდა და ამ ფულს ტფილისელ კასუმ მოლა ხუდატ ოღლის სთავაზობდა. ამის შემდეგ მეშადი-ალი, უკვე როგორც პოლიციის აგენტი, კასუმის მეშვეობით, ამ ფულს ერემოვისგან გლებოვისთვის ყიდულობდა. 1898 წელს აგვისტოსა და სექტემბერში მან ასეთი გზით 300 ყალბი ხუთმანეთიანი იყიდა. ამ ფულის შეძენისას კასუმ მოლა ერემოვთან ხშირად ხედავდა ტფილისელ სომეხს, ლიტოგრაფიის მფლობელ ბაგრატ მუნტოევს. იმის გასარკვევად, თუ რა დამოკიდებულებაში იყო მუნტოევი ერემოვთან, მუნტოევს პოლიციის აგენტი სიმიონ ვოდოპიანოვი მიუგზავნეს და 1899 წლის აპრილში ვოდოპიანოვმა მისგან 43 ყალბი ხუთმანეთიანი შეიძინა. მუნტოევის დაპატიმრებისას მის ლიტოგრაფიაში და ერემოვის სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა და ყალბი ფული ვერ აღმოაჩინეს, ერემოვი კი გამოტყდა, რომ მუნტოევისგან სმენია, რომ ის თვითონ ბეჭდავდა ამ ფულს და 12 დღე მოანდომა მარტო საბეჭდი ქვის დამზადებას. ერემოვი წინასწარი პატიმრობის დროს მოკვდა. მუნტოევს კი 4 წლით კატორღა მიესაჯა და 3 240 მანეთის ხაზინისთვის გადახდა დაეკისრა.
  სანდრო მჭედლიშვილი – ყაჩაღი, ტფილისის სიახლოვეს, ტყეებში იმალებოდა. ჰყავდა ოციოდე დამქაში, რომელთაც 1908 წელს გამოუდგნენ 50 ჯარისკაცი და დიღომთან ახლოს, დიდ გორასთან, სროლა აუტეხეს. ამ სროლაში რვა ყაჩაღი მოკლეს, ორი მძიმედ დაჭრეს, დანარჩენები კი – გაიქცნენ. მჭედლიშვილი დაიჭირეს, გაკოჭეს და წამოიყვანეს, თუმცა უკანა გზაზე მოახერხა თავის დახსნა და გაიქცა. ორ დღეში ის ვერაზე, დუშეთის ქუჩაზე იპოვეს და გაქცევის მცდელობისას მოკლეს.
  „ჩერგეზ“ (ოთხთვალა), იგივე გეორგ აკოპოვი – სასტუმროების ქურდი. ასეთი ხელობაც იყო, როცა ქირაობდნენ ოთახს და იქიდან უთვალთვალებდნენ სხვა იქ მცხოვრებლებს. ხშირად ღია დარჩენილ ოთახში შედიოდა. მორგებული გასაღებებიც ჰქონდა, სასტუმრო არ იყო ბევრი, 1870-იანი წლების ტფილისში 6 სასტუმრო დაითვლებოდა: „ევროპა“, „ამერიკა“, „კავკაზ“, „პარიჟ“, „ლონდონ“, „მარსელი“. შიგ შესვლა და გაქურდვა მოახერხა ყველასი.
სანასარიანის დასაფლავება
  წინამძღვარი მანდაკუნი სანასარიანის დასაფლავებაზე მიდიოდა. მისი ფიქრი იყო იქ ოსმალეთის სომეხთა მთავარ-ეპისკოპოსი ხორენ-ნორბეი ლუსინიანი ენახა, ვინაც სტამბოლში ბეშიკდაშის ეკლესიის წინამძღვრად იდგა და საგანგებოდ ჩამოსულიყო, რათა პატივი მიეგო სომეხთა მეცენატი სანასარიანისათვის, ბლომად თანხასა და შეძლებას რომ ხარჯავდა, რათა შვეიცარიისა და ევროპის სხვა მიწებზე სომეხ ახალგაზრდებს წიგნი და სწავლა მიეღოთ და მერე არზრუმისა და დიარბექირის მაზრაში სკოლები გაეხსნათ.
  სანასარიანს ოთხასი ათასი ფული დაეტოვებია სამეცენატო საქმეებისთვის. ამ ფულის ამბავი ჰქონდა მანდაკუნს ფიქრში.
ეს არ იყო გენერლის დასაფლავება, რომ ბალიშებზე ორდენები დაეწყოთ, მისი საბრძოლო ცხენი გამოეყვანათ და პროცესიაში გრენადერები თუ დრაგუნები დროშითა და ზარბაზნით ხლებოდნენ, თუმცა კუბო ამფოანზე იდო და გვირგვინები მოჰყვებოდა უკან სხვადასხვა ჯგუფისა და პატივ მიმგებელთაგან.
აქ იხილა მანდაკუნიმ არტემ გასპარიანცი, ვისაც დიდი გვირგვინი მოეტანა, შიგ ჩაწნული ლენტებით და ვინაც აქამდე არ ენახა.
  მანდაკუნის დააინტერესა მისი ვინაობა და გაიგო, რომ ის სპარსეთის ქვეშევრდომი და ევროპული სავაჭრო კავშირების მაძიებელი გახლდათ. სპარსეთის ქვეშევრდომი, ასეთი თამამი აზრებით, მანდაკუნის გონებაში ჩაუვარდა.
  დასაფლავების მერე გასპარიანცი შინ გაემართა. ფიქრების მოსაკრებად მან ჯერ ალექსანდრეს ბაღში გაიარა, მერე იქიდან მიხეილის ხიდით გადავიდა.
ორ ხიდს შუა მადათოვის კუნძული სჩანდა, რომლის გამო სახლის პატრონები ვანქიდან ვიდრე საზაფხულო თეატრამდე სულ უფრო ხშირად მოითხოვდნენ მტკვრის მარჯვენა ტოტის დაშრობას და ამით კუნძულის ხმელეთთან მიერთებას.
  კუნძულის ბედი თავისი სამხერხაოებითა და ხის ალაჩუხებით გასპარიანცს ნაკლებად აღელვებდა და ის ვორონცოვის ძეგლს უახლოვდებოდა.
ასე იარა მან და ხიდს რომ გადავიდა, კოლონიურ დუქანში შეიარა. ამოარჩია პაპიროსები, ჩაი და გადახდა რომ დააპირა, საფულე ვერ იპოვა. კარგად მოიქექა ჯიბეები, მერე გაბრაზებული გამოვარდა და სახლისაკენ გასწია. მთელი ეს გზა მას ლანდად მანდაკუნი აჰყოლოდა, ვინაც ბოლომდე მიჰყვა და სახლი დაიხსომა.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3