№27 რა შეუძლია სარკის, როგორც სამყაროთა შორის „გამცილებლის“ მისტიკურ ძალას
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
სარკე თუ გაგიტყდა, უბედურების მომასწავებელიაო, - სწამს თუ არა მსგავსი მინიშნებების, მაინც უსიამოვნოდ გაჰკრავს ხოლმე გულში უმრავლესობას. თუმცა, რა შეიძლება დაემუქროს ამით - ყველამ როდი იცის, მაგრამ მაინც გულმოდგინედ ცდილობს, დაზიანებული სარკე სასწრაფოდ თავიდან მოიშოროს. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით კი, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს და თუ სწორად არ მოვიქცევით, შეიძლება, შველის მაგივრად, უფრო მეტი უსიამოვნება შევყაროთ საკუთარ თავს. ამიტომ, უმჯობესია, ამ საქმის სპეციალისტს მივმართოთ და თანმიმდევრულად გავითვალისწინოთ მისი რჩევები. თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლილი მ.
- სანამ კონკრეტულ თემას შევეხებოდე, მინდა, აღვნიშნო, რომ ცხოვრების თანამედროვე სტილმა მოსახლეობის დიდ ნაწილში ახალი მიმართულება დაამკვიდრა - ბინაში სივრცის თუნდაც ილუზიური გაფართოების მიზნით, სარკის ეფექტი გამოიყენოს. ამ მხრივ, მართალია, ძალიან საინტერესო დიზაინი გახდა მოდური, მაგალითად: სარკის კარადა-კუპე ან სარკე მთელ კედელზე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბინაში სარკის ყველგან განთავსება არ შეიძლება, იმდენად საფრთხილოა მასთან ურთიერთობა.
- და ეს უკავშირდება მის დაზიანებასაც...
- დიახ და დავიწყებ სიტუაციით: „სახლში გაიბზარა სარკე.“ რას მიანიშნებს ეს და რა ხერხს უნდა მივმართოთ მოსალოდნელი უსიამოვნების შესამსუბუქებლად? დიახ, გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ, თორემ მსგავსი სიტუაცია რომ გარდაუვლად ცუდის მანიშნებელია, მსოფლიოს ხალხთა ყველა ტრადიციაში ასეა. იციან ისიც, რომ სახლში დაზიანებული სარკის გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ შემთხვევაში. შეგახსენებთ იმას, რაც პრაქტიკულად ყველამ იცის: სარკე მისტიკურ ძალას ფლობს და როგორც სამყაროთა შორის „გამცილებელი“, მაგიური ინსტრუმენტია სხვადასხვა სახის რიტუალებში. შესაბამისად, არ შეიძლება, სარკე ინტერიერის ჩვეულებრივ ნივთად მიიჩნიოთ, თუმცა ახლა დავუბრუნდეთ ისევ გაბზარულ სარკეს. თუ ის თავისით გაიბზარა, ძალიან ცუდის ნიშანია: სახლში ნეგატიური ენერგია დაგროვდა, შენობაში უწმინდური ძალაა ჩაბუდებული. სხვა ვერსიებით: ეს ძლიერ ჯადოზე მიუთითებს; სარკეს შეუძლია, პატრონი ნეგატივისგან დაიცვას, მაგრამ, როცა ენერგეტიკულ შემოტევას ვეღარ უძლებს, უსარგებლო საგანი ხდება; სარკის გაბზარვა ოჯახის რომელიღაც წევრის სერიოზულ ავადმყოფობაზე მიანიშნებს.
- ვთქვათ, არ გაბზარულა, მაგრამ გადმოვარდა და გატყდა ან შემთხვევით დაგვივარდა ძირს, მაშინ რა გველის?
- მინიშნების არსი არც ამჯერად იცვლება - ყველა შემთხვევაში მას უსიამოვნება მოაქვს. დაზიანებული სარკე მაცნეა ავადმყოფობისა და სხვა ნეგატიური ენერგიის შემოტევის. ამიტომ, უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას ან მიმართეთ მაგიური დაცვის საშუალებებს. ეს ეხება ძველებურ, სარკის მაგვარ ნივთებსაც და უფრო მეტიც, მათი სახლში შენახვა საერთოდ არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება გაბზარულ სარკეში, ან გატეხის შემთხვევაში მის ნამსხვრევებში ჩახედვას, არა თუ დასაშვებია, მათი სახლში გაჩერებაც კი არ შეიძლება. თუ სარკის ნატეხი დიდია, უნდა ჩამოჭრათ და ისე დაამუშაოთ, რომ სრულიად განახლდეს - არ დატოვოთ მასზე ოდნავ შესამჩნევი დაზიანებაც კი, თუნდაც ნივთი ძალიან ძვირფასი იყოს. სარკის ზედაპირს არ უნდა აჩნდეს არც ბზარი და არც რაიმე სხვა ზადი. ვინც გატეხილ სარკეში იყურება ან როცა ნამსხვრევებს აგროვებდა, ფრაგმენტებში მისი გამოსახულება აირეკლა, ამით მან თავი უიღბლობისთვის გაწირა, რაც შვიდ წელიწადს გასტანს.
- და შვიდი წლის განმავლობაში არაფერი გვეშველება?
- სწორედ ამიტომ არ ღირს წინაპართა შემოღებული წესების დარღვევა, თორემ, თუ მაგალითად, გასათხოვარმა გოგონამ შეათვალიერა თავისი გამოსახულება გატეხილ სარკეში, ის კიდევ 7 წელიწადს ვეღარ გათხოვდება. მართალია, გვიანი ქორწინება ახლა პრობლემა აღარ არის, მაგრამ ეცადეთ, სარკის ნამსხვრევებმა „არ დაგაფიქსიროთ“, თორემ ამას თუ არა, სხვა უბედურებას ნამდვილად „აიკიდებთ“. ამიტომ მიჰყევით ინსტრუქციებს და გაითვალისწინეთ, რომ გაბზარული სარკის პირდაპირ სანაგვე ყუთში გადაგდება, საკმარისი არ არის. არსებობს მანიპულაციების მთელი კომპლექსი, რომელიც უნდა შეასრულოთ: არ ჩაიხედოთ გაბზარულ სარკეში, რომ ცუდი მინიშნების მსხვერპლი არ გახდეთ; ეცადეთ, არ შეხედოთ იმას, რაც სარკის ნამსხვრევებში აისახება, მაგრამ იმოქმედეთ ისე, რომ არაფერი გაიჭრათ. ასევე, არ არის რეკომენდებული, შიშველი ხელებით აკრიფოთ ნამსხვრევები. გამოიყენეთ ისეთი ხელთათმანი, რომლის გადაგდებაც სარკის ნამტვრევებთან ერთად არ დაგენანებათ. არც ცოცხი და აქანდაზი იხმაროთ, სველი ტილოთი ან ქაღალდის ხელსაწმენდით მოაგროვეთ ნატეხები და გაუმჭვირვალ პაკეტში მოათავსეთ. შემდეგ კი, შემოთავაზებულთაგან აირჩიეთ ამ მავნე ენერგეტიკული გარემოს შემქმნელი - გატეხილი სარკის უტილიზაციის ერთ-ერთი წესი: მოისროლეთ მდინარეში ან ჩაფალით მიწაში. არის „ქალაქური“ ვარიანტიც. თუ თქვენთან ახლოსაა მდინარე ან სხვა წყალსაცავი გამდინარე წყლით, ნამსხვრევებიანი პაკეტი იქ გადააგდეთ. თუმცა არ დააგდოთ ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება ამით დამსვენებელმა დაიზიანოს სხეული. სარკის უტილიზაციის ეს ხერხი უკეთესი ვარიანტია, რადგან გამდინარე წყალითქვენგან ნეგატიურ ენერგიას წაიღებს.
- რა ხდება სარკის ნამსხვრევების მიწაში ჩამარხვისას?
- დამარხეთ ნამსხვრევები იქ, სადაც ხალხი არ დადის - მინდორში ან ქალაქგარეთ. არ შეიძლება ნამტვრევები ჩაფლათ საკუთარ ბოსტანში სახლის გვერდით. თან, აუცილებლად მოახერხეთ ისე, რომ ნამსხვრევებში არ აირეკლოთ, თორემ გამოვა, საკუთარ თავს მარხავთ. ნამსხვრევები პაკეტში ჩააწყვეთ გამოსახულებიანი ზედაპირით ქვემოთ. თუმცა არის სხვა ხერხიც, რომელიც ქალაქის მოსახლეობას უფრო გამოადგება. შეგროვილი ნამსხვრევები მოათავსეთ ონკანის გამდინარე წყალის ქვეშ რამდენიმე წუთით. ეს მას გაწმენდს ნეგატივისგან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაყარეთ ნაგავში, თუმცა არც სახლის სანაგვე ვედროში გააჩეროთ ის და მაშინვე გარეთ გაიტანეთ, ვედრო კი წყლით გარეცხეთ. ვიმედოვნებ, ეს წესები დაგეხმარებათ, მსგავს სიტუაციაში გაექცეთ უიღბლობას ან მინიმუმამდე შეამციროთ მოსალოდნელი ნეგატივი.