№27 აღსარება
ნინო კანდელაკი დასასრული
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #25-26(1017)
თემურს ვახო მშვიდი, გაწონასწრებული და უაგრესიო ადამიანი ახსოვდა. ამიტომ გაოცებული უყურებდა ცოლისძმას, რომელსაც სახეზე უკიდურესი ზიზღი აღებეჭდა. მუშტი მოიღერა და საშინელი, გაყინული ხმით კბილებში გამოსცრა:
– შემზღუდავს კი არა და მკვლელებს ისეთ დღეში ჩავყრი, რომ სიკვდილს მევედრებოდნენ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. მეც, სწორედ, მაგ აზრზე ვარ, მაგრამ მანამდე უნდა მივიდეთ. ამიტომ ყველაფერი გულდასმით გასაანალიზებელი, დასადგენი და შესასრულებელია, – თქვა თემომ. შემდეგ პლასტმასის ჩემოდანი მაგიდაზე დადო და დაამატა, – აქ კი ოცი წლის წინ „დაზაგაჟნიკებული“ შიგთავსია.
საკმაოდ ტევად ჩემოდანში ორი ცალი მაყუჩიანი „მაკაროვი“ და ორი შეკვრა ვაზნები, ერთი ცალი მაყუჩიანი ავტომატი „აკაესი“ ვაზნებითურთ და ოთხი ცალი „ლიმონკა“ ელაგა. აგრეთვე ასდოლარებიანების ექვსი დასტა. ოთხ-ოთხი ცალი მსხვილი ლალის და ბრილიანტის თვლები. ერთი ცალი ორკილოგრამიანი ბაჯაღლო ოქროს ზოდი. ოცი ცალი ბაჯაღლო ოქროსგან დაწნული ას-ასგრამიანი ძეწკვი და მოზრდილი ოქროს ჯვარი, რომელშიც ორი ზურმუხტისა და ორი საფირონის ძვირფასი თვლები იყო ჩასმული.
– აქ მთელი სამხედრო არსენალი და ძვირფასი განძი ყოფილა, – თქვა ვახომ.
– იარაღი რუსი სამხედროებისგან ვიყიდე ახალქალაქის სამხედრო ნაწილში. ძვირფასეულობა ერთ ებრაელ „ბარიგას“ წავართვი. „მაყუთი“ კი – მეორე ებრაელს, – მიუგო ცოლიძმას „ტემკამ“ და დაამატა, – არ მეგონა, თუ ჩემი ავაზაკობის დროინდელ ნადავლს ოდესმე გამოვიყენებდი, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი.
ვახო, უხმოდ დაეთანხმა სიძეს და თავი დაუქნია...
***
მოკვლევის მასალები ისევე როგორც მრავალი ანალოგიური მასალა ბევრს არაფერს წარმოადგენდა როგორც ინფორმაციულად, ასევე ფაქტობრივად და ბოლოში ეწერა, რომ გამომძიებელმა დანაშაულს ნიშნები ვერ აღმოაჩინა და რომ გარდაცვლილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა, თემურისთვის და ვახოსთვის ცნობილი ინფორმაციიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალებში არსებული ინფორმაციები უკვე ძალიან ფასეული იყო და ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას იძლეოდა. ახალგაზრდა გამომძიებელს, მურთაზ კოკაიას მიერ ხელმოწერილი მოკვლევის დასკვნაში ეწერა, რომ ერთსადარბაზოიან თექვსმეტსართულიან კორპუსთან ახალგაზრდების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც ლუდს სვამდნენ და პირველებმა მათ ნახეს გადმოვარდნილი ხათუნა ცინცაძე. ამ ოთხეულის გამოკითხვის, ასევე კორპუსის სხვა მობინადრეთა ჩვენებების ანალიზი ცხადყოფდა, რომ გოგონას ვარდნის შემდეგ სადარბაზოდან არც უცნობი და არც ნაცნობი არ გამოსულა. ესე იგი, მკვლელი ან მკვლელები კორპუსში დარჩნენ და ისინი ან იქაური მობინადრეები იყვნენ, ან მათი სტუმრები.
– მოკლედ, ასე უნდა ვქნათ, ვახო, დასადგენია იმ კორპუსის მცხოვრებთა ვინაობები და მათგან უნდა გავიდეთ მკვლელებზე. ისინი თუ ის, ან აქ ცხოვრობდნენ და შეიძლება, ახლაც კი ცხოვრობენ, ან მათთან იმყოფებოდნენ იმ წყეულ ღამეს, – უთხრა ცოლისძმას თემურმა, ვახომ კი მიუგო:
– მაგ კორპუსში ბევრს ვიცნობდი. ჩემი კლასელი, სოსო გამრეკელი ცხოვრობდა და სწორედ მისგან ვიყიდეთ ის ბინა იაფად. სოსოს ორი ბინა ჰქონდა – მეხუთეზე, სადაც თვითონ ცხოვრობდა და მეთექვსმეტეზე.
– კიდევ უკეთესი. საქმე უფრო გაგვიადვილდება, – თქვა თემურმა და დააყოლა, – მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი მოსისხლე არ დავაფრთხოთ, ან არ დავასწრებინოთ. რა იცი, რა ხდება?
უშიშროების მაიორმა ვახტანგ ცინცაძემ თავისი სტატუსის წყალობით არა მარტო კორპუსის მცხოვრებთა ძველი სია მოიპოვა, არამედ მათი ახალი ადგილსამყოფლის მისამართებიც, ვინც შემდგომ სხვაგან გადავიდნენ. თავდაპირველი, ორმოცდაათბინიანი სიიდან, რომელშიც ას თორმეტი ადამიანი ეწერა, თემურმა ოცი ბინა შეარჩია, თავიანთი ორმოცდათერთმეტი მობინადრეთი. „ტემკა“ სამი დღის განმავლობაში სწავლობდა და აანალიზებდა სიას, მაგრამ ხელჩასაკიდს ვერაფერს პოულობდა. ისევ და ისევ უბრუნდებოდა სიას. ყველაფერს თავიდან იმეორებდა, მაგრამ ამაოდ. ერთ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა ვახომ, თემურს უთხრა:
– თემო, ტყუილი ხომ არაა ეს ყველაფერი და ფუჭად ხომ არ ვირჯებით?
– როგორ ტყუილი? – კითხვა შეუბრუნა თემურმა.
– როგორ და იმ ილარიონს მოეჩვენა, რომ ხათო ფანჯრიდან გადმოაგდეს, – განუმარტა ვახომ.
– არა. არ მგონია, – თავი გააქნია თემურმა.
– ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერაფერს ვხვდები, – თქვა ვახომ და დაამატა, – საკეტი მე თვითონ გამოვცვალე და ახალი გასაღები ჰქონდა. ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ საკეტს დაზიანების კვალი არ ეტყობა, ანუ ის არავის უწვალებია გარედან. გამოდის, რომ ან სახურავიდან შეაღწია ვინმემ ბინაში, რაც არ მგონია, რადგან ილარიონი შეამჩნევდა, ან თავად ხათომ გაუღო თავის მკვლელს ან მკვლელებს კარი. რაც, აგრეთვე, არ მგონია. ერთადერთი, ვისთვისაც ხათოს შეეძლო კარი გაეღო, ზეინაბ ლაზიანია, მაგრამ ის იმ პერიოდში თბილისში არ იმყოფებოდა, ბაკურიანში იყო. ერთი კვირის მერე ჩამოვიდა და „კაკრაზ“ მაშინ ვნახე, როდესაც დეიდაშვილმა, რამაზამ მოიყვანა სახლში თავისი მანქანით.
– ვინ რამაზამ. რა გვარია? – იკითხა თემურმა.
– კოდალაშვილი. რამაზ კოდალაშვილი, – მიუგო ვახომ.
ამ გვარის გაგონებაზე თემურს სახე წამოეჭარხლა, ოფლმა დაასხა და სუნთქვა გაუხშირდა. ვახო გაოცებული უმზარდა „ტემკას“, რომელსაც სპაზმები მოაწვა ყელში და ლამის დაიხრჩო. თუმცა შეძლო და ნერვებს მოერია. თანდათან სუნთქვა აღიდგინა და ვახოს უთხრა:
– შავგვრემანი, სქელი, საშუალო სიმაღლის ბიჭია და მარჯვენა ლოყაზე „შრამი“ აქვს, ხო?
– კი. შენ რა იცი? – თქვა ვახომ.
– ჩემს „შაიკაში“ „ნაკოლებზე“ მუშაობდა და ებრაელების საქმეც მან მომცა. ეგ და „ნიორა“, კახა ნიორაძე „პაძელნიკები“ იყვნენ და ერთად „გვინაკოლებდნენ“. „კაროჩე“, მაგათი „ნაჩალიჩარია“ ეს ყველაფერი. თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. სხვა ვარიანტი არაა, – თქვა „ტემკამ“. შემდეგ „მარლბოროს“ კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და ათი წლის შემდეგ პირველად გააბოლა, თან ისეთ „ნაფაზებს“ ურტყამდა, რომ სამი მოქაჩვით ჩაათავა. ჯერ კიდევ მხრჩოლავი ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა, მეორე ღერს მოუკიდა, შედარებით დინჯად გააბოლა და თქვა:
– ეს ნაბოზრები. ამათი დედაც... ეს როგორ ჩაიდინეს?!
– კი, მაგრამ, რატომ უნდა ექნათ ეს? – იკითხა ვახომ.
– რატომ? – აღმოხდა თემურს და დააყოლა, – ამ წყეული „კუშის“ გამო ებრაელებისგან წამოღებული ფულისა და ძვირფასეულობის გამო. არა და მათ თავიანთი წილი მიღებული ჰქონდათ.
ამ სიტყვებმა ვახო ადგილზე გააქვავა და საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვა:
– ფულისა და ოქროს გამო? ამის გამო მომიკლეს და? მათ სისხლს დავლევ! ქვესკნელში რომ იყვნენ, იქ ჩავალ და მიწიდან ამოვიღებ.
– ჯერ უნდა მოვძებნოთ და მოვიხელთოთ ეს ნაბოზრები, – სასტიკი გამომეტყველებით და ცივი ხმით თქვა „ტემკამ“, რაზეც ვახომ უპასუხა:
– ეგ ჩემზე იყოს. მე ვიპოვი მათ...
***
თემურისა და ვახოს ვერსიით ხათუნას მკვლელობის საქმეში ზეინაბ ლაზიანი იყო გარეული და ფიქრობდნენ, რომ ხათუნას სწორედ მან გააღებინა იმ ღამეს სახლის კარი. ორმოც წელს მიტანებული ზეინაბი ქვრივი იყო და თხუთმეტი წლის ვაჟი ჰყავდა. ქალს ძველი ბინა ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ხათუნას დაღუპვიდან მალევე გაეყიდა და ქმრის ბინაში ცხოვრობდა. ერთ დღეს ზეინაბ ლაზიანი ვახომ და თემურმა მანქანაში ჩაისვეს. ერთ-ერთ უკაცრიელ მინდორში მიიყვანეს და შვილის მოკვლით დაემუქრნენ, თუკი სიმართლეს არ იტყოდა. ქალი ისე შეაშინა ერთადერთი შვილის დაკარგვის პერსპექტივამ, რომ ყველაფერი დაფქვა და თქვა:
– რამაზმა მაიძულა, რომ ხათუნასთვის მოტყუებით გამეღებინებინა კარი და დამემუქრა, თუკი ამას არ გავაკეთებდი, ჩემს ქმარს ეტყოდა, რომ საყვარელი მყავდა. მე შემეშინდა და მის ნებას დავყევი, მაგრამ რა ვიცოდი, რომ ხათუნას მოკლავდნენ? ასე მითხრა, ხათუნას ქმარს ჩემი ფული აქვს მასთან დამალული. ყაჩაღობას გავითამაშებთ, ვითომ ბინაში შემოგყევით, ფულს ავიღებთ, თქვენ დაგაბამთ და ალიბი გექნება. შემდეგ კი ხუთი ათას დოლარს მოგცემო. იმათმა კი ხათუნა ფანჯრიდან გადააგდეს და მოკლეს.
– მაინც, როგორ მოხდა ეს, დაწვრილებით მოყევი, – თქვა თემურმა.
– ბინაში რომ შევედი და ვითომ ისინი ფარულად შემომყვნენ, პირველ რიგში, ხათუნას პირზე ააფარეს ხელი. კახას ეჭირა, რამაზი კი ეკითხებოდა ოქრო და დოლარები სად დამალა შენმა ქმარმაო. ხათუნას წამლები ჰქონდა მიღებული, მოდუნებული იყო და თავს იქნევდა, – არ ვიციო. რამაზი მოკვლით ემუქრებოდა და ჩაბნელებული ოთახის ფანჯარასთან მიიყვანეს და ფანჯრიდან გადაგდებით დაემუქრნენ, თან ნახევარი ტანი გადააწევინეს. რამაზი კაიფში იყო წამალი ჰქონდა გაჩხერილი და უცებ „იზმენა“ აიკიდა და კახას უთხრა:
– უნდა დავბრიდოთ, თორემ „ტემკა“ გაიგებს და ცოცხლად გაგვატყავებსო.
შემდეგ ხათუნას ხელი ჰკრა და გადააგდო. მე ისეთი გაოგნებული ვიყავი, რომ დაკივლება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. რამაზმა კი მითხრა:
– იცოდე, არსად არაფერი წამოგცდეს, თორემ შენც ჩვენთან ერთად მოგლავენო.
შემდეგ კარის სახელურები გავწმინდეთ, რომ ანაბეჭდები არ დარჩენილიყო. კარი გავიხურეთ და ჩემს ბინაში ჩავედით. ერთი დღე და ღამე გამოკეტილები ვიყავით. შემდეგ კი ჩუმად გავიპარეთ იქიდან და მე სოფელში დავბრუნდი.
– ახლა სადაა შენი დეიდაშვილი? – იკითხა თემურმა.
– ხუთი წელი, არ მინახავს. როგორც ვიცი, რუსეთში გაემგზავრა, მაგრამ სადაა და რას აკეთებს, ნამდვილად არ ვიცი, – თქვა ქალმა.
– კახა ნიორაძე? – თქვა თემურმა.
– შარშან მოკვდა კიბოთი. ოთხი თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და საშინლად იწვალა, – მიუგო ქალმა.
– აქედან მოშორდი, – ზიზღით უთხრა ზეინაბ ლაზიანს თემურმა. ქალი მანქანიდან გადავიდა და უკაცრიელ მინდორს ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა.
ვახო და თემური სახლში დაბრუნდნენ. ორი დღის მერე კი უშიშროების მაიორმა ვახტანგ ცინცაძემ თემურს ქაღალდზე დაწერილი მისამართი მისცა და უთხრა:
– აი, აქ ბუდობს ჩვენი ხათოს მკვლელი...
***
თემურის მონასტრიდან წამოსვლის დღიდან სამი კვირა იყო გასული. რუსეთში დაბრუნებული „ტემკა“ ცენტრალური რუსეთის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიადგა და როდესაც შეიტყო, რომ წინამძღოლი ფილარეტი მხოლოდ მეორე დღეს დაბრუნდებოდა, უკან წამოვიდა. თუმცა შორს არ წასულა და შორიახლო, უზარმაზარი ნაძვის ქვეშ გაათენა ღამე. ჯერ კიდევ ხეირიანად არ იყო გათენებული, რომ გზაზე საეკლესიო იერარქის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი გამოჩნდა. გვერდით მას მოსამსახურე მორჩილი გოგონა მოჰყვებოდა, რომელსაც მარცხენა ხელში ტყავის სქელი საკვოიაჟი ეკავა, მარჯვენა მხარზე კი უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. თემურმა სხეულზე ტილოს უზარმაზარი ნაჭერი შემოიხვია და ისე შეიფუთა, რომ მარტო თვალები უჩანდა. შემდეგ იერარქსა და მის თანმხლებ გოგონას სწრაფად მიუახლოვდა და თქვა:
– წინამძღოლო, უმორჩილესად გთხოვთ, ხუთიოდე წუთი დამითმოთ. აღსარება მინდა, გითხრათ.
– დაღლილი ვარ. დღისით მოდი, – მიახალა წინამძღოლმა თემურს და წასვლა დააპირა, მაგრამ თემურმა მას უთხრა:
– უკეთილშობილესო ფილარეტ, მე ვადიმ ვადიმოვი ვარ., ბიზნესმენი. გაგიგონიათ, ალბათ. თამბაქოს წარმოებას ვფლობ და მიუხედავად იმისა, რომ მეფეს მეძახიან, ძალიან ცოდვილი ადამიანი ვარ. იმდენად ცოდვილი, რომ ვერ გავბედე ჩემი სახე განახოთ და ამ ტილოში ამიტომ შევიფუთე. ცოდვები არ მასვენებს. უმორჩილესად გთხოვთ, რომ ხუთიოდე წუთი დამითმოთ და აღსარება ჩაიბაროთ ჩემგან.
„ცოდვილის მუდარამ“ ფილარეტზე გაჭრა, სინამდვილეში კი წინამძღოლი „კუშის“ აღების პერსპექტივით მოიხიბლა და მორჩილ გოგონას უთხრა:
– ევდოკია, მონასტერში შედი. მე კი მოგვიანებით მოვალ, – და გოგონა რომ გაისტუმრა, „ცოდვილს“ მიუბრუნდა:
– აბა, გისმენ, შვილო ჩემო, ვადიმ. ჩამაბარე აღსარება და განიწმინდე.
„ცოდვილმა“ ფილარეტი უზარმაზარ ნაძვთან მიიყვანა, სადაც ღამე გაათენა და უთხრა:
– ფულმა დამაბრმავა წინამძღოლო. გონება ისე დამიბინდა, რომ ძალიან დიდი ცოდვა დავიდე და ადამიანის სიცოცხლე ხელვყავი. ყოვლად უდანაშაულო ქალი ფანჯრიდან გადავაგდე და სიცოცხლეს გამოვასალმე. შემდეგ კი მიმალვა ვცადე და გავიქეცი, მაგრამ უფლის რისხვას ვერსად გაექცევი და აი, აქ ვარ, შენ წინაშე...
ფილარეტი შეცბა და უკან გახტა. შემდეგ შეტრიალდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ თემურ ახალკაცმა უზარმაზარი ტილო მოიგლიჯა და ქართულად გამოსცრა კბილებში:
– მიცანი, ტარტაროზო? შენი სიკვდილის ჟამმა ჩამოჰკრა!
რამაზ კოდალაშვილმა არაადამიანური ხმით დაიყმუვლა. შემდეგ ნახშირივით გაშავდა და გულგახეთქილი, უსულოდ დაეცა უზარმაზარი ნაძვის ქვეშ.
თემურმა ზიზღნარევი მზერა მიაპყრო მკვდარს და ორლესული ხანჯალი ქამარში გაირჭო. შემდეგ ამოისუნთქა და სანამ იქაურობას გაეცლებოდა, თქვა:
– ესეც ჩემი აღსარება. ჯოჯოხეთმაც გშთანთქას, შე ტარტაროზო!