№27 ქმრის გარდაცვალების მერე გათხოვების უფლება არ მომცეს
სიყვარულით გავთხოვდი და ქმრის უეცარი გარდაცვალება იმდენად თავზარდამცემი იყო, სიცოცხლე აღარ მინდოდა. მთელი ორი წელი სახლიდან არ გამოვდიოდი, დეპრესიაში ვიყავი, თითქოს სამყარომ შეწყვიტა არსებობა. შვილებსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას. დედამთილ-მამამთილი და მული ზრდიდნენ. ყველა მეუბნებოდა: ასე არ შეიძლება, შვილების გამო უნდა გააგრძელო ცხოვრებაო. თუმცა, არავის ვუსმენდი. მხოლოდ ქმრის საფლავზე დავდიოდი და დღე და ღამე ვტიროდი. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის მერე ნელ-ნელა ძლივს ჩავდექი ცხოვრების რიტმში. სამსახურიც დავიწყე და შვილებთანაც მეტ დროს ვატარებდი. ტკივილი არ განელებულა, თუმცა, რომ ამბობენ: დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე აღმოჩნდა. ერთ დღესაც, თანამშრომელთან გავიცანი, მისი ბიძაშვილი, რომელიც რაიონიდან იყო ჩამოსული. სიმპათიური იყო, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა. მთელი საღამო ერთად გავატარეთ და მეორე დღეს, სანამ რაიონში, სახლში დაბრუნებოდა, ყავაზე დამპატიჟა. სამსახურში მეჩქარებოდა და უარი ვუთხრი. ტელეფონის ნომერი მთხოვა და მივეცი ან რატომ უნდა დამემალა? ჩემი თანამშრომლისგან ისედაც გაიგებდა. მოკლედ, იმ დღის მერე, ყოველდღე მირეკავდა, თბილად მომიკითხავდა ხოლმე და მივხვდი, გულგრილი არ იყო ჩემ მიმართ. ისე შევეჩვიე, გრძნობა გამიჩნდა. რამდენიმეჯერ ჩამოსულიც იყო და ბავშვები ერთად გავასეირნეთ. ისე თბილად და ყურადღებით ექცეოდა, ბავშვებსაც მოეწონათ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორ თვეში თბილისში იქირავა ბინა, საცხოვრებლად აქ გადმოვიდა და მუშაობაც დაიწყო. ოთხი თვის მერე ცოლობა რომ შემომთავაზა, არ გამკვირვებია, თუმცა, მაინც ვერ ვუთხარი პასუხი. არ მინდოდა, დედამთილ-მამამთილისთვის და მულისთვის, რომლებიც გვერდით მედგნენ და ქმრის გარდაცვალების ტკივილი გადამატანინეს, კიდევ ერთხელ მეტკინა გული. თუმცა, ბოლოს, მაინც გავბედე და სახლში ვთქვი: გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ჩემი ცოლად მოყვანა უნდა-მეთქი და... გაგიჟდნენ. მულს არაფერი უთქვამს, თავი დაღუნა, მამამთილს ცრემლები მოადგა, დედამილმა კი პირველად აიმაღლა ხმა: შენ არ იყავი, ქმარს რომ გლოვობდი, შენ გამო ვერ ვტიროდი, ვერ გამოვიგლოვე ჩემი შვილი, თან გადაგყევით და ასე სცემ პატივს გარდაცვლილს? სადაც გინდა, იქ წაბრძანდი, არ ყოფილხარ არც ჩემი შვილის და არც იმ მზრუნველობისა და გვერდით დადგომის ღირსი, რაც შენ მიმართ გამოვიჩინეთ, ბავშვებს კი არსად გაგატანთო. გული მეტკინა, მაგრამ რომ დავფიქრდი, დედაა და მართალიცაა. თუცა, მე რა დავაშავე? ერთხელ თუ არ გამიმართლა, ხომ შეიძლება, მეორედ ვიყო ბედნიერი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვერ შევძელი ოჯახის წევრების წყენა, მათ გამო უარი ვთქვი სიყვარულზე და ისევ გარდაცვლილი ქმრის მოგონებებით გავაგრძელე ცხოვრება.
მარი, 34 წლის.