№27 როგორ უნდა მიიღოთ ოქროსფერი რუჯი დამწვრობის გარეშე
ნინო კანდელაკი ანი რევია
ბევრს უყვარს მზეზე ყოფნა და რუჯის მიღება, თუმცა მზის ქვეშ დიდხანს ყოფნას სახიფათო შედეგები მოაქვს. ამიტომ, თუ გსურთ, უსაფრთხოდ გაირუჯოთ, თავიდან აიცილოთ დამწვრობა და კანის ნაადრევი დაბერება, ნამზეური კი დიდხანს გაგყვეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
* მზე ყველაზე აქტიური დილის 10-დან შუადღის 4 საათამდეა, სწორედ ამ დროსაა დიდი დამწვრობის მიღების ალბათობა. ამიტომ, რუჯის მიღების დროს დამცავი საშუალებების რაოდენობა გაზარდეთ;
* გაიხეხეთ კანი, რუჯის მიღების წინა საღამოს. შხაპის დროს ტანზე გამოიყენეთ სკრაბი. ეს კანს მკვდარ უჯრედებს მოაშორებს და რუჯის მიღებას დააჩქარებს. ნატურალური სკრაბის დასამზადებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილი, თაფლისა და შაქრის ან ყავის გრანულებისა და ზეითუნის ზეთის ნარევი;
* წყლის წვეთებს ლინზის ეფექტი აქვთ და მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას კიდევ უფრო აძლიერებენ. ამიტომ, რუჯის მიღების დროს, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, სხეულზე კარგად შეიშრეთ წყლის წვეთები და ისე მიეფიცხეთ მზეს;
* გამოიყენეთ ისეთი მზისგან დამცავი კრემები, რომლის დამცავი ეფექტი (SPF) 30 და მეტია. დამცავი კრემი მზეზე გასვლამდე 15-20 წუთით ადრე უნდა წაისვათ, ყოველ 2 საათში კი ისევ გადაისვათ. დამცავი კრემი შეარჩიეთ კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად;
* დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მშრალი კანი ძნელად ირუჯება და რუჯიც ბევრად ღია ფერისაა. გარდა სხვა უამრავი დადებითი თვისებისა, წყალი ატენიანებს თქვენს კანს და გეხმარებათ მუქი რუჯის მიღებაში;
* გარუჯვის დროს გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი. ეს შესანიშნავი საშუალებაა, მუქი რუჯის სწრაფად მისაღებად. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი საშუალებები კანს სირბილესა და გასაოცარ ბზინვარებას აძლევს;
რუჯის შესანარჩუნებლად მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად მზეზე წოლა და კანის უფრო და უფრო გამუქება არასწორი გზაა როგორც რუჯის, ისე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მუქი რუჯის სწრაფად მისაღებად ეს საშუალება დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში 70 პროცენტი ქოქოსის, 20 პროცენტი სეზამის, 10 პროცენტი შიის ზეთი ან აურიეთ 40 წილი ქოქოსის ზეთი, 20 წილი შიის ზეთი, დაუმატეთ 5 წვეთი ლავანდის ზეთი და რუჯის მიღებისას წაისვით.
რუჯის მიღების შემდგომ კი, ნამზეური რომ დიდხანს შეინარჩუნოთ, კარგად ჩაჯდეს კანში და ოქროსფერი იერი მიიღოს, შემდეგი ბალზამი დაგეხმარებათ: 80 პროცენტი ატმის ზეთი, 10 პროცენტი ხორბლის ზეთი, 10 პროცენტი ჟოჟობას ზეთი აურიეთ კარგად და დაამატეთ 4 წვეთი პიტნის ეთერზეთი. ეს საშუალება კარგად შეიწოვება კანში, ატენიანებს მას, უნარჩუნებს რუჯს დიდხანს და, რაც მთავარია, იცავს დაბერებისგან. ის სასურველია, წაისვათ მზეზე გასვლამდე, 3 საათით ადრე. ხოლო, ნაზავი რომელიც ეთერზეთებს არ შეიცავს, შეგიძლიათ, წაისვათ უშუალოდ რუჯის მიღების პროცესში.